Friday, September 12, 2014

არაშენდა პარკში - წინასიტყვაობა თუ შესავალი

მოგიყვებით პატარა (თუმცა გააჩნია რას შევადარებთ) ქალაქის ამბავს სადაც უსახური, რუხი შენობების აშენება ნებისმიერ ფასად უხარიათ, სადაც ნაგვის ყუთები მოწყენილები და ცარიელები დგანან და მათ გარეშე მოფანტულ ნაგავს უცქერენ, სადაც საკუთარი თავი უნდა დაიცვა მათგან ვინც წესით შენ უნდა გიცავდეს, სადაც ხელისუფლება იცვლება მაგრამ არაფერი იცვლება.

იმ ქალაქზე მოგიყვებით, რომელში მხოვრებთა პატარა ნაწილი დონ კიხოტივით თითქოს და ქარის წისქვილებს ებრძვის, მაგრამ მისგან განსხვავებით შედეგი აქვს და მიზანს აღწევს. მართალია წინ ნელი ნაბიჯებით მიიწევენ, მაგრამ არ ნებდებიან.

ყველაფერი 2013 წლის დეკემბრის სუსხიან დღეს დაიწყო, თუმცაღა ვტყუი.

ამბავი ბევრად ადრე დაიწყო, დაახლოებით ივლისში.
ალბათ მეზღაპრე რომ ვყოფილიყავი ასე მოვყვებოდი ამ ამბავს:

ერთმა თავქარიანმა "კუდიანმა" (რომელსაც შემდეგში ნატად ან დიდედად მოვიხსენიებთ) გადაწყვიტა თანამოაზრეები შემოეგროვებინა და ქალაქის გამწვანებისთვის თვითნებურად მიეხედა, ახალ ხელისუფალთ სად ეცალათ ამისთვის, მეტად საჭირობოროტო რამეებს აგვარებენ კაბინეტებიდან.


ხოდა ზუსტადაც ამ მიზანდასახულმა და ძალიან სასიამოვნო ადამიანმა (არადა ბევრს კი არ სჯერა) მოახერხა ასე ათიოდე ადამიანის გაერთიანება და ქალაქში ახალი ნერგები გაჩნდა.

სხვადასხვა ქუჩებსა და უბნებში ლამაზი პატარა მცენარეები ყოველ დილით იჩენდნენ თავს, ხან სანაპირო გალამაზდა, ხან დიდი დიღომი, მოკლედ თავნება მებაღეები ნელ-ნელა ძალებს იკრებდნენ.

შემდეგ მათზე კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგო ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვებით, მეც ძალიან გულდასმით ვადევნებდი თვალს და ისინი ძალიან სანდოები მეჩვენენ. 

ეს ადამიანები თავისი ნებითა და ძალებით აკეთებდნენ იმასაც, რაც თავმოყვარე ქვეყანამ უნდა ითაოს და ითაოს კი არა ყოველდღიურ გეგმებში ჰქონდეს გაწერილი.

ასე დაიწყო და დაიბადა მოძრაობა - პარტიზანული მებაღეობა.


პატიზანმა მებაღეებმა დაალაგეს რამდენიმე სკვერი, გაასუფთავეს სამშენებლო ნარჩენებისგან ბაღები, მშვენიერი და ძალიან საინტერესო აქცია პერფორმანსების ჩატარებაც მოასწრეს. 
საქმე მშვენივრად მიდიოდა, ქალაქს სიმწვანე ემატებოდა, ხოლო მოძრაობას გულშემატკივრები.

შემდეგ ნელ-ნელა მოქმედების და აქტივობების არეალი გაიზარდა, მათ ატყობინებდნენ სხვადასხვა უკანონო ჭრის შესახებ, როდესაც ტყის მასივებს თვითნებურად ანადგურებდა ვიღაც, ან სულაც ძალიანაც ნებართვით მაგრამ მაინც სასტიკ საქმეს კადრულობდნენ კომპანიები თუ ქალაქის მერია.


ეს მოკლე ანონსი იყო იმისა თუ რაში გადაიზარდა ეს ერთი შეხედვით უწყინარი და ძალიან მშვიდობიანი აქტივობა და საზოგადოება.

ჰოდა, ამას ვამბობდი, რომ 2013 წლის დეკემბერში უბედურების ზარმა ჩამოჰკრა. 
ქალაქის ცენტრალურ და "სვეცკ" უბანში არსებულ ერთ - ერთ უდიდეს სკვერში უზარმაზარი ორმო ამოთხარეს, ეს ორმო მეტეორნამყოფ კრატერს უფრო ჰგავდა ერთი შეხედვით, ისე კი თურმე და ნუ იტყვით 7 სართულიანი სასტუმროს საძირკველი ყოფილა.


სასტუმრო სასტუმროდ ახლა, ვის არ აუშენებიაო იტყვით თქვენ და მე გკითხავთ - მერე და ქალაქის ცენტრალურ პარკში მაინც და მაინც??

მოკლედ, პარტიზანი მებაღეები და არა მხოლოდ პარტიზანი მებაღეები, ქალაქის მოაზროვნე ნაწილი გარეთ (უფრო სწორად პარკში) გამოვიდა და დაიწყო დიდი სამოქალაქო მოძრაობა.

ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში საზოგადოების ასეთი გამოღვიძება მხოლოდ მაშინ ხდებოდა როცა ან პრეზიდენტი იყო გადასადგები და ან წაგებული ომის მოგებას ვზეიმობდით, ახლა კი ეს სულ ახლებური და განსაკუთრებული სიტუაცია გამოჩნდა.

ქალაქის მაცხოვრებლების ნაწილი მიხვდა, რომ მათ კუთვნილ მშვენიერ დასასვენებელ ზონას ართმევდა მერია და ინვესტორი, მიხვდა საზოგადოება რომ მათი შვილები, შვილიშვილები და მთლიანად ოჯახის წევრები სულ მალე ცემენტისა და გაჯის მტვერში უნდა ამოგუდულიყვნენ.


ადამიანების მობილიზაცია ფსევდო ლოზუნგებმა კი არა გულწრფელმა გულისტკივილმა და შიშმა გამოიწვია - სულ მალე ხომ ვეღარ ვისუნთქებთ? ცოტა ხანში ალბათ ჟანგბადს ქილებით გაყიდიან, სიმწვანე მოგვენატრება - ყველას ერთი რამ ადარდებდა - ასეთი ტემპებით თბილისისა და ჩერნობილის გარჩევა მალე შეუძლებელი გახდება.

პირველი რამდენიმე აქცია და საპროტესტო გამოსვლა მერიის შენობასთან განხორციელდა, პარალელურად კი მოქალაქეები ვაკის პარკში, მომავალი სასტუმროს საძირკველთანაც იკრიბებოდნენ და ერთად ბჭობდნენ სამოქმედო გეგმასა და მიზნებზე.

აი, ასე დაიწყო დიდი პროტესტი სახელად " ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტი არ აშენდება!"


1 comment:

  1. YAY! ანუ ძირს საზიზღარი სასტუმროები და იმპერიალიზმი!!!

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!