არაშენდა პარკში - ნაწილი I

მაშ როგორც შესავალში მოგახსენეთ დაიწყო მშვენიერი მოძრაობა, დაიწყო საზოგადოების ნაწილობრივი გამოცოცხლება.

იყო აქციები მერიასთან, აქციები ჭავჭავაძეზე (პარკის ცენტრალურ შესასვლელთან), მოხალისეები ყოველდღიურად სტუმრობდნენ ყოფილი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიას (ინვესტორს საკუთარი ნაკვეთი, უფრო სწორად ორმო უკვე შემოღობილი ჰქონდა) და დღის მანძილზე თვალს ადევნებდნენ, რომ მშენებლობა არ განახლებულიყო.

2013 წლის 28 დეკემბერს გაჩნდა აზრი, რომ მოხალისეების მორიგეობა 24 საათიანი ყოფილიყო, რადგან ღამის განმავლობაში იყო მშენებლობის განახლების მცდელობები, ეს კი ძალიან სავალალო იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ წლის დეკემბერი საკმაოდ ცივი და მკაცრი გამოდგა, ადამიანები მაინც ხალისით იკრიბებოდნენ. ასეთი ერთსულოვნება ბევრჯერ არ გამოუჩენიათ თბილისის მაცხოვრებლებს. ყველა მოდიოდა სურსათ - სანოვაგით დატვირთული, ვისაც რა შეეძლო ის მოჰქონდა თან.

შემდეგ საიდანღაც გაჩნდა დიდი კასრი, რომელშიც ცეცხლიც აგიზგიზდა. 
პარკის ეს ნაწილი პატარა "გეტოს" დაემსგავსა, ცხვირამდე შეფუთული ადამიანები ცეცლმოდებული კასრის გარშემო იდგნენ, იცინოდნენ, ბჭობდნენ, ხუმრობდნენ და ღამეს ათენებდნენ, ისე რომ მანამდე  ქალაქში ერთმანეთს შემთხვევით შეხვედრილიც კი არ იყო ზოგიერთი.


აბსოლუტურ სიველურესა და არაკომფორტულ გარემოში ისეთი ერთსულოვნება და მობილიზება სუფევდა, შეგეეჭვებოდა კიდეც ადამიანს ამ ყველაფრის რეალურობა და ტროას ცხენს დაუწყებდი ძებნას.

ვაკის პარკში იკრიბებოდნენ ექიმები, ძიძები, მუსიკოსები, იურისტები, ბიოლოგები, მათემატიკოსები, მშვიდები, აგრესიულები, თავქარიანები, ენაწყლიანები, ჯმუხები, სიტყვაძუნწები, მომღიმარები და უტყვებიც.....  მოკლედ ყველა ჯურის, პროფესიისა და ფსიქოტიპის ადამიანს ნახავდით იქ, მაგრამ ერთხელაც არ ყოფილა ისეთი ამბავი, რომ ვიღაც მისი ცხოვრების წესის გამო ვერ მორგებულიყო დანარჩენებსა და მთლიან მოძრაობას (თუმცა მომავალ ნაწილებში ასეთი შემთხვევის შესახებაც აუცილებლად მოგიყვებით).


30 დეკემბერს პარკში ისევ გამოჩნდა ტექნიკა, გულშემატკივრების მობილიზაციის საშუალებით დროებით ისევ შეწყდა მოქმედებები, თუმცა სიტუაცია ძალიან რთული გახლდათ, ამიტომ ძაალების გადასროლა მერიისკენ გადაწყდა.

დაახლოებით ამ დროს გაჩნდა ეს სასწაული და მუდმივმოქმედი საინფორმაციო ხაზიც - ანგარიში ტვიტერზე Pernataja (ახლაც მუშაა და შეგიძლიათ გამოიწეროთ - სმს ველში აკრიფეთ follow pernataja და გაგზავნეთ 40404-ზე)

ყველა ვისაც ვაკის პარკზე გული შესტკიოდა და საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა ზუსტად ამ ანგარიშის საშუალებით იღებდა აუცილებელ ინფორმაცასა და განგაშის შესახებ ამბავს, კიდევ კარგი ამ საუკუნეში ტექნლოგიები განვითარდა თორემ ამდენ მტრედს რა მოაშენებდა და ამდენ წერილს რა დაწერდა ხელით :))))


2014 წელს პარტიზანი მებაღეები და ყველა ვინც ამ პროტესტის ნაწილად თვლიდა თავს - ვაკის პარკში აღნიშნავდნენ.

გათოშილები და მაინც კმაყოფილები რომ შეძლეს, რომ გამოვიდა, რომ გააჩერეს, რომ ბევრნი იყვნენ. ახალი წელი მართალია პროტესტით, მაგრამ კარგი განწყობითა და განსაკუთრებული ომახით მოვიდა.


Post a Comment

0 Comments