Tuesday, September 30, 2014

არაშენდა პარკში - ნაწილი II

ახალი წელი თბილისში ძალიან მკაცრი განწყობითა და სიცივეებით მოვიდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა.

პარტიზანმა მებაღეებმა რადგან გადაწყვიტეს სადღეღამისო მორიგეობა, ამ პირობას უცვლელად იცავდნენ.

უცნაური კი იყო ისე, ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები, ასე ერთხმად, შეთამაშებულად და ორგანიზებულად იცავდნენ იმას რაც არა მხოლოდ მათ, არამედ მთელს ქალაქს და ერს ეკუთვნის - ჯანმრთელ და ნორმალურ გარემოში ცხოვრების უფლებას.

პარკში, ყოფილი რესტორანი ბუდაპეშტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ დღე და მთელი დღე იკრიბებოდნენ და მიდი-მოდიოდნენ გულშემატკივრები, მოხალისეები,ცნობისმოყვარეები და შემთხვევითი გამვლელები. 

შემდეგ, ნელა - ნელა შეკრების ადგილზე გაჩნდა საინტერესო რამეები - უზარმაზარი კასრი  ცეცხლის დასანთებად, კარავი შიგნით შესაძრომად და ნივთების დასაწყობად, სახელდახელო მაგიდა სურსათ- სანოვაგისთვის. დიახ, მთელი ქალაქი მოდიოდა და მოჰქონდა მოხალისე მორიგეებისთვის საჭმელ-სასმელი. ვისაც როგორ შეეძლო ისე ედგა მხარში მოძრაობას. 


ზოგს თბილი ტანსაცმელი მოჰქონდა, ზოგს ცხელი ჩაი, ვიღაც ბუტერბროდებით ამხნევებდა დანარჩენებს, ზოგიერთიც (ძალიან კარგად მომზადებულები) ცხელი სუპითაც ანებივრებდნენ თანამებრძოლებს. 
სუპები განსაკუთრებული ფუფუნება და ზეიმის მიზეზი იყო ხოლმე. აბა როგორია, ქალაქის ცენტრში, ტყეში, იქ სადაც არ არის ელ.ენერგია და მხოლოდ კასრში დანთებული ცეცხლი გიზგიზებს, ცხელი ბროკოლის კრემსუპი რომ შეგიძლია მოხვრიპო და გაარჩიო ამბები ამ მთისა თუ იმ ბარისა.

ყოველ საღამოს, სამსახურიდან გამოსული ადამიანები, მიუხედავად დაღლილობისა პარკში მოიჩქაროდნენ და ამბის საკითხავად ერთმანეთს სწრაფ-სწრაფად მოიკითხავდნენ ხოლმე.

პარტიზანებს, როგორც გითხარით მხოლოდ ფეისბუქიდან ვიცობდი და ამიტომ პირველად რომ მივედი (საღამოს, ან უფრო სწორად გვიანი საღამოს) ბანაკში, ნახევარი სახეზეც კი ვერ ვიცანი, თუმცა იმდენად მეგობრული და სასიამოვნო გარემო დამხვდა, რომ გვიან ღამემდე სახლში წასვლა არც მიფიქრია. 
მეორე დღესაც დიდი სიამოვნებით შევუერთი მორიგეებს, თანაც სახლში მოსულს  გემრიელი ჭვარტლისა და ბოლის სუნი რომ მომყვა ისე მესიამოვნა, ვიფიქრე ცოტა კიდევ არ მაწყენდათქო (მერე მოგიყვებით როგორ ყარდა მთელი სეზონი ჩემი გარდერობი ამ ნელსურნელებით) 

სამორიგეო ადგილი სკასავით ზუზუნებდა ყოველ საღამოს, გვიან  ღამემდე
ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ აუცილებელი იყო მორიგეებისთვის კომფორტი და ვაკის პარკის ახლო მდებარე ბილიკს ორ სკამს ეთხოვნენ (ისე კაი რთული საქმე კი გამოდგა, ზოგიერთდები გზას ვუნათებდით მზიდავებს, ზოგიერთები წინ გზას ზვერავდნენ და ზოგიც სკამს ექაჩებოდა - მძიმეებია ოხრები), ასე გაჩნდა მშვენიერი ჩამოსაჯდომი კასრის ახლოს. 

მორიგეები, ვინც ასე საველე პირობებში რჩებოდნენ ღამის ძირითად ნაწილს სიფხიზლეში ატარებდნენ, ხოლო გაუსაძლისი დაღლილობისას ღია ცის ქვეშ, პირდაპირ სკვერის სკამებზე, ეძინათ თხელ პლედ მოფარებულებს (სხვათაშორის პლედებიც კეთილმა ადამიანებმა მოიტანეს იმისათვის, რომ მორიგეებისთვის კომფორტი შეექმნათ)


ასე და ამგვარად ყოველ საღამოს იმდენი ადამიანი იკრიბებოდა ხოლმე პარკში, გეგონებოდა ზამთარი სულ არ იყო ყინვიანი და მკაცრი, ადგილი ყველას ჰყოფნიდა კასრის გარშემო (როგორ ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი ამბავია, მაგრამ ფაქტია. ერთი თხილის გული გაიყვეს და კასრი რაღა გახდებოდა, მერე რა თუ ძმები არ ვიყავით) და მიდიოდა გაცხარებული სჯა- ბაასი, ძირითადად ჩეტოსა და მერიის ლანძღვა-გინება. 
რა თქმა უნდა იმ მომენტში მტერი იყო ორი და ეს ორი მტერი ნებისმიერი ხერხით უნდა დაგვემარცხებინა.


კასრის სიახლოვეს იყო სახელდახელო მაგიდაც, რომელიც წოდებითა და მოწოდებით სამზარეულო გახლდათ. ზედ ათასი გემრიელობა იყო დახვავებული, კიდეებზე კი  სხვადასხვა საჭირო ატრიბუტიკით (ჩანგლები,დანები,ჭიქები,საჭმლის ხელუხლებელი მარაგი) დახუნძლული ჩანთები კონწიალობდა. 
არ გეგონოთ რომ სამზარეულოში არეულობა და სიბინძურე სუფევდა, ნურას უკაცრავად, ასეთი ცივილური საველე სამზარეულო ცოტას თუ ექნება ნანახი. ყოფილი სამშენებლო და სატვირთო "პალეტებისგან" შექმნილი კონსტრუქცია ნამდვილად საუკეთესო  იყო იმ პირობებში.

ყოველ საღამოს გული არ მიძლებდა, რომ პარკში არ მივსულიყავი. იქ მისულს იმედი მიჩნდებოდა, რომ საქართვველოში ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოება რომელსაც შეუძლია ფიქრი, რომელსაც აწუხებს ჩვენი კეთილდღეობა და გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, დავიჯერე რომ არსებობდნენ ადამიანები ვისაც ჰქონდა ფიქრის და ანალიზის უნარი.


ბანაკში არ არსებობდა უფროსი, უმცროსი, ვიღაცაზე მეტი ან ნაკლები. ყველა აკეთებდა იმას რაც იცოდა და შეეძლო. ზოგს სახლიდან დასაწვავად გამოსადეგი მასალა მოჰქონდა (პარკში ყოველთვის იწვოდა ან პარკეტი, ან ძველი კარ-ფანჯარა, ან "აპალოვკები", მოკლედ მეორადი მასალა), ზოგი სხვადასხვა გართობის საშუალებებს იგონებდა.
შემდეგ სულ არ მახსოვს საიდან, მაგრამ პარკში შეშის ფეჩიც გაჩნდა, კასრი ჩაანაცვლა და ახლა გათბობის ორი წერტილი გვქონდა საგუშაგოზე.

ამ ფაციფუცში კი მორიგი დიდი აქცია იგეგმებოდა. 2014 წლის 10 იანვარს მერიის წინ დიდი საპროტესტო აქცია-კონცერტი უნდა გამართულიყო!

ამ აქციას ცნობილი სახეები შემოუერთდნენ და ვიდეო მიმართვებიც კი ჩაიწერა. მაშინ ეს თემა ყველას სტკიოდა (თუმცა ამაზე მერე სხვა ნაწილებში გიამბობთ). დიდი კამპანია აგორდა, როგორც იტყვიან. ყველა დარდობდა, ყველას სტკიოდა, ყველა ცდილობდა, ჩვენ კი გვციოდა .



ამ დროს მეზობელი ქვეყნების ონლაინ გამოცემებში ვაკის პარკის პროტესტზე წერა დაიწყეს, ზოგ ქვეყანაში უკვე ჰქონდათ გამოცდილება და ადარებდნენ, ზოგიც გვაკვირდებოდა. 
ამ პერიოდში უკვე ვიცოდით, რომ ტერიტორიას რომელზეც  7 სართულიანი სასტუმროს მშნებელობა პროტესტდებოდა ჭავჭავაძის 68 მიაკუთვნეს მისამართად. ადგილს, რომელიც ძალიან დიდი ხანი უბრალოდ ვაკის პარკის ფერდობებად იყო ცნობილი.

კარგა ხანი ეს მისამართი სახუმაროდაც კი გვქონდა, ახლა უკვე სადღაც ვაკის პარკის ტყეში კი არა ჭავჭავაძის 68-ში ვათენებდით და ვაღამებდით.
მშენებლობის ღობეზე ბავშვების მიერ შექმნილი ულამაზესი ნახატები იყო გაკრული, სადაც თითოეული ყვებოდა და ასახავდა იმას თუ რას აკეთებენ ამ პარკში, რატომ მოსწონთ იქ ყოფნა და რატომ უნდათ რომ პარკი ასევე დარჩეს როგორც არის - მწვანე და უხვნარგავებიანი, ზედმეტი ბეტონის გარეშე.


რა თქმა უნდა მერიასთან აქციის გარდა თვითონ პარკშიც, საპროტესტო ტერიტორიაზე სხვადასხვა საინტერესო აქტივობები იგეგმებოდა და ხორციელდებოდა. 
იყო დიდი დასუფთავების აქცია (რადგან მანამდე ვისაც არ ეზარებოდა იქ რისთვის დადიოდა კაცმა არ იცის, უფრო სწორად იცის დაყრილი ნაგვის მიხედვით მაგრამ...) ხომ იცით საღორეში ჯდომა დიდად კარგი იდეა ვერაა, პარტიზანები კი იქ უკვე ძალიან დიდ დროს ატარებდნენ და რა თქმა უნდა სასიამოვნო გარემოც სჭირდებოდა ყველას განწყობისა და სიამოვნებისთვის. კიდევ მუსიკალური ღონისძიებებიც იყო და სხვადასხვა ხელნაკეთი რამეების შექმნის სასწავლო დღეებიც.

ისე რომ ვთქვათ პარკში ხანგრძლივად ყოფნა ცუდი სულაც არ იყო, თუ არ ჩავთვლით იმ უღმერთო ყინვებს რომელიც მაინც და მაინც ამ ზამთარს დაემთხვა.

ამ ყველაფრის პარალელურად არავის დავიწყებია ის თავდაპირველი იდეა რის გამოც საერთოდ გაჩნდა ეს მოძრაობა და იანვრის ბოლოს პარტიზანმა მებაღეებმა გლდანში მოსაახლეობასთან ერთად ხეხილის ბაღი გააშენეს. მონაწილეობდა ყველა დიდი თუ პატარა. 


სულ დამავიწყდა მეთქვა, პარკში ბილიკზე პარტიზანული ბარიკადებიც გაჩნდა. სხვადასხვა ნარჩენებისგან (ძირითადად გადაყრილი ატრაქციონის ნარჩენებისგან) და წაქცეული ხეებისგან უზარმაზარი ხორხლი გამოვიდა. რამდენიმე ადამიანი 10-15 წუთის განმავლობაში თუ შეძლებდა გზის გაკვლევას, თორემ ისე ვერანაირად ვერ აუვლიდა ავტომობილი ან ტექნიკა გვერდს. 
ეს ბარიკადები დროის მოგების საშუალებას იძლეოდა განგაშის შემთხვევაში, რადგან ჩვენ არ უნდა დაგვეშვა სამშენებლო ტექნიკის გადაადგილება მშენებლობის ადგილამდე ან/და უკან, ეს მარცხის  ტოლფასი იყო.

28 იანვარს უბედურების ზარმა ჩამოკრა. 

პარკში საპატრულო პოლიცია მოვიდა (რომელიც ინვესტრომა გამოიძახა). წარმოუდგენელლია, მაგრამ განგაშის ინფორმაციის გავრცელებიდან სულ რამდენიმე წუთში მშენებლობამდე მისასვლელი გზა ცოცხალი კედლით ჩაიხერგა. არავინ იძვროდა, ყველა იდგა და აუღელვებლად აკვირდებოდა პატრულის მუშაობას. რა თქმა უნდა საპატრულო პოლიციის ესკორტის ბოლოში ინვესტორის დაბურულმინებიანი მანქანაც იდგა, მაგრამ იქიდან გადმოსვლა არავის გაუბედავს. 


ერთ მხარეს მოქალაქეები, მეორე მხარეს პატრული და ინვესტორი, ხოლო შუაში ტელევიზიის წარმომადგენლები,(ალბათ დიდგორის ბრძოლა ამ ეპოქაში რომ ყოფილიყო ზუსტად ასეთი სიტუაცია იქნებოდა იქაც). ჟურნალისტები აწყდებოდნენ ერთი მხრიდან მეორეზე, ხან ვის კომენტარს იწერდნენ და ხან ვისას. 
პატრული ცდილობდა გაესუფთავებინა გზა ნებისმიერი ხერხით, მაგრამ პარკის დამცველების მხარეს აბსოლუტური სიჩუმე და სიმშვიდე იდგა, არავინ იძვროდა, არავინ აპირებდა პოზიციების დატოვებას, არავის გაუვლია თავში აზრად გზის დათმობა. 
საბოლოოდ ეს "ბრძოლა" მოქალაექების გამარჯვებით დასრულდა. პატრული და ინვესტორი კუდამოძუებულები გაბრუნდნენ. 

ბუნებამ პარტიზანებს გამოცდა არ მოაკლო, ყინვა არ ამყოფა და თოვლიც ზედ დაამატა, მაგრამ ამით არავინ შეშინებულა. 
მაშინ როდესაც ონლაინ სივრცეში პეტიციაზე ხელმოწერები გროვდებოდა, ოფლაინ სივრცეში მოხალისეები მორიგეობდნენ და პოზიციების დატოვება არავის უფიქრია.


ასე გაიარა 2014 წლის პირველმა და ძალიან მკაცრმა თვემ. ხომ იცით - რაც არ გკლავს გაძიერებს მხოლოდო, ასე იყო ამ მოძრაობის შემთხვევაშიც!

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!