Sunday, October 05, 2014

არაშენდა პარკში - ჩვენი დროის გმირები I

იცით როგორები არიან პარტიზანი მებაღეები??

საიდან გეცოდინებათ თუ თქვენ მათთან არ გაქვთ აქტიური კონტაქტი? ეგ არაფერი, მე მოგიყვებით როგორები არიან და მერე დარწმუნებულივარ შემოერთება თუ არა, თქვენი თვალით ნახვა მაინც მოგინდებათ.


აი მაგალითად ნატა ავიღოთ, ფაქტიურად პარტიზანი ქანთარიაა. ნატამ დაიწყო მთელი ეს პარტიზანული ამბები.  

სიმართლე თუ გინდათ ცოტა საშიში კი არის ხოლმე, მაგრამ სიბობოქრე მალე უვლის და მერე ისევ პირდაპირი და სასტიკი ხდება. 
ძალიან მკვახე ვაშლივით კია, კარგი რომ არის, მაგრამ კბილს რომ უეჭველად მოგჭრის. სიჯიუტე ხომ მისი სავიზიტო ბარათია, თუმცა ეს მინუსი როდია.
რაღა დაგიმალოთ და ნატას ომახი და შემართება რომ არა ბევრი რამ უკან მოგვრჩებოდა პარტიზან მებაღეებს.


კიდევ იცით ვიზე უნდა მოგიყვეთ - ჩვენს ჟანა დ'არკზე, კი არადა თამარაზე. აი ენერგია აქვს ულევი და უშრეტი. ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩხუბი არასოდეს ეზარება და სამართლიანადაც, რაც უდაოდ ყველას გვაფხიზლებს, მოგეხსენებათ სიზარმაცე და ქარაფშუტობა საქართველოში მოწყვლადი რესურსი ნამდვილად არ არის. 

ყველაზე უცნაური თამარაში მისი ოთხფეხა მეგობარია, ძაღლი რომელსაც ისეთი შეუსაბამო სახელი ჰქვია აი როგორც მაგალითად - სპილოს რომ ზებრა ერქვას, ან საქართველოს სომხეთი. უჭკვიანესი ვინმეა და თამარას ისე მორჩილად დაჰყვება უკან გეგონება ჩვეულებრივად მისი ნაწილი - ხელი ან ფეხია. 
ზოგადად თამარას შემხედვარე ვერც იფიქრებ ადამიანი ასეთი მებრძოლი და მკაცრი თუა.


ბარემ ცხოვლეთმოყვარულებზე ვარ და თიკოც უნდა ვახსენო.
თუკი რამე სუნთქავს ან გადაადგილდება ყველაფერს უვლის, ეფერებე, პატრონობს, აჭმევს და ბოლოს სახლში მიჰყავს. 
მე თუ მკითხავთ დასანანიც კია ასეთი ადამიანი ქალაქში და თანაც ასეთ უჯიშო ქალაქში რომ ცხოვრობს. მე არ ვიცი სხვა, ვინც ასე უფრთხილდება სამფეხა, ოთხფეხა ხუთფეხა და სხვა ბევრფეხა არსებებს. 
თანაც თიკოს აღწერისას არ უნდა დამავიწყდეს იმის აღნიშვნა, რომ ყოველთვის უცნაურად აცვია, აი ისე ღია ბარათებზე პატარა ლეკვებთან ერთად მინდორზე წამოგორებულ გოგოს როგორც ასახავენ ხოლმე.


[აქ იყო ჩანაწერი ლევანზე - იგივე ბობი ბრაუნზე, მაგრამ ისეთი ისტერიჩკაა რომ გადავწყვიტე მისი სათუთი გრძნობები არ შევურაცხყო და საერთოდ წავშალე მისი დახასიათება.
იუმორის გრძნობა უნარი არაა, სამწუხაროდ ის ან გაქვს ან არა]

ლევანი ვახსენე და თამარზეც უნდა მოგიყვეთ უეჭველი. 
იცით როგორია, ძალიან მოუსვენარი, ოღონდაც აი რაღაცნაირად მოუსვენარი. ალბათ ბავშვობაში სისხლს რომ უშრობდა ყველას გარშემო - რატომ?რატომ? კითხვების კასკადით. 
სულ ასე მგონია რომ ისე იჩქარის - ცხოვრება უკან რჩება და თამარზე დაწევა უჭირს, ამ სიჩქარეში კი სულ დაბნეულია, სულ რჩება მნიშვნელოვანი მოვლენები - არადა ოჯახს კი მიუძღვის. წარმოიდგინეთ მისი ოჯახის წევრები რა ალმოდებულები იქნებიან დღისით და ღამით, თამარის რიტმში თუ უწევთ ცხოვრება.


თამარის შემხედვარე უეჭველად ის აზრი გაგიჩნდებათ სადმე ბოშათა ბანაკს ჩამორჩა და ახლა დაიარება ასე ეულადო. ჭრელი ტანსაცმელი, მკვეთრი ფერის თმა, ომახიანი ხმა - ნამდვილად რომელიღაც "ტაბორს" მოსტაცეს მშობლებმა. 

ცალთვალა ქეთიზე არაფერი მითქვამს არა? იცით როგორი ვინმეა? ფრანგული ფილმი რომაა "невезучие" ზუსტად მაგ ფილმის გმირი უნდა იყოს. მთელი ზამთარი პირსისხლიან, კი არადა თვალსისხლიან ვამპირს ჰგავდა. 
ერთი გალეული გოგოა, მაგრამ სანამ კარგად არ მორჩა ყველას შიშის ზარს გვცემდა, ამიტომაც უკუნ ღამეშიც კი მზის სათვალით დადიოდა, ის მიკვირს როგორ არც ერთ ხეს არ მიეტაკა და კიდევ რამე არ დაიმართა?


ჩვენს დიად მატეანეზეც რომ არ ვთქვა რამე სამყარო არ მაპატიებს. 
სოფიკიე ისეთი უცნაური ვინმეა არც ვიცი როგორ აღვწერო. იმდენი ფოტომასალა რაც მან დააგროვა 9 თვეში, ალბათ ბევრ მოგზაურს რამდენიმეწლიანი ტურის დროს არ გადაუღია. სოფო გვიღებდა დილით და ღამით, ბედნიერებასა და უბედურებაში, განგაშისა და ზეიმის დროს, თავდაყირა და ჰაერში, ჭამისა და ძილის დროს (ისე საინტერესოა ტუალეტის ფოტოებიც თუ აქვს), გაღიმებულებსა და მოტირლებს - მოკლედ რომ ვთქვა მას ვყავართ ყველა პოზაში.
ძალიან სათნო და კეთილი ადამიანია, სახეზეც სულ ღიმილი აქვს გადაკრული და რომ არა მისი შექმნილი მწვანე, ფუნჯიანი ქუდები ახლა მენინგიტით იქნებოდა ნახევარი ბანაკი დაღუპული.


გივიც კი გვყავს ჩვენ პარტიზანებში, მაგრამ რა გითხრათ მასზე არ ვიცი, 9 თვის განმავლობაში გივიმ სულ 139 სიტყვა თქვა და მათგან 131 გამარჯობა ან/და ნახვამდის იყო. 
ასეთი მორიდებული ადამიანის მნახველი არ ვარ მე.


ბოლო ლუკმად ამ ნაწილში ნიკა მოვიტოვე.
მისი შარავანდედი დღემდე თვალს მჭრის, ვერაფრით მივეჩვიე. უცნაური ადამიანია, დიდად მოლაპარაკე ვერ არის, მაგრამ ძალიან კეთილია. ძალიან ჭკვიანიცაა - აბა შუაგულ ტყეში, სამხედრო კარავში სადმე wi-fi გინახავთ? ჩვენ გვინახავს ნიკამ გაგვიკეთა. 


და საერთოდაც ისეთი კარგია რომ უეჭველი რაღაც დიდ საიდუმლოს მალავს, ასეთი ადამიანების არსებობის დაჯერება ძალიან რთულია.

ხოდა ბარემ ნიკაზე ვარ და ლილა რომ არ ვახსენო არ იქნება, ასეთი ნორჩი, ლამაზი პარტიზანი მებაღე ბევრ ქვეყანაში არ ეყოლებათ. თავნება, თავისუფალი, მხიარული და როდესაც მოშინაურდება კარგად დაქოქილი საათივით მოტიკტიკე. ახლა უკვე ასეთი კარგი რომაა დიდი რაღა იქნება ხომ წარმოგიდგენიათ?


2 comments:

  1. ჰაჰა ჩორვენ, ახლა ვხვდები, შენი "მოთხრობების" პერსონაჟებს საიდან იგონებ ხოლმე :პ

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!