აღიარება V – ისევ უცხო ქვეყანა - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Wednesday, May 26, 2010

აღიარება V – ისევ უცხო ქვეყანა

მოკლედ შეგახსენებთ რომ წინა ნაწილში მოსკოვის ამბებს ვყვებოდი ჰოდა ვაგრძელებ.

მაშ ასე მოსკოვში ცხოვრების მეორე ნაწილში ჩვენ ახალ ბინაში გადავედით. ახალი ბინა იმით იყო უკეთესი, რომ ორი ოთახი და სამზარეულო  ჰქონდა და უკეთესად გვეძინა ყველას.

როგორც გახსოვთ ჩვენ უკვე გვქონდა გულის შემაღონებლად მომღერალი მაღვიძარა, ჰოდა აი რა ხდებოდა ყოველ დილით სახლში:

ვინაიდან და რადგანაც მამას ადრე უნდა გაღვიძებოდა ,მაღვიძარა მშობლებთან კარადის თავზე დავდგით (დროებით). ყოველ დილით ჩემი უსაყვარლესი მაღვიძარა რეკავდა გულის გაწვრილებამდე და ვინაიდან და რადგანაც ოთახები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ იყო განლაგებული ბავშვების ოთახშიც გულისწამღებად ისმოდა მისი ხმა. ყოველ დილით დაიწყებდა თუ არა საათი წკრიალს ვდგებოდი ყველაზე პირველი, გავდიოდი მშობლების ოთახში, ვადგავდი კარადას სკამს, ვძვრებოდი ზედ და მაღვიძარას ვთიშავდი, შემდეგ კი სუფთა სინდისით ვბრუნდებოდი საწოლში.

65468

ჩემი ამ მონდომების გამო ყოფილა შემთხვევა რომ მამას გაღვიძება დაგვიანებია და საქმეზეც ვერ წასულა დროულად, მაგრამ რა უნდა მექნა თუ ძალიან მაწუხებდა დილა უთენია აწკრიალებულ - ამღერებული ჩინელი საათი? : )

”ნოვოსელიიდან” მალევე ბიძაჩემმა  გადაწყვიტა, რომ იქაურ ”ბარახოლკაზე” (აი ჩვენთან მშრალი ხიდი რომაა ეგეთზე) წავსულიყავით ერთად.

იქაური ბარახოლკა მოსკოვის გარეუბანია და მეტროთი ერთ საათზე მეტ ხანს მოვუნდით იქ მისვლას. ბიძაჩემიც კაი გვარიანი მოწანწალეა და იცოდა რა ჩემი ასეთივე სიყვარული უსარგებლო ნივთებში ქექვისა და ბოდიალის ხელი ჩამავლო და თან გამიყოლა. წარმოიდგინეთ რა მაგარი შეგრძნება იყო - ჯერ მიწის ქვეშ მეტროში ყოფნა ამდენი ხანი, შემდეგ უკვე მეტრო გადის მიწის ზემოთ და დაახლოებით ნახევარი საათი ასე გიწევს მგზავრობა.

ნუ როგორც იქნა მივედით უმაგრეს ადგილას, გაშლილი დიდი მინდორი, ბევრი ბალახი,  ბუნება და ამდენი უსარგებლო ნივთი, ვინილის ფირფიტები, საათები, ძველი სათამაშოები, მოკლედ რა გინდა სულო და გულო იქ რომ არ გენახათ. დიდი ხანი ვიბოდიალეთ მე და ბიძაჩემმა იქ, ერთ მოენტში კი რაღაცას მივაშტერდი და გამალებით დავუწყე თვალიერება ამ დროს კი თურმე ბიძას ადგილი შეუცვლია, სადღაც გასულა და მე დავრჩი ასე მარტო.

წარმოიდგინეთ 7 წლის ვარ, რუსული ვიცითქო არა, მაგრამ ნუ ერთ ორ სიტყვას ვაბავ ერთმანეთს, ვდგევარ, წარმოდგენა არ მაქვს სად და არ ვიცი როგორ ვიპოვნო ბიძაჩემი. (მერწმუნეთ ეს შეგრძნებები სიამოვნების მომტანი არ იყო)

6546

ცოტა ხანი ვიდექი ასე გაუნძრევლად და იმაზე ვფიქრობდი მეტრომდე როგორ მივიდე და მერე უკვე ჩემი ხაზის ფერს (მოგეხსენებათ რუსეთის მეტროში ძალიან ბევრი ხაზია და ყველას თავისი ფერი აქვს მინიჭებული) გავყვები და გაჩერებას ვიცნობ მეთქი, მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება არ მომიწია რადგან ბიძამ ისევ მიპოვნა. მიხვდა სად შეიძლებოდა დავეკარგე და თვითონვე მომაგნო უკან , მაგრამ მე გვარიანად კი შევშინდი მაშინ.

ასეთი ამბებიც გადამხდენია თავს :) (მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევა არაა როდესაც დავიკარგე)

მოსკოვში ძალიან მიყვარდა ნაყინი, რამე განსაკუთრებული კი არ იყო უბრალოდ სასწაულად მაქვს ჩარჩენილი ის გემო რომელიც იქაურ ვანილიან ნაყინს ჰქონდა, არადა შეიძლება არაფერიც არ იყო , მაგრამ მე  მაშინ ასე დამამახსოვრდა.

კიდევ მოსკოვში სერიოზული შოკი იყო მაკ დონალდსი. საქართველოში ჯერ იდეაშიც კი ვერ არსებობდა მაგის გახსნის შესაძლებლობა და იქ რომ შევედით რაღაც წარმოუდგენელი შეგრძნება იყო , ეხლა რომ მახსენდება ვხალისობ ძალიან. ალუბლის ნაყინი, ალუბლისვე ღვეზელი და მგონი ჩიზბურგერი. (მაშინ დარწმუნებული ვიყავი რომ მაგაზე გემრიელი რამე ბევრი არ იყო ამქვეყნად)

გარდა ამ ყველაფრისა რომ არ მოგვეწყინა ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები, დედას იქ ჰყავდა მეგობარი რომელსაც ჰყავდა ორი ჩვენხელა შვილი და ძალიან სასიამოვნო იყო მათთან თამაში , რადგან ასე თუ ისე ქართული ესმოდათ შიგადაშიგ და ურთიერთობა ძალიან გვიადვილდებოდა.

აი ასეთი იყო ჩვენი მოსკოვური ვოიაჟი. მოკლე, მაგრამ მაინც ძალიან ახალი და საინტერესო.

_____________________________________________

დარჩით ჩვენთან , შემდეგ ნაწილში ახალი გამოცდილება, სამშობლოში დაბრუნება და მრავალი სხვა რამ გელოდებათ :)

Blog Archive

Subsrcribe