აღიარება – IV (მოსკოვი) - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Tuesday, April 13, 2010

აღიარება – IV (მოსკოვი)

მაშ ასე მოსკოვში მამამ ერთი წლით წაგვიყვანა, ვინაიდან და რადგანაც მაშინ უკვე მესამე კლასში ვიყავი აუცილებელი იყო მემეცადინა რომ არ ჩამოვრჩენოდი სკოლის მასალას და მეც ყოველ საღამო ვიჯექი და ხან მათემატიკის ამოცანებს ვხსნიდი, ხანაც ქართულის კლასგარეშე თუ ისე , აუცილებელ ლიტერატურას ვკითხულობდი.

მაშინ როდესაც მამა და ბიძა დატვირთულები იყვნენ და შეხვედრებზე დადიოდნენ დედა თბილად გვაცმევდა და სასეირნოდ მივყავდით. ზამთარი რუსეთში მოგეხსენებათ რომ მკაცრი და უხვთოვლიანია . ყოველ დღე უამრავ ადგლას დავბოდიალობდით ხოლმე.

ძალიან მიყვარდა (ეხლაც მიყვარს) საღამოები, რომელსაც თოვლით გადავსებულ ეზოებსა და პარკებში ვატარებდით. დედასთან ერთად დავდიოდით ხოლმე ბაზარშიც სადაც გატეხილ კვერცხებს (რადგან ბევრად იაფი ღირდა გაუტეხავზე) და სხვადასხვა საჭმელებს ვყიდულობდით, შემდეგ იქვე მდებარე დიდ სუპერმარკეტში შევდიოდით და რამოდენიმე საღეჭ რეზინსაც ვყიდულობდით, რომელშიც ძალიან უცნაური ”ნაკლეიკები” ამოდიოდა გადასაყვანებით , თუმცა ჩვენ ვაგროვებდით და ძალიან მოგვწონდა მაშინ. nakleik

ერთ დღესაც (ბარბარობა გახლდათ) და დედას ბიცოლამ დაურეკა თბილისიდან - დღეს კარგია კვახი, ლობიანი და თევზი სახლშიო.

დედამ ბევრი იფიქრა კვახი და ლობიანი სად ვნახოო და გადაწყვიტა მხოლოდ თევზს ვიკმარებთო. წავედით ბაზარში ბევრი ვიბოდიალეთ და რატომღაც გაყინული თევზი ვიყიდეთ უშველებელი ტრაილერიდან (ამ ტრაილერს ”ჟივაია რიბა’ ეწერა) მოვედით სახლში და დაიწყო მზადება.

დედამ ეს თევზები ნიჟარაში ჩაყარა, წყალი მოუშვა და მაშინ როდესაც მათ გაფატვრას აპირებდა - თევზები გაცოცხლდნენ და ხტუნვა დაიწყეს…

აი მაშინ ჩამოკრა უბედურების ზარმა, დედამ ვერფრით გაჭრა თევზი, რომელიც თვალებს ახამხამებდა და დახტოდა, ამიტომ გადაწყვიტა სხვანაირად მოვკლავ და მერე გავფატრავო. ჩადო თევზები ცელოფნის პარკში და თავი მოუკრა – დაიხრჩობიანო , მაგრამ თევზი, რომელიც გაყინვის შემდეგ გაცოცხლდა ეგრე ადვილად მოკვდებოდა თქვენი აზრით? რა თქმა უნდა არა.

ასე ელოდა დედა 20 წუთი მათ გაგუდვას უჰაერობით და რომ არაფერი გამოვიდა გადაწყვიტა გონებას დავაკარგვინებო და თავში ქვისტარიანი დანა ურტყა სულ ამ თევზებს. (არა სადისტი კი არაა, უბრალოდ ვერ გაფატრა ცოცხალი თევზი, თორემ ტვინის შერყევა კი აჰკიდა უდავოდ) ვერც მასე რომ ვერ გააფრთხობინა სული გადაწყვიტა ცხელი წლის ძალით შიგნეულობას ჩავწვავ და მოკვდებიანო , ასხა და  ასხა პირში  მდუღარე წყალი…

….თევზები დედას ფანტაზიაზე გამძლეები აღმოჩნდნენ, ბოლოს დედამ ცრემლების ყლაპვით თავი მოაჭრა სამივეს ,თუმცა ჭამა და გაკეთება გადაიფქრა და მეზობელს გაუტანა, რომელმაც დიდი სიხარულით მოხარშა მათგან უხა. ასე დამთავრდა პირველად და უკანასკნელად დედას და ცოცხალი თევზის ურთიერთობა, მაგრამ არა უცნაურობები რომელსაც დედა სჩადიოდა.

ერთხელ გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა აჯიკა, იყიდა ყველა საჭირო სანოვაგე, თუმცა როგორღაც აღმოჩნდა რომ ცხარე წიწაკისგან ისეთი ცხარე ჰაერი დადგა სახლში რომ დიდიან პატარიანად ჯერ ხომ თვალები გვეწვოდა და მერე მთლიანად სასუნთქი გზები. აჯიკა ჩაფლავდა , წიწაკა გაშვებულ იქნა სანაგვეში.

ან კიდევ ერთხელაც (არა ეს ხშირად ხდებოდა, მაგრამ ერთხელ მოხდა იაღლიში) დედამ გააკეთა ბეზეს ტორტი, ყველას ძალიან გვიყვარდა და აცხობდა ხოლმე.

პირველ დღეს ნახევარ ტორტს მუსრი გავავლეთ. მეორე დილას ბიძაჩემმა ბედნიერად გამოიღო ტორტი და დაიწყო ჭამა, ცოტა ხანში ეკითხება დედას – უნდა იყოს თუ არა ტორტი მომჟავოო, რა თქმა უნდა დედას პასუხი უარყოფითი იყო თანაც ერთ საღამოში ტორტი მაცივარში ვერ გაფუჭდებოდა. როგორც ბოლოს  აღმოჩნდა დედას მარილის მაგივრად ტორტში დაუნანებლად ჩაუყრია სოდა.

აი ასეთი ექსპერიმენტული სამზარეულო გვქონდა მოსკოვში.

სახლში საქმიანი შეხვედრების შემდეგ მე და ლუკა მივძვრებოდით ხოლმე მაგიდის ქვეშ, რათა უზნეო ხალხის მიერ მაგიდის ქვედა მხარეს მიწებებული საღეჭი რეზინები აგვეძრო და იცით რამდენი გხვდებოდა ხოლმე? აურაცხელი რაოდენობა . დიახ, დიახ ვიღაც უცხო ადამიანები შეხვედრაზე მოსვლისას საღეჭ რეზინს მაგიდას ქვემოდან აწებებდნენ ხოლმე.

ძალიან ხშირად ვსეირნობდით ხოლმე ტრამვაით, ძალიან მიყვარდა ეს ტრანსპორტი , მოძრაობდა ნელა თან ზანზალაკები რეკდნენ გაჩერებისა და დაძვრისას. კიდევ შუაში რეზინის ჟგუტიანი ავტობუსები მიყვარდა, ზუსტად იქ დავდგებოდი ხოლმე. ძალიან მომწონდა რომ იატაკი ჩემს ქვეშ ბრუნავდა და უხვევდა სხვადასხვა მხარეს.

დღე კი ძირითადად გადიოდა მშვიდად, დედა სასიყვარულო რომანებს და სხვადასხვა პრესას ეცნობოდა მე და ჩემი ძმა კი ან ტელევიზორს ვიყავით მიფჩენილები ან კინდერის სათამაშოებით ომობანას ან სხვა ამდაგვარ მაიმუნობას ვთამაშობდით.

იმ წელს დაბადების დღემ მოსკოვში მომიწია და ვინაიდან და რადგანაც ახლობელ მეგობრები იქ არ იყვნენ, ამის კომპენსირება მშობლებმა საჩუქრის თავისუფალი არჩევანით მოახდინეს.

წავედით ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრში (”ძეცკი მირ”ის მსგავსში) სადაც ძალიან დიდი ხანი ბოდიალის მერე ვიპოვნე ის რაც მინდოდა – უმაგრესი იაპონელი მაღვიძარა საათი. ჯერ მომეწონა მისი ბედნიერი clokსახე, შემდეგ კი ხმაც რომ მოვისმინე (რა გულისგამაწვრილებლად მღერის უნდა ნახოთ)  ერთბაშად გადაწყვიტე რომ ეგ მინდოდა.

მინდა გითხრათ ეს მაღვიძარა გვაღვიძებდა მერე უკვე ყველას და თანაც ისე საზარლად მღეროდა რომ ვერაფრით ვერ აღუდგებოდი წინ ამ ხმას და ვერ დააიგნორებდი.

მოსკოვში ყოფნისას 4-ჯერ წავიკითხე რობინზონ კურზო და ასე ალბათ 25 ჯერ საიდუმლო კუნძული. ჯერ ერთი იმიტომ რომ საინტერესო ქართჲლი წიგნების ნაკლებობა იყო და მეორეს ერთიც უბრალოდ ორივე წიგნი ძალიან მიყვარს და მიყვარდა მაშინაც.

_______________________________________________________

არ მკითხოთ რატომ მქონდა შენახული ის ”ნაკლეიკები” დღემდე და სად ამოვქექავ ხოლმე ძველის ძველ რამეებს , უბრალოდ მერწმუნეთ ასეთი რამეების შენახვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ახლაც.

დღეისთვისაც აქ დავასრულებ ამბავს და შემდეგ ნაწილში კიდევ მოგიყვებით საინტერესო ისტორიებს, თქვენ ხომ 4489 სიტყვა წაიკითხეთ სულ ახლახანს :)

Blog Archive

Subsrcribe