Tuesday, December 23, 2014

213 - XIX

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.

29  ნოემბერი - ალეჰოპი
როჯერის ჩახუთული ოთახიდან დაახლოებით 11 ზე გამოვედით და Ao Phraoსკენ გავუყევით გზას. გვითხრეს რომ ახლა მხოლოდ იქ არის კემპინგი შესაძლებელი. 3 კმ ვიარეთ თაკარა მზეში ზურგჩანთამოკიდებულებმა და ძლივს მივაღწიეთ ახალგაზრდულ კემპინგს სადაც იდეაში უნდა დავბანაკებულიყავით.
ადგილზე ორი ინგლისურის უცოდინარი ტიპი დაგვხვდა და ვერაფერი გაიგეს, შემდეგ ერთმა ვიღაცას დაურეკა და ბაკოს მიაწოდა ტელეფონი. საწყალი ბაკო 15 წუთი ცდილობდა აეხსნა იმისთვის რომ ჩვენი კარავი გვაქვს და დაბანკება გვინდაო. ტელეფონში უცნაური პასუხი მიიღო "მოგვიანებით მოვალ და გავარკვიოთო" და სულ ეგ იყო.

გავცეცხლდით, რას ჰქვია მოგვიანებით თანაც როდესაც არც იცი გტოვებენ თუ არა. ავიბარგეთ,წერილი დავწერეთ და ჩავედით სანაპიროზე, რაღაც უნიათო ადგილი მოვნახეთ და საცურაო კოსტუმები გადავიცვით. სულ ერთხელ გავიჭყუმპალავეთ და ისევ ცენტრისკენ (სადაც ბანაკი მიგვასწავლეს) წასვლა გადავწყვიტეთ. სიცხისგან თავი საოცრად მტკიოდა და ზურგჩანთებით იმ 3კმს უკან გავლა აბსოლუტური ჯოჯოხეთი აღმოჩნდა.
როგორც კი ნაკრძალის შესასვლელში მივედით, ვეცი ტიპს რომელმაც წინა დღით დაგვაკვალიანა და ცოტა დამაკლდა თვალები რომ არ ამომეჩიჩქნა.

მოკლედ, როგორც იყო გაირკვა ამბავი ჩვენი კემპინგისა და უკან დაბრუნების. ჩვენ უარი განვაცხადეთ ფეხით უკან წასვლაზე,რადგან მათი მიზეზით მოხდა ყველაფერი, არც ტაქსში გვინდოდა $7 გადახდა ასე რომ საბოლოოდ პარკის ორმა თანამშრომელმა ბაიკებზე მოგვისვეს ბარგიანად და წაგვიგვანეს.


მე ცოტა ცეტი შემხვდა და გიჟურად მოდიოდა, თუმცა ამას არაუშავდა სანამ უნებლიედ სასწაულმა წვიმამ არ დასცხო. სახეში უზარმაზარი წვეთები მეტყლაშუნებოდა, რა თქმა უნდა 2ვე ჩანთა უმოწყალოდ სველდებოდა და თანაც ჩემი მძღოლი მიქროდა არანორმალურად. მიუხედავად იმისა, რომ გზას ვერ ვხედავდი ვიგრძენი ორჯერ როგორ მოაცურა ბაიკი და ვუთხარი ნამეტანი მივქრივართ და მეშინია მეთქი. ამან არ გაჭრა და ახალგაზრდული კემპის შესასვლელში რომ შევფრინდით ხრეშზე დამუხრუჭებისას გაუჭირდა ბაიკის დაჭერა და ძალიან გადავიხარეთ. თვითონ კი დარჩა ზედ და (ჯერ საჭეს იყო ჩაფრენილი და მერეც გრძელი ფეხები ჰქონდა) მე კი თავი ვეღარ შევიმაგრე და ხრეშზე ალეჰოპით დავეზღნართე.

მართალია სიცილი ამიტყდა მეც და დანარჩენებსაც, მაგრამ  ხელი კი მაგრად მეტკინა, გადავიტყავე და სისხლიც მომდიოდა. ბაკომ უცებ ჩამომბანა და იოდით დამიმუშავა ხელი, ამიტომ ისღა დაგვრჩენოდა წვიმის გადაღეებისთვის დაგვეცადა. კემპის ხელმძღვანელობამ გადასახედზე დადგმულ გადახურულ (view point) რაღაცაში გაგვაშლევინა კარავი. მშვენიერი ადგილი იყო ზღვის და ნახევარი კუნძულის ხედით.

მართალია ცოტა უბერავდა, მაგრამ უკმაყოფილების მიზეზი თითქმის არ გვქონია, ცოტა წავიხემსეთ და დაღლილ დაქანცულები კარავში შევძვერით.

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!