Thursday, November 06, 2014

213 - VI

ე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში
.

31 ოქტომბერი - სახლი ტბის პირას

ნაბოდიალებზე დილის 5 საათზე ადგომა არაა საუკეთესო გადაწყვეტილება, მაგრამ მკაცრად გაგვაფრთხილეს პოხარას ავტობუსი ზუსტად 7-ზე გავაო და მართალიც გვითხრეს. 



ძლივს ავიბარგეთ და დილის 6 საათზე გავედით ჰოსტელიდან მე, ბაკო და ალმა (შვედი). ზუსტად ნახევარ საათში (უფრო ზუსტად კი 27 წუთში) მივედით დანიშნულების წერტილამდე, მაგრამ სანამ ჩვენი ავტობუსი ვიპოვნეთ 20-ოდე სხვა შევამოწმეთ. ბაკო და ალმა მოიკაკვნენ ზურგჩანთების ქვეშ, მე რატომღაც არ შევწუხებულვარ. 

ჩვენი ჩანთების შელაგების პარალელურად ავტობუსის სახურავზეც ალაგებდნენ ბარგს - მე მაოცებს ამათი უნარი შუბლით გადაიტანონ უმძიმესი ტვირთი. 
ზუსტად 7 საათზე, როგორც იყო დათქმული,  დავიძარით პოხარასკენ.
გზა ვიწრო ხეობას მიუყვება, გარშემო ბევრი სიმწვანეა, უფრო სწორად სირუხეა, ხეებს ათასი ფენა მტვერი ადევთ ფოთლებზე, სასწაული სანახავია.
ისე რომ ვთქვათ კატმანდუში ხეები თითქმის არ არის და მე მგონია, რომ ყველა შენობასა და ეზოში არსებული ქოთნის ყვავილები ამის დასაბალანსებლადაა ზუსტადაც.

მთელი გზა ტერასებად დამუშავებული მიწებია ხედებად. მე მგონია რომ ნეპალელები არ არიან ზარმაცები და ყველა ხერხით ცდილობენ თავი გაიტანონ.
გზად ბაკომ აღმოაჩინა, რომ ბანანის ხეები, ჩვენთან რომ ტყემალი იზრდება უმისამართოდ, ზუსტად მასე არიან და ლამის მოძრავი ავტობუსიდან ჩავიდა.
ბანანის სხმულების დანახვაზე კიჟინას სცემდა და ნახევარი გზა ითვლიდა რამდენი დაუჯდებოდა ასეთი სხმულას ყიდვა მთლიანად.



როგორც კატმანდუში გვითხრეს სოფლის მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი ავტობუსების გაჩერებებზე საკვების გაყიდვაა და ოდნავ უფრო მეტს ითხოვენ ყველაფერში ვიდრე ეს ქალაქში ღირს.

8 საათი ვიმგზავრეთ პოხარამდე, თუმცა სულ 200 კილომეტრია. ავტობუსების გაჩერებაზე ტაქსი ავიყვანეთ, რადგან სასტუმრო კარგა გვარიანად შორს იყო და ფეხით იქამდე არ უნდოდათ გოგოებს სიარული. ტაქსისტმა სულ სხვაგან მიგვიყვანა და დაგვტოვა. საბოლოოდ ადგილობრივებმა დაგვარეკინეს, სასტუმროს ადმინისტრატორი მოვიდა და წაგვიყვანა სწორ ადგილას. 
ჩართვა - სასტუმროს ონლაინ დაჯავშნისას დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად შეავსეთ, თორემ ან გარეთ დარჩებით და ან 2-ჯერ მეტის გადახდა მოგიწევთ. ჩვენ გადავრჩით.

პოხარაში არის ტროტუარები რაც ძალიან მახარებს, ძალიან მეშინოდა კატმანდუს ქუჩებში, ჯერ ვერ მივეჩვიე. საჭმელად გასულებმა ახალი სასტუმროც ვიპოვნეთ და დავჯავშნეთ, არსებული კვერცხობაა - ალმა ძირს წევს ლეიბზე. 

ვიყიდეთ ხილი და ლუდი და კარგა ხანს ვისხედით ვერანდაზე საჭორაოდ.

 

საერთოდ ყოველთვის საინტერესოა სხვადასხვა კულტურის ადამიანების შეხვედრა, ალმა ყვებოდა შვედეთზე ჩვენ საქართველოზე ვუყვებოდით და ყველანი გაოცებულები ვიყავით - ხან სასწაული დამთხვევები იყო ხანაც ისეთი განსხვავებები ვერ დაიჯერებდა ადამიანი რომ ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით მხოლოდ.

პოხარაშიც ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ კატმანდუელებს ვერ შეედრებიან. ლამაზი ადგილია ტბაც მშვენივრად იხდენს გარშემო მოწიკწიკებულ სახლებს. ვნახოთ რას გვასწავლის პოხარა.

პ.ს აქაური ბანანი ცერა თითის ტოლია და სულ არ ჰგავს იმას რასაც საქართველოში ვჭამთ. 


1 comment:

  1. miyvarsme mini bananebi da mgonia ufro kai gemo aqvs vidre didebs.

    tvals vadevneb tkven mogzaurobas! martla super!

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!