ჩემი აზარტი არ კმარა სიკვდილისათვის - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Saturday, March 12, 2011

ჩემი აზარტი არ კმარა სიკვდილისათვის

ყველას დიდი მადლობა მინდა  გითხრათ იმისათვის, რომ გული შეგტკიოდათ ჩემზე და რჩევებიც არ დაიშურეთ. მომიწოდეთ, დამიყვავეთ დამტუქსეთ და ზოგიერთებმა დამცინეთ კიდეც ჩემი წინა (ექსცენტრული) პოსტის გამო, მაგრამ მე მაინც მოგიყვებით როგორ იყო ყველაფერი.

ვინაიდან და რადგანაც ჩემს აზარტს ვერაფერს ვუხერებ და ის ყოველთვის ახერხებს ჩემი საღი აზრის გათიშვას , მეც დავემორჩილე და დაახლოებით 28 საათის წინ ვიყავი იქ სადაც პატარა ქაღალდის ნაგლეჯით ”მიმიპატიჟეს” .

მთელი გზა მივლასლასებდი და თან ვფიქრობდი. არა, არაფერსაც არ ვფიქრობდი, ყრუდ ცარიელი ვიყავი, როგორც დამშრალი ჭა.

საფიქრალი რამე მქონდათქო მოგატყუებთ, მაგრამ ისეც არ იყო რომ სიცარიელე გამართლებული ყოფილიყო.

ქალაქის ერთ ერთ უბანში იტალიურ ეზოში მიმიყვანა მისამართმა, ფრიად მიტოვებული ადგილი ჩანდა. P1140326 ეზოში არ იდგა მანქანა, არ დარბოდნენ ბავშვები, სარეცხიც კი არსად იყო გამოფენილი.

ორი მხრიდან ადიოდა კიბეები მეორე სართულზე, მე რატომღაც ვინტის კიბეს ავუყევი , არადა ყოველთვის თავბრუ მეხვევა მსგავს რამეზე ასვლისას.

მეორე სართულზე აივნის ყველა ფიცარი ისე გულისგამგმირავად ჭრიალებდა რომ ერთი მომენტი ფრენაც კი ვინატრე.  გრძელი მოდერეფნო აივნის შუაში გავჩერდი და საკუთარმა გულისცემამ კინაღამ დამაყრუა….

გავჩერდი და მართალია სხვებზე ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია, მაგრამ უცებ გამახსენდა მთელი სია იმისა რაც ჯერ არ გამიკეთებია:

  • არ გადმოვმხტარვარ ბანჯით
  • არ მიფრენია პარაპლანით
  • არ მქონია სექსი თვითმფრინავის ტუალეტში
  • არ მინახავს კატმანდუ
  • არ გავთხოვილვარ მაროკოელ შეიხზე
  • არ მინახავს თუშეთი
  • არ მოვსწრებივარ ჩემი დის სრულწლოვანებას
  • არ დამიმტვრევია არც ერთი მანქანა
  • არ დამიკარგავს გონება
  • არ დავსწრებივარ არც ერთი მეგობრის მშობიარობას

მოკლედ ეს სია ისე უცებ ჩამოწიკწიკდა  ჩემს თავში, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი და მიუხედავად იმისა, რომ ფიქრში თურმე კართანაც მივსულვარ და სახელურსაც ჩავფრენოდი , ცივად მომიწია ხელის გაშვება.

ძალიან ეგოისტი ვარ იმისათვის, რომ ამდენი რამე დავთმო ამ ეტაპზე, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმისათვის რომ ფორტუნას ვენდო და ძალიან მშიშარა ვარ იმისათვის რომ ჯამრთელმა გავრისკო :)

გამოვბრუნდი , ძალიან ჩქარი ტემპით ჩამოვიარე დახვეული კიბე, არ მინდოდა თავი გამეთქვა და ვინმეს შევენიშნე. ეზოში კიდევ ერთხელ გავჩერდი, ავიანზე ავიხედე, არავინ ჩანდა რამაც დამამშვიდა.

ეზოდან უკვე აუჩქარებლად გამოვედი , სიგარეტს მოვუკიდე და ხარბად ჩავისუნთქე. მანამდე სანამ სიცოცხლის მომსწრაფველი დაავადება არ დამემართება მე მსგავს შემოთავაზებას არასოდეს მივიღებ.

ბოლოჯერ ავხედე დიდ მოდერეფნო აივანს , შემოვტრიალდი… ყრუ აფეთქების მსგავსი ხმა გავიგე….

გამაჟრჟოლა, ეს შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი.

Blog Archive

Subsrcribe