Thursday, October 28, 2010

პარალელური საწოლის სიზმრის ჩემი ვერსია

დედა ყურადღებიანი მაგრამ მკაცრია – მე ასეთი არ ვარ. მას სულ აქვს დარიჩინის სურნელი და ძალიან კეთილი თვალები. მეც მინდა როდესმე ასე…

მოგონებებს მწკლარტე გემო დასდევს თან, აი ისეთი მკვახე შინდის გასინჯვისას რომ გაგვკრავს ხოლმე.

ძილი კარგია მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რომ ახალმა იდეებმა გიპოვნონ, ან შენ იპოვნო და დაიმგზავრო რეალურ სამყაროში, უფრო სწორად იმ სამყაროში - ძილში რომ იღვიძებ  და რეალობაში გესიზმრება.

****

smoking_by_lolita_art

მთელი დღეა იისფერი მზის სხივებისგან მაცემინებს, მას მერე რაც მზის ფერის შეცვლა გადაწყვიტეს ქალაქში ხეებმა შინდისფერი ფოთლებისა და ზოლიანი მერქნის გამოზრდა იწყეს. თმა - გუბეში ჩაჭყლეტილი ბაყაყისფერი გამიხდა და თვალები სიბნელეში მიელავს. ვწუხდები სიმართლე თუ გინდათ. ღამე თვალი ვეღარ გამიხელია მე თვითონ ვკრთები ისეთი სხივი მაქვს.

****

ჩაის უკვე 2 წელია აღარ ვსვამ , მხოლოდ მის აბაზანებს ვიღებ იმ იმედით რომ ფორთოხლის გემოს როგორმე დათრგუნავს ჩაის არომატი და უფრო გემრიელი გავხდები, ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს, თუმცა ჩვენი ქუჩის კუთხეში მდებარე ალქიმიის მაღაზიის დამლაგებელმა მითხრა უცებ იქნება შედეგი მაშინ როცა არ ელოდებიო – მე კიდევ მაინც ველოდები სულმოუთქმელად და ეფექტიც ალბათ ამიტომ  არ ჩანს.

არადა რა ვქნა არ უხდება ფორთოხალი ჩემი ბიჭის ვანილიან ენას და ამის გამო სულ ვკინკლაობთ, არ სჯერა რომ 2 წელი პროცედურებს შედეგი არ აქვთ. ამიტომ მასთან შეხვედრისას ვცდილობ ხოლმე ჩვენი ცენტრალური მოედნის შოკოლადის შადრევანში დიდი ხანი ვიცურავო,იქნებ ფორთოხლის არომატი ცოტა გადაფაროს… ცოტა უფრო დიდი ხანი მაინც გასტანს სიამოვნების წუთები…

****

სამსახურში უფროსს გუშინ ყური მოვატეხე. ძალით არ მინდოდა, მაგრამ რა მექნა თუ იმ შტერმა ჩვენი შაქარყინულის ტელეფონის ლოკვას თავი ვერ დაანება და მერე საქმიანი ზარის განხორციელება გადაწყვიტა? დროულად რომ არ მემოქმედა შაქრის წვენი მის ლიმნის ყურებზე ძალიან ცუდ გავლენას იქონიებდა და საერთოდ აღარაფერი უშველიდა.

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA         ისე, ამის შემდეგ დამაწინაურეს და დღეიდან შაქარყინულის ზარებისა და კონტრაქტების მაგისტრი ვარ.

****

დღეს საღამოს ჩემი 12 ფანჯრიანი ახალი ენოტქანის ტარება უნდა ვისწავლო, ცოტა უხასიათო სამართავიაო ასე მითხრეეს ზოოცენტრში, მართალია ახალი ჩამოყვანილი გვყავს და კაი ფორმაშია ,მაგრამ თავიდანვე ცოტა ცუდად უვლიდნენ და გაჯინიანებულიაო. ავიღებ ახლა დიდი ხორცის ნაჭერს ჩავჩრი ხახაში და იქნება უფრო ადვილად დაიქოქოს.

მომავალ შეხვედრამდე, კარგად მენახეთ მთვარის მე128 987 დაბადების დღეზე. (არ დაგავიწყდეთ შინდისფერი კოსტუმები, სხვანაირად გაგვინაწყენდება)

4 comments:

  1. არაააა ტკბილი არ მიყვარს მაგრამ რამე მჟავე ან მწარეში ვიცხოვრებდი სიამოვნებით თუ ჩაი იქაც იქნებოდა :)))))))

    ReplyDelete
  2. მაგარი პოსტი იყო, კარგა ხანია ასე არ მიმხიარულია :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!