213 - XXXIX

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში


3 თებერვალი -  ველოსიპედი

დილიდან, ბაკომ ინტერნეტში ნაყიდი ბილეთები, კამბოჯა-მალაიზია გადაცვალა. მართალია ცოტა ფულის დამატება მოგვიწია, მაგრამ ეგ არაფერი. 

შემდეგ, ბაკომ ჭამა ერთი თეფში ცარიელი ბრინჯი, რადგან წინა დღით რაღაცამ მოწამლა და გასკდა რწყევით, გადავწყვიტეთ არ გაგვერისკა. მე მხოლოდ ყავა მივირთვი, ამ ბოლო დროს ამას ხშირად ვაკეთებ, რაც ძალიან უცნაურია - ყავა არ მიყვარს.

დადგა ჩვენი მორიგი გეგმის განხორციელების ჯერი - ეს ველოსიპედს შეეხებოდა.
ჰო ისე აღმოჩნდა, რომ არც მე და არც ბაკომ ველოსიპედის ტარება არ ვიცოდით, ჩვენს ჰოსტელში კი ბედად ერთ დოლარად მთელი დღით ქირავდებოდა ველოსიპედები.

ძალიან დიდი ხანი ვარჩიეთ რომელი გვინდოდა, ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ბაკოსთვის დაბალი არ აღმოჩენილიყო, ჩემთვის კი მაღალი. 
როგორც იქნა ერთი მშვენიერი მწვანე ეგზემპლარი შევარჩიეთ და გამოვაგორეთ ჭიშკრიდან. 
გზაზე ვარჯიში და სწავლა გამორიცხული ამბავი იყო, უეჭველი რამე დაგვჭყლეტდა, ამიტომ ცოტა ბოდიალის მერე, ჰოსტელთან არსებული ქვიშიანი, შემაღლებული ადგილი მოვნახეთ და იმაზე დავიწყეთ ვარჯიში (ჰო ვიცი, ქვიშა და ფხვიერი მიწა ცუდი ვერსიაა მაგრამ სხვა არჩევანი არ იყო)

თავიდან ბაკომ სცადა, არ გამოუვიდა, შემდეგ კიდევ სცადა, კიდევ და კიდევ და ბოლოს მშვიდად გაიარ - გამოიარა. ახლა მოხვევის ამბავი იყო. თავიდან კინაღამ გზაზე გადავარდა, შემდეგ იქ მდგომ ერთადერთ მანქანას მიასკდა, ბოლოს როგორც იქნა ორივე მხარეს მოხვევა გამოუვიდა.


დადგა ჩემი ჯერი, თავიდან ძალიან გაუბედავად დავადგი პედალს ფეხი და იმ წამსვე წამაყირავა, მაგრამ ბედად ფეხზე დავრჩი. შემდეგ ცოტა უფრო თამამად ვცადე და გამოვიდა. გავგორდი და გამოვგორდი, მაგრამ მარჯვენა მხარეს მოხვევა ვერაფრით ვერ დავამუღამე.

რომ დავიღალე და დამცხა ბაკოს ვუთხარი ახლა პრაქტიკა გჭირდება (თუ ანკორის სანახავად ველოსიპედით ვაპირებდით წასვლას, აუცილებლად ტრასაზე სიარული უნდა დაგვემუღამებინა) წადი დონატები და წყალი მოიტანე მეთქი. ბაკომ ერთი შემომხედა, მაგრამ შემდეგ გაბედა და გაქროლდა.

დაახლოებით ნახევარი საათი ველოდე (არადა, მაგდენი ფეხით არ უნდოდა გზას) და ბოლოს ავნერვიულდი, იქნება რამემ დაჭყლიტა და ვერც გავიგებ მეთქი, ის ის იყო უნდა გავდგომოდი გზას, რომ გამოჩნდა - დაღლილი, დაქანცული და დასტრესილი.

ჯერ ხო კალათი არ ჰქონდა ველოსიპედს და ხელში ჩაბღუჯული  მოიტანა ყველაფერი, მერეც დიდი ტრასა (მთავარი გზა) უნდა გადაეკვეთა და ჩამოსულა, ხელით გადაუყვანია ველოსიპედი და მერე ისევ დამჯდარა ზედ, ასე უკანა გზაზეც.
ძალიან ბევრი ვიცინე ამაზე. მთავარია ბაკომ ქვესთი შეასრულა, თუმცა დაიქანცა საოცრად და განაცხადა ანკორში ველოსპიედით წასვლა წარმოუდგენელი მეჩვენებაო.

გათანგულები დავბრუნდით ჰოსტელში და არაფრის თავი არ გვქონდა, თუმცა მაინც უნდა წავსულიყავით და ფული გამოგვეტანა ბანკომატიდან, სხვანაირად ვერ მოვახერხებთ ანკორის ნახვას და კიდევ რაღაცეების მოგვარებას, ჩვენ ხომ ორ დღეში ფრენა გვაქვს მალაიზისიისკენ.

გვიან საღამოს გავედით და ასე 5 ბანკომატი დავტესტეთ სანამ ფულის აღება შევძელით, საოცარია აზიაში ბანკომატები, ყველაზე დიდი საფრთხე მათაგან მოდის - უფულოდ დარჩენის საფრთხე.

როგორც იქნა გამოვიტანეთ არსებული თანხა, ცოტა წავიცმუცნეთ და დავბრუნდით სახლში.

ყველაფერი გადავალაგეთ და დავახარისხეთ, ჩვენ ხომ ჯამში 20 კილოგრამის ატანა შეგვიძლია თვითმფრინავში, ხოლომარტო  ჩემი ჩანთა 17 კილოგრამია. 

შარვლები, მაისურები, წინდები და ტრუსები, პირსახოცი და კიდევ ათასი რამ გავამზადეთ გადასაყრელად და გასაჩუქებლად, ჩვენ მათ უბრალოდ ვერ ვატარებთ თან. კიდევ გავაკეთეთ სათადარიგო სია, თუ რამეა და გადავაჭარბეთ, რას გადავყრით აეროპორტშივე.

ამის შემდეგ შევძვერით ჩვენს ბადიან საწოლებში და სიცხისა და დაღლილობისგან გავითიშეთ.



Post a Comment

0 Comments