213 - XXXVI


მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში

30 იანვარი - კვლევა

რა თქმა უნდა სიზარმაცე კიდევ უფრო გაძლიერდა, ძლივს ავეხვეტეთ საწოლიდან, ვჭამეთ დარჩენილი შვრიის ფაფა და გავუდექით გზას.

რუკის მიხედვით სიემ რიპში ცხოვრება ჩვენგან კარგა მოშორებით დუღდა. ჩავუყევით მდინარის მშვენიერ კალაპოტს, რომლის ნაპირებზეც სიმწვანე და ჩამოსაჯდომები აღმოვაჩინეთ.


გზაში ვიპოვნეთ ფოსტა, სადაც ბაკოს იდეამ დაარტყა ღია ბარათები გავგზავნოთო, ის ოთოს უგზავნიდა, მე გადავწყვიტე საკუთარ სახელზე (ნაწილობრივ დედასათვის) გამეგზავნა რამე სასაცილო წერილი.

მე იქვე დავწერე წერილი, კარგად გატლეკილი მარკაც დავურთე ბარათს და ჩავაბარე ფოსტის თანამშრომელს, ბაკომ კი ბარათი თან წამოიღო სანამ მისამართს გავარკვევ მოვიფიქრებ შიგნით რა დავწეროო.

გავუყევით ისევ გზას, გეგმაში გვქონდა ღამის მარკეტის ტერიტორია გვენახა და თანაც ახალი ჰოსტელი გვეპოვნა, რადგან არსებულში მხოლოდ 2 ღამე ავიღეთ, თანაც რამე იაფიანი ვერსია გვესაჭიროებოდა, ფული ნელ-ნელა კი არადა ჩქარ ჩქარა ილეოდა.

ამ ხეტიალში აღმოვჩინეთ ჭამა სმის ქუჩა, სადაც გადავწყვიტეთ გვეჭამა ლანჩი. 
ახალ ქვეყანაში პირველ ჭამას მასშტაბურს ვუწოდებდი, რადგან 3 დოლარს ან ცოტა მეტს ვხარჯავთ, შემდეგ კი ვიწყებთ ფულის დაზოგვას.

ამ ჯერადაც მშვენიერი დაწესებულება ვნახეთ, სადაც მენიუს ღრიჭოებში პატარა მოძრავი საჭმელი იყო ჩამალული (ტარაკნებს ვგულისხმობ).
ავირჩიეთ ორი კერძი და ბაკომ უცებ ამოიკითხა "ნიანგის ხორცი" და გადაეკეტა. რა თქმა უნდა ბევრი არ გვიფიქრია ერთი თავი ნიანგის ხორცის კერძიც შევუკვეთეთ და დავიწყეთ ლოდინი.


ამასობაში მენეჯერმა გაგვაცნო ცოლი, მოგვიყვა თავის თავზე ათასი რამე და მშვენივრად გაგვართო.

საჭმელი მშვენიერი აღმოჩნდა, ხოლო ნიანგის ხორცი ძალიან უცნაური. ეს იყო შუალედური რაღაც ქათამსა და თევზს შორის. საკმაოდ მყარი ხორცი, რომელიც ბოჭკოებად ძალიან ადვილად იშლებოდა და ოდნავ მოტკბო გემო ჰქონდა. სააოცრად ვისიამოვნეთ ნიანგის სტეიკით.

არ დაგავიწყდეთ, ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა კამბოჯაში დროებითი სამუშაო გვეპოვნა და ცოტა უფრო ღრმად შეგვესწავლა ადგილობრივი ადათ-წესები.

საკმაოდ დიდი ხანი ვიბოდიალეთ სანამ სასურველ ჰოსტელს მივაგენით (წინა დღით ჰოსტელვორლდზე ძალიან დიდი ხანი ვარჩიეთ). მასპინძელი საყვარელი გოგო აღმოჩნდა და უპრობლემოდ დაგვიჯავშნა 2 საწოლი, თუმცა კი გეტყვით, რომ ერთ ერთ ყველაზე უცნაური ადგილი აღმოჩნდა ეს იმათ შორის სადაც კი აქამდე გვიძინია.

გულდამშვიდებულებმა დავტოვეთ მომავალი საცხოვრისი (ამასთანავე კარგად დავიმახსოვრეთ გზა და მოვნიშნეთ რუკაზე, არც ისე ადვილი მისაგნები აღმოჩნდა) და გავემართეთ საბოდიალოდ.


სიცხეში ბოდიალმა დიდად არ გაგვახალისა, ამიტომ დავბრუნდით სასტუმროში, ჩავალაგეთ ბარგი და გავამზადეთ მომავალი დღისთვის, შემდეგ კი წავედით ერთ მშვენიერ ბარში სადაც უცხოელი მფლობელი შევიგულეთ ჩამოსვლისას.

თან ადგილობრივ ლუდს მოვწრუპავთ და თან იქნება სამსახურის პონტიც გავარკვიოთთქო ვიფიქრეთ.

კაფეში სიმყუდროვე და სიმშვიდე დაგვხვდა ლუდიც მშვენივრად ვშთანთქეთ და ამ ჯანმრთელი ცხოვრების წესის გადამკიდე ორ კათხაში გავილეწეთ, საოცრად, შემდეგ კი ბაკო გაემართა ბარის მფლობელისკენ.

სამწუხაროდ, მასპინძელი შეშფოთდა სამსახურზე რომ ჩამოუგდო ბაკომ ლაპარაკი და მხოლოდ მოხალისეობაზე მოგვცა რამდენიმე რჩევა. გულდაწყვეტილები გამოვედით ბარიდან და ამ ღამესაც ბონდოსთან ერთად დავიძნეთ მოზუზუნე ვენტილატორების ქვეშ.

Post a Comment

0 Comments