213 - XXII

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.


5 დეკემბერი - მეფე

დიდი დღე. დაღლილზე გამოვიძინეთ და 12ისთვის საჭმლის საშოვარზე გავედით. რაღაც ნახევრად ქუჩის კაფეში მივირთვით. პაპაიას სალათი გავსინჯე და გასაოცარი აღმოჩნდა. აქ იმდენი რამეა გასასინჯი, რომ ვერც კი ჩამოვთვლი. 
ამის შემდეგ დავგეგმეთ რა უნდა გვექნა სანამ მეფის დაბადების დღის ძირითად ღონისძიებას შევუერთდებოდით. წავედით Anatasamakgom Throne Hallთან საიდანაც დიდი მსვლელობა უნდა ყოფილიყო გრანდ პალასისკენ. გზაში შევხვდით ქუჩის უზარმაზარ ბაზრობას, იმდენი ვიბოდიალეთ რომ დრო გაგვეპარა და უკვე პალასში უნდა ვყოფილიყავით. ავტობუსის და ტუკ-ტუკის საძებნელად რომ დავიძარით სამეფო სპილოების მსვლელობაც ვნახეთ. განსაკუთრებით ალბინოსი (ან უბრალოდ თეთრი) სპილო მომეწონა, ოდნავ ვარდისფერი ტონალობა განსაკუთრებულად საყ არელს ხდიდა. ყველა სპილო ლამაზი ფარდაგებით და ბაფთებით იყო მორთული და ერთი მხედარი ჰყავდა.
ფეხით ვეღარ ვასწრებდით და ავტობუსში ავეტენეთ. მეფის დაბადების დღეზე ყველას ყვითელი აცვია და მთელი ქალაქი მზესუმზირას ემსგავსება. დიდიან პატარიანად ყველა ერთობა და ზეიმობს როგორც შეუძლია. 
ავტობუსში ძალიან მკვეთრად გამოვირჩეოდით დანარჩენებისგან, სასაცილოც კი იყო - ფერადი ყვავები ვიყავით.
პალასთან მობილიზებული იყო პოლიცია, სამხედროები, სპეც რაზმი და უუუუამრავი ხალხი.

დიდ სკვერში გაშლილი იყო კარვები სადაც წარმოდგენილი იყო ყველა სამინისტრო. ბევრ მათგანში ცხვირიც შევყავით და ფრიად საინტერესო აღმოჩნდა (ენერგეტიკის, განათლების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის).
სკვერის გარშემო პატარა კარვებში რა თქმა უნდა ჭამა-სმის წერტილები იყო სულ. 
ცერემონიალის დაწყებას დაახლოებით საათნახევარიველოდეთ. ამ დროის განმავლობაში ჩვენს ახლოს პატარა გველი გამოსისინდა და ბაკო იმ წამსვე სკვერის მეორე ბოლოში აღმოჩნდა (მანძილი-1,5 კმ), ხოლო უსაფრთხოების სპეც სამსახურმა გველი წამებში შეიპყრო და ხალხს გაარიდა.

ყველაფერი აღლუმით დაიწყო. პირველი სამხედრო (საზღვაოსნო) ორკესტრი მოდიოდა და ხსნიდა მსვლელობას, შემდეგ კი (თანმიმდევრობა არაზუსტია) სხვადასხვა სამხედრო შენაერთები, ომის ვეტერანები, სასაზღვრო ძალები, შშმ ადამიანები და ფონდები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, სხვადასხვა საწარმო-ქარხნების მუშები, მოსწავლეები, ბოისკაუტები და ათასი დაჯგუფება მოჰყვებოდათ.
40 წუთზე მეტი დასჭირდა ამ ხალხის მოედანზე გამოსვლას. ამის შემდეგ ყველა წარმოდგენილმა გაერთიანებამ მეფის უზარმაზარ ფოტოსთან ძღვენი მიიტანა და თავი დაუკრა, ეს კიდევ 1,5 საათი გრძელდებოდა. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ გამოვიდა სცენაზე სამეფო ოჯახი. თავიდან რაღაც მიმართვა იყო და ამ დროს ყველამ აანთო სპეციალური ყვითელი სანთლები (ჩვენც გვქონდა)  და მიმართვის  ბოლო რამდენიმე წინადადება მთელმა ზღვა ხალხმა ლოცვასავით გაიმეორა, შემდეგ კი ამღერდნენ. ძალიან უცნაური შეგრძნება იყო, დამბურძგლა და ავჩუყდი.

ბოლოს მთელმა უზარმაზარმა სკვერმა ერთად იქუხა მილოცვის ტექსტი და ფეირვერკიც დაიწყო. ბედად ძალიან ახლოს ვიდექით და როდესაც პირველი გასროლა გავიგეთ უკვე თავზე გვაცვიოდა ცხელი ნახშირები და დაუმწვარი ნარჩენები. დანარჩენებთან ერთად გავიქეცით მოშორებით, თუმცაღა გეტყვით - სააოცარი სანახაობა იყო. მეფემ უნდა თქვას ჩემი დაბადების დღე შედგაო. ამის შემდეგ უკვე დამასრულებელი კონცერტი დაიწყო, მაგრამ ისეთი დაღლილები ვიყავით რომ წამოსვლა ვარჩიეთ, თუმცაიქიდან ჯგლეთაში გამოსვლა ცალკე სირთულე აღმოჩნდა რომელმაც 20 წუთი წაგვართვა. საბოლოოდ სახლში ოთხზე ფორთხვით მივლასლასდით. გზაში მარკეტში ცოტა საჭმელი ვიყიდეთ და მოცელილები დავეყარეთ საწოლზე.
პ.ს ტაილანდში პირველად ვნახე ბაიკი ტაქსი.
პ.პ.ს ცხვირის გასახსნელად რაღაც საოცრებებს ყნოსავენ ყველა (ძალიან მენთოლიანი კოშმარია) 
პ.პ.პ.ს იმდენ ცელოფნის პარკს იყენებენ რომ ვერ დათვლი, მაგრამ არსად არ ყრია (ნაგვის ურნებიც ძალიან ცოტაა)
პ.პ.პ.პ.ს ცელოფანში ჩამოსაახმელ წვენებსაც კი ყიდიან

Post a Comment

0 Comments