Thursday, January 22, 2015

213 - XXIV


8 დეკემბერი - უკან წარსულში

ძველი სუხოტაი ახალი ქალაქიდან 14 კილომეტრშია და ან მოპედი უნდა იქირავო ან ადგილობრივი ავტობუსით წახვიდე, რომელიც სინამდვილეში ტუკ-ტუკია ოღონდ ბევრად დიდი. 15 წუთში ძველი ქალაქის მისადგომებთან ჩამოგვსვა ავტობუსმა.

ბილეთები (მხოლოდ ცენტრალური ნაწილის ნაგებობების სანახავად) ვიყიდეთ და შევედით. (ჯამში სადღაც 3-5 კმ-ზეა გაფანტული შენობა-ნანგრევები, თუმცა ყველას ეზარება ბოდიალი და ველოსიპედებს ქირაობენ) ძალიან ლამაზი პარკია, ტბებით, პალმებით და ლამაზი ნანგრევებით(თუ ასეთი შეძიძლება იყოს). უცნაურია რომ ნაგვის ყუთები აქაც კანტიკუნტად დგას არადა ესეც Unesco მსოფლიო საგანძურის სიაშია. ულამაზესი სვეტები და ბუდას ქანდაკებებია მოფანტული მთელს ტერიტორიაზე.


ტურისტები ბევრი არ იყო, ამიტომ მშვიდად ვიბოდიალეთ და ფოტოებიც გულიანად გადავიღეთ. სახლში დაბრუნებულზე ჩვენს მასპინძლებს ისე სხვათაშორის ვკითხე - ხომ არ იცით უცხოელებისთვის რამე სამუშაო თუა ქალაქში მეთქი. დაინტერესდნენ რისი კეთება გინდათ და შეგიძლიათო. ჩვენც მთელი რიგი რაღაცეები ჩამოვთვალეთ, შემდეგ გვკითხეს ხარჩოს კეთება თუ იცითო.

რა თქმა უნდა ხარჩოს კეთება ადვილი საქმეა მეთქი (ხინკალთან და ჩაქაფულთან შედარებით) მოკლედ ვიფიქრებთ, დავილაპარაკებთ ერთმანეთში და გეტყვითო, იქნებ რამე შემოგთავაზოთ კიდეცო. ამ იდეით და აღტინებით წავედით დასაძინებლად, მანამდე ვისაუბრეთ კიდევაც რა კარგი იქნებოდა გამოვიდეს ეს აბავიო. პ.ს გავსინჯეთ უამრავი street food - Takoyaki, კიდევ ღორისა და ქათმის ნაჭრები ტკბილ სოუსში და კარტოფილის ბრაწულები თხილით და ტკბილი სოუსით.




9,10,11 დეკემბერი
აღმოჩნდა (სასიხარულოდ) რომ სუხოტაიში ცოტა უფრო დიდხანს დავრჩებით ვიდრე ვგეგმავდით. მშვენიერი მასპინძლები გვყავს. ბორშზე რომ ვოცნებობდით მე და ბაკო აქ გაგვიმასპინძლდნენ მშვენიერი ბორშით. ტაი- ოჯახის დიასახლისი უსაყვარლესი გოგოა. ყოველ დღე ცდილობს რამე ტაილანდური გაგვასინჯოს. ხან შავი კვერცხი (century egg), ხან Longan, ხან სახლის ნაყინი შავი ლობიოსგან, ხან ქათმიანი ბრინჯი ტაილანდურად და ჩინური სუპი.

რა თქმაუნდა ვალში არც ჩვენ ვრჩებით. ფაქტიურად ავიწყვეთ ცხოვრება და ეგაა, თუმცა მოგზაურის ცხოვრება როდის ყოფილა ადვილი. კარგი ქალაქია სუხოტაი - პატარა და მშვიდი. განსაკუთრებულად არაფერია შემაწუხებელი. მოკლედ ცხოვრება ისე მიდის როგორც საჭიროა.



16 დეკემბერი - ვიზა

ჩვენი ვიზების ამბავი ისეთი უცნაური აღმოჩნდა რომ აუცილებელი გახდა ბირმის (მიანმარის) საზღვარზე წასვლა საემიგრაციო სამსახურში. დილის 7 საათზე დავაჯექით Tak-ის ავტობუსს, იქ Mae Sot-ისაზე გადავჯექით, შემდეგ ტუკ-ტუკის დაქირავება დაგვჭირდა, რომ როგორმე საზღვრამდე მიგვეღწია.

საზღვარი ერთი ხიდია, რომლის თავზეც მიანმარი (იგივე ბირმაა) ხოლო ქვეშ ტაილანდია. უცნაური ადგილია. ვიზის აპლიკაციაში კი არის პუნქტი (თუ როგორ მოხვდი ქვეყანაში) შემოსეირნება - Walk. დაახლოებით 8 საათი დასჭირდა მთელს ამ მოგზაურობა-გარკვევა-გამორკვევას და აღმოჩნდა, რომ ჩემი ვიზის გაგრძელება $60 ღირს, რაც არ გვიღირს, ყველაფერი ისე თუ არ დალაგდა როგორც გვინდა.

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!