213 - XVIII

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.


28 ნოემბერი - რობინზონი

ისევ დილით ადრე ადგომა და დოღის ცხენებივით სირბილი ავტოსადგურამდე.
კიდევ კარგი აქ მეტრო და sky train მაინცაა და სიგრილეში მგზავრობ. 

სწრაფად " ნა ხადუ" ვისაუზმეთ და ავბარგდით ავტობუსში. საოცრად კომფორტული ავტობუსი იყო, თუმცა რაღა დარჩა მეტი ავტობუსს რა უნდა ჰქონდეს თანაც 10 $ გადავიხადეთ. წყალი დაგვირიგეს და დავიძარით.
მხოლოდ ბანკოკიდან გასვლას 40 წუთი მოანდომა ავტობუსმა, შემდეგ კი ავტობანით 3 საათში ჩავიშხუილეთ. სანაპიროზე მისვლისთანავე ისევ გვეცა ვიღაც ქალი და აქეთ მოდით ყველაფერს დაგიგეგმავთ და გაყიდინებთო, ხოლო როცა მივუგე აგერ არის ბილეთების ამბავითქო იხტიბარი არ გაიტეხა და აფერისტობა დაიწყო მანდ ვისქც უკვე ნაყიდი აქვს ბეჭედს ურტყავენო. 

მივეჩვიეთ ასეთ აფერისტობებს და არ დავნებდით ამ ქალს. მშვენივრად შევიძინეთ ბორანის ბილეთიც და დაცული ტერიტორიების საშვიც (300ბატი) 

ბორანმა კუნძულამდე 45 წუთი მოანდომა მაგრამ ეს ამად ღირდა. უსაყვარლესი კუნძულაკია. თეთრი ქვიშა და ბევრი სიმწვანე, ჟრიამული და გასართობების მრავალფეროვნება- საუკეთესოა. მგონი სიცხის გამოა რომ პირველად მიხარია სანაპიროზე ყოფნა.

კემპინგის ადგილას აღარ წავედით უკვე ბნელდებოდა და იაფი საცხოვრისი ვიპოვნეთ მხოლოდ. 1 მეტრი მეტრზე ოთახი, სადაც მხოლოდ საწოლი ეტევა ისე რომ კარი გაიღოს, თუმცა ჩვენ გვყოფნის. უგემრიელესი ზღვის პროდუქტებიანი ბრინჯებიც მივირთვით და აღვტაცდით რომ აქ sea food უფრო იაფია ვიდრე სხვა ყველა ხორცი. საღამოს ცოტა ლუდი დავლიეთ და მოვდუნდით კიდეც. მორიგი თავგადასავალი გველის 4დღე და შემდეგ მეფის დაბადების დღეზე წავალთ ბანკოკში. 

ცხელა. ძალიან ცხელა ამ ნოემბრის ბოლოს.

Post a Comment

0 Comments