სხეულმა ვერ იგუა ვერც ერთი პოზა

მოფერებაში ეძებდი პასუხს
მიმძიმს ძალიან , იცოდე მაინც....
დანაღმულ ველზე შესულ ახალბედა გამნაღმველს ვგავარ
შეკუმშული და თვალდახუჭული ყოველ ნებიჯზე 'წკაპუნის' ხმას რომ ელის

***

გონებამ სხეულის დატოვება გადაწყვიტა
სიშორეს სიშორით უნდა გაექცეს....
სხეულმა ვერ იგუა ვერც ერთი პოზა.

ჩემი სუნთქვა ჩემგან დამოუკიდებლად მაცოცხლებდა, ისე რომ ვერც კი ვხვდებოდი თუ გამომდიოდა.



***


 ყველაფერი ისევ შეიცვალა.
სუნთქვამ შთამბერა სული, თვალებმა აღიქვეს სხივი, გონებამ დაბრუნება გადაწყვიტა და ისევ ის ნაცნობი განცდები და გამოხედვა დახვდა, რომელიც ასე ძვირფასია.

ხანდახან ალისა ვარ, რომელიც რაღაც არარეალურ თეთრ კურდღელს მისდევს, მხოლოდ მან იცის რომ ის არსებობს, მაგრამ დევნის პროცესი დაუსრულებელია. მდევარსა და გაქცეულს შორის მანძილი უცნაურად იცვლება.


***

ხანდახან გულივერიც ვარ, რომელიც ვერ ეტევა იქ სადაც მოხვდა, ყველა გაქნევაზე რაღაცას აფუჭებს და აზიანებს და შეიძლება ლილიპუტებიც კი შემოეჭყლიტოს ყურადღებით თუ არ იქნება.

***

ხანდახან ისე ვბუჟდები, რომ საკუთარი აზრებიც კი არ მესმის, ყველაფერი ბლანტდება და ვხვდები, რომ შეიძლება საკუთარ თავში დავიძირო. მურაბაში ცურვას ჰგავს ეგ ყველაფერი. სხეულიც დუნდება, არაფერი უნდა და არაფერი შეუძლია.

ეს ყველაფერი მარათონზე სირბილს ჰგავს, უფრო სწორად სირბილს კი არა თავმოკრული ტომრით ხტუნვას.

შემდეგ ხვდები რომ თუ თავმოკრულ ტომარაში არსად გადაიჩეხე ესეიგიკიდევ გაქვს ძალა, კიდევ გაქვს უნარი, კიდევ გაქვს ომახი, კიდევ, კიდევ, კიდევ...

მთავარია სადამდე გეყოფა ჰაერი,ზუსტად ამ დროს ბრუნდება ის რეალობა, რეალობა რომელიც გინდა, გიყვარს, გჭირდება და შემდეგი სუნთქვის შეკვრამდე ჰაერის ნაკადი უწყვეტად მოდის.


მარათონია რომელზეც არც ერთი წრე წინას არ ჰგავს და თავმოკრული ტომარაც ხან ვიწროა, ხან განიერი, ხან ბოლომდე მოკრული თავით, ხანაც ჭუჭრუტანებიც დაჰყვება.


***

და მაინც ყოველ ჯერზე ახალ ქვას ჰკრავ ფეხს და ნეკა თითის ტკივილი კიდევ დიდხანს გახსენებს თავს.... 

Post a Comment

0 Comments