Thursday, April 06, 2017

ხელის გაშვერის მანძილზე


ძალიან უცნაურია, რანაირად შემიძლია ვიგრძნო და აღვიქვა.

აი ვზივარ და ვუყურებ მის მოძრაობებს, მიმიკას, თმას, თვალებს... ნებისმერ დეტალს და ვფიქრობ, რომ ყველა ისტორიას, აი აბსოლუტურად ყველას აქვს საფუძვლად ნამდვილი ამბავი.

იმდენად ნამდვილი, მაგრამ იმდენად იშვიათი რომ ყველა ეს ამბავი დროთა განმავლობაში (გნებავთ თაობიდან თაობას) როგორც მოზღაპრო შინაარსის მონათხრობი ისე გადაეცემა და მიეწოდება.

ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა რომ ის არსებობს, რომ ის არის, რომ ის ნამდვილია

*.

საოცარი განცდაა როდესაც ისტორიას ქმნი და მარტო არ ხარ, როდესაც შენი ამბები გროვდება და ამ ამბავს მეორე მთხრობელიც ჰყავს...

აბსოლუტური ბედნიერებაა როდესაც პლედის გაყოფა გიხარია...
უცნაური განცდაა როდესაც თქმამდე პასუხს იღებ...

ბედნიერება ნამდვილია როდესაც გაზიარებულია, ხოლო როდესაც სრულად არის გაზიარებული, მაგის სიტყვა არ ვიცი.

*
ჰოდა, ასე ვზივარ ვუყურებ და თავში გეგმებს ვაწყობ, რამდენი რამეა რაც უნდა გავაკეთოთ, დავგეგმოთ, შევასრულოთ, ვნახოთ....
მისი ხელის ყოველი მოძრაობა დაახლოებით ისე მიზიდავს თითქოს ამაზე ჩემი გადარჩენა და სიცოცხლე იყოს დამოკიდებული....

მისი სახის გამომეტყველება ზოგჯერ წამში 27-ჯერ იცვლება, მაგრამ ყოველ ჯერზე აღმაფრთოვანებს.

ზის და ტელეფონში რაღაცას აკეთებს, ძალიან საქმიანად, ძალიან ჩაფიქრებული.
მინდა მივვარდე და ხელი შევუშალო, ჩავეხუტო სულის ამოხდამდე, მოვეფერო სანამ კანი არ გადაუტყავდება და შევისუნთქო სანამ სული არ შემიგუბდება, მაგრამ ამას არ ვაკეთებ....
ეს სურვილი აბსოლუტური ბედნიერების, აღმაფრენის და სიგიჟის განცდაა...

*


თვალებს ვახელ, ღრმად ვისუნთქავ და მუშაობას ვაგრძელებ....
არასოდეს ყოფილა მანძილი ასეთი მოკლე და ასეთი გრძელი, ასეთი ახლო და ასეთი შორი, დრო კიდევ ასეთი ნელი და ზარმაცი...