Wednesday, January 18, 2017

ლურჯის სხივი

ლურჯი სხივის დიდი ნაკადები უხვად რომ გაედინება შენში, რაც მოაქვს აღარაფერი მიაქვს უკან და ყველაფერს შენში ტოვებს.

ზვირთებად მოსული აღმაფრენა და განცდები. 
გამოსუნთქვის მოსწრება ფაქტობრივად შეუძლებელია, სულ შესუნთქული ხარ, სულ აგროვებ და იმდენი გროვდება, რომ დალაგებას ვეღარ ასწრებ.

ლურჯი სხივის უხვი ნაკადები დილაობით კანიდან მავსებს. ვგრძნობ ხისტ და მსუსხავ სურნელს. ვგრძნობ გემოს, ვგრძნობ შეხებას.
როდესაც უფრო ნაკლებად მეტი ხარ და პირიქით. ყოველ ჯერზე როდესაც ამოთქვამ კიდევ ბევრი გრჩება და ეს დაუსრულებელი პროცესია.

მზისსხივისფერი გაელვება, ყოველი გაღიმებისას თმებში ნიავივით მივლის. ყელს გადის, სუნთქვას მიკრავს და შემდეგ სადღაც მზის წნულთან გროვდება. გროვდება და მაწვება შიგნიდან.
არა, გაქცევას არ ლამობს, მხოლოდ თავს მახსენებს უწყვეტად და უტყვად.

როდესაც გრძნობ, როდესაც გადმოგაქვს, როდესაც ესეც ცოტაა,როდესაც სიტყვები არ გახსენდება, როდესაც ყველა შეხება არასაკმარისია, როდესაც შეგიძლია და მაინც ფიქრობ, ფიქრობ და მაინც არ შეგიძლია...

ლურჯის სიუხვე თვალს მჭრის, თითქოს თეთრ თოვლზე ვიდგე მთვარიანი ღამით. ღამით, როდესაც ლურჯი იპარება და მხოლოდ თეთრის რუხი ანარეკლები მრჩება იმისთვის რომ დავალაგო, გავიაზრო, უკეთ მივხვდე, ბევრი ვიფიქრო რომ აღარ ვიფიქრო. 

 წყლისფერი ანარეკლი და მისი სიღრმეები არ მიშვებს, რომ თვალი მოვწყვიტო. გამომცდელი და სითბონარევი ემოციების ნაკადი, სადღაც შენში რომ პასუხებს ეძებს და პოულობს კიდეც, თუმცა ალბათ არეულს, სიტყვებ და ასოებ ამოკლებულს, გადაზელილს და აბდაუბდას.

ყველა ნოტი რომელიც გესმის აბსოლუტურად ბნელი კუნჭულებიდან ამოტანილი განწყობაა, განწყობა, რომელიც უნდა ამოიცნო, შეინახო და შეაგროვო. ყოველი ჟღერადობა განწყობისა და განცდების აბსოლუტური გამოძახილია. ყოველ ჯერზე აფრენილი ნოტი თავისუფლების მომტანი უდიდესი ძალაა.

დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას როდესაც შევხვდებით, მაშინ გვეცოდინება რომ ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს.  ლურჯნარევი ყვითელი სითბო ნელა ჩაგვეღვრება და აგვავსებს.

ღიმილნარევი სიჩუმის ხმაური ყურებს როდესაც დამიხშობს და ფეხის გულებში საკუთარ ყველაზე ბნელ ნაწილს ამოვიცნობ, მყარად დავდგები, რომ არსად გამეპაროს და ისევ გონებას არ დაუბრუნდეს, შევძლებ ვთქვა რომ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო დანაკლისის გარეშე, ისე ვარ როგორც უნდა ვიყო და იმას ვაკეთებ რაც მინდა რომ გავაკეთო.

-ჩვენ- ის ბლანტი განწყობაა, რომელიც ყოველთვის ორფერში იქნება შერეული და აუცილებლად ყველა ლურჯი სხივის გამტარი აღმოჩნდება. მხოლოდ სითბო დარჩება, სხივი არაფერს წაიღებს, არაფერს გავატანთ.

დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას, შეუთანხმებლად შეხვედრა ყველაზე დიდი ტალღაა რომელში სუნთქვაც მასწავლე.


No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!