213 - XL

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში

4 თებერვალი - ანკორი

წინა ღამით ჰოსტელის მეპატრონეს შევუთანხმდით, ჩვენთვის დაბალ ფასიანი ტუკ-ტუკი ეშოვნა ანკორში წასასვლელად. 
ჩვენი უკანასკნელი გეგმა კამბოჯაში - ვნახოთ მსოფლიო ისტორია, რომელიც ჰოლივუდმაც კი აღიარა და გამოიყენა.

დიახ, ანჯელინა ჯოლის მშვენიერი პერსონაჟი სამარხებს კამბოჯაში დაეძებდა.

დილის 8 საათზე სასწრაფოდ ვჭამეთ, წყალი ვიყიდეთ და ჩავიტვირთეთ ტუკ-ტუკში.
ანკორში შესვლა საოცრად ძვირი სიამოვნებაა. $20 ადამიანზე და ერთი დღით თანაც. საშვზე ლამაზად აკრავენ შენს ფოტოს და უამრავ ჩეკ პოინტზე გამოწმებენ.


ჩვენი გეგმა ანკორის მცირე წრე იყო. უაზარმაზარი ტერიტორიაა და ერთ დღეში ამ ყველაფრის ნახვა ფანტასტიკის ჟანრიდანაა. რუკაზე "მასთ ვიზით" ადგილები მოვნიშნეთ და მძღოლს ცხვირზე ავაფარეთ. მდუმარედ დაგვიქნია თავი და დავიძარით.

რიგი მალე გავიარეთ და საშვებიც მოგვაჩეჩეს. 
ბაკომ სიმწრით გადაიხადა საფასური, მაგრამ მაინც ბედნიერები დავიძარით მთავარი სიამოვნებისკენ.

მართლაც, საოცარი ადგილია, უზარმაზარი შენობები, რომელიც ჯერ კიდევ დგას, თუმცა კი ინგრევა და ამიტომ UNESCO სასწრაფო წესით ახორციელებს დაკონსერვების სამუშაოებს.


არ ვიცი აღვნიშნე თუ არა უკვე, მაგრამ ტურისტები არ მიყვარს. იმდენი ხალხი იყო სუნთქვა არ შეიძლებოდა, ზოგიერთ ადგილას. 
განსაკუთრებით იაპონელი ტურისტების დასახრჩობად ვიწევდი, მაგრამ ბაკომ არ დამანება.

თითოეული ლოკაციის ნახვას 40 წუთიდან 1.5 საათამდე ვუნდებოდით. სიცხეში და ამდენ გზააბნეულ ტურისტში გზის გაკვლევა ფრიად ექსტრემალური გასართობია.

ჩვენი ტუკ-ტუკი ღირშესანიშნაობების შესასვლელებთან ჩრდილში გვიცდიდა და თავს სხვა მძღოლებთან ჭორაობით ირთობდა ხოლმე.


იმდენი სილამაზეები ვნახეთ, რომ არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ემოცია. მართალია, ერთგან დავიკარგეთ კიდეც, მაგრამ რუკის საშუალებით მაინც დავდექით სწორ გზაზე.

უზარმაზარი ისტორია აქვს ანკორს, თუმცა ჩვენ გიდის გარეშე, ბაკოს გზამკვლევით ვეცნობოდით სხვადსხვა ღირშესანიშნაობებს.
 გზადაგზა გვხვდებოდნენ გამყოლები, რომელიც ჯგუფებს ჩვენთვის გასაგებ ენაზე ესაუბრებოდნენ და იმათ ვუგდებდით ყურს.

უცნაური არსებები კი ვართ ადამიანები. ქვების გროვების თვალიერება უზარმაზარ სიამოვნებას რომ გვანჭებს, მაგრამ ფაქტია ძალიან მაგარია და არც კი ვიცი რატომ.


დილის 8 საათზე მისულებმა დანიშნულების უკანასკნელ წერტილს საღამოს 5 საათზე მივაღწიეთ, თუმცა კი ბაკომ კატეგორიეული უარი თქვა მზისჩასვლის მთაზე ფეხით ასვლაზე. სპილოებით ასვლა კი ნამეტანი ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა, თანაც ბაკო მგონი სპილოებს დიდად არც ენდობა, ისე ალმაცერად უყურებდა.

ჩვენმა მძღოლმა მოწიწებით იკითხა - ჰოტელო? ჩვენც თავი დავუქნიეთ და გაქროლდა. 

რაც არ უნდა თქვა, რამდენიც არ უნდა იბოდიალო, რამხელა სიამოვნების მორევმაც არ უნდა ჩაგყლაპოს, საცხოვრებელში მისული ხვდები, რომ უუსაზღვროდ დაიღალე და რაღაცნაირად სევდიანდები კიდეც. 
დრო ცოტაა, სანახავი ბევრი, ემოციების ზღვა და არსებობს საზიზღარი გრძნობა - დაღლა.

ჰოსტელში ცოტა დავისვენეთ და დავიწყეთ ჩალაგება გადახარისხების პროცესი.

ჩვენს იაფფასიან ბილეთებს კამბოჯა - მალაიზია მხოლოდ 20კგ ბარგის გატანის უფლება ჰქონდა, ამიტომაც უნდა გვეთქვა უარი ნივთებზე.


გადავყარეთ წინდები, შარვლები, მაისურები, ტრუსები, ქუდები, ჭურჭლის ნახევარი.
წამლების უდიდესი ნაწილი ჰოსტელის მეპატრონე გოგოს დავუტოვეთ.

ვახშამი მივირთვით და ისევ მოვითხოვეთ ტუკ-ტუკი დილისთვის.
საღამოს ცოტა ვიბოდიალეთ და კამბოჯას დავემშვიდობეთ ფაქტიურად.

ხვალ უკვე ახალ ქვეყანაში დავდგამთ ფეხსთქო ვთქვით და დავწექით დასაძინებლად.


Post a Comment

0 Comments