213 - XXXIII

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში

24 იანვარი - again? Buddha?

საუზმე ისევ გვერგო დილით, თუმცა განსაკუთრებულად გემრიელი არ იყო.
გადავწყვიტეთ ლაოსური ბუდა პარკი გვენახა, რადგან სამხრეთით წასულები უკან აღარ მოვბრუნდებოდით.

ავტობუსის სადგომზე ნომერი 14 ვიპოვნეთ და შევაფრინდით.
25 კილომეტრის გავლას 40 წუთი მოვანდომეთ და ბოლოს ნანატრი ჭიშკარიც გამოჩნდა.
შესასვლელში სამი ბილეთი ავიღეთ - ჩემი, ბაკოსი და ბაკოს ფოტოაპარატის (პროფესიონალური ან ნახევრად პროფესიონალური კამერის გამოსაყენებლად იხდი ფულს შესვლისას)

შევედით და ისეთი რია-რია დაგვხვდა გული შეგვიღონდა. შაბათი დღე იყო და პარკი გატენილი აღმოჩნდა ტურისტებით და ადგილობრივებით. ტაილანდისგან განსხვავებით ლაოსის პარკი მაგრადაა გაპიარებული (აბა ლაოსელის გაკეთებულია და)

დაახლოებით 1.5 საათი დაგვჭირდა სრულად სანახავად და ფოტოების გადასაღებად. შემდეგ კი ისევ ტრასაზე გამოვედით, რომ ავტობუსი დაგვეჭირა.

ავტობუსის მაგივრად მიკროავტობუსი გამოჩნდა, რომელმაც იგივე ფასად წაყვანა შემოგვთავაზა და გავყევით. სულ 4-ნი ვისხედით - ჩვენ, ბერი და ვიღაც ქალი. მთელი გზა ყველა ჩვენსას ვყაყანებდით, შუა გზაში ქალმა პური იყიდა, რომელიც ჩვენც შემოგვთავაზა გულითადად, ბოლოს კი ქალაქის მისადგომებთან რაღაც გადაიფიქრეს, ჩვენ ავტობუსში გადაგვსვეს (ფული არ გამოგვართვეს) და თვითონ სადღაც გადაუხვიეს.
ქალაქში მშვიდობიანად დავბრუნდით და ამ დღეს მხოლოდ ბარგის ჩალაგებაღა გვქონდა გეგმაში.

25 იანვარი - Thaphabath-ის გზას ვერ მიგვასწავლით?

დილით რა თქმა უნდა ადრიანად გამოვედით ჰოსტელიდან და სამხრეთის ავტობუსების გაჩერებას მივაშურეთ. ჩვენს ტურისტულ რუკაზე იყო მშვენიერი ადგილი Thaphabath დატანილი - 2 ჩანჩქერით, გადმოსახედით და ა.შ


ავტოსადგურზე სონგტაუსკენ მიგვითითეს და ის მიდის მანდ მხოლოდო გვითხრეს. ჩავსხედით, ბარგიც დავაბინავეთ და დაიწყო ჩატენვა. 8-10 კაციან სონგტაუში 16 ადამიანი დავთვალე. ჩვენს სამარშრუტოებს ლაოსელების მოხერხებულობის შეშურდებოდათ.

2 საათი ვიჩაქჩაქეთ და მოულოდნელად შუა ტრასაზე (ისევ), რაღაც wat-თან ჩამოგვყარეს - აი მოხვედითო.

თაკარა მზეში რაც მოვახერხეთ უცებ ქუდები მოვიმარჯვეთ და მიმოვიხედეთ. გზის გადაღმა ტურისტული სოფლის აბრა შევნიშნეთ, სადაც ახალზელანდიაც იყო ნახსენები და იმედი გაგვიჩნდა  რამე სარფიანი იქნებათქო.


ამ სიცხეში და უბედურებაში, მტვრიან და ძაღლებიან გზაზე 40 წუთი (ერთ მხარეს) ვიარეთ და მერე მივხვდით - რაღაც ისე არ იყო. Ban Na არ აღმოჩნდა ის რასაც ველოდით.
ინგლისური მთელს სოფელში ერთმა ტიპმა იცოდა და Elephant Tower-ზეც იმას ვკითხეთ (შემდეგ რუკას ჩავხედე და 500 მეტრი 3 კილომეტრს უდრიდა), მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ადგილობრივებ არ უნდა ენდო მთლად.

გამოვზოზინდით უკან ტრასაზე (გზაში ფულიც ვიპოვნე ბედად) და ვიკითხეთ სად და რა მანძილზე იყო უახლოესი გესთჰაუსი - პასუხმა დაგვაღონა. 3-5 კილომეტრი იყო უახლოეს დასაძინებლამდე მანძილი.
ცხელ ასფალტზე, თაკარა მზეში, ჩანთებით ბოდიალი არ გვეპიტნავებოდა, ამიტომ ჰიჩჰაიკინგის ცდა გადავწყვიტეთ.

სადღაც 30-40 წუთი უშედეგოდ დგომის შემდეგ დავასკვენით, რომ არ იციან "თითის" მნიშვნელობა. ბოლოს რაღაც ავტობუსი გავაჩერეთ და საერთოდ სხვა ქალაქში Paxan-ში ჩავყევით.

თუ გგონიათ რომ კარგი ვქენით ძალიან ცდებით.
მთელს პაქსანში (პატარა დასახლება არაა ნამდვილად) მხოლოდ 2 გესთჰაუსია, ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით.


ტრასაზე დაახლოებით 7 კილომეტრი ვიარეთ სანამ სასურველ საცხოვრებელს მივაღწიეთ. დიდ ეზოიან საყვარელ გესტჰაუსში მასპინძლებმა სულ 5-6 სიტყვა იცოდნენ ინგლისურად, თუმცა ოთახის დაქირავებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ვახშმად შვრიის ფაფა და ხილი მივირთვით, რომელიც იქვე ოთახში დავამზადეთ თვითონ და მეორე დილით უკეთეს ადგილას მოხვედრის იმედით დავიძინეთ.

პ.ს Laos sucks

Post a Comment

0 Comments