213 - XXIX

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.

 17 იანვარი - Same Same Last Episode

დილის 9 საათიდან დავიწყეთ წანწალი. წავედით ყველაზე ცნობილ და ღირშესანიშნავ Wat-ზე (Doisuthep) რაც კი არის  ჩიანგ მაიში. 
გზაში 2 საათი დავხარჯეთ და 2 სონგტაუ გამოვიცვალეთ(სონგტაუ ორჯერ დიდია ტუკტუკზე და დიდ მანძილებზე გადაადგილდება). 


Wat-ის კიბეზე იმდენი ხალხი ირეოდა ფოტოს გადაღებაც კი ჭირდა. აზიელებისთვის შესვლა უფასოა, დანრჩენი ტურისტები კი 100 ბატს იხდიან. ფრიად ლამაზი იყო, თუმცა როგორც ქეროლაინმა თქვა - ერთ Wat-ს რომ ნახავ ჩათვალე 90% ნანახი გაქვსო - ასეცაა.

ამ ტაძარში ბერები ისხდნენ და ლოცავდნენ მომლოცველებს. რიგში ჩვენც შევეტენეთ და წმინდა წყალში ჩაწობილი თეთრი თოკის პატარა ნაჭერი შეგვხვდა თითოეულს, ამ თოკს კიდევ პატარა კვანძიც აქვს. რა თქმა უნდა იქვე გარშემო შესაწირებისთვის გამოყოფილი ადგილებიც იყო სადაც რიტუალის შემდეგ ფულს ტოვებდნენ მომლოცველები.


Wat-იდან ჩამოვედით, ყავა მივირთვით და ქეროლაინის წასვლის მომენტიც დადგა.

მოგზაურობისას კიდევ 2 რამეა აბსოლუტურად საწყენი - კარგ ადამიანებთან დამშვიდობება და მენსტრუაცია.

მოკლედ, ბევრი ჩახუტებებით და მალე შეხვედრის აღთქმით დავემშვიდობეთ ქეროლაინს (ძალიან ძალიან უცებ საოცარი მეგობრობა განვითარდა ჩვენსა და მას შორის. საოცარი ადამიანია რომელთანაც სულ გინდა ისაუბრო და საოცრად მხიარულად გაატარო დრო.) და დავეყარეთ ოთახში ცოტა დასასვენებლად

მოგვიანებით გავედით შაბათის ბაზარში, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მთელს გაყოლებაზე იმართება და სრულად მოიცავს მას. 2 საათი ვიბოდიალეთ და დავწყდით, ნახევარიც ვერ გავიარეთ.
ასეთი ბაზრობები მთელს აზიაში ძალიან ხშირია და გავრცელებული, ტურისტებისთვის ყველაფერი ერთ ადგილასაა მოკრებილი - საჭმელი, სასმელი, სუვენირები და ათასი სხვა რამ.


განსაკუთრებული არაფერი გვიყიდია, მხოლოდ რაღაცეები შევსანსლეთ და ისევ სასტუმროში დავბრუნდით. ეს ჩვენი ბოლოს წინა დღე იყო ტაილანდში.

Post a Comment

1 Comments

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!