Friday, October 31, 2014

213-III

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში
.


28 ოქტომბერი - MOMO

შარჟაში (ემირატები) თვითმფრინავი ქვასავით დავარდა საფრენ ბილიკზე, ხოლო შემდეგ ტრაპიდანვე სირბილი მოგვიწია. Last call იყო თურმე კატმანდუს ფრენაზე გამოცხადებული და Security Check -ის მერე ფაქტიურად არავის არაფერი შეუმოწმებია ისე ავედით თვითმფრინავში. გავირბინეთ უზარმაზარი აეროპორტი და გიჟებივით (ქშენით) შევვარდით ბორტზე, ბორტგამცილებელმა მოსალმებაც ვერ გაგვიბედა.

აფრენის მომენტიდან ისევ ჩაგვეძინა, მაგრამ მანამდე 2 რიგით უკან მჯდომი მჩხავანა ბავშვის ალყა-ალყა დაჭრას ვგეგმავდით. ისევ უთენია გაგვეღვიძა (უკვე თითქმის 7 საათი გვქონდა ჰაერში გატარებული)
ნეპალის, კერძოდ კი კატმანდუს ხედი ზემოდან ძალიან უცნაურია. ვერ  მიხვდები ქალაქია თუ არა, ან სად იწყება და სად მთავრდება.

აეროპორტი მორიგი შოკი აღმოჩნდა.
მე მგონია, რომ ნეპალში ყველა ბედნიერია, სულ ყველა, მიუხედავად ყველაფრისა. 
აეროპორტშივე შევავსეთ ვიზის აპლიკაციები და 15 წუთში ბარგის მომლოდინეთა რიგებში ჩავეწერეთ. 

ბარგაკიდებულები მივხვდით, რომ მოფსმა არის ნეტარება და ტუალეტი მოვძებნეთ. 4 კაბინიდან 3-ს ეწერა Foreigners და მეოთხეს არაფერი. განსხვავება უნიტასი და თურქული ტუალეტი იყო მხოლოდ.
შემდეგი გაოცება იყო როდესაც ტუალეტში ხელები მორუხო-მწვანე წყლით დავიბანე და ვერაფრით ჩამოვყალიბდი ერქვა თუ არა ჩემს ხელებს დაბანილი.

აეროპორტის გამოსასვლელში ჩვენი ბარგის ნომერი შეამოწმეს, როგორც ჩანს აქ ჩვეული ამბავია სხვისი ბარგის წაღება აეროპორტიდან, როდესაც დარწმუნდნენ სხვისი არაფერი გვქონდა - გამოგვიშვეს.

ნეპალში უცნაური სუნია. როდესაც დათამ მითხრა "ნეპალის სუნს თუ ვიგრძნობ იქიდან აღარსად წავალო", მაშინ ვერაფერს მივხვდი. ახლა მგონია, რომ ზუსტად ამ არომატზე საუბრობდა რომელიც გაჯერებულია ყველაფრით (არ ვაჭარბებ) - სანელებლებით, მტვრით, დაჭყლეტილი ბალახით, ხალხის და ნამწვის სუნით - მოკლედ საოცარია მართლა.

ქალაქში შენობები მიჯრით დგას და ალბათ თბილისი აღარასოდეს გამაოცებს ამით.
წინასწარი გადახდის ტაქსით ჰოსტელამდე მივჩაქჩაქდით - ოღონდ მანამდე ტურ - ოპერატორი ჩაგვიხტა და ცდილობდა ჩვენთვის სხვადასხვა სერვისი შემოესაღებინა, მაგრამ როცა მიხვდა აზრი არ ჰქონდა ჩახტა ტაქსიდან და მოგვაძახა შემდეგ 20 წუთს ვეღარ დავხარჯავო.

გასავათებულები დავეყარეთ ჰოსტელში საწოლზე, თუმცა ჩვენი Mixed Dorm-ის მაცხოვრებელმა ფრედერიკმა და აღიელამ საჭმელად წასვლა შემოგვთავაზეს და ჩვენც დავნებდით. წინა შუადღით გვქონდა ბოლოს ნაჭამი.

19 დოლარგადახდილზე, რომელიც ჰოსტელის 3 დღეზე გადავიხადეთ 2 დოლარიანი მსუყე სადილი მომოებით, ბრინჯით და სუპით მართლაც საოცარი იყო.
გაგვაფრთიხლეს საჭმელზე ფრთხილად იყავითო, მაგრამ ვაგზლის მოედნის ფენოვანზე უარესი აქ რა უნდა გვაჭამონ არ ვიცი, ამიტომ ყველაფერს ვსინჯავთ რაც გვხვდება.

მომოები პატარა პილმენსა და ვარენიკს შორის  არსებული რამეა, რომელსაც ათასნაირი გულსართი შეიძლება ჰქონდეს - მე ბოსტენულის გავსინჯე და შიგნით სტაფილო, კომბოსტო და კოჭა აღმოჩნდა (მომოებს ხარჩოსმაგვარი სოუსი მოყვება ცხარე)

ნაჭამზე ცოტა თვალებში გამოვიხედეთ და რამდენიმე ნაბიჯით გავცდით კიდეც ჰოსტელს. წყალი უნდა გვეყიდა აუცილებლად.

სულ ეს იყო ამ დღის თავგადასავლები. მას მერე ჰოსტელში ვეყარეთ და თანამეოთახეებს ვესაუბრებოდით. ბევრი საინტერესო რჩევაც მივიღეთ და ვფიქრობ ახლა ცოტა უფრო გაგვიადვილდება რაღაცეები.

როგორც არ უნდა იყოს ახლა ხომ უკან დახევის დრო აღარ არის!

პ.ს 3 აეროპორტი გავიარე და ვერავინ მიხვდა, რომ ჩანთაში საჭმელი მედო ჩურჩხელების სახით (ასე რომ ისინი თვითმფრინავში მქონდა თან)

პ.პ.ს 1 წელია მაქვს ამულეტი, რომელიც იდეაში სულიერი და პიროვნული ზრდისთვის იყო და მას არასოდეს ვიხსნიდი. ის ნეპალში ჩამოსვლის დღეს დავკარგე - იქნებ რამე ნიშანია?

აქამდე არაფერ მასეთი არ მოსვლია და ჯერ სტამბოლიდან გამოფრენისას მომძვრა და დავიჭირე და ნეპალში ის საბოლოოდ დაიკარგა.


ფოტოები იხილეთ ჩემს ფეისბუქზე (ატვირთვის შანსი არ მაქვს)

Thursday, October 30, 2014

213 - II

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.


27  ოქტომბერი - სტამბოლი


10 საათი მეძინა ბაკოსთან რანდევუმდე, თუმცა დაძაბულობისგან გამოძინება მაინც ვერ მოვახერხე.
სახლიდან დანარჩენებთან ერთად გავედი დილის 10 საათზე, ბაკოც უქვე ქალაქში იყო, მისი მესიჯის საშუალებით შევიტყვე ეს და საბოლოოდ ადრეულად შეხვედრა გადავწყვიტეთ. (ისე კი ლურჯ მეჩეთთან უნდა შევხვედროდით ერთმანეთს 12 საათზე)
კიდევ კარგი ამ საუკუნეში მობილურები და როუმინგი არსებობს, თორემ მტრედების "დასეთინგება" ძალიან გაჭირდებოდა.

სტამბულის ევროპულ ნაწილში ბაკოს ძებნამ საკმაო დრო წაიღო, ბედი არ გინდა ერთ პატარა ქუჩაზე 3 მაკდონალდსი ყოფილა.

ისე უნდა აღვნიშნო , რომ მიუხედავად ინგლისური მინიშნებების არარსებობისა სტამბულში ყველაფერს მიაგნებ - თურქულად ყოველ კუთხე-კუნჭულში აწერია რა არის და სად არის, მთავარია რუკასთან მოახდინო სინქრონიზება და ეგაა. (ალფავიტი ლათინური აქვთ, თითქმის)

სულთანაჰმედის ტრამვაის გაჩერებაზე ქუჩის გადაღმა ვიდექი და მისი მოძებნა მაინც გამიჭირდა იმდენი ხალხი იყო. როგორც კი შევხვდით ლურჯი მეჩეთის სანახავად გავეშურეთ, ბაკო ისე არაფრით არ დამნებდებოდა სტამბულიდან წამოსვლას - როგორც სჩვევია ყველაფერი უნდა ნახოს რაც რუკაზეა ღირშესანიშნაობად მონიშნული.

მეჩეთში ლოდინი მოგვიწია. ტურისტებისთვის შესვლა ორ საათში ერთხელ, ერთი საათით არის დაშვებული მხოლოდ (ლოცვებს შორის).
შესასვლელში შეგიძლია ითხოვო თავსაფარი, ქვედაბოლო ან გაშლილი ბურკასმაგვარი ზედა, თუ შეუფერებლად გაცვია.
ბაკოს ელასტიკებს სწრაფშემოკვრადი ქვედაბოლოთი დაფარვა მოუწიათ, მე კიდევ იმხელა რამეები მეცვა, რომ აბსოლუტურად უფორმოდ გამოვიყურებოდი. 
რიგი სწრაფად გადიოდა, ზოგადად ევროპელები მშვენივრად იცავენ რიგის წესს. 
იცოდეთ - ლურჯი მეჩეთის კარამდე უნდა მოასწრო მოძრავ ნაკადს ფეხი აუწყო, ფეხზე გაიხადო, ცელოფნის პარკები მოხიო, ფეხსაცმელი მათში ჩადო და გზა განაგრძო. გეტყვით, რომ სერიოზული გამოცდაა ეს ყველაფერი და კარგ ვესტიბულარულ აპარატსა და ბევრ თავისუფალ ხელს საჭიროებს.

ამ ყველაფრის შემდეგ იწყება ჩასუნთქვა. უდიდესი თაღები, ნაირ-ნაირი ორნამენტებით, უცნაურად ჩამოშვებული დიდი სანათებით და ძალიან ბევრი ხალხი.
მლოცველების ტერიტორია ტურისტებისგან მკაცრად არის დაცული.არ მეგონა თუ მართლაც ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი იქნებოდა ლეგენდარული ლურჯი მეჩეთი.
ამის შემდეგი სირთულე წვიმიან ამინდში წინდებით გარეთ გამოტანტალება და დასველებამდე ფეხსაცმლის ჩაცმაა - თავი ამასაც წარმატებით გავართვით .

აია სოფიასა და ტოპკაპის მუზეუმებში ცხვირიც ვერ შევყავით - ორშაბათობით ისვენებენ, ამიტომ მუცლის ამოყორვა გადავწყვიტეთ და ლახმაჯუნისა და ჯაჯიკის საჭმელად ერთ-ერთ კაფეში შევედით. კარგა ბევრი ფული კი აგვახიეს ამ ერთი ბეწო ბედნიერებებში - დაახლოებით 10 დოლარი დაგვიჯდა.

ბორანის სალაროები ადვილად ვიპოვნე, კადიკოის ბილეთებიც ავიღეთ და ბორანზე ავედით(სტამბული დაყოფილია უბნებად და ოლქებად, ამიტომ აუცილებელია იცოდე უბანი რომელშიც მიდიხარ რა ოლქს ეკუთვნის). როგორც აღმოჩნდა ბაკო პირველად იყო ბორნაზე და მაშინ როდესაც აკვირდებოდა სრუტეს, ჩვენს წინ დელფინებმა დაიწყეს ხტუნვა.  მე პირველად ვნახე თავისუფალი დელფინები ასე ახლოს, სამნი იყვნენ და ძალიან ხალისობდნენ ბორანთან ხტუნვით.

კადიკოის ავტოსადგურზე გადასვლისას შემდეგი ამოცანა დაგვიდგა წინ - სახლამდე უნდა მიგვეგნო. მართალია მქონდა დამახსოვრებული რამდენიმე ადგილი რის მიხედვითაც უნდა მივხვედრილიყავი სად ვიყავი, მაგრამ როდესაც არ იცი როგორ გადაადგილდება ტრანსპორტი და რას გაივლის ეს ცოტა რთულია.

სწორი ავტობუსი ვიპოვნეთ, თუმცა მანამდე ვიღაც თურქმა ბაკო არ დაინდო და მშვენიერი გუბიდან წყალიც გადაავლო.
გაჭედილი, დაორთქლილ ფანჯრებიანი ავტობუსიდან მოვახერხე ორიენტირება და სწორ გაჩერებაზეც ჩამოვედით - თუმცა ძლივს, 10 ადამიანს ფეხი დავადგით, 3-4ს დავეჯახეთ და ჩანთაც გავკარით, მოკლედ დაუზიანებელი თითქმის არავინ დაგვრჩა.

სახლის გასაღები ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ სახლთან ახლოს მდგომ კარფურში შევედით და პირველი რაც ვიპოვნეთ ტუალეტთან არსებული უფასო ვაიფაი იყო, ამიტომ იქ დიდხანს გავეჩხირეთ, შემდეგ დაბუჟება რომ ვიგრძენით პირველ სართულზე საცხობ-კაფეტერიაში ჩავედით და ჩაი მივირთვით. 
გედის (ადამიანს რომელსაც სახლში უნდა შევეყვანეთ) დაახლოებით 1 საათი ველოდეთ და ცოტა ავნერვიულდით კიდეც, ჩანთების გადალაგება უნდა მოგვესწრო და აეროპორტში დროზე მივსულიყავით - სტამბულის საცობებში კი ეს არც ისე ადვილია.  ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ბაკომ ცოტა წაძინებაც კი მოასწრო აეროპორტში წასვლამდე, დანარჩენებმა ცოტა ვისაუბრეთ და ისევ გედის მოუწია ჩვენი წაყვანა აეროპორტში.


ღამე და ახალი დღე აეროპორტში დაიწყო. უზარმაზარ ჩანთანათრევები ავეხვეტეთ თვითმფრინავში და ეგრევე დაგვეძინა.

ფოტოები იხილეთ ჩემს ფეისბუქზე (ატვირთვის შანსი არ მაქვს)

Wednesday, October 29, 2014

213 - I

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის.
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.

ჩემი და ბაკოს მოგზაურობა ცოტა სხვადასხვა დროს დაიწყო, თუმცა შეხვედრა სტამბულში დავთქვით, ამაზე ცოტა მერე მოგიყვებით.

25-26 ოქტომბერი - ბავშვი

მოგზაურობა დაიწყო. დილით ქორიძეები, გოშაძეები,(ოჯახობა ანუ რა) რიჟა და ჰუშტიკო ორთაჭალის სადგურში დამხვდნენ.
მამამ მიმიყვანა დილით და ყველამ ერთად გამაცილეს.

სტამბულამდე 26 საათი უნდა მემგზავრა ავტობუსით. სავსე ავტობუსში კომფორტულად ყოფნა ცოტა რთულია, ჩემს გვერდით კი ვიღაც კახელი გოგო აღმოჩნდა, რომელიც სტამბულში სამუშაოდ მიიდიოდა.
თითქმის მთელი გზა მეძინა, მხოლოდ გაჩერებებზე ჩამოვდიოდი მოსაწევად და ტუალეტში შესასვლელად. მთელი გზა (26დან  20 საათი) ვიღაც ორი ბავშვი ღნაოდა და მშობლები ვერ აწყნარებდნენ - ამის გაძლება იყო სისასტიკე. ძალიან დავიღალე და მუხლებიც ამტკივდა მოკუნტულად ჯდომისგან.
ავტობუსით მგზავრობა, შორ მანძილებზე, არაა მთლად კარგი გადაწყვეტილება.

საბაჟოზე ცოტა გაჭედეს ჩემს პასპორტში არსებულ სომხურ ვიზებზე (ვერ გაარკვიეს შესვლა გამოსვლები), თუმცა ეგეც მალე მოგვარდა და ამხელა ბარგი-ბარხანით გადავედი საზღვარს.

ამის შემდეგ ბევრი არაფერი მახსოვს - გამეღვიძა გამთენიას, ჩავრთე ტელეფონი და რეკვებიც დაიწყო.

ნესიკო ბიძიას მეგობრებთან გავჩერდი, ისინი დამხვდნენ სტამბულში ავტოსადურზე.

ქალაქი უზარმაზარია და პაწაწუნა ნაწილი ვნახე პირველ დღეს მხოლოდ (თუმცა არც მეორე დღესმინახავს ბევრი)

ბარგის მცირე ნაწილი მაინც ბაკოსთან თუ არ გადაიდებოდა ნამდვილად საპალნე ვირივით სიკვდილი მელოდა წინ.
ამ დღეების ჩანაწერს აბსოლუტურად გათიშული ვაკეთებდი და ხელში პასტის ჭერაც კი მიჭირდა, ხოლო წერას ზოგადად ისე ვარ გადაჩვეული რომ ბლოკნოტში ასოები ძლივს გამოვიყვანე.

ისე რომ ვთქვა თურქებმა ცოტა ხნით მაინც დაგვიპყრონ იქნება, ზოგიერთ რაღაცეებს მივეჩვეოდით (ალბათ)


გაგრძელება იქნება

პ.ს მაპატიეთ შეცდომები - გასწორების თავი არ მაქვს

Saturday, October 25, 2014

არაშენდა პარკში - ნაწილი V

ზაფხული მშვიდი იყოთქო ვერც ვიტყვით, ივლისში ისანში მარკეტ კარფურის ასაშენებლად ისეთი სისასტიკე დატრიალდა, რომ მოსახლოებაც კი აღშფოთდა და ატყდა ერთი ამბავი.



შემდეგ სიცხისგან რომ არ მოვდუნებულიგავით ბანაკში ანიმაციური ვორკშოპი გაკეთდა პატარებისთვის. 


ჯერ ააწყვეს მთელი ისტორია, შემდეგ გადაიღეს და ალბათ მალე შედეგსაც ვნახავთ დასრულებულს. 
ყველა კმაყოფილი დარჩა.

რა ჯობია ზაფხულის სიცხეში ხეების გარემოცვაში ჯდომას, სადაც მზე ძალიანაც არ აჭერს, ჰაერი მეტნაკლებად სუფთაა და ჩაგუდვა არ გემუქრება ადამიანს?
ჰო ნამდვილად არაფერი ჯობია, მაგრამ აბა ვის ესმის ეს? 


ალბათ საქართველოში სასწრაფოდ უნდა განვივითაროთ ნახშირორჟანგით ან რამე სხვა საშინელი ნივთიერებით სუნთქვა-არსებობის უნარები, სხვა გზა აღარაა.

11 ივლისს პარტიზანული მებაღეობის მოძრაობის დაბადების დღეც აღვნიშნეთ ბანაკში, იმდენი გემრიელობა გააკეთეს პარტიზანებმა (თავისი ხელით დიახ, ძალიან კარგები არიან) რომ დიაბეტს ძლივს გადავურჩით. 
მშვენიერი ატმოსფერო იყო, საუკეთესო ადამიანები, ჩვეული მეგობრული სითბო და კეთილგანწყობა, ცოტა მუსიკა, ბევრი ტკბილეული და რა თქმა უნდა არც ერთი წვეთი ალკოჰოლი.


9 თვის განმავლობაში რაც ბანაკი არსებობს ერთადერთი წესი - რომელიც ალკოჰოლის არმოხმარებას ეხება - მუშაობს და არის დაცული.

მთელი აგვისტოს თვე პარტიზანებმა ძალების მოკრებისთვის და ახალი იდეების გენერირებისთვის გამოიყენეს. 

მართალია, შეხვედრები ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, ბანაკი ისევ თავის ადგილზე იყო, თუმცა ამ პერიოდში არანაირი აქტივობა არ დაგეგმილა, მაგრამ სექტემბრისთვის აღმოჩნდა რომ ყველა  მზადყოფნაში ვიყავით, ყველას ჰქონდა რაღაც იდეა და გეგმა რომელიც შეიძლებოდა საერთო საქმეს წასდგომოდა.


ამ პერიოდში ინვესტორის მიერ საძირკველისთვის ამოთხრილ დიდ ღრმულში მშვენიერი საირიგაციო სისტემა გაკეთდა, ნარგავების მოსარწყავად. 
დიახ, დიახ, პარტიზანებმა აითვისეს ეგ ტერიტორიაც და ზედ ბოსტანი გააშენეს, ასევე ამ ღრმულშივე გაკეთდა სიურპრიზი უცხოელი ახალდაქორწინებულებისთვის.

მეგობრებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა გადაწყვიტეს, რომ წყვილისთვის გულის ფორმაზე განაწილებული ხეები დაერგათ პარკში, ამ აქტივობაში კი მონაწილეობა მათაც მიაღებინეს. ძალიან სასიამოვნო იყო ამის ყურება, რადგან პატარძალი აქტიური გარემოსდამცველი ყოფილა და მისთვის ამაზე კარგს ვერაფერს მოიფიქრებდნენ. ყველა ბედნიერი და აღტაცებული იყო მომხდარი ამბით.

დასანანია, რომ ყველა ზრუნავს ქალაქზე იმათ გარდა ვისაც ეს პირდაპირ ევალება!!

სექტემბერში კომპანია "კაპაროლმა" პარტიზანებს 100 ცალი პადონი (ტრანსპორტირებისას გამოყენებული ხის მასალა) აჩუქა  ბანაკისთვის, რაც მთლიანად კინოთეატრის მშენებლობას მოხმარდა, ხოლო კინოთეატრი რა თქმა უნდა ბუდაპეშტის საძირკველში მოეწყო.


გამზადდა დიდი ეკრანი და სპეციალური მაგიდა აპარატურისთვის.

რა ჯობია ღია ცის ქვეშ, სასიამოვნოდ და მყუდროდ კარგი ფილმის ყურებას? რა თქმა უნდა ბევრი არაფერი.


თუმცა ეს მშენებლობა სიმშვიდეში არ მიმდინარეობდა.
ბელინსკის ქუჩა რომელზეც მანამდეც გიყვებოდით ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა. უზარმაზარი კლდის მასივი ისე თვალისდახამხამებაში მოჭრეს, რომ ყველა სახტად დარჩა. 

პარტიზანები ყველა ხერხით ცდილობდნენ (და ახლაც ცდილობენ) ამ მშენებლობის და ვანდალიზმის შეჩერებას.


სიატუაცია ნამდვილ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარტიზანები ცდილობდნენ ცოცხალი ჟაჭვის დახმარებით შეეჩერებინათ მიმდინარე მოვლენები, შემდეგ მცირე კონცერტით, რომლის დროსაც ქუჩა რა თქმა უნდა გადაიკეტა.

ამ ყველაფრის პარალელურად მშენებლებიც არ ეპუებოდნენ ამ ყველაფერს და დღეში 10-ჯერ იძახებდნენ პატრულს (ისე რომ ვთქვათ ამ გამოძახებებმა ალბათ საპატრულოს საწვავის მარაგის დიდი ნაწილი გახარჯა)

შემდეგ კი როდესაც არაფერმა გაჭრა, მწვანე ზოლის აქცია პერფორმანსიც კი გაკეთდა.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ერთ - ერთ საპროტესტო დღეს, მაშინ როდესაც "ზილის" მძღოლები ცდილობნენ პარტიზანი აქტივისტებისთვის გადაევლოთ, ვიღაცამ ავტომობილს ქილა ესროლა(ო) (ასე ამბობდა მძღოლი თუმცა თვითმხილველები არ აღმოჩნდნენ) 


სროლას პატრულის რეაგირება და სასამართლოც მოჰყვა. დებილი მძღოლი სხვა რომ ვერავინ იპოვნა მარის გადაეკიდა გინდა თუ არა შენ იყავიო, ადამიანს რომელიც მანქანის სულ სხვა მხარეს იდგა და უბრალოდ პირველი მოხვდა თვალში იმ რეგვენს.

სასამართლო პროცესი დიდი ხანი არ გაჭიანურებულა, მაგრამ რის საფუძველზე გამოიტანეს განაჩენი ჩემთვის დღემდე ამოცანად რჩება. 


"დამნაშავე" პარტიზანს წილად ხვდა სიტყვიერი გაფრთხილება და შეურაცხმყოფელად გადაკიდების მუხლი.
ისევ და ისევ სასამართლოც სავსეა კრეტინებით და ამას ნამდვილად ვერაფერს უშველის ვერც პარტიზნული და ვერც მებაღეობა.

გვეგონა ამ ყველაფერს ძლივს დავაღწიეთ თავი, მაგრამ ვინ მოგცა ამოსუნქთვის საშუალება, პუშკინის სკვერში ხეებს დედა უტირეს, ისე გადაბელეს, რომ სულ მოეჭრათ ალბათ აჯობებდა. მართალია არავინ ტყდება, მაგრამ არსებობს (ამ ბოლო დროს გავრცელებული) გონივრული ეჭვი, რომ ამ ყველაფერს პანორამა თბილისის მშენებლობა აქვს მიზეზად.

ოქტომბერი მორიგი აქტივობით დავიწყეთ - ერთ ერთმა პარტიზანმა Inside Out-ის პროექტი განახორციელა და უმშვენიერესი ფოტოები ქალაქში გაეკრა. რა თქმა უნდა მუშაობა ისევ ერთსულოვანი და მეგობრული იყო. 


შემდეგ შაბათობაც მოეწყო პარკში და წაქცეული ხეები და გამხმარი ფიჩხი მოვაგროვეთ ვაკის პარკის ტყეში, რადგან ზამთარი ისევ კარს მოგვადგა და მერია კი არც იძვრის.
ბანაკი ადგილზე რჩება და ეს მანამდე გაგრძელდება სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება ვაკის პარკის ბედი!

სამწუხაროა, რომ ასე უნდა აჯანჯღარო მერია იმისათვის, რომ მისი მოვალეობები პირნათლად თუ არა ცოტათი მაინც ასრულოს.

ოქტომბრის თვე უმშვენიერესი აქციით მიილია!

"შენი ჯერია, მერია" - იყო აქციის მესიჯი. მართალია ძალიან ბევრი ხალხი არ მოსულა, მაგრამ აქცია იყო ძალიან დადებითი მუხტის მატარებელი და ისე მოხდა რომ ნინა ხატისკაციც კი გამოვიდა შეკრებილ საზოგადოებასთან შესახვედრად.


ეს ჯერ კიდევ ნაწილია იმისა რის გაკეთებასაც პარტიზანი მებაღეები უახლოეს მომავალში აპირებენ!!

იმედია რომ ყველა გამოფხიზლდება!
გამოფხიზლდება მერია, მოქალაქეები, პარლამენტარები - პარტიზანები კი არიან ფხიზლად, თანაც ძალიან!



ქალაქი ჩვენია, ყველასი!!
მოქალაქეობა პასუხიმსგებლობაა, ხოლო გულგრილობა თანამონაწილეობის ტოლფასია!! 



Thursday, October 23, 2014

არაშენდა პარკში - ნაწილი IV

აპრილის თვე ბანაკში მშვენიერი ღონისძიებით - უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღით დაიწყო.

რა თქმა უნდა პარტიზანები არა მხოლოდ ხეებზე და ყვავილებზე, არამედ ცხოველებზე და ადამიანებზეც დარდობენ და გული შესტკივათ, აბა გიჟები ხომ არ არიან ამდენი იბრძოლონ.



ღონიძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ჩაუტარდა ტრენინგი, გაშვილდა საყვარელი პატარა ცხოველები და რა თქმა უნდა ბავშვებისთვის გათვალისწინებული გასართობი აქტივობებიც განხორციელდა. ამავე დღეს პარტიზანულ ბანაკში ერევნიდან ჩამოსულ ცხოველთა უფლებადამცველებსაც ვუმასპინძლეთ - ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიება გამოვიდა.


აპრილის თვე მოგეხსენებათ დარგვებისთვის მშვენიერი პერიოდია, თანაც ოჩოსწიგნებმა შეაგროვეს მაკულატურა (მათ მხარდასაჭერად ბანაკშიც დიდი ყუთი დაიდგა, რომ მსურველებს მოტანათ უსარგებლო ქაღალდები) და აღებული ფულით დარგვების მშვენიერი აქცია შედგა, რომელშიც სხვადასხვა ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ.


ამ პერიოდში სრულიად უცაბედად გახდა ცნობილი ბელინსკის ქუჩის ბოლოში დაგეგმილი მშენებლობების შესახებ, მას შემდეგ რაც იქ მძიმე ტექნიკა შეიყვანეს და კლდის უმოწყალო განადგურება დაიწყეს.



პარტიზანები მთელი ძალებით ცდილობდნენ ამ ამბის შეჩერებას, რაღაც პერიოდი სიტუაცია მიჩუმათდა (თუმცა შემდეგ ისევ აღსდგა და ამას მერე მოგიყვებით)

მიუხედავად 2014 წლის გაზაფხულიდან დაწყებული საარჩევნო კამპანიებისა და დიდი ისტერიებისა, რომელიც თითქოს და ქალაქში სიტუაციის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული, არაფერი არ შეცვლილა - ყველაფერი ნადგურდებოდა ჩვეულებრივ!

ბლინსკზე, იქ სადაც მთაწმინდის მთის ძირია უზარმაზარი შენობის აშენების ნებართვა იქნა გაცემული და დაიწყეს ისეთი ადგილის დაზიანება, რომელიც ძალიან არამყარია და საშიშია არსებული მოსახლეობისთვის.

აპრილში იყო ვაკის პარკის მშენებლობასთან დაკავშირებული სასამართლო (პირველი მოსმენა), სიტუაცია დამაიმედებელი არ იყოს ნამდვილად. პროცესი 2 თვით გადაიდო.
ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი სასამართლოც აბსოლუტური კრეტინიზმის ზეიმი აღმოჩნდა. მას მერე პარტიზანები ელოდებიან მორიგ პროცესს, რომელსაც სახელმწიფო წელავს უმიზეზოდ.


აქვე ისევ უნდა აღვნიშნო, რომ პარტიზანებს არასოდეს ავიწყდებოდათ მთავარი იდეა, რამაც გააერთიანა ყველა - დარგვები და ამიტომ ამ პერიოდშიც მშვენიერი დარგვის მინიაქცია მოეწყო დიდუბეში. 

შემდეგ ვცადეთ კიდევ ერთი ფლეშმობი მოგვეწყო, მაგრამ ჩავფლავდით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მონაწილეების რაოდენობა არ გვეყო. იდეა იყო მშვენიერი, თუმცა მოგეხსენებათ რომ აქტიური და დაუღალავი პარტიზანების რაოდენობა 50ს უდრის (თითქმის) რაც არ აღმოჩნდა საკმარისი ამ იდეის განსახორციელებლად - არადა როგორი შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. 
დიდი ხნის ვარჯიშის და რეპეტიციების მერე ხელი დანანებით ჩავიქნიეთ.


უცაბედად მაისიც მოგვეპარა. ამინდებიც გამოვიდა და ბანაკში ყოფნა ბევრად ადვილი და სასიამოვნოც გახდა, ახლა კარავში აღარ იყუჟებოდა არავინ და უფრო ხშირად მზისგულზე იყვნენ პარტიზანები გამოფენილები. 

3 მაისს ბანაკში მზესუმზირის "სახელობის" მსოფლიო პარტიზანული მებაღეობის დღე აღვნიშნეთ.


ყველა აქტივობა, რომელიც ამ დღისთვის დაიგეგმა დაკავშირებული იყო მზესუმზირებთან - nail art, პლასტელინისგან ძერწვა, ორიგამის მასტერკლასი და "გვოზძ პრაგრამი" იყო Cup Song-ის მცირე მასტერკლასი.

ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება თუ როგორ იკრიბება საზოგადოება დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. თანაც  მხოლოდ უფროსები კი არა, არამედ პატარებიც რომ მშვენივრად ატარებენ დროს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.


ზუსტად ასეთი ბედნიერი წუთებისთვისაა აუცილებელი სარეკრეაციო ზონები, ზუსტად პატარებისთვისაა მნიშვნელოვანი ჯანმრთელი გარემო და რაც მთავარია ნორმალურად აღზრდილი თაობა (რომელსაც ესმის გარემოს არდაბინძურების მნიშვნელობა და იცის რა უნდა და როგორ მიიღოს) არის გარანტია იმისა, რომ ყველაფერი კიდევ უფრო ტრაკისაკენ არ წავა.

ამ ყველაფრის პარალელურად ისევ აცნობებდნენ პარტიზანებს (ფეისბუქ გვერდისა თუ სხვა ხერხების გამოყენებით) რომ ქალაქში სხვადასხვა ადგილებში ვანდალურად ნადგურდებოდა მწვანე საფარი. ასეთი ადგილი გვეგონა თავიდან აგრარულის ტერიტორიაც, რომელზეც საკმაოდ დიდი ალვის ხეები მოიჭრა, თუმცა მას შემდეგ რაც სიტუაციაში გავერკვიეთ და ყველაფერი დავაზუსტეთ აღმოვაჩინეთ, რომ მართლაც გაფუღუროებულ და ცუდ ხეებს ჭრიდნენ, რაც კარგია თავისთავად.  უსარგებლო და სფართხის შემცველი ხეების შენარჩუნება არაა ჯანმრთელი იდეა - მათ მაგივრად ახალი და ლამაზი, მყარტანიანი ხეები უნდა დაირგას, უდაოდ.


უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ პერიოდში ისევ გაცოცხლდა ბელინსკის მშენებლობა, კარგია, რომ ნატა იქვე ახლოს ცხოვრობს და სწრაფად ვიგებდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ რას აკეთებდნენ, იყო მშენებლობის შეჩერების მცდელობებიც.


ამ მომენტისთვისაც კი, ქალაქში სიტუაცია სავალალოა, სადაც კი რამე ხელშეუხებელ ადგილს ან გამწვანებულ ტერიტორიას ნახავენ, ისე ემართებათ როგორც ხარს წითელი ალმის დანახვისას, იმ წამსვე უნდა დანგრიონ, გაჩეხონ გაანადგურონ. 


ზუსტად ასე ვიღაცამ დაინახა მირზა შაფის ქუჩა და გადაწყვიტა ხელში ჩაეგდო.
ქუჩას ვინ ჩივის და მის თავზე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაა სადაც უნიკალური ნარგავებია დაცული, ხოლო ზუსტად კლდის კიდეზე კი ბოტანიკური ბაღის მეყვავილეობის საცდელი საკოლექციო მეურნეობა, რომლის დიდი ნაწილიც მავთულხლართით შემოღობილი აღმოჩნდა ინვესტორის მიერ. 

ეს რა არის და კუს ტბის გზაზე (სადაც ადრე ციყვების მაგივრად რესტორნის მშენებლობა დაიწყო და ახლა რაღაც ხრონგი დგას) კიდევ ერთი ტერიტორია შემოღობეს (რომელიც დღემდე შემოღობილია და შიგნით ხეებს ჩუმად წვავენ, რომ მერე მოჭრა ნებადართული იყოს).
ეს არ გამორჩენიათ პარტიზანებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იქაც გაშლილიყო კიდევ ერთი კარავი, თუმცა იმის გამო, რომ ადამიანური რესურსი არც ისე დიდია იქ პერიოდული მორიგეობები უნდა ყოფილიყო.




სამწუხაროდ სულ ცოტა ხნით, ეულად დატოვებული კარავი ადგილზე აღარ დაგვიხვდა, შესაბამისად იმ ადგილის გასამაგრებლად სხვა ხერხები უნდა გვეძებნა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა იქ ჯერ არაფერი ხდება, შემოღობილის შიგნით არსებულ ნარგავებს ძალიან ცუდი ბედი ადგათ.

სხვათაშორის მხოლოდ მსხვილმერქნიანი რამეები კი არ გვიყვარს, ყვავილებიც ჩვენი სისუსტეა, ზუსტად ამიტომ პარტიზანი მებაღეები მაისის თვის ბოლოს ყვავილების ფესტივალის მონაწილეებიც გავხდით.


ულამაზესი და უმშვენიერესი მცენარეები ჩვენმა ბრგე მამრებმა მოიტანეს რკინის რიგში, შემდეგ კი ყველამ ერთად ლამაზად გავანაწილეთ დახლზე. 
თავიდან ვაჭრობა მთლად კარგად ვერ მიდიოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ყველას ვაგებინებდით თუ რაში დაიხარჯებოდა შემოსული ფული, დიდი სიამოვნებითაც კი ყიდულობდნენ ჩვენს ლამაზობებს.

ნუ რა თქმა უნდა ხინკლისსაჭმელად არ ვაგროვებდით ფულს (თუმცა ხინკალიც გვიყვარს კი ), ახალი ნერგები და ხელსაწყოები იყო საჭირო მომავალი დარგვებისთვის.

ზაფხულის დასაწყისში საარჩევნო ისტერიაც გამძაფრდა და რა თქმა უნდა დავიწყეთ საარჩევნო პროგრამების თვალის დევნება, აბა ხომ უნდა გვცოდნოდა რა საჩუქარი შეიძლება "გვრგებოდა წილად" ახალი მერის სახით.

ფეისბუქზე სპეციალურად შეგროვდა კანდიდატების გამოხმაურებები ვაკის პარკსა და ზოგადად მწვანე საფარის შესახებ.
მინდა შეგახსენოთ, რომ სიტყვები ისევე დარჩნენ ასოების ერთობლიობად როგორც იყვნენ და დღემდე საქმეს პირი არ უჩანს.


არადა ადამიანი სულ ეჭვებში ხომ არ იქნები? როდესღაც ხომ უნდა ენდო ვინმეს? ხომ უნდა გქონდეს რამის იმედი, სულ მცირესი მაინც? მაგრამ აბა ჰა ვინ გაცლის.
ყოველი ახალი არჩევნები და ახალი ხელისუფლება კიდევ ერთი და კიდევ უფრო ცივი წყლის ჭავლივითაა, რომელიც თან გვაშფოთებს მაგრამ საბოლოოდ ვერა და ვერ გამოგვაფხიზლა, რომ ხმა ამოვიღოთ ერთხელ და სამუდამოდ და ძააააააააალიან მკაცრად განვსაზღვროთ რა ემუქრებათ მათ ვისაც ჰკიდია ქვეყანა, ქალაქი და ხალხი!

19 ივნისს დიდი ველო-მსვლელობა მოეწყო, რომლის ფარგლებშიც პარტიზანებმა პეტიციები დაარიგეს (6000 ხელმოწერიანი დოკუმენტი) სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში: 

1. პრემიერ-მინისტრი (ინგოროყვას #7)
2. საკრებულოს თავმჯდომარე (ლერმონტოვის ქუჩა #10)
3. ეკონომიკის და მდგრადი განვითარებსი მინისტრი (ჭანტურიას ქუჩა #12)
4.გარემოსა და ბუნებრივი რესურსებსი დაცვის მინისტრი (გულუას ქუჩა #6)
5. მთავარი პროკურორი (გორგასალის ქუჩა #24)
6. პრეზიდენტი (ავლაბრის რეზიდენცია)

მაგრამ ხომ გაგიგონიათ - ააფრინე ალალიიო? - ზუსტად ასე რა, ზოგგან საერთოდ არც განიხილეს, ზოგიდან კი ისევ მერიაში გადაამისამართეს პეტიციები. მერიაში კი მოგეხსენებათ ამ პეტიციის ერთი ეგზემპლარი ფლეშმობის ფონზე რომ ჩავაბარეთ, მაგრამ სულ უშედეგოდ.


ახლა ამას როდესაც ვწერ ვხვები და მესმის ადამიანებისა, რომლებსაც ხელი აქვთ ჩაქნეული და რაღაც დონეზე უკვე მოუმწიფდათ აზრი საქართველოდან წასვლაზე ან შეგუებაზე. ნამდვილად ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ერთი პატარა ნამცეცი ხარ, რომელსაც უცებ გადაფერთხავენ, მაგრამ მაინც მგონია რომ ყველა ნამცეცი თუ უცებ თავს აწევს და გამოფხიზლდება დიდ გუნდად შესძლებს შეკვრას.


მესმის ადამიანების ვისაც იმედი აქვს გაცრუებული და გულიც აღარ შესტკივა, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ შეხედონ ყველაფერს სხვა თვალით, დაგვინახონ ჩვენ და ისევ გაუჩნდეთ ცვლილებისა და მოქმედების მუღამი!
როდისმე ხომ უნდა შეიცვალოს ყველაფერი, ხოლო თუ ყველამ ხელი ჩავიქნიეთ რაღა გამოვა?

ივნისის თვე მაინც ძალიან ომახიანად და კარგ ტალღაზე ჩავამთავრეთ პარტიზანებმა.
ჯერ იყო და გურამ წიბახაშილის გამოფენა გვქონდა ვაკის პარკში, რომლის შემდეგაც რეზო კიკნაძის მიერ შესრულებული მშვენიერი კომპოზიციები მოვისმინეთ,

ხოლო 30 რიცხვში კი ზურა ბაქრაძემ ყველა დაინტერესებული პირისთვის ქალაქგეგმარების შესახებ ლექცია ჩაატარა.


ისევ და ისევ მთავარია კარგი გეგმა და იდეები, შემდეგ კი სწორი განხორციელება. 
ყველაფერი შესაძლებელია! ყველაფერი გამოვა!





Tuesday, October 21, 2014

არაშენდა პარკში - ჩვენი დროის გმირები III

ამ ნაწილშიც ვეცდები მოგიყვეთ იმ ადამიანების შესახებ ვინც აქტიურად მონაწილეობს ქალაქის გადარჩენაში და ვინც ცდილობს, რომ არ მისცეს ხელისუფლებას თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების უფლება (მართალია მთლად კარგად არ გამოდის, მაგრამ ცდილობენ დაუღალავად!)

დღევანდელ პოსტს ცოლიდან დავიწყებ. არა მდედრობითი სქესის სულაც არ არის, უბრალოდ ასე გამოვიდა და მერე კი შევატოვე(თ) ეგ ზედმეტსახელი.


ლევანი ძალიან ნიჭიერი ვინმეა, თითქმის ყველაფერი ეხერხება და გამოსდის (იქნებ ყველაფერიც კი, მაგრამ ჯერ არ უცდია ამდენი), თუმცა უნდა გითხრათ რომ სადმე, რომელიმე ერის თქმულებებში მამრობითი სქესის ცოცხიანი ალქაჯი თუ არსებობს უეჭველად მათი შთამომავალია.  
ზოგჯერ მგონია, რომ უცებ ცხვირი უნდა მოუკაუჭდეს, ხმა გულისგამაწვრილებელი გაუხდეს და ჩანთიდან მოწამლული წითელლოყება ვაშლიც ამოაძროს.
სხვა მხრივ კი ძალიან კარგი ვინმეა და ნამდვილად ვერ მოიწყენ მის კამპანიაში.

კიდევ იმ უცხოელებზეც უნდა მოგიყვეთ ბანაკში რომ დიდი ხანი ცხოვრობდნენ - მაგალითად ტობიასი, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანი იყო ვინც უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდა და პარტიზანებისკენ გამოეშურა - ის კარგად აღზრდილი მაწანწალა იყო ნამდვილად, თუმცა ძალიან კეთილი და სათნო, ჭიანჭელასაც რომ არ დაადგამდა ფეხს.


კიდევ ერაყელი ძმებიც გყავდნენ - მუსტაფა და გეიტსი - ეგეთი ამრევები კრიმანჭულის მღერისაც კი არ არსებობენ.

არ შეიძლება რომ სპირიდონი იგივე სილვანი არ აღვნიშნო - მგონია, რომ ცოტა გონებრივი პრობლემებიც შეიძლება ჰქონოდა, თუმცა პარტიზნების სულიერ და ფიზიკურ განვითარებაზე უსასყიდლოდ ზრუნავდა და დილაობით სახედასიებულ მსურველებს იოგის გაკვეთილებსაც უტარებდა. დღემდე ვერ გავიგე თავის დაბადების თარიღი არ იცოდა თუ არ უნდოდა გამხელა და ამიტომ სულ რაღაც გაუგებრობებს პასუხობდა კითხვაზე "რამდენი წლის ხარ?", ხოლო კითხვაზე "როგორ ხარ" - ყველაზე უცნაური პასუხი - მე ბედნიერი ვარო - ჰქონდა.


ერთი მწვანე გოგოც გვყავს ჩვენ სახელად თამუნა, თითქმის ყველა მორიგეს მისი გაღიმებული საახე ხვდებოდა დილით კარვიდან გამომძვრალს, ზოგჯერ ცხელ ყავასაც ახვედრებდა ხოლმე თანამებრძოლებს და საერთოდაც "ძევუშკა ტაიფუნ" არის - ბანაკში თუ ხვდება იმ დღეს დალაგებაზე ზრუნვა არავის უწევს.


ცოდვა გამხელილი ჯობიაო და ჩვენ ერთი "ლევი" წმინდანიც გვყავს, რომელიც ჩვენს ტელევიზიაში "გამოჩენაზე" ზრუნავს და რა თქმა უნდა ყოველთვის ჩვენს გვერდითაა.
ასეთია ჩვენი შორე, მართალია ბანაკის ოთხფეხა და თავნება მაცოხვრებელს სევდიას ვერ გაუგო და კონფლიქტი გაჩნდა მათ შორის, მაგრამ სევდიამ აპატია.


ჩვენ განუყრელი მეგობრებიც გყავს შოთა და სოფო - თუ არის შოთა არის სოფოც და პირიქით, ისე კი რა თქმა უნდა ორივეს ცალ-ცალკე დახასიაათება მომიწევს.

შოთო ერთი შეხედვით ჩუმი და მშვიდია, თუმცა თუ მის ძაღლზე დაელაპარაკებით მშვენივრადაც საუბრობს აქტიურად.



სოფო პირიქით მშვენივრად აქტიურია და სულაც არ სჭირდება სიტყვების ამოქაჩვა, ყოველთვის ხალისიანი და გაღიმებულია თუმცა სულ მგონია, რომ ცხოვრება გაურბის და სულ სადღაც აგვიანდება. 

ნატა იცით როგორია? გიჟი მეცნიერები რომ არიან ხომ იცით, უცნაურად ჩაცმულები და თმებაწეწილები? ზუსტად ასეთია ოღონდ მეცნიერებაში კი არა ხელოვნების დარგში მოღვაწეობს და ძალიან წარმატებულადაც. 
აქტიური და მხიარული ადამიანია რომელმაც იცის როგორ შექმნას უცნაური რამეებისგან გამოსადეგი ნივთი.


ლუკა წელს გავიცანი და ახლა ვფიქრობ მისი ძმებივით კარგია თუ ცოტათი ჯობია კიდეც. მართალია შორს არის საქართველოდან და ხშირად უწევს საინტერესო რამეების გამოტოვება, მაგრამ მგონი სულ მალე საფრენ აპარატსაც გამოიგონებს და მერე მასზეც იტყვიან "აი ხომ ვიცოდით რომ გააფრენდაო"


გიორგი - აი მისი აღწერისასაც გავიჭდე, რთულია ჭრელთვალება, სათნო გამომეტყველების ტიპი დაახასიათო, რომლის გუნება - განწყობის ცვილებების შესახებ ასე თუ ისე წარმოდგენა გაქვს.
ნიჭიერი და ზარმაციო თუ ვინმეს შეეფერება ნამდვილად გიო იქნება ეგ.
შემპარავი გამოხედვითა და მაჟალოსავით იუმორით ნამდვილად დამახსოვრებადი პერსონაჟია.


სანდრო დიდ და პატარა პარტიზნებს შორის შუალედური რგოლია, სასაცილოდ გაბურძგნული და ძალიან მოძრავი ტიპია. ცდილობს შეაკეთოს ყველაფერი რაც ხელთ მოხვდება, თუმცა თუ ის რაღაც ჯერ არ გაფუჭებულა ესეც არ უშლის მას ხელს -გაფუჭებას წინ რა უდგას, მერე კი დაჯდება და ისევ აკეთებს, ასწორებს და აუმჯობესებს, თუმცა ექსპერიმენტები ყოველთვის წარმატებით როდი სრულდება.



ირინკა (იკული) პირველ შეხედვაზე რთულადასაკამოსაცნობია, თუმცა სანდროს მიერ შექმნილ შუალედურ ფენაზე ერთი საფეხურით ზემოთაა და თავიც უფრო დარბაისლურად უჭირავს.
ხალისიანი და მუდმივგაღიმებული წარმოუდგენელია ვინმეს გულგრილს ტოვებდეს, აბსოლუტური გულღიაობით დაჯილდოვებული ადამიანია.



ძალიან ზრდილი და კეთილგონიერი ადამიანები რომ არსებობენ ფილმებში ხომ იცით? აი აზრსაც რომ ეკითხებიან და საერთოდ დიდ დინასტიებს რომ უძღვებიან ხოლმე?
ზუსტად ასეთია მაია. გულღია, მაგრამ ისეთი ზედმეტს რომ ვერაფერს შეჰკადრებ, ამ დროს კი ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გექნება.
მაიას იმდენი ინფორმაცია აქვს ალბათ საჯარო ბიბლიოთეკის გადავსებულ არქივებში რომ არ იქნება მაგდენი.
ყოველ ჯერზე როდესაც რაღაცას ყვება მინიმუმ ორ - სამ ძალიან უცნაურ და იშვიათ რამეს გაიგებს ადამიანი.




შესავალი
ნაწილი I 
ნაწილი II
ნაწილი III
გმირები I
გმირები II
ნაწილი IV

Wednesday, October 15, 2014

არაშენდა პარკში - ნაწილი III

თებერვალში ვაკის პარკში დიდი აქტივობა იყო, პარტიზანული ბანაკის მიმდებარედ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები იმართებოდა - მერე რა თუ ციოდა და ყინავდა.



იქ მოსულმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ეს უბრალოდ დროსტარება კი არა რეალურად დიდი მიზნისთვის გარჯა იყო. პარკი არის იმისთვის, რომ ადამიანებმა დრო ჯანმრთელ და სასიამოვნო გარემოში გაატარონ.

პარკში იყო მუსიკის დღეები, გამოფენები, Free Market-იც, მოკლედ ყველაფერი, რომ ვაკის პარკში მისულ ადამიანებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ.
ყველა მხიარულობდა, აკეთებდა იმას რაც შეეძლო - უკრავდა, მღეროდა, "სლექლაინზე" სიარულს ასწავლიდა მსურველებს, ზოგიც ჩაის აკეთებდა და გულმოდგინედ უმასპინძლდებოდა შეციებულებს.


ყოველ საღამოს მხიარული საზოგადოება მწვანე კარავში იკრიბებოდა ფეჩის გვერდით და ათას გასართობს იგონებდა. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ აქტიურად დაინერგა "პაატასთავობანა", ბევრი  სასაცილო ამბების  გახსენება მოყოლა და რა თქმა უნდა უკვე ჩვეულ ამბად ქცეული ღამის მორიგეობები.
იმისთვის, რომ მორიგეობა არ ყოფილიყო მოსაწყენი და თანაც უსაფრთხოც გამოსულიყო, მორიგეები წყვილებად რჩებოდნენ, იყო სიაც რომლის მიხედვითაც მსურველები ეწერებოდნენ სასურველ დღეებში და პირნათლად ასრულებდნენ ამ წმინდა საქმეს - ხუმრობა ხომ არაა თებერვლის ყინვაში ღია კარავში დარჩენა და მორიგეობა მთელი ღამით.

თებერვალში გავიგეთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას ბერას სტუდია უმოწყალოდ ანადგურებდა, იქაც იყვნენ პარტიზნები, იქაც აპროტესტეს - თუმცა "მესიას" არავინ აღუდგა წინ მათ გარდა.


ამ პერიპეტიების პარალელურად მთელი ბანაკი ცდილობდა მოქმედი გეგმის შემუშავებას, რა თქმა უნდა პასუხისმგებელ პირებამდე სწორი და საჭირო მესიჯების მიტანას, მაგრამ ყური არავის შეუბერტყავს.
საღამოობით მწვანე კარავში დიდი კრებები იმართებოდა იმისათვის რომ გვესაუბრა არსებულ სიტუაციაზე და დაგვესახა მოქმედების გეგმა, რომ შეგვეფასებინა ჩვენი შანსები და მოვლენების განვითარება.


ვაკის პარკში კი ისევ აქტიურად მორიგეობდნენ მოხალისეები, ეს იყო ადგილი საიდანაც უნდა დაწყებული მოქალაქეების მოსმენა და საზოგადოების გამარჯვება - ადგილი რომელსაც პრეცედენტი უნდა შეექმნა!

ამ პერიოდში პარკში პირველი უცხო ქვეყნის მოქალაქე გამოჩნდა, გამოჩნდა და ბინაც დაიდო პარტიზანებთან. ძალიან სასაცილო და კეთილი ტობიასი პარტიზან მებაღეთა რიგებში ძალიან უცებ და უკანმოუხედავად ჩაეწერა. ეს კეთილი ახალგაზრდა საქართველოს  ბევრ მოქალაქეზე მეტად აქტიურობდა, ბევრად უფრო დიდი წვლილი მიუძღვის ყველაფერში ვიდრე აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლების დიდ ნაწილს - სამწუხარო და მწარე რეალობა ასეთია.


სანამ ცხვირიდან სისხლი არ წაგვსკდება ერთი წუთითაც არ ვფიქრდებით იმაზე რა შეიძლება დაგვემართოს. სანამ სუნთქვა არ გავიჭირდება და ყელში რაღაც მარწუხებივით არ წაგვიჭერს მანამდე დაფიქრება და ანალიზის გაკეთება არც მოგვდის თავში.

შემდეგ კი უკვე გვიანია ხოლმე!

მარტის თვის დასაწყისში გავიგეთ სასტიკი ამბავი, რომ ბუდაპეშტის ქუჩაზე (ყოფილი ჰოსპიტალის) ტერიტორიაზე 80 უზარმაზარი ხე მოიჭრა. 
პარტიზანებმა რა თქმა უნდა სასწრაფო რეაგირება მოახდინეს, თუმცა იმის გამო, რომ მოსახლეობამ ერთი გაიფართხალა და მოეშვა ეს ამბავი ვერ გადავძლიეთ. 
იყო ტერიტორიაზე შეპარვის მცდელობები (რომ გაგვერკვია რას აკეთებდნენ) რადგან გარედან კარგად შეფუთული ღობეები ჰქონდა შემოკრული ტერიტორიას.


ბევრი მცდელობის მიუხედავად პარტიზანმა მებაღეებმა ვერაფერი შეცვალეს ამ მშენებლობასთან დავაკშირებით, რა თქმა უნდა მერიის ზედამხედველობის სამსახურიც გამოიძახეს, მაგრამ არაფერი - არაფრის მაქნისები არიან და ასეთად რჩებიან ამ დრომდე.

მარტში ისე მოხდა, რომ ვაკის პარკის ტერიტორიას კიდევ ერთხელ შეუტიეს, მაგრამ სულ სხვა ადგილას. ყოფილი ატრაქციონების ადგილას ვიღაც ვიგინდარამ ხეების მოჭრა დაიწყო და ამაზე რა თქმა უნდა მერიის უფლებაც იყო გაცემული გიორგი ქორქაშვილის ხელმოწერით (მასზე დიდი მტერი თბილისს ცოტა თუ ჰყავდა). რა თქმა უნდა რეაგირების გარეშე ეს შემთხვევაც არ დარჩენიათ პარტიზანებს, მაგრამ რა გინდა რომ გააკეთო ამხელა ქალაქში 30-50 ადამიანის რესურსით მაშინ, როდესაც ყოველ მეტრში რაღაცას ანადგურებენ და ამაზე ქალაქის მმართველობის ნებართვა არსებობს?

როგორ უნდა შეაგნებინო ადამიანს, რომ იმ ტოტის მოჭრა რომელზეც ზის - დამღუპველლია?? ანალიზის და ფიქრის უნარი ან გაქვს ან არა - მისი განვითარება ძაააააააააალიან რთული ამბავია, ჩვენს ერს კი არც მუშაობა უნდა ამაზე და თანდაყოლილიც არ აქვს.


ამ დროს რა თქმა უნდა ისევ აქტიურად გრძელდებოდა სხვადასხვა აქტივობები პარკში (მაგალითად დარგვის აქციები, პარტიზანული "სიურპრიზების" გაკეთების მასტერკლასები და სხვა) იმისათვის, რომ უფრო მეტ ხალხს გაეგო მოძრაობის შესახებ, უფრო მეტი ადამიანი დაფიქრებულიყო არსებულ სიტუაციაზე, უფრო მეტი რეაქცია მოჰყოლოდა მერიის შტერულ გადაწყვეტილებებს.

ამ დროს ვაკის პარკში კოკა ნიკოლაძის უგეენიალურესი პერფორმანსიც გაიმართა - მოლაპარაკე/მომღერალი მიწა.
სპეციალურად შექმნილი აპარატურით კოკა საშუალებას აძლევდა ყველას ეგრძნოთ თუ როგორ ფეთქავს და როგორ გვესუბრება დედამიწა. ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო რამე გამოვიდა.
ჩემი მეგობრის პატარა შვილიც კი სახლში მისული დედას უყვებოდა როგორ მღეროდა მიწა როდესაც ვიღაც ბიჭი დირიჟორივით ხელებს იქნევდა ზემოთ ქვემოთ.
ამ აქტივობამ გულგრილი არავინ დატოვა.

22 მარტს კი ახალგაზრდა მოხალისეებმა მორიგეობის რეკორდი მოხსნეს - სამორიგეოდ  დარჩა 8 ადამიანი. რა თქმა უნდა კარავში მაქსიმუმ ორი ადამიანის დასაძინებელი ადგილი იყო, თუმცა მათ გარისკეს. დილას მორიგეობის გადაბარებისას აღმოჩნდა, რომ ღამე ძალიან ექსტრემალურად გაუტარებიათ - ჯერ გემრიელობებს აკეთებდნენ ფეჩზე ხოლო შემდეგ ისე უცნაურად ეძინათ, რომ ამის შესახებ ისტორიის მოსმენა არამდგრადი ფსიქიკის ადამიანისთვის სულ არ იყო მიზანშეწონილი.


დიახ, ბანაკში აბსოლუტური მეგობრობა, მხიარულება და ერთსულოვნება სუფევდა, იმდენადაც კი რომ ზუსტად ამ სარეკორდო საღამოს სრულიად უცნობმა (მანამდე რომ არ გამოჩენილა) ადამიანმა მოხალისეებთან ერთად საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა და ბანაკში ტორტით მივიდა.

არ ვიცი სიტყვებით როგორ უნდა გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ასეთი ისტორების გახსენებებისას გიპყრობს.


საზოგადოების გამოფხიზლებას დიდი დრო სჭირდება, ასეთი სიტუაციისას კი დრო არ არის, ყოველი წამი ერთი ნაბიჯია განადგურებული ქალაქისა დაგარემოსკენ.

პარტიზანები უერთდებოდნენ მწვანე მუშტის აქციებსაც სხვადასხვა თემების შესახებ! ერთად დგომა უპირველესი წესია როდესაც წინააღმდეგობას ისეთ მონსტრს უწევ როგორიც შეუვალი და გაუგონარი ხელისუფლებაა.


რა თქმა უნდა ბანაკში არც ფეისბუქის დაბადების დღის აღნიშვნა არ დავიწყებია არავის, რომ არა ეს გამოგონება ძალიან გართულდებოდა როგორც ვაკის პარკის ისე სხვა ადგილების დაცვა და ინფორმაციის მიმოცვლა, ასევე ისეთი კარგი ადამიანების გაცნობა როგორებიც ამ მოძრაობაში გაერთიანდნენ. ამ დღეს ბანაკში ტორტითა და სასიამოვნო ღრიანცელით აღნიშნავდა ყველა.

იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ პარტიზანები მცირე საგანმანათლებო საქმიანობასაც ეწეოდნენ და გარდა დარგვა - დათესვის მასტერკლასებისა ბანაკში ფიზიკის გაკვეთილებიც კი იყო, ხოლო მშობლებისთვის ტრენინგებიც - ბავშვის აღზარდასთან დაკავშირებულ თემებზე.


საზოგადოება საჭიროებს არა მხოლოდ გააქტიურებას არამედ ინფორმაციას სხვადასხვა თემებზე, ზუსტად ეს არის სამოქალაქო აქტივობის საფუძველი - იყო ინფორმირებული და იცოდე რა გეკუთვნის და რა შეგიძლია მოითხოვო! (ეს ისე მოწოდების მაგივრად) 

თვის მიწურულს (28 მარტს) პარტიზანმა მებაღეებმა მერიაში პატარა მაგრამ ძალიან შინაარსიანი ფლეშმობი მოაწყვეს.


მერიის დარბაზში პიკნიკი მოეწყო. ეს იყო აქცია - "სასტუმრო პარკში? პიკინიკი მერიაში!"

დაახლოებით 20 ადამიანი მოვემზადეთ, მივედით მერიაში, შევიტანეთ პეტიცია (რომელიც ეგრეც არ განუხილავს მერიას და მგონი პირდაპირ სანაგვეში გადაყარეს) და შემდეგ უცებ გაიშალა პლედები, გაჩნდა უკულელე, ფრისბი და ბადმინტონი, ქოლგიანი და წიგნებიანი ადამიანები და რამდენიმე წუთის განმავლობაში მერიაში ისეთ ამბავი იყო თავი დიდ სკვერში გეგონებოდა.


რა თქმა უნდა დაცვა დაიბნა (არ აქვთ მითითება რა უნდა ქნან შენობაში თუ ვინმე პიკნიკს გამართავს) და ვერაფერი ქნა, ხოლოდ 5 წუთის შემდეგ ყველანი ავიშალეთ, ავლაგდით და მშვიდად გამოვედით შენობიდან - სამწუხაროდ ამ ფლეშმობმაც ვერაფერი ვერ შეაგნებინა მერიის თანამშრომლებს.




რა თქმა უნდა პარტიზანები არ დანებებულან, არ დაუყრიათ ფარხმალი, უფრო მეტად შეიკვრნენ ერთ გუნდად და უფრო კარგი იდეები დაებადათ საზოგადოებისა და ხელისუფლების გამოსაღვიძებლად.