Friday, July 25, 2014

მოგვები ხომ არ გინახავთ ქალაქის მისადგომებთან?

სულ რაღაც სამი დღეა ორსულად ვარ, უფრო სწორად მესამე კვირაა ორსულობის, მაგრამ მე გუშინწინ გავიგე.

რამე განსაკუთრებული შეგრძნებები არ მქონია. ჩვეულებრივი, მორიგი ცვლილება მგონია ცხოვრებაში, თანაც ახლა 17 წლის აღარ ვარ და იმას ვიმკი რაც დავთესე.

კრეტინი რომ იქნები ადამიანი და სხვას რომ ჭკუას დაარიგებ, ზოგჯერ შენ თვითონაც უნდა მისდიო, ყველას თუ არა, ზოგიერთ რჩევას მაინც.

სინამდვილეში სადარდებელი გამიჩნდა, ოღონდ ის კი არა, რომ სულ მალე ვიღაც ახალი, პატარა და აბსოლუტურად არაკონტაქტური ტიპი უნდა ცხოვრობდეს ჩემს გვერდით, არამედ ის საჭიროა თუ არა მისმა ბიოლოგიურმა მამამ, ანუ "სპერმის უნებლიე დონორმა" იცოდეს ამის შესახებ.
ვზივარ და ვფიქრობ, მინდა თუ არა, რომ რამე ვალდებულება ავკიდო მას და რაღაც აუცილებლობა ავიკიდო მე. მართალია არც ისე ადვილია ამ ყველაფერზე სწორი და კარგი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სადმე ვახსენე რომ სწორად და წესიერად მოქცევა მინდა? თანაც რაღა დროს სწორად მოქცევაზე საუბარია - უკვე ორსულად ვარ.


ამასთანავე კიდევ იმაზე ვფიქრობ რამდენით გაიზრდება ჩემი ხარჯები და საერთოდ ამ ჩემს 5 ოთახიან ბინაში მინდა თუ არა ცხოვრება. იქნებ ჩემს "გაჭირვების ტალკვესს" დავურეკო და ახალი ბინა ვთხოვო? ახლა გაუხარდებათქო რომ ვთქვა მეეჭვება, მაგრამ მაგარი დავალებულია და თანაც მის საფულეს დიდად არ დააზარალებს ჩემი ეს თხოვნა.

ისე ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (ვიცი მაინც მარტივად მოვაგვარებ) წარმოდგენა არ მინდა რა დაღლა ელის ჩემი გარშემომყოფების ენებს. 
ჯერ ხომ  მოწმენდილ ცაზე მეხი იქნება ჩემი ასე ორსულობა, ახლა მამის გარეშე და თუ იმასაც ვიტყვი, რომ შეიძლება ქვეყნიდან წავიდე და სადღაც სხვაგან აღვზარდო შვილი საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი დატრიალდება.

ახლა დაიწყება კითხვების კორიანტელი - სად? როგორ? ვინ? რატომ? როდის? რამდენი? რისთვის? და კიდევ ათასი სხვა ვერსია, რომელიც თავში არ მომდის, მაგრამ ისინი ნამდვილად დააგენერირებენ.

***
ასეთ თემებზე ვფიქრობდი ნახევარი საღამო, თან გამალებით ვფქვავდი მზესუმზირას. ფანჯრის მიღმა ლამპიონების რიგში ვითვლიდი რამდენი ბოძი იდგა მოსახვევიდან მოსახვევამდე და უცებ გონება გამინათდა.

გამინათდა რა სათქმელია და ფაქტიურად ატომური აფეთქება მოხდა ჩემს თავში.

მოვიფიქრე ზუსტად რა პასუხს გავცემ ყველა კეთილისმსურველს, რომლიც მამის ვინაობით (ზედმეტად) დაინტერესდება, ვეტყვი რომ:

უბიწო ჩასახვაა, მამა ღმერთი მიხვდა, რომ იესო ეულად გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სულიწმინდას გაებუტა.


***

კარგი იქნებოდა 9 თვისთვის მიმეღწია, თანაც ზაფხული არ მიყვარს და ცეცხლის სიმხურვალესაც ვერ გავუძლებ, თუ ბოლო სურვილი ამისრულეს ისევ კრიოსაყინულეში სიკვდილს მოვითხოვ : ))))

*** 
ისე ნეტა იესო მართლა მოწყენილია? თუ მამასთან ერთად გართობას ახერხებს?

Wednesday, July 23, 2014

გაფრენამდე 2 საათი რჩება

მთელი ცხოვრება მშვიდად ახერხებდა სამსახურების გამოცვლას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადადიოდა ერთი ორგანიზაციიდან მეორეში, მაგრამ როდესაც საქმე სამინისტროზე მიდგა ძალიან ბევრი წვალება დასჭირდა რომ როგორმე სასურველი თანამდებობა დაეკავებინა.

მართალია გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა. თუ რატომ იყო ასეთი რთული ამ პოზიციაზე მოხვედრა. მის ხელში გადიოდა ყველა აქტივობის ან ფსევდო აქტივობის ამსახველი და დამადასტურებელი დოკუმენტები.

ყოველდღიურად ენით აუწერელი სასწაულების ნახვა, დახარისხება და კონტროლი უწევდა. თავიდან უფროსი არც ისე კარგად იყო მის მიმართ განწყობილი, სულ რაღაცას ემართლებოდა და შენიშვნას შენიშვნაზე აძლევდა, თუმცა სულ მალე (მას შემდეგ რაც უფროსის ტრაკი რამდენჯერმე მაგრად გადაარჩინა) პატივისცემაც გაჩნდა.

ისე სულ არ სჭირდებოდა იმ კრეტინის პატივისცემა და ლაქუცი, მაგრამ მაინც მორიდებით იხდიდა ხოლმე მადლობას ყოველ შექებაზე, ხშირად აზრსაც ეკითხებოდა ყოვლად უმაქნისი უფროსი და ზუსტად ისე იქცეოდა როგორ რჩევასაც მიიღებდა.

მართალია სინდისი არ ქენჯნიდა დიდად, მაგრამ იმის განცდა, რომ რაღაცის შეცვლა შეეძლო სანამ ამ პოზიციაზე იყო  - არ ტოვებდა.



***
დეკემბრის თვეში მშვენიერი და ძალიან კეთილი გოგო გაიცნო, კორპორატიულ ღონისძიებაზე მოხვდნენ ერთად. ის გოგო ჟურნალისტი იყო, ეს რა თქმა უნდა ყველაფრის კოორდინატორი და კუდისამწევი.

ძაალიან დიდი ხანი ისაუბრეს და აღმოჩნდა, რომ კომენტარიც იქნებოდა საჭირო სტატიისთვის, უფროსის მაგაზე მოცდენაზე მაგრად მოხვდებოდა, ამიტომ ახალ ნაცნობს აღუთქვა მე დაგეხმარებიო და საღამოც მშვიდად დასრულდა ორივესთვის.

***
ახალი ნაცნობობა ახალი და ძალიან კრიმინალური ინტერესების მიმოცვლით გაგრძელდა. აქამდე არასოდეს გაუგია ეკოტერორისტებზე არაფერი, თუმცა ეს ინფორმაციული ვაკუუმი სულ მალე დაარღვია. უამრავი სტატია წაიკითხა და კიდევ უფრო ბევრ ფილმს უყურა. 
იმდენი რამე ნახა რომ გონება გაუნათდა.



***
სამინისტროში დიდი სხდომა, გნებავთ შეკრება დაინიშნა. თუკი ვინმე რამეს წარმოადგენდა და სიტყვა ეთქმოდა ყველა უნდა ყოფილიყო.
რა თქმა უნდა გეგმა თითქმის უნაკლო იყო.

***
შეხვედრის ოთახიდან გასოსვლისას როგორც გეგმაში იყო, კარის ენას სწრაფადშრობადი მეტალის შესადუღაბებელი წებო წაუსვა და ზურგს უკან უჩუმრად გამოიხურა  მოზუზუნე "ყუთში" შესაღწევი ერთადერთი საშუალება, დიდი მეტალის კარი.
დანარჩენისთვის უბრალოდ ცოტა დრო იყო საჭირო. 

***
ხელი კარგად დაიბანა საპნით და სპეციალური სადეზინფექციო საშუალებაც დაისხა, ყოველი შემთხვევისთვის.
გაფრენამდე 2 საათი რჩება

Friday, July 18, 2014

მწვანე დასვენება - პიკნიკი ვიკენდზე


უკვე სარფიანად გამოზაფხულდა, მაგრამ შვებულებამდე მაინც არის დრო დარჩენილი, ამიტომ გირჩევთ შაბათ-კვირები ახლავე გადაგეგმოთ და თბილისის სიახლოვეს არსებულ ტყეებში პიკნიკებზე სიარული დაიწყოთ.

თბილისის გარშემო მართლაც ბევრი კარგი ადგილია ერთდღიანი, გრილი პიკნიკის გასატარებლად - კოჯორი,მანგლისი, ლისი, მთაწმინდა, წავკისი ან სულაც მცხეთა.

ვფიქრობ ყველა მოპიკნიკე, რომელიც საკუთარი ავტომობილით დადის პროდუქტებს ქალაქიდან გასვლისას ან „გზად“ ყიდულობს, ხოლო საფეხმავლო ტურიზმითა და ბოდიალით დაკავებულები წინა საღამოს ან ადრეულ დილით - თუმცა რომელიც არ უნდა იყოთ თქვენ გირჩევთ ჩემს მაგალითს მიმართოთ და მშვიდ სასიამოვნო გარემოში იშოპინგოთ პიკნიკისთვის, იქნება ეს წინა საღამო, ადრეული დილა თუ შუადღის „გზად“, ადგილს კი ახლავე მოგახსენებთ.

ჩემს მიერ დაგეგმილი პიკნიკი ორ ადამიანზე გახლდათ, თანაც ვფიქრობდი, რომ რაც შეიძლება ცოტა უნდა მეყიდა, მაგრამ გემრიელი და კარგი.
შოპინგის ადგილად სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკოს“ ორთაჭალის  ფილიალი შევარჩიე (ვეძებ ხარისხისა და ფასის კარგ შესაბამისობას).


სუპერმარკეტში შესვლისას ყველაზე მეტად მომღიმარი „სტაფი“ მიყვარს ხოლმე და აქაც ასეთები დამხვდნენ, უფრო სწორად პირველი იყო დაცვის ლამაზი გოგო, ცოტა კი გამიკვირდა სხვათაშორის, მაგრამ არ შევიმჩნიე.

ფრესკოში ასე 40 წუთი დავყიალებდი, თავიდან ცოტა გამიჭირდა სისტემის დამუღამება სად რა ელაგა, მაგრამ ძალიან რთულიც არ აღმოჩნდა.


ჩემი პიკნიკისთვის მე შევარჩიე მარტივად საჭმელი, უკვე გამზადებული შესაბრაწად, სწრაფად მომზადებად - სერვირებადი რამეები.


ყველი, შვრიიანი პური, ორნაირი ცივი სადილი, რა თქმა უნდა გამზადებული სამწვადე  (თუმცა ჩემი გული სასტეიკე ნაჭრებმა უფრო მიიზიდეს მაგრამ....), გასუფთავებულ გალამაზებული შამპინიონები, ორნაირი სოუსი ჩემი საშამფურე მასალისთვის, წვენები, ოხრად სახრამუნოები, ხილი, დესერტი და ღვინოც სრული რომანტიკისთვის (სხვანაირად ვერაფერით ვერ მოვიქცეოდი)















ყველაფერი ეს რა თქმა უნდა შეფუთულ გამზადებულ მდგომარეობაში მივიღე, თანაც უსაკუთარმანქანოდ წაპიკნიკება რომ გაქვს ადამიანს გეგმაში იმაზეც უნდა იფიქრო ზურგჩანთაში არაადვილადტეხვადი და არაჭყლეტვადი რამეები გეწყოს.


ძალიან ცუდი კია როდესაც ჩემნაირი მსუნაგი ადამიანი ფრესკოსნაირ დაწესებულებაში შედის, სადაც საჭმლის ოდენობა  ცალკე სასუსნაოებია და გადაჭედილია ყველა თარო სხვადასხვა დასახელების (ზოგჯერ უცნობი) ტკბილეულობითა და ნუგბარით, თავის შეკავება გმირობის ტოლფასია.


სხვათაშორის სპეც. ქილა შედედებული რძის ყიდვაც მინდოდა (რომელიც პირველად შემხვდა საერთოდ დახლებზე თბილისში), მაგრამ უზარმაზარი იყო და მივხვდი, რომ ზურგით მაგის თრევა მეზარებოდა.


საბოლოოდ მთელი ჩემი მშვენიალური შოპინგი 68 ლარის გამოვიდა (კიდევ რამდენი რამე არ ჩამოვთვალე ხომ ხვდებით, რა აღწერდა ყველა წვრილმან სასუსნაოს), სხვათაშორის სალაროსთან მივხვდი, რომ უმჯობესი იქნებოდა „ფრესკოს“ ფასდაკლების ბარათიც მქონოდა და სულ რაღაც 5 წუთში ავიღე კიდეც.


მოკლედ საკმაოდ კმაყოფილი გამოვგოგმანდი სუპერმარკეტიდან და გულდამშვიდებული გავუდექი სახლის გზას. თანაც მე ხომ ყოველი ცხელი, სამუშაო კვირის განმავლობაში ვოცნებობ როგორ გავატარებ ვიკენდს სიგრილესა და სიმწვანეში, ხოდა თუ თქვენც ასეთი ოცნებები გაწუხებთ გირჩევთ ახლავე დაგეგმოთ მორიგი „ვიკენდი“ და მთელი დღით წახვიდეთ სადმე სიმწვანეში, მზის გულზე საგორაოდ, სუფთა ჰაერის სასუნთქად და ცოტა რომანწიკისთვისაც მოსაღამოვებულზე.

ხომ იცით როგორც გაატარებთ უქმეებს, მთელი კვირა ისეთივე „მუღამზე“ იქნებით.

პ.ს პიკნიკზე ორი რამეა მთავარი - კარგი, ამყოლი მეგობარი და გეეეეემრიელი სასუსნაოები.

Sunday, July 13, 2014

ყველაფერი უფლის ნებაა, ალბათ

ყველაფერი უფლის ნებაა - ეს იყო ჩვენი ოჯახის მთავარი წესი და არგუმენტი ყველაფერზე.

ბავშვობა უცნაურად გავატარე. როდესაც ყველა თამაშობდა მე ვლოცულობდი, როდესაც სხვები სწავლობდნენ და მეცადინეობდნენ მე ვლოცულობდი, მაშინაც კი როდესაც სხვები ლოცულობდნენ - მე ორჯერ უფრო გულმხურვალედ მიწევდა ლოცვა.

ჩვენი ოჯახი ყველა, სულ უმნიშვნელო (დანარჩენი მორწმუნებიისათვის) დღესასწაულზეც კი ეკლესიაში იყო და სრული წესის დაცვით "აღნიშნავდა" ამა თუ იმ წმინდანის სიკვდილსა და დაბადებას, მოკლედ კვირაში 5-6 დღე ეკლესიაში სიარული გარანტირებული გვქონდა.

იმდენად ძლიერი იყო ოჯახის რწმენა, რომ როდესაც ჩემს დას ტუბერკულოზი დაემართა (თავიდან უყურადღებობით შემდეგ კი ექიმების მნისვნელობის დაკნინებით) და ჩემს მშობლებს მისი განკურნება ღმერთისთვის ჰქონდათ მინდობილი, ერთი წუთიც არ უფიქრიათ ექიმთან მისვლაზე. 21 საუკუნეში ჩემი და ტუბერკულოზისგან მოკვდა, ხოლო ოჯახის სულიერმა მამამ "უფლის ნება იყო ასეთი და ეს განსაცდელი მოგივლინათო" უთხრა ჩემს მშობლებს.

დედას ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია ჩემი დის პანაშვიდებზე, მამა გულამოსკვილი ტიროდა და ზუსტად ამის შემდეგ შეირყა ჩვენი ოჯახი და ჩემი რწმენაც.

მამამ სმას მოუხშირა, როდესაც აქამდე ერთ ჭიქა ღვინოს თუ დალევდა, ისიც წასულების მოსაგონრად ან რაღაც ასეთი წესის გამო, ახლა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამდა არა ერთ ჭიქას და არა მხოლოდ ღვინოს.

ჩვენი ოჯახის მოძღვარი დედას ამშვიდებდა ეს განსაცდელიც უნდა გადალახოთო და გულმხურვალედ ლოცვას გვირჩევდა, მარხვის გარდა კიდევ ათასი სხვადასხვა რიტუალის კეთები გვიწევდა იმისათვის, რომ მამა ისევ სწორ გზაზე დამდგარიყო და ოჯახი არ დანგრეულიყო.

ამ დროისთვის უკვე 15 წლის ვიყავი და ბევრი კითხვაც მქონდა დაგროვებული. ნელ-ნელა ამ კითხვების დასმა დავიწყე, ჯერ დედას ვეკითხებოდი ხოლმე, თუმცა ჩემი კითხვების გამო თავიდან ყვირილი, ხოლო შემდეგ უკვე ქამარიც მემუქრებოდა ხოლმე, მაინც არ ვწყვეტდი ამას.



შემდეგ ჩვენს მოძღვართან, მამა იოანესთან მივედი, მისგან უარესი პასუხი მივიღე - თურმე მეც მამის კვალს მივყვებოდი ეშმაკებისკენ.

ამის შემდეგ მივხვდი, მამაჩემი ჩემს ოჯახში ყველაზე ადეკვატური იყო იმ მომენტისთვის. მართალია საშინლად თვრებოდა, ხშირად უგონო მდგომარეობაში იყო და მეზობლები ეზოშიც კი პოულობდნენ ხის ძირში წამოწოლილს, მაგრამ მხოლოდ მისდამი მქონდა პატივისცემა და სიყვარული შერჩენილი. 

ამ ყველაფერმა დედასაც ბოლო მოუღო, მის სახეზე აღარ ჩნდებოდა არანაირი ემოცია, თითქმის არ იღებდა ხმას, დღის ნახევარს ოთახში ხატების წინ ატარებდა, მამას უყვიროდა და ცდილობდა დარჩენილი ტკივილი და ბოღმა ჩემზე ამოენთხია.

ამ პერიოდში ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ვცდილობდი ბიბლიოთეკაში ან კომპიუტერის მონიტორში ჩავკარგულიყავი, რომ რეალობისთვის ამეცილებინა თავი, მაგრამ არაფრით არ გამომდიოდა.

ჩემი დის გარდაცვალებიდან 2 წელიწადში მამაც გარდაიცვალა. ერთ-ერთი დათრობისას სახლამდე ვერ მოვიდა და მანქანას ჩაუვარდა ქვეშ. 

დედა  არც პოლიციაში მისულა და არც გარდაცვლილის ამოსაცნობად. კიდევ კარგი უკვე 18 წლის ვიყავი და მე შემეძლო მამის გვამის გამოთხოვნაც და სხვა ოპერაციებიც ჩემს თავზე ამეღო. 
დედამ კუბოსთვის ფულიც კი არ მომცა, მე კი არ ვმუშაობდი იმ პერიოდში, ამიტომ  თანხის მოძიება თავად მომიწია, მამას ასე ხომ ვერ დავტოვებდი?

მაშინ პირველი ფული მოვიგე და ისეთი შოკი მქონდა დავიფიცე, რომ აზარტულ თამაშებს აღარ გავეკარები, ისეთი საშინელებები ვნახე, კიდევ კარგი ჩემს უბანში ბევრნი იყვნენ ვისთვისაც შეეძლო ჩემთვის ეს  სამყარო გაეცნო და ეთქვა როგორ უნდა მოვქეცულიყავი, რომ ბედი მეცადა და ფულის მოგების შანსიც გამჩენოდა.

მართალია 2000 ლარი დიდი ვერაფერი ფულია, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და მამა დავკრძალე. 

უკვე 3 წელი გავიდა, დედისგან წამოვედი და მას რამდენიმე თვეში ერთხელაც აღარ ვნახულობ, არაფერი არ მინდა მასთან საერთო მქონდეს, აღარც ღმერთის მხარდაჭერისა და თანადგომის არ მჯერა, თუმცა ვფიქრობ რომ ის არსებობს, მაგრამ ისეთი არაა როგორც ჩვენ გვიხატავენ.

ზოგჯერ როდესაც ქუჩაში ნაცნობები მხვდებიან მიყვებიან, რომ დედაჩემი შეიშალა და ქუჩაში სიარულისას ვიღაცეებს ელაპარაკება და ხელებს იქნევს, სამსახურიც  აღარ აქვს და პენსიით (თუ რაღაც შემწეობით) ცხოვრობს.
პერიოდულად მეზობლის ხელით პროდუქტს ვუგზავნი, არ მინდა შიმშილით მოკვდეს და ეს ჩემს მხრებზე იყოს, თუმცა მისი ნახვის არანაირი სურვილი არ მაქვს.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ღმერთის ნება იყო, იმ ღმერთისა რომლის სიკეთისა და გულისხმიერების მე აღარ მწამს.

***

რთულია დაიჯერო, რომ ამ ყველაფერს 22 წლის ბიჭი ყვებოდა, რომელიც თითქმის არასოდეს იცინის, მუშაობს ნებისმიერ სამუშაოზე რაც შეხვდება და რასაც შესთავაზებენ, ორ კვირაში ერთხელ მიდის მამისა და დის საფლავზე, ხოლო დედის მიმართ არანაირ თბილ გრძნობებს არ განიცდის.

ასეთი ცხოვრება უნდოდა ღმერთს მისთვის? როგორ დავიჯერო??

Tuesday, July 01, 2014

ასე უსახელოდ მოკვდა

მისგან ქუდი, ბევრი შეკითხვები და უცნაური მოგონებებიღა დარჩა.
სებასტიანი მოკვდა,თუმცა რა ახლა, სებასტიანიც აბსოლუტურად პირობითი სახელია.
უცნაურია, მოკვდა და დატოვა თავისი კვალი ისე, რომ დღემდე არავინ იცის ვინ იყო და ეს "თავისიც კვალიც" აბსოლუტურად აბსტრაქტული თუ ზღაპრული გამოდის.

თუ ის ის არ იყო და რაღაც შექმნა, მაშ ითვლება მისი ქმნილება მისად და რეალურად?

სიბნელეში ვისხედით და ამ თემებზე ვბჭობდით, როდესაც მოძველბიჭო გამომძიებელი დაგვადგა თავს.
- ეეემ, გამარჯობათ, მე ლადო ვარ. აი ქალბატონ ნანას რომ ველაპარაკე  და საქმეს ვიძიებ რა.
ყველამ სალმითვე ვუპასუხეთ ამ საეჭვო ტიპს, მაგრამ გვეტყობოდა რომ უფრო უკეთ მოვიკალათეთ და სეირს დავუწყეთ ლოდინი.



ამ დროს ჩვენმა სტუმარმა ნანაც შეათვალიერა თითქმის უკუნ სიბნელეშ და გულწრფელად აღტაცდა, რადგან აქამდე აფთრების ხროვაში მოხვედრილი ლეშივით გრძნობდა თავს.

- აუ, თქვენც აქ ხართ. კარგია. იმ დღეს ვერ გავუგეთ ერთმანეთს - დაიწყო ბლუკუნი, მიუხედავად იმისა, რომ ნანას დამცინავ, მაგრამ მაინც მკაცრ სახეს ვერ ხედავდა.
-დიახ, გისმენთ. შეგვიძლია რამით დაგეხმაროთ?

რამდენიმე წუთი იწრიალა ადგილზე, შემდეგ იპოვნა კომფორტული პოზა და შეცბუნებულმა დაიწყო.
-იცით, მე მინდოდა რაღაცეები მეკითხა, ვერ გავარკვიეთ ვერაფრით და იქნებ თქვენ იცოდეთ...
ჩვენს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი, გამომძიებელი ჩვენ გვეკითხებოდა რამე ხომ არ ვიცოდით და როგორ უნდა  გაერკვია დეტალები.

შემდეგ უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ამის გასანეიტრალებლად ვიღაცამ სებასტიანზე ხუმრობა წამოიწყო, გაიხსენა ბოლო დღეების შემთხვევები და შემდეგ როგორღაც ვარაუდებამდეც მივედით, კარგა ხანს ვბჭობდით ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, სადაური იყო მისი აქცენტი და საერთოდ რატომ არ შეშინდა როდესაც საზღვარი გადმოკვეთა.

ამ დროისთვის გამომძიებელი აღარავის ახსოვდა, ძალიან ბნელოდა და მხოლოდ იმით ვხვდებოდით ერთმანეთს რომ მიჯრით ვისხედით და ერთმანეთს ყურში ჩავყვიროდით.

ამ ღრიანცელში მორიდებულმა ბუტბუტმა ისე შეგვაშინა გული ყველას კოჭებში აღმოგვაჩნდა, ეგ იყო და ვიფიქრეთ სებასტიანის სული გამოგვეცხადაო.

- იცით, ამდენი რამე გცოდნიათ და რატომ არ მეუბნებოდით აქამდე? - მგონი ცოტა დებილი იყო, არა კი არაფერი მაგრამ გამომძიებელი ცოტა სხვა სიკეთეებით უნდა იყოს დაჯილდოვებული არა?

- რა გვცოდნია? - სახე დაუგრძელდა ქეთის, სახის დაგრძელება არ დაგვინახავს, მაგრამ ისეთი ინტონაციით იკითხა უეჭველი ასე იყო.



- აი, აი... - ხმა ჩაუწყდა უბედურს - რომ ასეთი ტიპი იყო და ამდენ რაღაცას აკეთებდა და

ამ მომენტის მერე სიცილი ვეღარავინ შეიკავა, ვხარხარებდით ბოლო ხმაზე.

***

სებასტიანი უცნაური ტიპი იყო, ავად თუ კარგად ახერხებდა ყველას გახალისებს და სულ ომახიანად იყო ხოლმე, სიკვდილის მერეც კი მოახერხა ისეთი სიტუაცია შეექმნა თავისდაუნებურად, რომ 10 კაცი გულის წასვლამდე აცინა.

ასე უსახელოდ მოკვდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ის იყო....

Кто что ни говори, а подобные происшествия бывают на свете, - редко, но бывают.(c)