Monday, January 27, 2014

სამიათასი ბრუნი საკუთარი ღერძის გარშემო და ცოტა კიდევ

არ ვიცი როგორ გრძნობენ სხვები, მაგრამ მე სულ მაქვს რაღაც უცნაური შეგრძნებები რომლების ახსნაც მაგრად მიჭირს იმიტომ რომ არ ვიცი რა ქვიათ, მაგრამ ზუსტად ვიცი რა უნდათ ამ შეგრძნებებს ჩემგან.

ამ ბოლო დროს დაუძლეველი სურვილი მაქვს ცვლილებების (მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მიყვარს რამის შეცვლა და მიჩვეულის გადაჩვევა)


იმდენს ვფიქრობ რა შევცვალო, თუნდაც ყველაზე წვრილმანი რამე, რომ ტვინი მიდნება და მერე თავში ჟელესავით ჭყაპუნობს.

ვფიქრობ ხოლმე საიდან დავიწყო - შევცვალო თუ არა "მე" და მისი ჩვევები, მერე ამ იდეას ვტოვებ და გარემოზე ვფიქრობ - ჯერ ადამიანებზე რომლებიც ჩემს გარშემო არიან, შემდეგ კიდევ უსულო საგნებზე.

მართალია ეს შეგრძნება ძალიან მწვავედ მაქვს და მაწუხებს კიდეც, მაგრამ ზუსტად ცვლილებების არ სიყვარულის გამოა რომ აქამდე მოქმედება არ დამიწყია, რაღაცას ველოდები და რას მე თვითონ ვერ მივმხვდარვარ.


დილაობით ვიღვიძებ შეგრძნებით რომ ჩემი კანი რაღაც სხვა არსებას აქვს წამოცმული (როგორც Men in Black-შია) და ჩემთან საერთო არ აქვს არაფერი,თუმცა საფუძვლიანი გამოფხიზლების შემდეგ  ყველაფერი ისევ ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება.

არ მანებებს თავს ფიქრები იმაზე, თუ რა არ მაკმაყოფილებს და რა შემიძლია რომ ერთი ხელის მოსმით მოვიშორო - თითქოს ცხვირმოხოცილი ხელსახოცი იყოს.
ასეთი ბევრი ვერაფერი აღმოვაჩინე და ეს ძალიან მასევდიანებს.

საკუთარი თავის ცვლილებებზე რომ ვფიქრობ საერთოდ ჟრუანტელი მივლის, იმდენად ვარ მიჩვეული და ისე კარგად მაქვს მორგებული ყველა კარგი თუ ცუდი თვისება, რომ ვერ წარმოვიდგენ როგორ უნდა მივეჩვიო ახლებს, თუმცა იმას ვიაზრებ რომ ძალიან სახალისო და საინტერესო იქნება ამ ცვლილებებზე დაკვირვება.


ალბათ ცოტა ხანში მომბეზრდება ამდენი ფიქრი, განსჯა და თავისტკივილი - ავდგები და უბრალოდ მორიგეობით მივყვები ყველა დეტალს და პუნქტს, რომელიც არ გამიძალიანდება შეეწირება კიდეც ამ წმენდა-ცვლილების პროცესს.

Saturday, January 11, 2014

ყოველი კაც-წამი ძვირფასია

იმედგაცრუების შეგრძნება რომ მეზიზღება ეს ალბათ უკვე იცით, იმდენი მაქვს ამაზე დაწერილი წარსულში.
ახლა სულ სხვა რამეზე მინდა დავწერო მაგრამ ამ შეგრძნებასთან არის მაინც კავშირში.

მაქვს ცუდი ჩვევა რომ ადამიანებზე ძალიან ვხდები დამოკიდებული, აი უბრალოდ ვიღაც კონკრეტულს ამოვიჩემებ და მერე ჩემთვის ვჭედავ.
შეიძლება ამას არაფრით გამოვხატავდე, ნუ ან ცოტა გადამეტებული ყურადღების გამოხატვით ეს შესამჩნევი ხდებოდეს, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ არ გადავამლაშო და თუ მაინც და მაინც - ჩემს თავში ვიხარშო ხოლმე.

მართალია როდესაც რაღაცას გასცემ ეს უანგაროდ უნდა გააკეთო და არაფერს ელოდო უკან, ამას აბსოლუტურად ვიაზრებ მაგრამ როდესაც რაღაც კარგის საპასუხოდ აბსოლუტურ იგნორირებას ან ზრდილობისგამო ნათქვამ ორ წინადადებას იღებ 
საწყენია.



იმ ადამიანს რა თქმა უნდა არც ვადანაშაულებ და არც პრეტენზია მაქვს, ჩემს თავზე ვბრაზდები უკიდეგანოდ.
როდემდე შეიძლება მახასიათებდეს ეს ჩაციკვლა/ამოჩემებები??

იმასაც ვხვდები რომ ადამიანების დიდი ნაწილი ყურადღება და დადებით დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ ისე იღებს თითქოს ეს ნორმაა და ასეც უნდა ხდებოდეს, აბა სხვანაირად როგორ....

მშურს მათი ასეთი თავდაჯერებულობის. წარმოუდგენელიც კია ჩემთვის.

ბოლო პერიოდია სინანულის შეგრძნება არ მტოვებს და ძალიან ვწუხვარ ყველა ზედმეტად დახარჯული წამის (ან მისი მეასედის) გამო, როდესაც ვცდილობდი და სულ ტყუილად.


მე არ ვიცი როგორ ხდებიან მეგობრები (აქამდე ამას არასოდეს დავკვირვებივარ, რაღაცნაირად თავისით გამოდიოდა), მაგრამ ახლა აუცილებლად ბევრს ვიფიქრებ ამაზე.

მე მგონი დროა მეც შევიძინო თავხედური თავდაჯერებულობა და არც ერთი ზედმეტი წამი არ დავკარგო ადამიანებზე, ახალ ადამიანებზე რომლებსაც როგორც ჩანს სულ არ ვიცნობ.

ა, ხო ახალი უნარი უნდა განვივითარო ადამიანების უკეთ ამოცნობა. ვიწყებ ამ ყველაფერზე აქტიურ მუშაობას.