Sunday, November 16, 2014

213 - X

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.


4 ნოემბერი- ანაპურნა

დილით ოთახის წინ მდელოზე გამოსულმა ანაპურნას ხედი რომ დავინახე სულ ყველაფერი დამავიწყდა. დავჯექი მდელოზე მოწყობილ სასადილოში და გავინაბე. საოცარი ხედი იყო, ენით აუწერელი. საუზმის მერე სწრაფად ჩავლაგდით და დავეშვით დამპუსისკენ - იდეაში 7 კილომეტრი უნდა გვევლო. 

როგორც მივხვდი მთელი ამათი ტრეკინგი ტყეში გაკეთებულ კიბეებზე აღმა-დაღმა სიარულია. არც ბილიკი, არც მდელო, მხოლოდ სლიპი უსწორმასწორო ქვებისგან გაკეთებული კიბე. თავიდან ომახიანად დავიწყეთ თუმცა დამპუსის შუაში ჩემს მუხლებს საქმე უკვე ძალოან ცუდად ჰქონდათ, სიარული გამიჭირდა და დიდი დრო მჭირდებოდა ყოველ ნაბიჯზე. ბაკოს მხრები ეტკინა, თუმცა მედგრად იტანდა. 

ნეპალში ძალიან სოფლებშიც კი ბავშვები თურმე სკლის ფორმებით დადიან სკოლაში, მთელი გზა საყვარელი გამოწკეპილი პატარები გვხვდებოდნენ და ეს გვახალისებდა. 
მხრები და სახეები ჩინებულად დაგვებრაწა, ქუდებს კი თავიდან არვიცილებდით რა თქმა უნდა. 

პედის გადასახვევამდე პატარა სოფლის პატარა კაფეში შევედით, ვიფიქრეთ რომ წახემსება არ იქნებოდა ურიგო, თუმცა დავგოიმდით.
50 რუპიის ღირებულების "პაჩკის" სუპი გვაჭამეს და ამაში 160 რუპია აგვახიეს.თანაც ჩეკში კიდევ უფრო მეტი ჩაწერეს.კარგია რომ ამას დავაკვირდით და სულ ძალიან არ დავგოიმდით.


ნეპალში საქართველო არავინ იცის, არც ტურისტებმა და ეს ძალიან სახალისოა.ყოველ ჯერზე ვეუბნებით რომ ისეთი პატარა მიწაა შეიძლება არც დაუნახავთ რუკაზე არასოდეს. თუმცა დღეს ტაქსისტმა გაგვაოცა - ვიცი მე ეგ ქვეყანა და თქვენ მხარეს ვიყავი რუსეთან ომის დროსო.
მთელი საღამო გათანგულები ვეყარეთ ლოგინში და საჭმელადაც კი არ გავედით. კიბეებმა დედა გვიტირა.

 ნეპალში საწყენი ისაა მხოლოდ რომ ტრანსპორტი ტურისტისთვის სხვა ფასია და ადგილობრივისთვის სხვა (ისე ნეტა საქართველოში როგორაა, არასოდეს დამდგარა ეს საკითხი აქამდე) 
აქ ტრეკინგს მოვრჩით, მეორედ ამ სისასტიკეში მონაწილეობის მიღება არ გვინდა. 

დაილოცოს ბოდიალი საქართველოში - მიდიხარ მდელო-მდელო როგორც გინდა, მშვიდად და არ ფიქრობ იმაზე რომ შემდეგი კიბე ისეთი უსწორმასწორო შეიძლება იყოს რომ უახლოეს სოფლამდე იგორო ფეხის დასხლტომისას.

1 comment:

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!