Friday, October 31, 2014

213-III

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში
.


28 ოქტომბერი - MOMO

შარჟაში (ემირატები) თვითმფრინავი ქვასავით დავარდა საფრენ ბილიკზე, ხოლო შემდეგ ტრაპიდანვე სირბილი მოგვიწია. Last call იყო თურმე კატმანდუს ფრენაზე გამოცხადებული და Security Check -ის მერე ფაქტიურად არავის არაფერი შეუმოწმებია ისე ავედით თვითმფრინავში. გავირბინეთ უზარმაზარი აეროპორტი და გიჟებივით (ქშენით) შევვარდით ბორტზე, ბორტგამცილებელმა მოსალმებაც ვერ გაგვიბედა.

აფრენის მომენტიდან ისევ ჩაგვეძინა, მაგრამ მანამდე 2 რიგით უკან მჯდომი მჩხავანა ბავშვის ალყა-ალყა დაჭრას ვგეგმავდით. ისევ უთენია გაგვეღვიძა (უკვე თითქმის 7 საათი გვქონდა ჰაერში გატარებული)
ნეპალის, კერძოდ კი კატმანდუს ხედი ზემოდან ძალიან უცნაურია. ვერ  მიხვდები ქალაქია თუ არა, ან სად იწყება და სად მთავრდება.

აეროპორტი მორიგი შოკი აღმოჩნდა.
მე მგონია, რომ ნეპალში ყველა ბედნიერია, სულ ყველა, მიუხედავად ყველაფრისა. 
აეროპორტშივე შევავსეთ ვიზის აპლიკაციები და 15 წუთში ბარგის მომლოდინეთა რიგებში ჩავეწერეთ. 

ბარგაკიდებულები მივხვდით, რომ მოფსმა არის ნეტარება და ტუალეტი მოვძებნეთ. 4 კაბინიდან 3-ს ეწერა Foreigners და მეოთხეს არაფერი. განსხვავება უნიტასი და თურქული ტუალეტი იყო მხოლოდ.
შემდეგი გაოცება იყო როდესაც ტუალეტში ხელები მორუხო-მწვანე წყლით დავიბანე და ვერაფრით ჩამოვყალიბდი ერქვა თუ არა ჩემს ხელებს დაბანილი.

აეროპორტის გამოსასვლელში ჩვენი ბარგის ნომერი შეამოწმეს, როგორც ჩანს აქ ჩვეული ამბავია სხვისი ბარგის წაღება აეროპორტიდან, როდესაც დარწმუნდნენ სხვისი არაფერი გვქონდა - გამოგვიშვეს.

ნეპალში უცნაური სუნია. როდესაც დათამ მითხრა "ნეპალის სუნს თუ ვიგრძნობ იქიდან აღარსად წავალო", მაშინ ვერაფერს მივხვდი. ახლა მგონია, რომ ზუსტად ამ არომატზე საუბრობდა რომელიც გაჯერებულია ყველაფრით (არ ვაჭარბებ) - სანელებლებით, მტვრით, დაჭყლეტილი ბალახით, ხალხის და ნამწვის სუნით - მოკლედ საოცარია მართლა.

ქალაქში შენობები მიჯრით დგას და ალბათ თბილისი აღარასოდეს გამაოცებს ამით.
წინასწარი გადახდის ტაქსით ჰოსტელამდე მივჩაქჩაქდით - ოღონდ მანამდე ტურ - ოპერატორი ჩაგვიხტა და ცდილობდა ჩვენთვის სხვადასხვა სერვისი შემოესაღებინა, მაგრამ როცა მიხვდა აზრი არ ჰქონდა ჩახტა ტაქსიდან და მოგვაძახა შემდეგ 20 წუთს ვეღარ დავხარჯავო.

გასავათებულები დავეყარეთ ჰოსტელში საწოლზე, თუმცა ჩვენი Mixed Dorm-ის მაცხოვრებელმა ფრედერიკმა და აღიელამ საჭმელად წასვლა შემოგვთავაზეს და ჩვენც დავნებდით. წინა შუადღით გვქონდა ბოლოს ნაჭამი.

19 დოლარგადახდილზე, რომელიც ჰოსტელის 3 დღეზე გადავიხადეთ 2 დოლარიანი მსუყე სადილი მომოებით, ბრინჯით და სუპით მართლაც საოცარი იყო.
გაგვაფრთიხლეს საჭმელზე ფრთხილად იყავითო, მაგრამ ვაგზლის მოედნის ფენოვანზე უარესი აქ რა უნდა გვაჭამონ არ ვიცი, ამიტომ ყველაფერს ვსინჯავთ რაც გვხვდება.

მომოები პატარა პილმენსა და ვარენიკს შორის  არსებული რამეა, რომელსაც ათასნაირი გულსართი შეიძლება ჰქონდეს - მე ბოსტენულის გავსინჯე და შიგნით სტაფილო, კომბოსტო და კოჭა აღმოჩნდა (მომოებს ხარჩოსმაგვარი სოუსი მოყვება ცხარე)

ნაჭამზე ცოტა თვალებში გამოვიხედეთ და რამდენიმე ნაბიჯით გავცდით კიდეც ჰოსტელს. წყალი უნდა გვეყიდა აუცილებლად.

სულ ეს იყო ამ დღის თავგადასავლები. მას მერე ჰოსტელში ვეყარეთ და თანამეოთახეებს ვესაუბრებოდით. ბევრი საინტერესო რჩევაც მივიღეთ და ვფიქრობ ახლა ცოტა უფრო გაგვიადვილდება რაღაცეები.

როგორც არ უნდა იყოს ახლა ხომ უკან დახევის დრო აღარ არის!

პ.ს 3 აეროპორტი გავიარე და ვერავინ მიხვდა, რომ ჩანთაში საჭმელი მედო ჩურჩხელების სახით (ასე რომ ისინი თვითმფრინავში მქონდა თან)

პ.პ.ს 1 წელია მაქვს ამულეტი, რომელიც იდეაში სულიერი და პიროვნული ზრდისთვის იყო და მას არასოდეს ვიხსნიდი. ის ნეპალში ჩამოსვლის დღეს დავკარგე - იქნებ რამე ნიშანია?

აქამდე არაფერ მასეთი არ მოსვლია და ჯერ სტამბოლიდან გამოფრენისას მომძვრა და დავიჭირე და ნეპალში ის საბოლოოდ დაიკარგა.


ფოტოები იხილეთ ჩემს ფეისბუქზე (ატვირთვის შანსი არ მაქვს)

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!