213 - II

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.


27  ოქტომბერი - სტამბოლი


10 საათი მეძინა ბაკოსთან რანდევუმდე, თუმცა დაძაბულობისგან გამოძინება მაინც ვერ მოვახერხე.
სახლიდან დანარჩენებთან ერთად გავედი დილის 10 საათზე, ბაკოც უქვე ქალაქში იყო, მისი მესიჯის საშუალებით შევიტყვე ეს და საბოლოოდ ადრეულად შეხვედრა გადავწყვიტეთ. (ისე კი ლურჯ მეჩეთთან უნდა შევხვედროდით ერთმანეთს 12 საათზე)
კიდევ კარგი ამ საუკუნეში მობილურები და როუმინგი არსებობს, თორემ მტრედების "დასეთინგება" ძალიან გაჭირდებოდა.

სტამბულის ევროპულ ნაწილში ბაკოს ძებნამ საკმაო დრო წაიღო, ბედი არ გინდა ერთ პატარა ქუჩაზე 3 მაკდონალდსი ყოფილა.

ისე უნდა აღვნიშნო , რომ მიუხედავად ინგლისური მინიშნებების არარსებობისა სტამბულში ყველაფერს მიაგნებ - თურქულად ყოველ კუთხე-კუნჭულში აწერია რა არის და სად არის, მთავარია რუკასთან მოახდინო სინქრონიზება და ეგაა. (ალფავიტი ლათინური აქვთ, თითქმის)

სულთანაჰმედის ტრამვაის გაჩერებაზე ქუჩის გადაღმა ვიდექი და მისი მოძებნა მაინც გამიჭირდა იმდენი ხალხი იყო. როგორც კი შევხვდით ლურჯი მეჩეთის სანახავად გავეშურეთ, ბაკო ისე არაფრით არ დამნებდებოდა სტამბულიდან წამოსვლას - როგორც სჩვევია ყველაფერი უნდა ნახოს რაც რუკაზეა ღირშესანიშნაობად მონიშნული.

მეჩეთში ლოდინი მოგვიწია. ტურისტებისთვის შესვლა ორ საათში ერთხელ, ერთი საათით არის დაშვებული მხოლოდ (ლოცვებს შორის).
შესასვლელში შეგიძლია ითხოვო თავსაფარი, ქვედაბოლო ან გაშლილი ბურკასმაგვარი ზედა, თუ შეუფერებლად გაცვია.
ბაკოს ელასტიკებს სწრაფშემოკვრადი ქვედაბოლოთი დაფარვა მოუწიათ, მე კიდევ იმხელა რამეები მეცვა, რომ აბსოლუტურად უფორმოდ გამოვიყურებოდი. 
რიგი სწრაფად გადიოდა, ზოგადად ევროპელები მშვენივრად იცავენ რიგის წესს. 
იცოდეთ - ლურჯი მეჩეთის კარამდე უნდა მოასწრო მოძრავ ნაკადს ფეხი აუწყო, ფეხზე გაიხადო, ცელოფნის პარკები მოხიო, ფეხსაცმელი მათში ჩადო და გზა განაგრძო. გეტყვით, რომ სერიოზული გამოცდაა ეს ყველაფერი და კარგ ვესტიბულარულ აპარატსა და ბევრ თავისუფალ ხელს საჭიროებს.

ამ ყველაფრის შემდეგ იწყება ჩასუნთქვა. უდიდესი თაღები, ნაირ-ნაირი ორნამენტებით, უცნაურად ჩამოშვებული დიდი სანათებით და ძალიან ბევრი ხალხი.
მლოცველების ტერიტორია ტურისტებისგან მკაცრად არის დაცული.არ მეგონა თუ მართლაც ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი იქნებოდა ლეგენდარული ლურჯი მეჩეთი.
ამის შემდეგი სირთულე წვიმიან ამინდში წინდებით გარეთ გამოტანტალება და დასველებამდე ფეხსაცმლის ჩაცმაა - თავი ამასაც წარმატებით გავართვით .

აია სოფიასა და ტოპკაპის მუზეუმებში ცხვირიც ვერ შევყავით - ორშაბათობით ისვენებენ, ამიტომ მუცლის ამოყორვა გადავწყვიტეთ და ლახმაჯუნისა და ჯაჯიკის საჭმელად ერთ-ერთ კაფეში შევედით. კარგა ბევრი ფული კი აგვახიეს ამ ერთი ბეწო ბედნიერებებში - დაახლოებით 10 დოლარი დაგვიჯდა.

ბორანის სალაროები ადვილად ვიპოვნე, კადიკოის ბილეთებიც ავიღეთ და ბორანზე ავედით(სტამბული დაყოფილია უბნებად და ოლქებად, ამიტომ აუცილებელია იცოდე უბანი რომელშიც მიდიხარ რა ოლქს ეკუთვნის). როგორც აღმოჩნდა ბაკო პირველად იყო ბორნაზე და მაშინ როდესაც აკვირდებოდა სრუტეს, ჩვენს წინ დელფინებმა დაიწყეს ხტუნვა.  მე პირველად ვნახე თავისუფალი დელფინები ასე ახლოს, სამნი იყვნენ და ძალიან ხალისობდნენ ბორანთან ხტუნვით.

კადიკოის ავტოსადგურზე გადასვლისას შემდეგი ამოცანა დაგვიდგა წინ - სახლამდე უნდა მიგვეგნო. მართალია მქონდა დამახსოვრებული რამდენიმე ადგილი რის მიხედვითაც უნდა მივხვედრილიყავი სად ვიყავი, მაგრამ როდესაც არ იცი როგორ გადაადგილდება ტრანსპორტი და რას გაივლის ეს ცოტა რთულია.

სწორი ავტობუსი ვიპოვნეთ, თუმცა მანამდე ვიღაც თურქმა ბაკო არ დაინდო და მშვენიერი გუბიდან წყალიც გადაავლო.
გაჭედილი, დაორთქლილ ფანჯრებიანი ავტობუსიდან მოვახერხე ორიენტირება და სწორ გაჩერებაზეც ჩამოვედით - თუმცა ძლივს, 10 ადამიანს ფეხი დავადგით, 3-4ს დავეჯახეთ და ჩანთაც გავკარით, მოკლედ დაუზიანებელი თითქმის არავინ დაგვრჩა.

სახლის გასაღები ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ სახლთან ახლოს მდგომ კარფურში შევედით და პირველი რაც ვიპოვნეთ ტუალეტთან არსებული უფასო ვაიფაი იყო, ამიტომ იქ დიდხანს გავეჩხირეთ, შემდეგ დაბუჟება რომ ვიგრძენით პირველ სართულზე საცხობ-კაფეტერიაში ჩავედით და ჩაი მივირთვით. 
გედის (ადამიანს რომელსაც სახლში უნდა შევეყვანეთ) დაახლოებით 1 საათი ველოდეთ და ცოტა ავნერვიულდით კიდეც, ჩანთების გადალაგება უნდა მოგვესწრო და აეროპორტში დროზე მივსულიყავით - სტამბულის საცობებში კი ეს არც ისე ადვილია.  ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ბაკომ ცოტა წაძინებაც კი მოასწრო აეროპორტში წასვლამდე, დანარჩენებმა ცოტა ვისაუბრეთ და ისევ გედის მოუწია ჩვენი წაყვანა აეროპორტში.


ღამე და ახალი დღე აეროპორტში დაიწყო. უზარმაზარ ჩანთანათრევები ავეხვეტეთ თვითმფრინავში და ეგრევე დაგვეძინა.

ფოტოები იხილეთ ჩემს ფეისბუქზე (ატვირთვის შანსი არ მაქვს)

Post a Comment

0 Comments