მოგვები ხომ არ გინახავთ ქალაქის მისადგომებთან? - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, July 25, 2014

მოგვები ხომ არ გინახავთ ქალაქის მისადგომებთან?

სულ რაღაც სამი დღეა ორსულად ვარ, უფრო სწორად მესამე კვირაა ორსულობის, მაგრამ მე გუშინწინ გავიგე.

რამე განსაკუთრებული შეგრძნებები არ მქონია. ჩვეულებრივი, მორიგი ცვლილება მგონია ცხოვრებაში, თანაც ახლა 17 წლის აღარ ვარ და იმას ვიმკი რაც დავთესე.

კრეტინი რომ იქნები ადამიანი და სხვას რომ ჭკუას დაარიგებ, ზოგჯერ შენ თვითონაც უნდა მისდიო, ყველას თუ არა, ზოგიერთ რჩევას მაინც.

სინამდვილეში სადარდებელი გამიჩნდა, ოღონდ ის კი არა, რომ სულ მალე ვიღაც ახალი, პატარა და აბსოლუტურად არაკონტაქტური ტიპი უნდა ცხოვრობდეს ჩემს გვერდით, არამედ ის საჭიროა თუ არა მისმა ბიოლოგიურმა მამამ, ანუ "სპერმის უნებლიე დონორმა" იცოდეს ამის შესახებ.
ვზივარ და ვფიქრობ, მინდა თუ არა, რომ რამე ვალდებულება ავკიდო მას და რაღაც აუცილებლობა ავიკიდო მე. მართალია არც ისე ადვილია ამ ყველაფერზე სწორი და კარგი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სადმე ვახსენე რომ სწორად და წესიერად მოქცევა მინდა? თანაც რაღა დროს სწორად მოქცევაზე საუბარია - უკვე ორსულად ვარ.


ამასთანავე კიდევ იმაზე ვფიქრობ რამდენით გაიზრდება ჩემი ხარჯები და საერთოდ ამ ჩემს 5 ოთახიან ბინაში მინდა თუ არა ცხოვრება. იქნებ ჩემს "გაჭირვების ტალკვესს" დავურეკო და ახალი ბინა ვთხოვო? ახლა გაუხარდებათქო რომ ვთქვა მეეჭვება, მაგრამ მაგარი დავალებულია და თანაც მის საფულეს დიდად არ დააზარალებს ჩემი ეს თხოვნა.

ისე ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (ვიცი მაინც მარტივად მოვაგვარებ) წარმოდგენა არ მინდა რა დაღლა ელის ჩემი გარშემომყოფების ენებს. 
ჯერ ხომ  მოწმენდილ ცაზე მეხი იქნება ჩემი ასე ორსულობა, ახლა მამის გარეშე და თუ იმასაც ვიტყვი, რომ შეიძლება ქვეყნიდან წავიდე და სადღაც სხვაგან აღვზარდო შვილი საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი დატრიალდება.

ახლა დაიწყება კითხვების კორიანტელი - სად? როგორ? ვინ? რატომ? როდის? რამდენი? რისთვის? და კიდევ ათასი სხვა ვერსია, რომელიც თავში არ მომდის, მაგრამ ისინი ნამდვილად დააგენერირებენ.

***
ასეთ თემებზე ვფიქრობდი ნახევარი საღამო, თან გამალებით ვფქვავდი მზესუმზირას. ფანჯრის მიღმა ლამპიონების რიგში ვითვლიდი რამდენი ბოძი იდგა მოსახვევიდან მოსახვევამდე და უცებ გონება გამინათდა.

გამინათდა რა სათქმელია და ფაქტიურად ატომური აფეთქება მოხდა ჩემს თავში.

მოვიფიქრე ზუსტად რა პასუხს გავცემ ყველა კეთილისმსურველს, რომლიც მამის ვინაობით (ზედმეტად) დაინტერესდება, ვეტყვი რომ:

უბიწო ჩასახვაა, მამა ღმერთი მიხვდა, რომ იესო ეულად გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სულიწმინდას გაებუტა.


***

კარგი იქნებოდა 9 თვისთვის მიმეღწია, თანაც ზაფხული არ მიყვარს და ცეცხლის სიმხურვალესაც ვერ გავუძლებ, თუ ბოლო სურვილი ამისრულეს ისევ კრიოსაყინულეში სიკვდილს მოვითხოვ : ))))

*** 
ისე ნეტა იესო მართლა მოწყენილია? თუ მამასთან ერთად გართობას ახერხებს?

Blog Archive

Subsrcribe