Tuesday, December 31, 2013

ისევ ხელიდან გამომეცალა, იმედია შემდეგს არ გავუშვებ ასე

არც კი ვიცი რა დავწერო 2013 3შესაჯამებლად.
ამ წელს იმაზე ცოტა პოსტი მქონდა ვიდრე გასულ წლებში, თუმცა მაინც ვწერ, როცა შემიძლია და როგორც შემიძლია.


მახარებს ის რომ წელს ბევრი საინტერესო და სასაცილო თავგადასავალი მქონდა.
მართალია წლის To-Do ლისტიდან მხოლოდ 8% შევასრულე (არადა შარშან 60%იანი შესრულება მქონდა) მაგრამ დიდად არ მაღელვებს ეგ ამბავი.

წლის განმავლობაში ბევრი ვიბოდიალე, როგორც იქნა ვნახე თუშეთი, ხოლო დაბადების დღეზე მთელკვირიანი თრიფი მოვაწყვეთ მე და ბაკომ.


იყო იმედგაცრიუებებიც (რასაც ვერ ვიტან), მონატრებებიც და ბევრი ბევრი გაბრაზებები.
მერე რა სამაგიეროდ როდესაც ასეთ მომენტებს ვიხსენებ ვხვდები რომ სულაც არ ვცხოვრობ მოსაწყენად.

ისე ვფიქრობდი და რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო მეტ მეგობარს კარგავ, ვიდრე იძენ - ვერაფრით ჩამოვყალიბდი ეს ჩემი სიგიჟის ბრალია თუ ჩვეულებრივი კანონზომიერებაა.


მომავალი წლისთვის რა თქმა უნდა To-Do ლისტში დარჩენილი პუნქტები ისევ ძალაშია, მაქვს იდეებიც და გეგმებიც მაგრამ უპირველესი მაინც სიზარმაცის დამარცხებაა, თორემ ვერაფერსაც ვერ გავაკეთებ და ასე 8%იანი შესრულების იმედადღა დავრჩები რაც არც ისე სარფიანია.

ამ წელს 26 წლის გავხდი (ანუ როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა "პად ტრიცაწ" ვარ) მაგრამ სულაც ვერ ვგრძნობ ამას, თავი ისევ სადღაც 20 წლის ღლავი მგონია და ძალიან ვიბნევი როდესაც ასაკის დასახელება მიხდება.

განწყობა მთელი წელი ძალიან ცვალებადი მქონდა, თუმცა ძირითადად დადებითი და სათნო.

მააგრამ... ეს არ ნიშნავს რომ აღარ მინდა კაცთა მოდგმის გადაშენება და დახოცვა - ეს ისევ მინდა.


ხოდა მეტის დაწერას აზრი არ აქვს, მთავარია მონდომება და მერე მოქმედება, დანარჩენს მოევლება (ცოტა ფულითაც კი).

გილოცავთ 2014 წლის მოსვლას!


Tuesday, December 24, 2013

საქმე რომელსაც თავმოყვარე ადამიანი არ უნდა ახმაურებდეს

მეც იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ყველაფერს აპროტესტებდა, თავისუფლებისთვის  "იბრძოდა", მშობლების თაობას აკრიტიკებდა მოკლედ განსხვავებულობისთვის ხმალამოღებული იბრძოდა.


შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ჩვეულებრივი საზოგადოებისთვის მისაღები (თუ მიღებული) წევრები ვართ და მშვიდი ცხოვრებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, კარგად ვმუშაობთ, წესიერად ვიქცევით, კანონს არ ვარღვევთ და მოკლედ საზოგადოების მოთხოვნებს მოვერგეთ.

ზოგჯერ ძალიან მბეზრდება ხოლმე ნორმალურობა და მაშინ ვიწყებ გაგიჟებას.
ჩემი გაგიჟებები ასე 3-4 წელია რაც დაიწყო, თუმცა გულმოდგინედ ვმალავ ამ ყველაფერს სხვენში იმიტომ რომ სულაც არ მინდა ცეცხლზე დამწვან ამ საუკუნეში.

მაგალითად, ბოლო დროის აკვიატება მაქვს - როდესაც ფრჩხილებს ვიჭრი ვცდილობ არ გატყდნენ, შემდეგ კი ძალიან წვრილი ნემსის დახმარებით ძაფზე ვაგებ და საღებავში ვაწობ, რომ გაშრება კიდევ და ასე რამდენჯერმე. ახლა მე დაახლოებით 36-მდე ფრჩხილის ჩურჩხელა მაქვს კედელზე დაკიდებული და ვტკბები ამით.

მანამდეც მქონდა ერთი აკვიატება - ცხვირმოხოცილ ხელსახოცებს ვაგროვებდი. ყოველ დილით პირველი რასაც ვაკეთებდი ცხვირს ვიხოცავდი, შემდეგ ამ ხელსახოცს მზეზე ვდებდი და ველოდებოდი როდის გამოშრებოდა შემდეგ კი ჩარჩოში ვსვამდი.


ახლა უდიდესი მონახოცების კოლაჟი მაქვს, რომელიც დაახლოებით 6 თვის პერიოდს ითვლის, ისე ცოტა თუ დააკვირდებით იქ მონალიზასაც იპოვნით და დალის საათებსაც.

ჰო მეც ვიცი, რომ ეს ყველაფერი არც ერთ ნორმაში არ ჯდება და საღ აზრსაც მოკლებულია, მაგრამ ძალიან მართობს ასეთი უაზრო კოლექციები. 
ეს ჩემი ხერხია პროტესტის გამოხატვის, მერე რა რომ არავინ იცის. მთავარია მე ხომ ვამაყობ რომ ყველას აზრით ყველაზე ამაზრზენი რამეებით ვარ დაკავებული?

კიდევ ჩემი თმებისგან დაწნული მათრახიც მაქვს, მართალია მოკლეა ჯერ, მაგრამ ნელა ნელა მივამატებ სიგრძეს, სწრაფად არ გამოდის თმების შეჭრა, მენანება წელიწადში ორ ჯერზე მეტად.

სხვენის გასაღებს საგულდაგულოდ ვმალავ, თანაც ხშირად ვუცვლი სამყოფელს რომ ვინმე არ წააწყდეს და არ ნახოს ეს ყველაფერი.

ახლა სულ ახალი იდეა მაქვს, მაგრამ ამისთვის ფოტოაპარატი და პრინტერი დამჭირდება - ყოველ დღე ჩემს ფეკალიებს ფოტო უნდა გადავუღო და მთელი კედელი შევავსო ამ ფოტოებით.


თუ თქვენც გაქვთ რამე მსგავსი საინტერესო გატაცება გამიზიარეთ, მოხარული ვიქნები და პირობას გაძლევთ არ გაგთქვამთ.

Thursday, December 05, 2013

სულიერად ავადმყოფი სინდისი - იყო კარგი არც ისე ცუდია










ეს ლექსი ღრმა ბავშვობაში მასწავლეს და სულ რაკარუკით ვყვებოდი, მაგრამ სულ მაწუხებდა ორი კითხვა (და ისინი დღემდე არ გამქრალა) რატომ? და ვინ დათქვა?
 სამწუხაროდ არასოდეს ვიცოდი და ვერ ვხვდებოდი რა იყო ცუდი და რა კარგი. ვერ ვხედავდი განსხვავებას საქციელებს შორის, არც სინდისის ქენჯნა მაწუხებდა.
დაახლოებით 3 წლის ვიყავი სესილი რომ გავიცანი. ძალიან საყვარელი, მრგვალლოყება და სათნო ვინმე იყო.



როგორც ბავშვებმა იციან - უცებ დავმეგობრდით და ხელჩაკიდებულები დავდიოდით ხოლმე სულ.
იმ დღიდან სესილი ჩემს ნამუსად იქცა, მხოლოდ მას  შეეძლო გადაეფიქრებინა ჩემთვის რამის გაკეთება, მხოლოდ მისი ნათქვამი იყო ჩემთვის ჭეშმარიტება და იმის მაჩვნებელი, რომ ჩემი საქციელი არ იყო კონკრეტული მომენტისთვის შესაფერისი.
მიუხედავად ამისა ვერც სესილი მიხსნიდა რა განსხვავება იყო კარგ და ცუდ საქციელს შორის, ან რის მიხედვით უნდა განმესაზღვრა, ან რატომ უნდა განმესაზღვრა საერთოდ.

ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს მეზობელ ელმირას გული უღონდებოდა როდესაც კორპუსის მოპირდაპირედ მდგარ ნანგრევებში დავრბოდი და მესამე სართულის კიდეზე ვეკიდე, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი რატომ იყო ეს საქციელი ცუდი.

ვერც იმას ვხვდებოდი რატომ მსჯიდენ თუ არ შევჭამდი მთელ თეფშ საზიზღარ სუფს და რატომ მეძახდნენ ცუდ გოგოს ამ დროს.

სამწუხაროდ სესილი 24 საათი ჩემს გვერდით ვერასოდეს იყო და შესაბამისად მეც მქონდა ხოლმე მომენტები, როდესაც აბსოლუტურ გაუგებრობაში ვხვდებოდი.

იყო შემთხვევა, როდესაც ჩემს კლასელ ნოდარიკოს ჩანთაში მთელი ქილა წებო ჩავუსხი და მშვიდად ველოდებოდი როდის ახარხარდებოდა (რომ ავყოლოდი) როდესაც ერთმანეთზე ქაოტურად მიწებებულ წიგნებს და რვეულებს ნახავდა, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც წარმომედგინა.

ნოდარიკომ ღრიალი ატეხა "პენალი გამიფუჭდა და ხელი გამესვარაო", დიდი ხანი არ უძებნიათ დამნაშავე, ამ სულელი ბიჭის უკან ბოლო მერხზე მე ვიჯექი მხოლოდ. ნოდარიკოს ცუდი იუმორის გამო ძალიან დავისაჯე, მაგრამ დღემდე არ ვიცი რატომ იყო ეს საქციელი ცუდი, დარწმუნებული ვიყავი მე და ნორდარიკოს გულიანად უნდა გვეხალისა....



კიდევ იყო - როდესაც სესილის ვიღაც ბიჭი თმებს წიწკნიდა ხშირად, ხოდა მეც გადაწყვიტე მიმეხვედრებინა ის ბიჭი, რომ არაა სასიამოვნო ეს საქციელი. მასთანაც ჩემი გენიალური იარაღი წებო გამოვიყენე და ქუდში ჩავუსხი. მთელი გეგმა გათვლილი მქონდა - როგორ დაიხურავდა ის წებოიან ქუდს, როგორ მოვიცდიდი რამდენიმე წუთი სანამ წებო შეშრებოდა და მერე როგორ ავაძრობდი თავიდან იმ ქუდს ხელის მკვეთრი მოძრაობით.
რა თქმა უნდა აქაც არ წავიდა საქმე ისე როგორც მე ვგეგმავდი (თუმცა წებომ გაამართლა და თითქმის გავამელოტე სესილის კლასელი). ქუდის აგლეჯვა სკოლის მედდას მოუწია იმ ბიჭის თავიდან, მე კიდევ ცოტა დამაკლდა, რომ სულ მათრახით არ ვეცემე სკოლის სასწავლო ნაწილს.

მე კი დღემდე მგონია, რომ ძალიან ადეკვატური საქციელია როდესაც ადამიანს მისი საქციელის საკუთარ ტყავზე შეგრძნების შესაძლებლობას აძლევ - რატომღაც სამყაროში ასე არ ითვლება.

ამის შემდეგ ბევრი თავგადასავლები მქონდა, ძირითადად იმ დროს როდესაც სესილი არ იყო ახლოს, რომ მინიმუმ თვალით ენიშნებინა ღირდა თუ არა ჩემი იდეის განხორციელება. ძირითადად უსიტყვოდ ხვდებოდა ხოლმე რისი გაკეთება მინდოდა, თუმცა ხშირად ვუყვებოდი კიდეც და ველოდებოდი მისგან დასტურს.

ყველაზე სახალისო ჩემს ცხოვრებაში ბიჭებთან ურთიერთობა იყო, ამ დროს სესილი არ ერეოდა ხოლმე არაფერში, არც რჩევას მაძლევდა და არც მარიგებდა ასე მოიქეციო. ყველა პაემანის თუ უბრალო შეხვედრის შემდეგ ვუყვებოდი განვითარებულ მოვლენებს და  ისე გულიანად ხითხითებდა ჩემს მიერ მოყოლილ ამბებზე, რომ მზად ვიყავი ნებისმიერი თავში მოსული აზრი იმ წუთასვე განმეხორციელებინა ჩემს გულისსწორებზე, ოღონდაც შემდეგ ამ ამბის მოყოლისას სესილის უბედნიერესი სიცილი მენახა.



მხოლოდ ეს იყო  ერთადერთი სფერო სადაც სესილი არაფერს მიშლიდა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ისმენდა ჩემს ყველა იდეას. დასანანი მხოლოდ ის იყო, რომ ჩემი ბიჭები სულ რაღაც 1 კვირა თუ უძლებდნენ ყველაფერს, შემდეგ კი სულ "გიჟი ხარს"
ძახილით გარბოდნენ ჩემგან, თუმცა ეს არ მადარდებდა დიდად.

ასე იყო ყველაფერი ზღაპარივით, სანამ სესილი არ წავიდა სხვა ქვეყანაში. მართალია დიდი ხნით არა, სულ 2-3 წლით, მაგრამ ჩემთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია.

წარმოიდგინეთ დავკარგე 3 სამსახური იმიტომ, რომ არავინ მყავდა ვისაც გავუზიარებდი ჩემს იდეებს და ვინც მირჩევდა რომ უფროსს მასეთი რამე არ უთხრაო.
ამ პერიოდში დავიწყე ვინმეს ძებნა ვინც მომცემდა რჩევებს და შეძლებდა ჩემს მოსმენას, თორემ სიტუაცია გამოუვალი ხდებოდა.

სამწუხაროდ როდესაც ასეთი ადამიანი ვიპოვნე თურმე უკვე იმდენი "ცუდი" საქმე მქონდა გაკეთებული, რომ სულიერად დაავადებულებისთვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებაში მომათავსეს.

სამ წელზე ცოტა ნაკლები გავიდა რაც პირველად შემოვდგი ფეხი ამ შენობაში. თავიდან ძალიან მიჭირდა იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდნენ, ყველა მითითება გაუგებარი მეჩვენებოდა.
ნელა-ნელა მივხვდი, რომ აქაც მასწავლიდნენ და მიმითითებდნენ რა უნდა გამეკეთებინა და რა არა. დროთა განმავლობაში საქმე მეტად გამიადვილდა, თუმცა ყველაზე რთული მაინც ის იყო როდესაც პასუხს მთხოვდნენ რატომ იყო ესა თუ ის საქციელი ცუდი, როდესაც ჩემგან არგუმენტებს და ახსნას ითხოვდნენ იმის დასტურად რომ ყველაფერს მივხვდი.



ვერაფერსაც ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ამ დროისთვის სესილი ცოტა ხნის დაბრუნებული იყო და ყოველ კვირას მოდიოდა ჩემს სანახავად. სიტყვა სიტყვით მამახსოვრებინებდა სხვადასხვა პასუხებს იმ უაზრო კითხვებზე, რომელსაც მკურნალი ექიმი მისვამდა და შემდეგ მიდიოდა ხოლმე. თითქმის ძაღლივით მწვრთნიდა რომ სწორი პასუხები უცებ მეპოვნა და სწორად შემესაბამებინა ჩემთვის გაუგებარ კითხვებზე, მალე უნდა გავეყვანე თავისუფალ გარემოში და ყველაფერი დაბრუნებულიყო ჩვეულ რითმში.

მართალია ზოგჯერ ძალიან ვირეოდი და ვერ ვპასუხობდი, მაგრამ ძირითადად გამომდიოდა სწორი პასუხი მომეძებნა და ექიმიც თვლიდა, რომ თითქმის განკურნებული ვიყავი.
სინამდვილეში დღემდე არ ვიცი რისგან მკურნავდნენ, მე ხომ მაინც ვერ გავიგე სად არის ზღვარი იმათ შორის რასაც კარგს და ცუდს ეძახიან?

ამ მომენტისთვის ცხოველთა თავშესაფარში ვმუშაობ და ჩემს თანამშრომლებს ჰგონიათ რომ სასწაული მოვახდნე, რომ განვიკურნე წარმოუდგენლად რთული მენტალური პრობლემისგან.
ისინი ხშირად მეუბნებიან რომ ძალიან კარგი ადამიანი ვარ იმიტომ რომ არ ვნებდები, ცხოველებს ვეხმარები, რომ ყველას მიმართ კეთილი ვარ და ძალიან ძლიერი ნებისყოფა მაქვს.




საინტერესოა ისევ ეგრე მეტყოდნენ რომ იცოდნენ იმის შესახებ  რომ ყოველ დილით უმ ხორცს ვჭამ, ჩემი მეზობლის ბოსტანში სპეციალურად ვასხამ შხამიან ნივთიერებებს რომ წამებით მოკვდეს როგორც მისი ძაღლი მოკლა ცოტა ხნის წინად, ვერ ვიტან მტვრის გადაწმენდას და დაგროვილ მტვერს ქილებში ვაგროვებ შემდეგ კი მზეზე ვდგამ- სესილიმ მითხრა რომ ჯობია ამ ყველაფერზე არავის არაფერი არ მოვუყვე, მეც ჩვეულებრივ ვუჯერებ, მას უკეთ ესმის გარშემომყოფების.

სესილი რომ არა ალბათ აქამდე კიდევ ბევრ ხათაბალაში გავეხვეოდი ამ უცნაური ადამიანების გარემოცვის გამო.
ძალიან მიკვირს რატომ ჰბაძავენ ერთმანეთს მიუხედავად იმისა მოსწონთ თუ არა ის რასაც აკეთებენ?

დიდად არ ვწუხვარ მათი რომ არ მესმის მაგრამ მეშინია რომ ისევ სადღაც ოთხ კედელს შუა გამომამწყვდევენ მათი წესებით თუ არ ვითამაშე, მე კი სესილისგან მოშორებით ცხოვრება არ მინდა, ის ერთადერთი გასაგები რამ არის ჩემთვის ამ გარემოში.