Monday, October 21, 2013

უკურნებელი სენი, რომელიც მთელს მსოფლიოს სჭირს

მე მგონია რომ სიზარმაცე ყველა დროისა და ეპოქის უდიდესი დაავადება იყო, რომლის წამალს ალბათ ვერასოდეს ვერ გამოიგონებენ სანამ ადამიანი 100%-ან მუტაციას არ გამოსცდის.

რა თქმა უნდა ეს "მშვენიერი" და ძალიან  "საჭირო" მახასიათებელი მეც საკმაოზე მაღალ დონეზე მაქვს განვითარებული, არადა რამდენი გეგმები და იდეები მაქვს, რომელიც მინდა რომ განვახორციელო.


1. მინდა წელიწადის ყველა სეზონზე, ყოველ შაბათ - კვირას ქალაქიდან გავიდე და ახალი ადგილები მოვინახულო, ან არაფერიც არ მოვინახულო უბრალოდ ქალაქს გავერიდო.

2. მინდა აქტიურად მივყო ხელი crafting-ს და გავაკეთო ბევრი ლამაზი რამეები - სამკაულები, მოვხატო ტანსაცმელი და კიდევ 1000 რამე, მაგრამ რად გინდა - მე ხომ ზარმაცი ვარ.


3. მინდა რომ  ზოგჯერ დავჯდე და ბევრი, ბევრი წიგნი, რომელიც ქინდლში მაქვს ჩაყრილი და ნელა ნელა მივყვები, უცებ და ერთბაშად გადავიკითხო, რომ მერე კიდევ უამრავი წიგნი ჩავყარო და ისინიც ასე გადავიკითხო.


4. მინდა ხოლმე, რომ ყველა მეგობარი ვნახო და თან ხშირად. მინდა  (მხოლოდ) საყვარელ ნათესავებს ასევე ხშირად ვესტუმრო. 


5. მინდა რომ უფრო მეტი ფიზიკური აქტივობებით დავკავდე და არ ვმძორდებოდე.

6. მინდა რომ ბევრი ვწერო ბლოგზე, ვწერო Pink.ge-ზეც. ვიპოვნო საინტერესო ინფორმაციები გასაზიარებლად.


7. მინდა და მენატრება ფოტოების გადაღება, ბოდიალი და ახალი ადგილების ჩაჩხაკუნება. ჩემი ძმის გამოჭერა და ტანჯვა, სანამ სასურველ პოზასა და განწყობას არ დამიდებს რომ გადავიღო.


კიდევ ძალიან ბევრი რამე მინდა, მაგრამ მე ხომ უკურნებელი, თუმცა არამომაკვდინებელი სენი (ამ მომენტისათვის) - სიზარმაცე მჭირს საკმაოდ მძიმე სტადიაში.

Tuesday, October 08, 2013

ქალები გაჩუმდით, კაცების ჯერია!

კაცები საკუთარ ემოციებსა და შეგრძნებებს არასრულად ან თითქმის არ გამოხატავენ. 
დაზუსტებით არ ვიცი რისი ბრალია ეს - იქნებ იმის რომ ბავშვობაში ეუბნებოდნენ "ტირილი რა კაცის საქციელია", "კაცურად მოიქეცი, ეგ ლაქუცობები კაცის საქმე არაა" და მისთანები, მაგრამ ჩემი აზრით 90 % კაცებისა ასე იქცევა ზუსტად - იმალება და ჩუმადაა.

ქალები პირიქით, რასაც გრძნoბენ და განიცდიან ყველაფერს უკანასკნელ წვეთამდე გამოხატავენ, იმასაც კი რასაც არ განიცდიან, მაგრამ "ობრაზს" და სიტუაციას შეიძლება მოუხდეს.

ქალებს ალბათ არავინ ჩასჩიჩინებს ბავშვობიდან, რომ ტირილი "ქალაჩუნობაა" და რომ ისტერიკები შეუფერებელია ქალისთვის, ხოდა ისინიც არც თავს ინდობენ და არც გარშემომყოფებს.


ჰოდა ამდენი იმიტომ ვწერე, რომ ეს ყველაფერი პრობლემა მგონია.

როდესაც მდედრი და მამრი ურთიერთობენ, არიან მეგობრები ან პარტნიორები (მამა/დედა - შვილი არ ითვლება, მანდ სქესის მიუხედავად ბევრი ნაგავი ტრიალებს) უდიდესი პრობლემები ჩნდება ქცევის ზუსტად ასეთი თავისებურებების გამო.

კაცები თვლიან, რომ ქალები ტვინს ბურღავენ, არადა ისინი უბრალოდ გამოხატავენ, გამოხატავენ ყველაფერს.
ქალები თავის მხრივ თვლიან, რომ კაცები უგულოები არიან ან ისინი არ ევასებათ რადგან არაფერს გამოხატავენ.

ამის შემდეგ ჩნდება კომუნიკაციის უდიდესი აცდენა და ბოლოს, იმის გამო რომ ვერავინ ვერაფერს ვერ იგებს კონტაქტი და ურთიერთობა არ გამოდის.


ძალიან სამწუხარო ამბავია ჩემი აზრით. 

ვთვლი - კაცებს რომ მოსმენა არ ეზარებოდეთ და ქალებს გაჩერება/გაჩუმება ყველაფერი ათასჯერ ბედნიერად და კარგად დასრულდებოდა.