Thursday, May 16, 2013

ხდიდან ჯუთამდე - კავკასიონზე ციგაობით

მაშინ სულ რაღაც 13 წლის ვიყავი.
დედას ახალი დაწყებული ჰქონდა ლაშქრობებში სიარული, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო.

არ მახსოვს მე თვითონ მოვითხოვე თუ დედამ შემომთავაზა, მაგრამ ივლისის თვის ბოლოს თავისი ზურგჩანთასთან ერთად ჩემთვისაც გადმოიღო უზარმაზარი წითელი ჩანთა კარადიდან და დავიწყეთ ჩალაგება.


ერთი შეხედვით ბევრი არაფერი ჩაგვიწყვია, თუმცა ჩანთა ელვისებურად გაივსო და დამძიმდა. 
იმ საღამოს ადრე დავწექით დასაძინებლად, მეორე დილიდან დიდი თავგადასავალი უნდა დაწყებულიყო ჩემთვის.

10:00 საათზე სპორტის სასახლის ტერიტორიიდან დავიძარით, სამარშრუტო ტაქსში ჩალაგებული 7 ადამიანი ხდეს ხეობისკენ მივეშურებოდით.

როგორც იყო მივედით სტარტის წერტილამდე, ვანომ (ვანო გულედანი იყო ამ გასვლის გამყოლი) ყველას ჩანთა საგულდაგულოდ შეამოწმა, ნახა როგორ იყო ჩალაგებული შიგნით ტანსაცმელი და საჭმელი, რამდენს იწონიდა თითოეული (ჩანთა) და მხოლოდ ამის შემდეგ შევუყევით აღმართს.

თავიდან ძალიან ომახიანად მივდიოდი, თუმცა ვატყობდი, რომ ნელა ნელა ზურგჩანთა მძიმდებოდა, ფეხები მაკარონივით მიდუნდებოდა და სიარული მიჭირდა.

თავიდან ძალიან ციცაბო აღმართი ავიარეთ, შემდეგ ცოტა ხანი სწორ მდელოებზე ვიბოდიალეთ, შემდეგ უუუზარმაზარი ჭინჭრით დაფარული ფერდობი შეგვხვდა და აი მანდ დაიწყო თავგადასავალი.

ჭინჭრების საშუალო სიმაღლე ალბათ ასე 1.5 მეტრი იქნებოდა (ვვარაუდობ იმის მიხედვით, რომ ჩემზე ბევრად მაღლები იყო), მათ შორის კი ბილიკივით დაელაგებინათ ერთმანეთზე აკოკოლავებული ქვები. ამ ქვებზე ფრთხილად უნდა გევლო, ზოგიერთი ირყეოდა , ზოგიც პირდაპირ გეშლებოდა ფეხქვეშ. ერთი შეხედვით ეს ბილიკი დასუსხვისგან თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო, თუმცა ძალიან შევცდით.

უზარმაზარი გაფოთლილი წინჭრები მაინც გვეხებოდა ფეხებზე და უმოწყალოდ გვსუსხავდა. არ გეგონოთ რომ ეს ფერდობი პატარა გახლდათ, ალბათ რამდენიმე კილომეტრი იქნებოდა, ჩვენც სხვა რაღა დაგვრჩენოდა მივუყვებოდით გზას როგორც შეგვეძლო. ერთ წევრს  უბედურებაც შეემთხვა და თავიან ფეხებიანად გადაეშვა ჭინჭრის უზარმაზარ ზღვაში, მას შემდეგ რაც ფეხი დაუცდა და თავი ვერაფრით შეიკავა.

ამ "ზღვის" გადალახვის შემდეგ ისევ უზამრაზარ ფერდობს შევუყევით, რომელიც ჯერ დაბალი ბალახით დაიწყო, შემდეგ გაველურდა და ნაშალ კლდედ იქცა ხოლო ბოლოს თოვლიც დაიწყო.

თოვლზე დაწალიკებულები მივდიოდით, ყველა ერთმანეთის კვალში. მე ვანოს შემდეგ მეორე ვიდექი და ძალიან რთული იყო სიარული. ვანო საკმაოდ ღრმად ეფლობოდა თოვლში, შემდეგ მე ვეფლობოდი თუმცა ნაკლებად და დანარჩენები უფრო მსუბუქად მოდიოდნენ. ერთ მომენტში ვანო ძალიან ღრმად ჩაეფლო თოვლში, სცადა ხელებზე დაყრდნობა, რომ ამოსულიყო და ხელებითაც ჩაეფლო.
რა მექნა? მის უკან მეც წვივის ნახევრამდე თოვლში ჩაფლული ვიდექი, ვექაჩებოდი ზურგჩანთაზე რომ როგომე ამომეძრო. რის ვაივაგლახით გათავისუფლდა და გზა გავაგრძელეთ.

თოვლში სიარულმა ბოლო მომიღო, ისე დავიღალე რომ თვალებიდან სიმწრის ცრემლები მცვიოდა დროდადრო, დასუსხული ფეხები სასწაულად მეწვოდა და მეფხანებოდა (როგორც მერე აღმოჩნდა კარგად დასიებულიც გვქონდა ყველას), მაგრამ ვერ გავჩერდებოდი, ვერც ჩამოვრჩებოდი. ყველასთან ერთად უნდა მევლო.

ვანოსთან ერთად სიარულისას ორი რამ მამშვიდებდა:
1. ის სულ კარგ ხასიათზე და გაღიმებული იყო,თანც ყველაზე ნელი წევრის ტემპით დადიოდა 
2. როდესაც არ უნდა გეკითხა რამდენ ხანში მივალთო, ყოველთვის ერთნაირად დარწმუნებით გპასუხობდა -" ერთ ორ საათში იქ ვართო".



ძალიან, ძალიან დაღლილებმა მივაღწიეთ კავკასიონის იმ წერტილს საიდანაც დაშვება უნდა დაგვეწყო.
სიმართლე გითხრათ ძალიან დაღლილი თვალებში ძლივს ვიყურებოდი, მაგრამ იქ მდგომს სასწაული შეგრძნება მქონდა, თავისუფლების და ბედნიერების სასწაული განცდა.

თოვლზე დაშვება იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე ასვლა, თანაც უკვე ბინდდებოდა, მთაში კი დაბინდებულზე თუ ბანაკი არ გაქვს უკვე გაშლილი კარგი არაფერი გემუქრება.

ვანომ ერთხანს იფიქრა და აი რა მითხრა:
"მოხსენი პარალონი ჩანთას, ჩანთა ისევ კარგად მოიკიდე და პარალონზე დაჯექიო."

ვანოს ნათქვამს არა მხოლოდ მე, ყველა უპირობოდ ასრულებდა. მეც ზედმიწევნით ზუსტად გავაკეთე რაც მითხრა და დავუწყე შემდეგ მითითებას ლოდინი.
ამ დროს ვანო მომიჯდა პარალონზე უკან და მითხრა დავეშვითო.

თურმე პარალონით ციგაობა იყო გეგმაში. აიიიი არ ვიცი როგორ აღვწერო შეგრძნება იმისა თუ რა გიტრიალებს მუცელში, როდესაც კავკასიონზე პარალონით მოსრიალებ.

მართალია ბოლომდე კარგად ვერ ჩავსრიალდით, ერთ მომენტში დავბზრიალდით და ბოლო რამდენიმე მეტრი კოტრიალით ჩავედით.

რა თქმა უნდა დანარჩენებმაც მოგვბაძეს და ატყდა ერთი ამბავი, ზოგი ბედნიერად დაეშვა, ზოგიც შუიდანვე კოტრიალით ჩამოვიდა, ერთი სიტყვით მაგრად გავერთეთ.

აი ამ ნაწილის მერე კი გასართობი ბევრი არაფერი იყო, მეტიც კინაღამ დედა და კიდევ ერთი ქალი ხევში ჩაიჩეხნენ. 

ნაშალზე სიარულისას ერთ ერთ წევრს დიდი ლოდი მოუწყდა, ამ ლოდის ტრაექტორიაზე კი მაო და სოფო იდგენენ. ლოდმა ორივე ჩაითრია და ძალიან გაუმართლათ, რომ სოფომ წერაყინის ჩარჭობა მოასწრო და როგორღაც ორივენი გაჩერდნენ. რა თქმა უნდა ხელები და ფეხის ნაწილი ორივეს დაჩეხილი ჰქონდა, თუმცა ყველაფერი სერიოზული დაზიანების გარეშე ჩამთავრდა.



სულ მალე გავსწორდით კიდეც და ნაშალის შემდეგ მდელოიან ფერდობზე დავიწყეთ ჩასვლა.
უკვე ისევ უკიდეგანოდ დაღლილი გახლდით, აღარაფერი მინდოდა ამ ქვეყნად. მივლაყუნობდი და გარშემო არსებული სილამაზის აღქმას თითქმის ვერ ვახერხებდი.
იმ საღამოს დაბლობში ვერ მოვახერხეთ ჩასვლა და ბანაკის გაშლა ქედზე მოგვიწია.

ფერდობი საკმაოდ დამრეცი იყო, კარვებიც ასე ცერად იდგა.
ამასთანავე ქედზე წყალი არსად იყო, თუმცა ვანომ ძალიან მშვიდად გაგვაცნო გეგმა - ჩვენ ძველ თოვლს გადავადნობთ და იმას მოვიხმართო, შემდეგ დიდხანს არ უფიქრია - მოავლო ხელი ჭურჭელს და წავიდა.
ცოტა ხანში შავი, ჭიანი და აბსოლუტურად უცნაური მასით გავსებული ქვაბით დაბრუნდა უკან.
პრიმუსზე თოვლი გაადნეს და სცადეს მარლის საშუალებით გაეფილტრათ.

გეტყვით, რომ ამ წყლის გაფილტვრა ფაქტიურად წყლისვე ნაყვა გამოვიდა.
რა გვექნა გვშიოდა, გვწყუროდა და ჩვენც დავიწყეთ სითხის ათვისება. იმ საღამოს ჩემს სუპსა და ჩაიში (გარდა ჩვეულებრივი ინგრედიენტებისა) დაცურავდნენ:

  • მუმიფიცირებული ჭიები
  • ქვები
  • უცნაური მცენარეები ან მათი ნარჩენები
  • რაღაცის ფრთები
  • მტვრის ბევრი ნაწილაკი

და ვინ იცის კიდევ რა

გინდათ სიმართლე გითხრათ? იმ წყლისაგან გაკეთებული ჩაიც, სუპიც და სხვა ყველაფერიც მაინც ძალიან გემრიელი და ნოყიერი გახლდათ და არც ერთ ჩვენგანს არაფერი მოსვლია.

შემდეგ დღეს აქტიურად ვიწყეთ ჯუთისკენ დაშვება. უკვე ბევრად ომახიანად მოვდიოდი და გვერდზეც ვიყურებოდი. ზურგი და მხრები მართალია მტკიოდა მაგრამ ამას არ ვიმჩნვდი.
ამ დროს მაოს გაეხსნა და ჯუთამდე სანამ მივედით მთელი გზა იმას ოცნებობდა როგორ მინდა კარავი გავშალო და თოვა დაიწყოსო. აი წარმოიდგინეთ როგორი ლამაზი და სასიამოვნო იქნებაო.

კარგა ხანი სიარულის შემდეგ ჯუთასაც მივადექით, მაომ ერთ ბებოს მეორე დღისთვის ქილა მაწონი სთხოვა და დავიწყეთ ჭაუხისკენ ასვლა.

პირველი აღმართი არ გვქონდა ათავებული, რომ სეტყვამ დასცხო. ისე სეტყვაც არის და სეტყვაც.
ციდან ვაშლის ტოლი ყინულის ბურთები ცვიოდა. ჯერ წაკუზულები და პარალონ წაფარებულები ველოდით ახლა გადაიღებს - ახლა გადაიღებსო, შემდეგ კი მივხვდით, რომ გზას თუ არ გავაგრძელებდით საბანაკო ადგილამდეც ვერ მივაღწევდით.

რა გვექნა? წამოვიფარეთ თავზე პარალონები და სირბილით ავუყევით აღმართებს, გზაში ხელები დაგვისივდა (გვერდებიდან პარალონი გვეჭირა და სეტყვა გვხვდებოდა) და სიმწრისაგან ვყმუოდით.

როგორც იქნა გზის შუამდე მივედით, უკვე შებინდებულიყო და გადავწყვიტეთ, რომ იქვე ნაკადულთან დავბანაკებულიყავით. სასწრაფო წესით გავასუფთავეთ საკარვე ადგილები (ძირითადად სეტყვისა და ქვებისგან) სწრაფად ვივახშმეთ და შევძვერით საძილეებში.

ძილის წინ მაომ ისევ წაიოცნება და კარვებში მწოლ სასტავს გასძახა:
"იცით რა მიყვარს დილით კარვიდან გამოსულს?? ბურუსი რომ გხვდება და მისი სუნი ცხვირში გიღიტინებსო"

ასე დასრულდა ეს დღეც.

შემდეგ დილას გაღვიძებულებს აბსოლუტური შოკი გვქონდა ყველას, ვანოს ჩათვლით.
ბანაკის გარშემო ისეთი ბურუსი იდგა, რომ არათუ ნაკადულს ვერ მივაგენით პირის დასაბანად, ერთმანეთსაც ძლივს ვპოულობდით.

ამის შემდეგ მაოს მთაში ამინდზე ოცნება აეკრძალა.
ამ დღეს ჭაუხებამდეც ავცოცდით ცოტა ვიძონძავეთ და ბედნიერად დავბრუნდით ქალაქში.
ხო და კიდევ სოფელში დაბრუნებულებს ჯუთელმა ბებომ არათუ ერთი ქილა მაწონი, მთელი დიდი ტაშტი დაგვახვედრა.
ახლაც ენის წკალპუნით ვიხსენებ იმ მაწვნის გემოს, რომელიც ერთ ამოსუნთქვაზე ვშთანთქეთ ♥

ეს იყო და ეს მოწამლული ვარ ბოდიალით, მას მერე დედასთან ერთად კიდევ ბევრ ადგილას ვიყავი და გაჩერებას არ ვგეგმავ!
ვეცდები ყველა კუთხე კუნჭული მოვიარო და რაც შეიძლება მეტი და მეტი ვნახო ყოველ ჯერზე ♥






Thursday, May 02, 2013

საგაზაფხულო ტრადიციები

ყოველ გაზაფხულს ვხვდები, რომ თურმე ძალიან ბევრი რამ ძალიან მომნატრებია.

მომენატრა კარავში ცხვირგაყინულს გაღვიძება და ნამიან ბალახზე გამობოდიალება, ქვაზე ან პირდაპირ მიწაზე ჩამოჯდომა და ჩაის მოხვრეპა დიდი ჯამიდან.

კიდევ მომენატრა მძიმე ბათინკების ჩაცმა და ბოდიალი, ან სულაც ერთ ადგილზე გდება და ერთ წერტილში ყურება.

ყოველ გაზაფხულს მახსენდება, რომ უამრავი ადგილი მაქვს სანახავი, უამრავი თავგადასავალი საკუთარ ტყავზე გამოსაცდელი.

ყოველ გაზაფხულს ვხვდები, რომ დრო ისე მიქრის თითქოს 10 წყვილი ფრთა ჰქონდეს შესხმული.

გაზაფხული ის დროა, როდესაც ცვლილებებზე ვფიქრობ, მერე თავბრუ მეხვევა და თავს ვანებებ შემდეგ გაზაფხულამდე.

ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მიჭირს ქალაქში გაზაფხულის სურნელის შეგრძნობა.
ქალაქის გაზაფხული მხოლოდ მტვრიანი ასფალტის სუნია ახალმოწვიმულზე.

გაზაფხულობით ვხვდები, რომ ჩემს დროს და რესურსს ისე არ განვკარგავ როგორც ვისურვებდი და ყოველ ჯერზე მაინც ყველაფერს ისე ვტოვებ როგორც არის.


გაზაფხულობით ახალგაღვიძებული ფანჯრისკენ ვიყურები, რომ უცნაური განთიადით დავიწყო დილა, აი ისეთით გაზაფხულობით რომ იცის ხოლმე.

ყოველ გაზაფხულს ვგეგმავ და შემდეგ სულ სხვანაირად ვატარებ ზაფხულს.

იმედია ეს გაზაფხული უჩვეულო იქნება და ყველაფერს შევცვლი