Tuesday, November 19, 2013

ისევ დავიბადეთ სხვა ქალაქში (ორი საათით გვიან)

დაბადების დღეზე ბევრი ფულია საჭირო, ხოლო როცა ცოტა ფული გაქვს - ოპტიმალური ალტერნატივის ძებნას იწყებ.

მე და ბაკომაც ზუსტად ასე ვიპოვნეთ ოპტიმალური ალტერნატივა - ისე, რომ არავინ გამოგვრჩებოდა და ფულიც ზუსტად გვეყოფოდა (თუმცა ეს მთლად ასე არ გამოვიდა)

ავდექით და გადავწყვიტეთ რომ გვებოდიალა, ოღონდ ისე რომ ვერავინ წამოგვწეოდა, ვერავის მოეკითხა და ვერავის ვეპოვნეთ - ასე გადაწყდა დაბადების დღის ვოიაჟი უკრაინაში.

12 ნოემბრის გამთენიას კოპიტნარის აეროპორტში წირპლებს ვიწმენდდით, დილის 5 საათზე ჩვენ, უპატრონო ძაღლები და დაცვის თანამშრომლები ვიყავით მხოლოდ.
 ბედი, რომ აეროპორტს წამოსაწოლ/ჩამოსაჯდომი დიდი ადგილები აქვს და ჩვენც ეგრევე გავექანით და დავასკდით ამ თითქმის რბილ სკამებს.

11 საათამდე ხან გვეძინა, ხან მაოს გამოტანებული ყიყლიყებს და ტყემალს ვჭამდით, მოკლედ როგორღაც გაგვყავდა დრო. 
როგორც იქნა ყველა "ჩექი" გავიარეთ და თვითმფრინავშიც ჩავსხედით. 
აფრენა დიდად არ მიყვარს, დაჯდომა მირჩევნია ხოლმე, თუმცა ვიზეარი კარგად დაფრინავს თურმე.


კიევის ჟულიანას აეროპორტი გაშლილი ხელით შეგვხვდათქო მოგატყუებთ. 
პასპორტის კონტროლის გავლისას ბაკოს მიუთითეს დარბაზის ბოლოში მდგომ მოსაცდელ სკამებზე, პასპორტი დაიტოვეს და მე გამიშვეს კონტროლის მეორე მხარეს.

იქ სადაც ბარგს ველოდებოდი 2 საათი და 15 წუთი მომიწია ყურყუტმა. ბაკო მეორე მხარეს იცდიდა ვიღაც 4 ქართველთან ერთად. თითო-თითოდ შეჰყავდათ რაღაც ოთახში და კითხვებს უსვამდნენ. 
მე ჯერ ვიდექი, მერე ვიჯექი, მერე ვიწექი შუაგულ დარბაზში იატაკზე, ბოლოს კი სირბილი დავიწყე ისე გავშლეგდი. ამ დროს დაცვის უფროსი მოვიდა და მითხრა არ შეგიძია შეწყვიტოო?? ამაზე ვუპასუხე რომ 2 საათია ჩემი მეგობარი მეორე მხარეს ჰყავთ გაჩერებული ყველა მიზეზს გარეშე და თუ დროზე არ გამოუშვებენ ვერაფრით შევწყვეტ აქ სირბილსთქო. ბოლოს პირობა მომცა, რომ იქით არ დატოვებენ, მე ვარ მაგის გარანტიაო და რა მექნა ისევ დავჯექი.


როგორც იქნა დავინახე ბაკო, რომელიც მეორედ გადიოდა საპასპორტო კონტროლს და სიხარულით აღარ ვიცოდი რა მექნა - დავიწყე ხელების ქნევა. როგორც აღმოჩნდა დეგენერატები იყვნენ საზღვარზე - იმ ოთახში მის პასპორტს რომ ჩახედეს და ამდენი ვიზა ნახეს რას გაგაჩერეთო უთხრეს და ეგრევე გამოუშვეს იმ ოთახიდან. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე და ბაკო ვმესიჯობდით რა უნდა ეთქვა და როგორ უნდა ეპასუხა უაზრო კითხვებზე "წიპა" - ვისთან მიდიხარ? ფული რამდენი გაქვს? რა უნდა გააკეთო უკრაინაში? და სხვა.

ამის შემდეგ აეროპორტში დიდი ხანი ვეძებეთ ტურისტული საინფორმაციო, რომ რუკა აგვეღო, მაგრამ ბოლოს მაინც ყიდვა მოგვიწია. გარეთ გამოვედით თუ არა ეგრევე სიგარეტს მოვუკიდე, თუმცა იმ წამსვე შენობის ბოლოსკენ მიმითითეს და იქ არის მოსაწევი ადგილიო. (უკრაინაში ვერც ერთ დაწესებულებაში ვერ მოწევ და ქალაქშიც საფერფლე უნდა იპოვნო, მის გვერდით დადგე, მოწიო და მერე წახვიდე სადაც მიდიოდი)


აეროპორტთან ახლოს იდგა ავტობუსების გაჩერება საიდანაც უნდა წავსულიყავით და მიგვეგნო ჰოსტელისთვის - ეს კი არც ისე ადვილი იყო.
ვიცოდით მხოლოდ ქუჩა და გვქონდა უუზარმაზარი რუკა. გადაწყვიტეთ, რომ იმ ტრანსპორტს გავყოლოდით რომელსაც ეწერებოდა ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ქუჩა და მძღოლისთვის გვეთხოვა გაეჩერებინა და ეთქვა როცა იქ ვიქნებოდით.

ავეტენეთ ავტობუსში, ფული გადავუხადეთ მძღოლს (იქ  ისევ მძღოლი იღებს მგზავრობის საფასურს და მგზავრებს შორის მოსულა გადააწოდე გადმოაწოდეები, შესაბამისად მთელი მგზავრობის განმავლობაში ფული წრეზე დადიოდა ხელიდან ხელში)


როგორც იქნა მივაღწიეთ კონტრაქტოვა პლოშაზე - იქიდან კი ჩვენი ქუჩა ანდრეევსკი ჩიხი უნდა გვეპოვნა. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. სამჯერ ვიკითხეთ, ორჯერ სხვა ქუჩაზე შევუხვიეთ და როგორც იქნა ვიღაც ახალგაზრდა ტიპმა ზუსტად მიგვასწავლა.

ჩვენი ჰოსტელი ულამაზეს ეზოში ძალიან საყვარელი შენობა აღმოჩნდა. შევლაგდით გათანგულები და იმ წამსვე დავენარცხეთ ლობიში დივანზე. სანამ ბაკომ ყველაფერი მოაგვარა (მის სახელზე იყო ჯავშნები) მე ვცდილობდი  სამსახურის ყველა მეილზე პასუხი გამეცა. საბოლოოდ ავლაგდით 8 კაციან დორმში და ვცადეთ ოდნავ დასვენება, თუმცა მივხვდით, რომ დრო არ იყო და ისევ გარეთ გავცვივდით. ცოტა ხანი ბოდიალის მერე დავბრუნდით ჰოსტელში და ისევ ლობიში ამოვყავით თავი.

იქ გავიცანით სამი ძალიან სანდომიანი ახალგაზრდა ბელგიიდან, კანადიდან და ბულგარეთიდან. ბევრი ვიღლაბუცეთ ვიცინეთ და თბილისის დროით 12 საათზე დაიწყო მოლოცვები და ამბები.
 ნუ იმათმაც გაიგეს ჩვენი ისტორია და ძალიან ბევრი იცინეს მაგაზე. საბოლოოდ ყველანი წავედით "პუზატა ხატაში" საჭმელად - იდეა კანადელ ლაილს ეკუთვნოდა (მადლობა მას რომ ხატა აღმოგვაჩენინა თორემ ფული არასოდეს გვეყოფოდა არაფერში და ვივლიდით მშივრები) 
ნახევარი საღამო ასე ბიჭებთან ერთად ბოდიალში გავატარეთ, დავბრუნდით ჰოსტელში, ცოტაც დავლიეთ და საწოლებისგენ გავწიეთ. მეორე დღე მძიმე უნდა ყოფილიყო - მთელი კიევი გვქონდა შემოსარბენი და ჯანდაბა ბაკოს თავს - თუკი რუკაზე რამე იყო დატანილი ყველაფერი დამათვალიერებინა - პაწაწუნა აგურიდან დაწყებული დიდი შენობებითა და ძეგლებით დამთავრებული.


დილით პირველი რაც ვქენით ეს იყო ჩერნობილის მუზეუმის ნახვა. ყველაზე დამთრგუნველი ადგილია ამქვეყნად, თუმცა ძალიან საინტერესო. მუზაუმში საკმაოდ დიდი ხანი გავატარეთ. დიდი სიამოვნებით ვნახავდით ჩერნობილსაც მაგრამ დრო და ფული არ გვქონდა საკმარისი.
დანარჩენი კიევის დათვალიერებისთვის ლაილი წამოგვყვა - დიდი ხანია აქ ვარ და რუკით რომ არ იწვალოთ მე დაგათვალიერებინებთო. მშვენივრად ვიბოდიალეთ, ვნახეთ თითქმის ყველაფერი რაც ხრეშატიკის გარშემოა განლაგებული, თუმცა ლავრაში არ წავედით.  სინამდვილეში კვართები და ქვაბულები საქართველოშიც თავზესაყრელია იქ რომ გვებოდიალა, ამიტომ შემდეგისთვის დავიტოვეთ.

სახლში დაბრუნებულებმა გავიყოლეთ კიევური ტორტი (ლეგენდა რომელიც ყველას გვსმენია ალბათ მშობლებისგან) და ჩვენს სამ ახალ მეგობართან ერთად დაბადების დღის " წვეულებაც" მოვაწყვეთ.

მშვენიერი დასასრული იქნებოდა დღის, რომ არა მეტროში ბოდიალი და რკინიგზის სადგურზე მისვლა. მეტროში დაგვჭყლიტეს და გადაგვიარეს, ცოტა დავიკარგეთ და როგორც იქნა მივაღწიეთ სადგურს, სასწრაფო წესით გადავცვალეთ ბილეთები და შევლაგდით კუპეში. ჩვენთან ერთად ძალიან საყვარელი ტიპი ოლეგი და ვიღაც უცხვიპირო ქალი მგზავრობდა. სვეცკად დავლიეთ ჩაი თლილ, სადგამიან ჭიქებში (რომელიც ჩვენს ბილეთებში შედიოდა, ბაკომ სპეციალურად იყიდა ეგ სერვისი) და დავეყარეთ დასაძინებლად.


ღამის მატარებელში ძილი ძალიან მიჭირს, თითქმის არ მძინავს და ამიტომ არ მიყვარს, თუმცა მივხვდი რომ საქართველოში მატარებლები სულ ნარნარით დადიან. უკრაინის მატარებელი ის ედადიოდა გეგონებოდა 10 წუთში ერთხელ დიდი ორმოები ხვდება და შიგ ურტყამსო, საშინლად აჯანჯღრებდა (თუმცა მატარებელი ძალიან სუფთა და ცივილური აღმოჩნდა) შესაბამისად ვერც მე და ვერც ბაკომ დაძინება ვერ შევძელით.

გამთენიას ჩავედით ლვოვში და ორი ქართველი გოგო შეგვხვდა სანამ ვეწეოდი. ტაქსს ელოდებოდნენ, გამოგველაპარაკნენ და მანქანით მიგვაქცუნეს ჰოსტელში. მადლობა გადავუხადეთ, ნომერი დაგვიტოვეს თუ რამეა საღამომდე აქ ვართო და წავიდნენ. 

ჰოსტელში ავბარგდით, ჩაი დავლიეთ (ოთახში ვერ შევედით ხალხს ეძინა და არ გვინდოდა გაგვეღვიძებინა 8 საათზე) და 9 საათზე უკვე ქალაქის დასათვარიელებლად წავედით. ტრამვაის გაჩერებაზე დიდი ხანი ვიდექით, სანამ ვიღაც ღვთისნიერმა ქალმა არ გვითხრა, რომ აქ არ გამოივლის რასაც ელოდებით და სხვაგან უნდა წახვიდეთო. ჩვენც დავუჯერეთ, წავედით ნაჩვენები მიმართულებით, ვიპოვენთ ტრამვაი, ვირბინეთ რომ მიგვესწრო, დავჯექით და თურმე სულ სხვა მიმართულებით წავედით. 
იმდენი ხანი ვიარეთ რომ ლვოვის გლდანში - აკვაპარკთან აღმოვჩნდით.

ჩამოვძვერით ტრამიდან და დავდექით ისევ გაჩერებაზე. ჩვენმა დაბნეულმა სახეებმა ვიღაც მოხუცი კაცის ყურადღება მიიქციეს, გამოგველაპარაკა, გვკითხა სად მივდიოდით (ამ მომენტისთვის ლვოვის სასაფლაო უნდა გვენახა და მიგნებას ვცდილობდით) გვითხრა მეც იქით მივდივარ და წამომყევითო.
მოკლედ ქალაქი მეორედ გავიარეთ ერთი ბოლოდან მეორესკენ და სასაფლაოსაც მივაგენით.

სასაფლაოზე შესვლა ფული რომ ღირს არ გამკვირვებია, მაგრამ ფოტოების გადაღებაშიც რომ გადახდა მოგვთხოვეს მანდ გავოგნდი. მოკლედ თითო აპარატი (იქნება ფოტო თუ მობილური) 20 გრივნა ღირდა ბილეთის საფასურის ზემოდან (ეს კი დაახლოებით 3 დოლარია).


როგორც იყო ყველაფერი გადავიხადეთ და 64 ჰექტარზე განაწილებულ საფლავებს შევუყევით. 69 სექტორიდან (ასეა დაყოფილი სასაფლაო) მხოლოდ 6 ვნახეთ და არაფრის თავი აღარ გვქონდა. ულამაზესი აკლდამები და ძეგლები საკმაოდ შთაბმეჭდავს ხდის იქაურობას. 


ამის შემდეგ დანარჩენი ლვოვის დათვალიერება დავიწყეთ. ქალაქი ძალიან პაწაწუნაა, ძალიან ჰგავდა ჩემი აზრით პრაღას - ქალაქი მუზეუმია. ძალიან დიდი გავლენა აქვთ პოლონეთის, შესაბამისად საუბარსაც და ყველაფერს ეს ძალიან ეტყობა.


შუადღისთვის ყველა აუცილებელი და მნიშვნელოვანი ადგილი ნანახი გვქონდა, ბაკოს კი გადაწყვეტილი ჰქონდა ენახა ოპერის შენობა შიგნიდან ეს კი მხოლოდ 5 საათის შემდეგ შეიძლებოდა, ჩვენც რა გვექნა წავედით ისევ ხატაში საჭმელად და ველოდებოდით დროის გასვლას. 

დღის ბოლოს ბაკოს ფეხსაცმელს ძირი ასძვრა, შესაბამისად ახლა უნდა გვეპოვნა ხელოსანი, თუმცა ის პირველ დღეს ვერ ვიპოვნეთ და გადავწყვიტეთ მეორე დღე გამოგვეყენებინა ამისთვის. 


ლვოვის მეორე დილით ადრიანად გამოვჩექაუდით, ჩანთები დავტოვეთ ჰოსტელში და წავედით "საპოჟნიკის" საძებნელად. ლვოვის ისეთ გადაკარგულ ადგილებში ვიარეთ თვითონ იქაურებიც რომ არ ჰყოფენ ცხვირს თუმცა ბოლოს მაინც ვიპოვნეეთ პატარა სარდაფი, მიკარგულ ეზოში და ფეხსაცმელიც დავტოვეთ გასაკეთებლად. დროის გასაყვანად კი კაფე "პროპაგანდაში" დავსხედით (ისეთი მჟავე მოჰიტო მომიტანეს ტრაკიდან დამაწყებინა ჩხავილი), თუმცა მალე მოგვწყინდა და ისევ ბოდიალი დავიწყეთ, ვიპოვნეთ პარაზიტოლოგიის ცენტრი, უნივერსიტეტების ქუჩა, ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკა, სექსოლოგიის ცენტრი და კიდევ ათასი სრულიად უსარგებლო დაწესებულება. 

ამ დროს საკონდიტროშიც შევიარე და დიდი ნაჭერი ბეზე ვიყიდე.  მართალია ნახევარი ბეზე გულზე მეყარა, მეორე ნახევარი პირიდან ვაფრქვიე საუბრისას და მესამე ნახევარი მტრედებმა "ამახიეს", მაგრამ მაინც ძალიან მესიამოვნა.

ფეხსაცმელი როგორც კი გავაკეთეთ განვაგრძეთ ქალაქში ტორღიალი, ვცადეთ გვეყიდა სუვენირები და მაშინ როდესაც ვაპირებდით "პლიაცკების" ჭამას აღმოვაჩინე ადგილი სადაც აუცილებლად უნდა შევსულიყავით - ეს არის რესტორანი სახელად "მასონთა ლოჟა". ეს რესტორანი გამოირჩევა ძვირი ფასებით - თუმცა არის ერთი ეშმაკობა, რომელიც უნდა იცოდე ამ რესტორანში შესვლისას და მაშინ არ გამოხვალ იქიდან გაყვლეფილი.


და ბოლოს მიუხედავად ჩემი სურვილისა სულ სხვა რესტორანში აღმოვჩნდით. პატარა თაღი რომ გავიარეთ ორი გგოგო შეგვხვდა და მოგვაძახეს "კარზე დააბრახუნეთ და სლავა უკრაინე უთხარითო" ჩვენც პირველივე დიდი ხის კარი ვიპოვნეთ და მოწიწებით დავაკაკუნეთ.

ვიღაც წვერებიანმა "კალაშნიკოვ" გადაკიდებულმა ტიპმა გაგვიღო კარი და გვკითხა:
-Чего?
-Слава Украине - ისე მორიდებით ვუპასუხე ჩემი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგე.
შეგვიშვეს. 
იქ მეორე ასეთივე სამხედრო ფორმიანი, წვერებიანი კაცი დაგვხვდა. პატარა სათითესავით ჭიქაში რაღაც სასწაული სითხე ჩამისხა და გადავკარი, სლავა უკრაინეთქო დავაყოლე და ქვემოთ, ხვეულ კიბეზე ჩაგვიშვეს.
იქ კიდევ ერთი გაბურძგნული კაცი დაგვხვდა "სლავა"-ო შეჰყვირა ჩვენც უკრაინეთქო დავაყოლეთ და დარბაზშიც შეგვიშვეს. ძალიან უცნაურ მიწისქვეშა რესტორან "კრიივკა"-ში მოვხვდით. ძალიან საინტერესო გარემო იყო, ყველას უკრაინელი სამხედროების და პარტიზანების ფორმები ეცვათ, საჭმელი რაღაც სამხედრო "მისკა"-ს მაგვარ თეფშებში მოგვიტანეს და მენიუც ძალიან უცნაური ჰქონდათ.


მშვენივრად მივირთვით და ახალი დავალება გვხვდა წილად - უნდა გამოგვეღწია რესტორნიდან, რა თქმა უნდა დავიკარგეთ და დაწესებულების შიდა ეზოში მოვხვდით სადაც იდგა სხვადასხვა სამხედრო ინვენტარი, ეკიდა პარაშუტი და მოკლედ ძალიან მაგრად იყო გაფორმებული. როგორღაც გამოვაღწიეთ ამ ჩიხებიდან და ისევ ქალაქის ცენტრში ამოვყავით თავი. 


ამ დღეს ვაგზალზე დროულად მივედით, არ დავკარგულვართ და არაფერი შეგვშლია. ბილეთები გადავცვალეთ (თუმცა რიგში სულ ტყუილად დავკარგეთ 20 წუთი) და შევპლაცკარტდით. 
უკრაინაში პლაცკარტიც ისეთი სუფთა და სასიამოვნოა, რომ ვერაფერს დაუწუნებ. ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, მხიარულად და სათნოდ. 
მართალია ძილი მოვახერხეთ ამჯერად, მაგრამ მე ქვედა საწოლზე მომიწია წოლამ და ყველა სადგურზე ამომსვლელ-ჩამსვლელები თავში ჩანთებს მირტყამდნენ. 

როგორც იქნა ჩავედით ოდესაში, ისევ დილაუთენია, ისევ ნახევრადგამოძინებულები და დაღლილები. ფეხები უკვე ისე მტკიოდა, რომ დასვენებას ვერ ასწრებდნენ და სულ ტკივილი მტანჯავდა. 


ისევ მივქანდით ჰოსტელში და პირველი რაც ვქენით ბაკომ  ნეტში პუზატა დასერჩა. წავედით, გემრიელად მივირთვით და დავიწყეთ ქალაქის თვალიერება.

ოდესაში სანახავი იმაზე ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე ლვოვში იყო, თანაც ისე ახლო - ახლოს მდებარეობს ყველაფერი, რომ სრულ 3 საათში ყველა ღირშესანიშნაობა ნანახი გვქონდა (პორტის ჩათვლით).

ამ დროისთვის მე უკვე ფეხის ტერფის მხარე ფურცელივით სწორი და გატკეპნილი მქონდა, ბაკოც დაიღალა და ფეხებს ვეღარ იმორჩილებდა ამიტომ გადავიწყვიტეთ, რომ ჰოსტელში დავბრუნებულიყავით და დაგვეძინა.
ოდესაში ყოფნის მეორე დღე ფუჭად გავატარეთ, ყველაფერნანახი, ძალიან დაღლილი და სევდიანი აღმოჩნდა დღე. 
ძალიან ბევრი ვიარეთ, რომ ფული გადამეხურდავებინა თუმცა უშედეგოდ. კვირა დღეს არავინ და არაფერი მუშაობს ვისაც ფულთან რამენაირი შეხება მაინც აქვს - არც ბანკები არც ვალუტის გადამცვლელები. დავრჩი ასე .


3ის ნახევარზე ავტობუსში ჩავჯექი (რომესაც მარშუტკას ეძახიან იმიტომ, რომ ხელისდაქნევით ჩერდება და არა გაჩერებაზე) და წავედი ოდესის აეროპორტში.
გზაში მთელი ავტობუსის პირადი ამბები გავიგე, ვინ როგორ ცხოვრობს, რა უჭირთ და რა ულხინთ - საერთოდ მგონი ოდესელები ყველაზე გულღია და კაი ტიპები იყვნენ.

ასე დავცილდით მე და ბაკო ოდესაში.

მოგზაურობა გამოვიდა უმშვენიერესი! მიუხედევად დაღლილობისა და ცოტა ფულისა მაინც ძალიან კმაყოფილები ვართ. უცხო ქვეყანაში, ამდენი ლამაზი ადგილის ნახვა, გზის გაკვალვა, მიგნება და თავგადასავლები ყველაზე კარგი რამეა რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთო.


რჩევები თუ უკრაინაში უნდა წახვიდეთ:
  • გაიყოლეთ სასურველი სიგარეტი - იქ შეიძლება ეგ ბრენდი საერთოდ არც ჰქონდეთ გაგონილი.
  • კვირა დღეს ნუ დაელოდებით ვალუტის გადასაცვლელად.
  • სასტუმროსა და ჰოსტელში ნურაფერს ძვირფასს ნუ დატოვებთ.
  • ტუალეტში შესვლისას (რომც არ ეწეროს არსად) ქაღალდს უნიტასში ნურაფრის დიდებით ნუ ჩააგდებთ.
  • ლვოვში რუსულად მოლაპარაკეებს ცოტა ამრეზით უყურებენ, ცოტა. თუმცა პოლონური ესმით და მოსწონთ კიდეც მგონია.
  • კიევი იმდენად დიდი ქალაქია, რომ ორი დღე ძალიან ცოტაა მის სანახავად.
  • ლვოვში 2 დღე არაფერში არ დაგჭირდებათ, ისევე როგორც ოდესაში - ნახვა ერთ სრულ დღეში შესაძლებელია!
  • ოდესელებს არ ენდოთ, გამარჯობასაც აფერისტობენ ზოგჯერ.
  • კიევში ყველა შესაძლო ენა ესმით უმეტესობას, სხვაგან არც ისე.
  • დაწესებულებებში ვერსად მოწევთ! ქუჩაშიც მხოლოდ შესაბამის ნაგვის ყუთთან.
  • კიევის მეტრო ეტა ზლო!!
  • ავტობუსები და ტრამები აჩერებენ გაჩერებაზე, მარშუტკები სადაც გაუხარდებათ, მაგრამ ავტობუსების და მარშუტკების გარჩევას მათთან ცალკე ნიჭი უნდა.
  • სუვენირები არც ისე ძვირია თუმცა 50 დოლარიც არ არის საკმარისი.
  • აუცილებლად გასინჯეთ ბორში სხვადასხვა ადგილას და ჭამეთ პუზატა ხატაში - ის ყველა ქალაქშია, უიაფესია და უგემრიელესი.
  • პლაცკარტით მგზავრობა მშვიდად და წყნარად შეიძლება, კომფორტულია, სუფთა და კარგი.
  • სანამ რამის რიგში ჩაგდებით ვაგზალზე და აეროპორტში, მაინც ჰკითხეთ საინფორმაციოს, შესაძლოა სულ ტყუილად დაკარგოთ დრო.


















2 comments:

  1. მეც გავერთე ^^

    ReplyDelete
  2. Zalian magari postia, Maro, gamosadegi da ise swrafad ikitxeba, megona tqventan ertad shemivirbine qveyana.
    Ara mainc ra banzi qveyanaa eg Ukraina, ar mevaseba ra. Imden xans ratom ayuryutes Bako, kriminali iyo tu ra?
    Lvovi da saertod dasavleti Ukraina, slava ki ara, mor i sram, sashineli fashistebi arian da sazaglebi, nacistebis kudebi. Ukrainuli ena polonurs hgavs zalian da amitom uyvart da esmit eg enac.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!