ქუჩის ცხოვრება - დანახული შოკოლადში

პრინციპში არაფრით განხვავებული არ იყო ის შაბათი დღე, გარდა იმისა, რომ ზამთრის სუსხიანი დღისათვის უცნაურად ათბობდა მზე.

ქალაქში საყიდლებზე საბოდიალოდ გავედი, მანქანაც სახლში დავტოვე და გადავწყვიტე გეგმიურად მივყოლოდი უბნებს. ყველა მაღაზიის დალაშქვრა უნდა მომესწრო, გეგმაში კი ბევრი მაღაზია მქონდა.

პეკინზე (ახლა უკვე გამსახურდიას გამზირზე) საბურთალოს ქუჩის კუთხეში, მათხოვარი ბავშვი ამეტორღიალა, ჯერ ის შოკოლადი მთხოვა რომელსაც ვჭამდი (ცოტა მოვუტეხე), შემდეგ კი ფულზე გადავიდა.


ზუსტად არ მახსოვს როგორ მოხდა ყველაფერი თავიდან, თუმცა უცებ აღმოვაჩინე, რომ ერთად მივსეირნობდით და ორივე ვახრამუნებდით შოკოლადს.

სახელად მგონი აჰმეთი/ახმეტი მქვიაო მითხრა, 7 წლის აღმოჩნდა და სკოლაშიც არასოდეს უვლია.


კითხვა იცი მეთქი რომ ვკითხე - ასოებს ვცნობო მიპასუხა. ქართულად მშვენივრად საუბრობდა, თუმცა ქართველი რომ არ იყო ამას სახელზე და იერზეც მივხვდი.

-რატომ მომყვები?

-შოკოლატი რომ მომცე კიდევ - და ისე სათნოდ გამიღიმა, თავი ვერ შევიკავე და კიდევ ცოტა მოვუტეხე ფილიდან.

- რამდენ ფულს შოულობ ერთ დღეში? (მერე რა რომ ხელფასის შესახებ კითხვის დასმა უტაქტობაა) 
-ბევრს, ასე 60 ლარს- ყოყმანის გარეშე მიპასუხა

ამ ქაქანში ჩემთვის საინტერესო მაღაზიას მივაღწიეთ. 
-მე აქ უნდა შევიდე - მორიდებით ვუთხარი, თითქოს დამნაშავე ვიყავი
-კარგი, ცოტა ხანი აქ  ვიმუშავებ


ისე მიპასუხა თითქოს მთელი დღე ჩემს დევნას აპირებდა.
მაღაზიაში ალბათ ასე 30 წუთი მაინც ვიყავი. ბევრი ვერაფერი ვერ ავარჩიე, ერთი მაისურით ხელში, საკმაოდ უკმაყოფილო გამოვედი.

მოულოდნელად წელის მიდამოში ფრთხილი დატყმა ვიგრძენი, მოვტრიალდი და ჩემი პატარა, ძურძგლიანი, უცნაური წარმომავლობის მეგზური დავინახე. მაღაზიაში გატარებული დროის განმავლობაში სულ დამვიწყებოდა.

-შოკოლადი სუ შეეჭამე? - ისეთმა იმედგაცრუებულმა მკითხა რომ გული დამეწვა.
-ჰო სულ. 
-არ შეგიძლია მიყიდო? - და ისევ შემბმელად გამიღიმა, პატარა იყო მაგრამ აფერისტობა სისხლში კარგად ჰქონდა გამჯდარი.
-მე ვერ ვიყიდი, არ შემიძლია
-კი მაგრამ ჩემზე მეტი ფული ამ წუთას შენ გაქვს - უნებლიედ ძალიან აღვშფოთდი
- ფული მაქვს, ყიდვა არ შეიძლება. დამსაჯავენ 
სიტყვა დამსაჯავენზე ძალიან გავხალისდი, თუმცა გადავწყვიტე ჩავძიებოდი.

-ვინ დაგსჯის? ვინმეს უნდა მისცე ეგ ფული?
-ჰო ჩემს მამას.
-მამა რას აკეთებს? - ასე გულწრფელი თუ იქნებოდა არ მეგონა
-მიცდის და კიდევ ჩემს დებს.
-ბევრი დები გყავს? ისინიც მათხოვრობენ ქუჩაში?
-კი, 3 
-დედა არ გყავს?
-არა 
-სახლი გააქვს?
-კი მამას სახლი
-შენი დები დიდები არიან?
-კი,კითხვაც იცის ორმა
-მთელი ფული მამას უნდა მისცე?
-კი
-საჭმელს გაჭმევს?
-თუ ფული არ მივეცი არა - გავოგნდი ამ პასუხზე.
-რამდენი უნდა მისცე ყოველდღე?
-ბევრი, დღეს ცუდია, ცოტა ფული მაქ

ამ საუბარში ზოოპარკს მივადექით. სანამ ჩემთან ერთად იყო არავისთვის უთხოვია ფული. გამვლელები საკმაოდ შეშფოთებულები კი გვაკვირდებოდნენ, მაგრამ ეს დიდად არ მაღელვებდა.


-ზოოპარკში ყოფილხარ?
-კი შევპარე ჩუმათ
-კარუსელებზე?
-არა, გამაგდო კაცმა
-წამოდი ცოტა გავისეირნოთ, ცხოველები ვნახოთ, კარუსელებიც მოვსინჯოთ, რას იტყვი?
-ვერა
-რატომ? მე გადავიხდი ფულს
-თუ დამინახვენ მცემენ
-რატომ გცემენ? შენს ფულს ხომ არ ხარჯავ?
-იმიტო რო არ ვმუშაოფ
-ანუ არ წამომყვები ზოოპარკში?

კითხვის გამეორების შემდეგ ისეთი საწყალი სახე ჰქონდა კინაღამ მიწა გამისკდა ფეხქვეშ, თუმცა ცოტა ხანი ასფალტზე დაშტერების მერე დამთანხმდა. ეტყობა ძალიან უნდოდა ზოოპარკში და გეცოდინებათ რაოდენ მიმზიდველია კარუსელებიც - შევედით.

ვატყობდი თვალები უელავდა და ძალიან სწრაფად აცეცებდა აქეთ - იქით. მშვიდი ნაბიჯით მივდიოდით, მაგრამ ადგილზე ცმუკავდა.
პირველად ეშმაკის ბორბალი შევთავაზე და მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მეშინია მე თვითონ, მაინც ავედით.
იჯდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ არ სუნთქავდა, იჯდა და ისევ აცეცებდა თვალებს.
შემდეგ გემზე დაჯდომა მოუნდა, თუმცა - მე იქ ვერ გამოგყვები მეთქი რომ ვუთხარი- გადაიფიქრა. კიდევ რამოდენიმე კარუსელი მოსვინჯეთ. უცნაურად მიყურებდნენ ამ ბინძურ და ძალიან უცნაური იერის მქონდე ბიჭთან ერთად რომ შევდიოდი ყველგან.

ბოლოს ბამბის ნაყინი შევთავაზე, რაღა თქმა უნდა უარი არ უთქვამს.
-დღეს რამდენიც საჭიროა იმდენი გააკეთე?
-ვერა, დრო კიდე მაქს, ფული 7საათზე უნდა მექნეს.
-ბევრი გაკლია ალბათ არა? დღეს ხომ სულ ჩემთან ერთად იყავი?
-ხო, არაუშავს კარქი იყო, თუ მომხვდება გავძლებ
-როგორ გხვდება?
-ქამარით
-რა საშინელებაა, შენს დებსაც?
-კი
-ნათესავები არ გყავს?
-არ ვიცი, მხოლოდ იზა ბაბო ვიცი
-ყოველთვის პეკინზე მათხოვრობ?
-არა ზოგჯერ ჩემი დიშვილი მყავს და ისანშიც ვართ
-რამხელაა დისშვილი?
-ცოტა ხანის წინ გაჩნდა
-და ამ ბავშვს განდობენ??? - მართალია ნანახი მყავდა აქამდეც პატარა მათხოვრები ჩვილებით, მაგრამ ამის ასე პირდაპირ მოსმენა მაინც შემზარავი აღმოჩნდა
-მერე რა?
-მთელი დღე რას ჭამთ?
-არ ჭამთ, სახლში გვაჭმევენ.



ამ დროისათვის უკვე 6 საათი იქნებოდა, მოსაღამოვდა და ავჩქარდით. მე ვერაფერი ვიყიდე, აჰმეტს საშოვნელი ჰქონდა საკმაოდ დიდი თანხა.
დამემშვიდობა და წასვლისას ღიმილით მითხრა:

-დეიდა კიდევ მიყიდე შოკოლადი რომ მნახავ.

Post a Comment

9 Comments

  1. გული გამიჩერდა, მარო :(

    და ისა, უმაგრესი ხარ, ათასჯერ მითქვამს ეს და ახლა ათასმეერთეჯერ გავიმეორებ. რატომ, არ მკითხო, თავადაც მიხვდები.

    პ.ს. ამის თქმის დრო არ არის, ისეთი რამ წავიკითხე, მაგრამ პოსტების გამოწერის სერვისი მშვენივრად მუშაობს.

    ReplyDelete
  2. საღოლ მარო :) მე შენით ვამაყობ!

    ReplyDelete
  3. საღოლ მარო :) მე შენით ვამაყობ!

    ReplyDelete
  4. მოლი - :*
    მიხარია თუ გამოწერა მუშაობს : ) იმედია პრობლემები აღარ შეგექმნება ხოლმე : )

    ReplyDelete
  5. გული ამიჩუყდა.
    მე და ჩემი ქმარი ახალი ჩამოსულები ვიყავით საქართველოში (ამერიკელია), ხოდა რაღაც ტრენინგები გვქონდა რედისონში, სადაც გზაში ხვდებოდა პატარა, ასე 1,5-2 წლის მათხოვარი ქურთი გოგო ადიალაზე, რუსთაველის მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე.
    ჰოდა ერთი დღე მირეკავს, მოთქმით ტირის და მეუბნება, რომ ამ გოგოს შვილად აყვანა უნდა. ამის მერე მომიწია მისთვის ამეხსნა, თუ როგორი "ბიზნესი" აქვთ მათ საქართველოში, და რომ შვილად არ გამოაყოლებდნენ.
    მოკლედ, მთელი 2 კვირა დამჭირდა, რომ დამეწყნარებინა. ყოველ დღე სასუნავები და წვენები მიჰქონდა ამ გოგოსთან, იქვე იდგა და უყურებდა, ბოლომდე როგორ შეჭამდა, რადგან მისი უფროსი დაც იქვე დაძვრებოდა ხოლმე და ტრენდონმა შეამჩნია, რომ არც ისე კარგად ექცეოდა პატარას.

    ReplyDelete
  6. თათია - აწწწ რა საყვარელია ♥ ალბათ მისთვის შოკი იყო "ბიზნესის" დეტალების შესახებ გაგება :|

    დასანანია იმენა ეგეთი რაღაცის ნახვა რომ მოუწია ასე მალე

    ReplyDelete
  7. რატომ უნდა გვყავდეს ჩვენნაირ პატარა ერს, ამდენი ღარიბი და უსახლკარო. რა სირცხვილია...

    ReplyDelete
  8. აუ გული მომიკვდა :/

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!