Saturday, July 28, 2012

ცხელი და სველი განწყობა - ქალი

იმდენი რამის დაწერა მინდა რომ არც ვიცი საიდან დავიწყო.
ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, დრო ელვისებურად მიჰქრის და სულ არ ედარდება ჩემი შეგრძნება იმისა რომ ვერაფერს ვასწრებ ცხოვრებაში და უამრავი რამე გასაკეთებელი მრჩება.

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ქრონოლოგიურად გავიხსენო რისი დაწერა მინდოდა პოსტს დაახლოებით ასეთი სახე ექნება:

ბაკო ჩამოვიდა
დიახ,დიახ, 4 წლიანი საზღვარგარეთული ცხოვრების და სწავლის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნდა და ჯერ არსად აღარ გეგმავს წასვლას. ვერ გეტყვით რაოდენ მძაფრი შეგრძნებაა ის რასაც მე განვიცდი. ჩვენ აღარ გვაშორებს ბევრი, ბევრი ათასი კილომეტრი და საზღვრები, ის უბრალოდ თბილისის ერთ ერთ უბანშია და მე სულ მარტივად 15 წუთიანი მზაგვრობის შემდეგ შემიძლია ოთახის კარებზე დავუკაკუნო და ვუთხრა: "ბაკო რამე ხომ არ გაგვეფუჭებინა დღეს?" და შემდეგ უკვე მასთან ერთად გეგმების სწრაფი განხორციელებისათვის ზრუნვა დავიწყო.
ძალიან რთული იყო პირველი განშორება, ძალიან რთული იყო ყოველი ზაფხული როდესაც ის 3 თვით ბრუნდებოდა და მერე ისევ იკარგებოდა მთელი წლით. ძალიან რთული იყო ყოველი სიახლე რომელსაც ელვისებურად ვერ ვუზიარებდი და მიწევდა ლოდინი თუ როდის შევძლებდით სკაიპით ჭორაობას.
ახლა ის აქაა, სულ რამოდენიმე კილომეტრში, არ გვიშლის ხელს არანაირი საზღვარი და მსგავსი რთული რამ იმისათვის რომ ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოვრება.
ის აქ არის! ის დაბრუნდა!


ბაკოს დაბრუნებასთან დაკავშირებული ემოციების გარდა კიდევ ბევრი სხვადასხვა უცნაური შეგრძნებები მაქვს.
ჩემი შეგრძნებები სიახლის ძიებასთან და რაღაც დანაკლისთანაა კავშირში. არ ვიცი ადამიანები ყოველთვის განიცდიან თუ არა მსგავს რაღაცას, მაგრამ მე უკვე საკმაო ხანია რაღაც მინდა, თუმცა ძალიან მიჭირს იმის გარკვევა თუ რა. ეს დანაკლისი ძალიან ხშირად მახსენებს თავს და შიგნიდან მღრღნის.
სიმართლე რომ ვთქვა საკუთარ ყოფას არ ვუჩივი, ბედნიერი ვარ და საერთოდაც არაფერი მაქვს საწუწუნო, მაგრამ ჩემს შინაგან ხმას არაფრით არ უნდა ეს შეიგნოს და სულ მაწუხებს.
მაწუხებს იმდენად რომ თავში 1000 სულელური აზრი მომდის, კიდევ კარგი საღი აზრი ჯერ არ დამიკარგავს და შემიძლია ეს იდეები უცებ გავყარო თავიდან, თუმცა ვინ იცის როდემდე შევძლებ წინააღმდეგობის გაწევას, ესეც არ იყოს იქნებ მძაფრი შეგრძნებები მომენატროს უცებ და სისულელეების კეთება დავიწყო.

ამ დანაკლისთან ერთად ადამიანები მაოცებენ ძალიან. უმადური არსებები ვართ და ამის აღიარება არაფრით არ გვინდა. როდესაც გვაქვს ვერ ვირგებთ, ვკარგავთ - ვწუწუნებთ, არ გვაქვს და სწორედ მაშინ გვინდა ყველაზე მეტად.
უცნაურადაა სამყარო მოწყობილი.

ისე ადამიანები ისევ ჩემი სისუსტეა და რაღა თქმა უნდა ყოველთვის ხდება ისე რომ სულ ახალ ახალ და განსხვავებულ ვიღაცეებს ვპოულობ, თუ ისინი მპოულობენ. 
როგორც არ უნდა იყოს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად ხდება და მე კიდევ გააზრებას ვერ ვასწრებ.

ამ ყველაფერთან ერთად სამყაროც მეკაიფება მგონი. არა, არ იფიქროთ ვემდუროდე, უბრალოდ როცა რაღაც ძალიან მინდა (გააზრებულად) უეჭველი ვაღწევ ამას, მაგრამ იმდენად უცნაური გზებით და ხერხებით რომ ჩემს არანორმალურ თავშიც კი არ ჩნდება ხოლმე მსგავსი ვარიანტები. ერთია რომ ვერაფრით ვისწავლე ჭკუა ზუსტად ჩავუთქვა ხოლმე ის რაც მინდა, თორემ მერე წუნიას შთაბეჭდილებას ვტოვებ საკუთარ თავთან.

მგონი სულ ეს იყო რაც მინდოდა მომეყოლა, უბრალოდ ცალცალკე პოსტებად ვერ მოვახერხე და ახლა ერთბაშად ამოვხეთქე.

Tuesday, July 03, 2012

როგორ წავედი პრაღაში ანუ ჩუმად კარზე სიურპრიზია

როცა რაღაცას ძალიან დიდი ხანი გეგმავ დიდი შანსია რომ არ გამოვიდეს, მაგრამ  ქვემოთ აღწერილ ჩემს  გეგმას ჩაფუშვის შანსს ვერაფრით მივცემდი.
ამ გეგმის შესასრულებლად იმდენი ტყუილი ვთქვი, იმდენი სისულელე მოვიგონე და იმდენი რესურსი გავხარჯე, რომ უმალ თავს მოვიკლავდი, ვიდრე ამის ჩაშლას შევეგუებოდი.


 მოკლედ ბაკოს "გრედუეიშენზე" და ჩემი პრაღაში წასვლის ამბავზე უნდა გიამბოთ.
[მოემზადეთ პოსტი საკმაოზე გრძელი იქნება]

ცოტა შორიდან მოვუვლი და გეტყვით, რომ ბაკოს წარმოდგენა არ ჰქონდა მე თუ ჩასვლას ვაპირებდი. დიდი ხნით ადრე სადღაც ზამთარში კი ვახსენე, რომ იქნებ ჩამოვიდეთქო, მაგრამ მას მერე გადავწყვიტე - დაე იყოს სურპრიზი და ისე ჩავალმეთქი.
 
ასე რომ ბაკოს ყველანაირი იმედები გადავუწურე, დავასევდიანე და პირში წყალი ჩავიგუბე.

უუამრავი ტყუილი დამჭირდა იმის შესახებ თუ რატომ ვერ მივდიოდი და კიდევ უფრო მეტი ტყუილი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შეენახა ჩემთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე დასასწრები მოსაწვევი. მოკლედ რომ ვთქვათ ტყუილების გუდას პირი უღმერთოდ მოვხსენი და მე თვითონ კი ადგილზე ცმუკვისაგან ნევროზი დამეწყო.
წასვლამდე ბაკოს იქაურ მეგობარს მივწერე (სანიას) რომ დამხვედროდა და დამხმარებოდა ყველაფრის მოწყობაში, რაზეც ის აღფრთოვანებული დამთანხმდა და აღტკინებულმა დაიწყო ლოდინი.

დღე I
ასე იყო თუ ისე ჩემს ბედად იაფ ფასიანი ბილეთიც შემთხვევით გაჩნდა ინტერნეტში და 22 ივნისს გამთენიისას საქართველოს საზღვარი დავტოვე. აეროპორტში უცნაური დილა იყო, ბოლომდე ვერც კი ვიაზრებდი რომ პრაღაში მივფრინავდი, რომ უფროსმა ნება დამრთო სამი დღით არ ვყოფილიყავი სამსახურში, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რომ ფული მეყო, რომ საზღვარი უპრობლემოდ გადავკვეთე, რომ ფრენა დროული აღმოჩნდა და კიდევ ბევრი რომ-ები....

აეროსვიტის ეკიპაჟი მოგვესალმა და თვითმფრინავი კიევისკენ გაეშურა. ძალიან გამოუძინებელს თითქმის მთელი გზა (1 საათზე ცოტა მეტი ) მეძინა, კვებაზე უარი განვაცხადე და საკმაოდ მშიერი დავეშვი კიევის აეროპორტში.(თვითმფრინავი ქვასავით დასვა პილოტმა)

ტრანზიტული ფრენების მოსაცდელ დარბაზში უამრავი ხალხი ირეოდა, უამრავი სუვენირები და კაფეები თვალს წყვეტდნენ ყველას, მე მედგრად დავდექი და სულ რაღაც ცოტაოდენი (არადა ჩემი ბიუჯეტისთვის ფრიად დიდი) თანხა ერთ ნაჭერ ხაჭოს ნამცხვარსა და წყალში გადავიხადე, მაგრამ სული მოვითქვი. 

შემდეგ ლეპტოპი გავხსენი და რამოდენიმე ფეისბუქ აქტივობა განვახორციელე, რომ ბაკოს ეჭვი არაფერზე აეღო. 4 საათიანი ლოდინის მერე ჩემი ფრენა მოახლოვდა, ავბარგდი და დავიწყე გასასვლელის ძებნა, მაგრამ ბედი არ გინდა, არც ერთ ტაბლოზე არაა გამოტანი რომელ  "გეითში" უნდა გავიდე. 
მივდივარ საინფორმაციოში და ვეკითხები საით არის პრაღაზე ჩასხდომა, ქალი კი (ჯიხურში) უკმეხად მპასუხობს, რომ ყველაფერი დაიწერება და გამოცხადდება.  მეც აღელვებული, მაგრამ დაიმედებული ისევ ვუბრუნდები ადგილს და ვაგრძელებ ლოდინს. შენც არ მომიკვდე, გადის 15 წუთი და არც ტაბლოზეა სიახლე და არც რამე გამოუცხადებიათ. 
ბედად ჯდომა მომბეზრდა და დავიწყე აეროპორტში ხეტიალი, ჰოი რას ხედავს ჩემი თვალები - ერთ ერთ შორეულ გასასვლელში პრაღის რეისზე უკვე დაწყებულია გასვლა.

 გავცეცხლდი და მერე როგორ. მივვარდი საინფორმაციოში, გულიანად გავლანძღე ქალი ჯიხურში (გულცივობისა და უკმეხი პასუხისათვის) შემდეგ კი რიგში ჩავდექი და ჩემს ჯერს დაველოდე. 
უსაფრთხოების კონტროლმა კარგად ჩაიარა და თვითმფრინავში ავედით.გამიმართლა- მთელი გზა  ჩემს გვერდით სკამი თავისუფალი იყო, ამიტომ სკამზე არხეინად წამოწოლილმა ვიმგზავრე და ოდნავადაც არ შევწუხებულვარ, თანაც ადგილი სულ ილუმინატორთან მქონდა და ხედითაც ვტკბებოდი.

პრაღის თავზე თვითმფრინავს დაჯდომასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა შეექმნა, ცოტა გვაჯანჯღარა და ცოტაც ზედმეტად ვურტყით წრეები, მაგრამ როგორც იქნა დავფრინდით. 
რეისმა რა თქმა უნდა დააგვიანა. ბაკოს მეგობარი აეროპორტში დიდი ხნით ადრე მივიდა და ძალიან დიდი ხანი ვალოდინე.

 ჩავფრინდი თუ არა დავურეკე და ვახარე აქ ვარ და მალე გამოვალ მეთქი. შეხვედრა გვქონდა სასწაული. ერთმანეთს პირველად შეხვედრილი ადამიანები კარგი მეგობრებივით ვიქცეოდით, თუმცა რა გასაკვირია ორივე ისე ვიყავით აღტკინებული ამ სიურპრიზით რომ მეტი არ შეიძლებოდა.

მე და სანია ტაქსში ჩავსხედით და გზიდან სანიამ დაურეკა ბაკოს, მანაც ბევრი, ბევრი ტყუილი თქვა და როგორც იქნა ბაკო სახლში დავიგულეთ. შემდეგ კი იმდენი ვიქაქანეთ ტაქსის მძღოლს ბოლი აუვიდა და ყურები თავზე მიაჭკნა, მაგრამ ბოლო წუთამდე მშვიდად აგვიტანა.

სადარბაზოსთან სანიამ დაურეკა ბაკოს, მე კი კუთხეში დავიმალე. ასე 5 წუთიანი ლოდინის შემდეგ ბაკო გამობლაყუნდა, სანიას გადაეხვია და ამ დროს მე დავუძახე....

ვერ აგიღწერთ ეს რა იყო.... ბაკო ჯერ კიოდა, შემდეგ ტიროდა, მერე მლანძღავდა და მაგინებდა, მერე ისევ ტიროდა და ასე 10 წუთი. როდესაც ცოტა დამშვიდდა სანია დაგვემშვიდობა საღამომდე, ჩვენ კი ბაკოსთან ავედით.

შემდეგი ერთი საათი ბაკო კანკალებდა მე კი ვერაფრით ვერ გამეაზრებინა რომ პრაღაში ვიყავი , სიურპრიზი გამოვიდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. (ახლა ამის წერის დროსაც კი ვერ ვითავისებ ბოლომდე, რომ ეს ყველაფერი რეალურად იყო და არ დამსიზმრებია)

ბაკომ გამომიცხადა ეხლავე ჩაიცვი და მივდივართ პრაღა უნდა გავირბინოთ, მეტი დრო არ გვექნებაო (მე ხომ სულ სამი დღით ვიყავი)
მინდა გითხრათ რომ პრაღა ქალაქი კი არა მუზეუმია მთლიანად. ულამაზესი სახლები, ქუჩები, სკვერები, მონუმენტები, ძეგლები, მოკლედ ამის აღწერა შეუძლებელია.

სულ რაღაც 3 საათში გადავირბინეთ პრაღის ღირშესანიშნაობების მთელი 10ული და გასავათებულები მივედით სანაპირო ზოლში განლაგებული ბარში, სადაც სანია და მისი მეგობარი დეა შემოგვიერთდნენ - ლუდის დალევის დროც დაგვიდგა.

ლუდით გული რომ ვიჯერეთ და ჭორაობითაც ცოტა დავიქექეთ ენები, გადაწყდა  სხვაგან წავსულიყავით,თან გოგოებს მეგობრებმა დაურეკეს და სად იქნებით შემოგიერთდებითო, ხოდა ჩვენც რომელიღაც საყვარელ ბარში გადავინაცვლეთ (დავლიეთ უცნაური სასმელი ჩუპიტო, რომელიც უგემრიელესია) და ისევ მივეძალეთ ლუდს, უფრო სწორად მე ტეკილას  : ))

საღამოს მიწურულს კაი შეზარხოშებულმა და დაღლილმა, ჭორაობაში ენაგაქექილმა კინაღამ "ბრძოლის ველზე" დავყარე ფარხმალი, გოგოებმა კი ხვალ მძიმე დღე გვაქვს და დროა დავიშალოთო (ღამის 3 საათია პრაღაში და დილის 5 თბილისში).
მე და ბაკომ გადავწყვიტეთ სახლამდე ფეხით გვებოდიალა იმიტომ, რომ მე არ მქონდა ტრამის ბილეთი, თანაც ყველა ტრამვაი გატენილი მოდიოდა და სახლიც არ იყო ძალიან შორს. ბოდიალ ბოდიალში კიდევ უამრავი ვიქაქანთ და სახლში მისულებმა 2 საათით წაძინება ვცადეთ.

დღე II
დილით 11 საათზე ბაკომ წამომახტუნა, თმა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მისი თმა მეტად ურჩი აღმოჩნდა და ამიტომ სხვა გადაწყვეტილება მოვძებნეთ. 

შემდეგ ბაკო აიკაზმა, გაიპრანჭა და წავედით რაღაც ძალიან "სვეცკი" სალონში, რომ სანიას, ბაკოს და დანიელას მაკიაჟი გაეკეთებინათ.

სანამ გოგოები იპრანჭებოდნენ მე ასე 40 წუთი მქონდა ახლომახლო საბოდიალოდ და სუვენირებისათვის თვალის შესავლებად. ჩემ მწირი ბიუჯეტით რამე მაინც უნდა მეყიდა ძვირფასი ადამიანებისათვის (მართალია ისე გამოვიდა რომ ბევრს მაინც ვერაფერს გავწვდი მაგრამ  რას ვიზავთ).
მაკიაჟის გაკეთების მერე გოგოები წავიდნენ სარეპეტიციოდ მე კი მომცეს ხელში რუკა, მეტროს ბილეთი და წამოვედი სახლში (მარტო). კარგია რომ ორიენტაციის უნარს არ ვუჩივი და ძალიან მშვიდად გავიკვლიე გზა პრაღის მეტროსა და ქუჩებში (ბევრი არც იყო რამე, უკვე ნამყოფი ვიყავი ყველა საჭირო ადგილას). 
სახლში მივედი გავიპრანჭე გამოვეწყვე და თამთაც მოვიდა (ბაკოს მეგობარი რომელთან ერთადაც მივდიოდი ცერემონიაზე). 

ცერემონიაზე გვაგვიანდებოდა და მე და თამთამ ძალიან, ძალიან ბევრი ვირბინეთ პრაღის ვიწრო ქუჩებში, თუმცა მინდა გითხრათ ცერემონიის დაწყებამდე 2 წუთით ადრე შევაბიჯეთ შენობაში აქოშინებულებმა.

ცერემონია დაიწყო და პირველივე წუთიდან ისე ავჩუყდი კინაღამ ღნავილი დავიწყე, თუმცა იმ წუთასვე ფოტოების გადაღება დავიწყე, რომ ყურადღება გადამეტანა.
დიპლომების გადაცემა და მთელი ეს ღირშესანიშნავი ღონისძება 3 საათი მიმდინარეობდა. ხან კურსდამთავრებულები ჩუყდნენ, ხან დამსწრე საზოგადოება (რომელიც ახლობელნათესაობამეგობრებისაგან შედგებოდა),ხანაც ლექტორები.

ბოლოს კი გამოაცხადეს რომ 2012 წლის კურსდამთავრებულები თავისუფლები არიან და ატყდა ქუდების ცვენა და ტაშისცემა დარბაზში.
ამის შემდეგ ყველა აქეთ იქით დარბოდა, იღებდა ფოტოებს, ეტანებოდა სასმელს რომელიც მორთმეული იყო სტუმრებისათვის. მოკლედ იყო ერთი ორომტრიალი და ტყლაშატყლუში, რა თქმა უნდა ფოტოაპარატების ჩხაკუნიც არაფრით წყდებოდა.

ამის შემდეგ ყველანი გავემართეთ სახლებში - ზოგი ოჯახთან ერთად სავახშმოდ, მე და ბაკო კი გამოსაცვლელად და წვეულებაზე წასასვლელად (რომელიც დაჯიდლოვების შემდგომი ოფიციალური ღონისძიება გახლდათ).

წვეულებაზე ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, ვერ აგიღწერთ რამდენი ადამიანი და სხვადასხვა ერის წარმომადგენელი ვნახე, თუმცა გეტყვით რომ ერთ საღამოში მე ბაკოს 4 წლიანი ცხოვრება აჩქარებული ტემპით ვიხილე.
წარმოიდგინეთ ზიხარ სადღაც კუთხეში, რბილ სავარძელში და თითქმის ყველას სცნობ, იცი მათი სახელები, რა გადახენიათ თავს რას აკეთებდნენ 4 წლის განმავლობაში, როგორ ბოდიალობდა ბაკო მათთან ერთად..... ეს რაღაც წარმოუდგენელი შეგრძნებაა.

 ბევრი ცეკვის, დალევის და სიგიჟის მერე ყველა დაიშალა, ჩვენს საკმაოდ დიდი კამპანიით გამოვედით კლუბიდან და ერთ -ერთ ხიდზე გამოვეფინეთ, რომ მზის ამოსვლით დავმტკბარიყავით, მაგრამ ისე გავიყინეთ და ისე გვინდოდა საპირფარეშოში რომ მზეს ვერ დაველოდეთ (ძალიან აგვიანდებოდა, ალბათ მთვრალზე ჩაეძინა) და მაკ დონალდსისკენ გავეშურეთ - ცოტა სული უნდა მოგვეთქვა.

"ჯანკ ფუდ" ნასაუზმევზე კი სახლებში წავედ წამოვედით.

 მე და ბაკომ ისევ სულ რაღაც 2 საათით დავდეთ თავები და უმალვე მაღვიძარამ დარეკა. 

დღე III
ფაქტიურად გამოუძინებელზე და ნაბახუსევზე წამოვხტით. 

მე ჯერ კიდევ არ მქონდა ნაყიდი სუვენირები და შესაბამისად ძალიან ჩქარა უნდა ჩაგვერბინა ნახევარი პრაღა, რომ ყველაფერი მომესწრო და აეროპორტშიც დროზე მივსულიყავი (რა თქმა უნდა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა)
 
მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან დათქმულზე 40 წუთით ადრე გამოვედით და საკმაოდ სწრაფადაც ვიმოძრავეთ ქალაქში, ბოლო წუთს აღმოჩნდა - თურმე აეროპორტში მაგვიანდება :|
ტაქსს ვიძახებთ და გვეუბნებიან რომ უახლოესი 20-25 წუთ ტაქსი ადგილზე ვერ მოვა, აეროპორტამდე კიდევ 25 წუთი (მინიმუმ) გზას უნდა და ჩემი ჩასხდომა დასრულდება კიდეც.

მე პრაღაში დასარჩენი არც ფული მაქვს და არც დრო.

პანიკა.პანიკა. პანიკა. პანიკა

შემდეგ კი უცებ დისპეჩერი რეკავს და გვეკითხება რომ თუ ტაქსი 10 წუთში მოვა დაველოდებით თუ არა? ჩვენ რა თქმა უნდა ავხავდლით და ბაკომ უპასუხა, რომ აუცილებლად დაველოდებოდით.

თაკარა მზეში ანერვიულებულებმა ვთელეთ პრაღის ქვაფენილი და ნანატრი ტაქსიც მალევე გამოჩნდა (თუმცა ეს მალე ჩვენთვის ძალიან გაიწელა)
ბაკომ მძღოლს ძალიან სთხოვა სწრაფად ევლო, რაზეც თქმა უნდა გაოცებული მზერა მივიღეთ პასუხად , თუმცა იმ ტაქსისტს უნდა ვუმადლოდე რომ მე რეისზე მივასწარი.

მძღოლმა აბსოლუტურად გიჟურად იარა, აეროპორტის შესასვლელთან მე და ბაკო მოძრავი მანქანიდან ჩამოვხტით და ნახევარი აეროპორტი ამოუსუნთქვად გავირბინეთ, ოპერატორთან აქოშინებული მივვარდი, ჩემს წინ ვიღაც მოწიფული მამაკაცი იდგა, უბოდიშოდ გავაჩოჩე და აბსოლუტურად არაჯამრთელი ინგლისურრუსულქართულსვანურ (მოკლედ რაც გამახსენდა და შევძელი) ენით ვკითხე ხომ გამატარებდნენ რეისზე. 
ძალიან გაოგნებულ ღიმილთან ერთად თანხმობაც რომ მივიღე მხოლოდ ამის მერე მოვისუნთქეთ, მეც და ბაკომაც.

როგორც აღმოჩნდა ჩვენი გათვლები დროში რეალურად განვითარებულ მოქმედებებს ცოტა აცდა და ამიტომაც გადაგვხდა თავს მსგავსი რამ
.
როგორც იქნა გავიარე "ჩეკ ინი", დავემშვიდობე ბაკოს, მალე შეხვედრის იმედით უკვე თბილისში და შევედი უსაფრთხოების შემოწმებაზე. 
ერთი შეხედვით შემოწმებაც მალე და მშვიდად გავიარე, რომ არა ერთი უბედურება - აეროპორტის თანამშრომელი გამოვიდა და გვაუწყა, რომ მანამდე არ ჩავსხდებოდით თვითმფრინავში სანამ 200 ადამიანი ისევ თავიდან არ გავივლიდით "სექიურითი ჩეკს".

 ვაი დედასა - რა ტყუილად ვირბინე და შემდეგ კიდევ რამდენი ხანი ვიდექი რიგში, მოვიხსენი მთელი ავლდადიდება და აი ისევ თავიდან. 
მოკლედ 40 წუთი დავაგვიანეთ აფრენა, შესაბამისად კიევში ჩაფრენაც , რაც უდრიდა იმას რომ ჩემი 2 საათიანი შუალედი შემცირდა ძალიან ცოტამდე და იქაც სულ სირბილ სირბილით გადავედი ახალ გასასვლელში.

როგორც იქნა ბედნიერად დავეშვი მშობლიურ მიწაზე და ისევ გეტყვით - ამ დრომდე არ მჯერა რომ ეს თავგადასავალი მართლა რეალურია და რომ მე პრაღაში სამი დღით, როგორც ცოცხალი სიურპრიზი ისე ჩავფრინდი.

პ.ს სადმე თუ ვინმე უხამსად იქცევა ან სერბია ან ქართველი
პ.პ.ს მადლობა ჩემს ესტონელ ბებიას <3
პ.პ.პ.ს გამახსენდა თუ რატომ მიყვარს ფრენა
პ.პ.პ.პ.ს ყველას გვატყუებენ, თუ ღმერთი ღრუბლებზე უფრო მაღლა ცხოვრობს სადმე, ის იქიდან ვერაფერსაც ვერ ხედავს და ჩვენი ყველა ცუდი საქციელი მხოლოდ ჩვენს სინდისზეა.