Tuesday, May 29, 2012

მწვანეთვალებაწრფე

რა დიდია ცდუნება მოუსმინო სხვების საუბარს და რა რთულია თავის შეკავება.
თუ თავის შეკავებას არ ცდილობ შემდეგ სინდისის ქენჯნაც არ აყოვნებს ხოლმე, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიზანმიმართულად უგდებ ყურს საუბარს.

ხალხით გადაჭედილ კაფეში თუ შემთხვევით ვიღაცის საუბარს მოუსმენ, სულაც არ ითვლება ცუდ საქციელად, იქ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს.

ამიტომ აბსოლუტურად არ მაწუხებს სინდისი იმ დიალოგის მოსმენის შემდეგ, რომელიც თქვენც  უნდა გაგიზიაროთ:

- აუ იცი როგორია? აი ფილმებში რომ სპეციალურად არჩევენ თითქმის სრულყოფილ ტიპებს. მაღალია და სიმპატიური და კიდევ აი რაღაცნაირი... 
-მოიცა რა შენ ყოველ მეორეზე ეგრე ამბობ, გჭირს ალბათ რაღაც 
- არა, რა ყოველ მეორეზე. ეს მართლა როგორია იცი? აი აგიღწერ და წარმოიდგინე:
-აქვს მუქი ფერის თმა, რაღაცნაირად მიმართულების გარეშე ეზრდება, კიდევ მუქი მწვანე ან რაღაც მაგდაგვარი თვალები აქვს და უცნაური გამოხედვა. გამოხედვა რომელშიც ვერაფერს ვერ დაიჭერ კონკრეტულს. ტუჩებიც აქვს... 
- მართლაა? თუჩებიც კი აქვს?? ღმერთო ჩემი რას არ გაიგებ  ადამიანი, ტუჩებიანი კაცებიც არსებობენ... 
-ფუ კაი ნუ იცი ეგრე! "ვაფშე" არ მეღადავება ეხლა მე... 
-რატო კაცო გიჭირს რამე?? სუნთქვა? თავბრუ გეხვევა? 
- ძალიან ცუდი ტიპი ხარ, ინხ რა.... 
-ჰო კაი , განაგრძე ვეცდები წარმოვიდგინო ტიპი, რომელსაც აქვს ტუჩები.... 
-არა რა, ლაპარაკი არ შეიძლება შენთან, მაგრამ კაი.... მსიამოვნებს ამ ყველაფრის მოყოლა... ხოოდა მოკლედ ტუჩების აქვს აი რაღაცნაირი... უფრო იცი როგორი, ჰმ მშვიდი და ზომიერი 
- ზომიერი ტუჩი რაღაა? დებილი ხარ რა... 
- ოო , აი როგორ აგიხსნა რა, მოკლედ კარგი ტუჩები აქვს (ამ დროს პირის წკლაპუნიც გავიგე ოღონდ ვერ მივხვდი რამე დააგემოვნა თუ წარმოდგენებში იყო) 
-კიდევ რა აქვს განსაკუთრებული ტუჩების, თვალების და თმის გარდა? თუ სულ ეგაა შენი სუპერ კაცი?? 
-აუ არა , კიდევ აი ძალიან საკაიფო ცხვირი აქვს და ტორსიც მაგარი აქვს და საერთოდაც თავი მაგრად უჭირავს , რაღაცნაირად - აგრესიულად თუ რაღაც ეგრე....
თანაც ხომ იცი გაბურძგნული კაცების სიყვარულში "იასნა", ეგეც რაღაც მაგ კატეგორიაში გადის, მაგრამ აი სხვანაირია.... 
- ჰო მჯერა , ჩემს ქუჩაზე რომ ბომჟია ისიც ისე განსაკუთრებულად გაბურძგნული დადის ვერავის შეადარებ.... 
- იდიოტი ხარ! თუ კაიფს არ მორჩები წავალ... 
- სად შენს სუპერმენთან? 

ამის შემდეგ კიდევ დიდი ხანი იკამათეს და საბოლოოდ ისევ იგივე თემას დაუბრუნდნენ:

- აუ აი იცი როგორ იცვამს? აი ძალიან .... ფუ შესაფერისი სიტყვაც კი არ მახსოვს. "ძერზკად" და ამავე დროს სადად .
კიდევ რა ახასიათებს იცი?? უფრო სწორად რა ევასება?? ხელზე უკეთია ბეჭედი, რომელიც ალბათ ძალიან ძველია, შიგნით როდესღაც მიმანქრის ორნამენტი ექნებოდა, მაგრამ ახლა ძალიან ცოტაღაა იმ ორნამენტისაგან შერჩენილი, თუმცა ცუდად სულაც არ გამოიყურება.
- საერთოდაც რომ ვუყურებ .... აი ვუყურებ და მორჩა რა... აზრი არ აქვს რა ხდება გარშემო.... ის უბრალოდ არის და მერე ყველაფერი სხვა ქრება... 
 -კიდევ მისი საუბრის მანერა მომწონს და კიდევ ის, რომ არაფერს ამბობს და როცა ამბობს ვერაფერსაც ვერ გაიგებ...
-რა მოგწონს მერე მაგაში? თავი რომ დებილი გგონია? 
-არა თავი სულ არ მგონია დებილი, უფრო მეტად ის მგონია რომ ძალიან უცნაურია და სხვანაირად ფიქრობს, ძალიან მარტივ რამეებზეც კი.... 
-შიშველი უკვე წარმოიდგინე თუ ჯერ მაქამდე არ განვითარებულხარ?? 

ამის შემდეგ საუბარი და ჩხუბი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდა, თუმცა მოსმენა ვეღარ შევძელი ორი მიზეზით:
1. იმიტომ რომ ჩვენს გვერდით მაგიდა ძალიან ახმაურდა და
2. ჩემთვის დავიწყე ფიქრი, ამ დიალოგზეც და საერთოდ ადამიანებზეც .

აი ხომ არაფერი განსაკუთრებული, ალბათ მილიონობით ასეთი საუბარი არის ყოველ დღეს და წუთს დედამიწაზე, მაგრამ ყველაზე დასანანი ისაა, რომ ისინი ვიზეც საუბრობენ ვერასოდეს იგებენ ამ ყველაფერს....(ნუ თითქმის ვერასოდეს) არადა რა საინტერესო იქნებოდა სამყაროს რომ მიჰქონდეს ეს ინფორმაცია განსჯის "საგნამდე" და რაიმე სახით აცნობებდეს მათ....

ეგ რომ ხდებოდეს ალბათ ადამიანები ლაპარაკს გადაეჩვეოდნენ, ჩვენ ხომ ყოველ წუთს ვიღაცას ვარჩევთ, ვაკრიტიკებთ და ვახსენებთ....


Tuesday, May 22, 2012

ნაწილობრივ რჩებიან ჩემში

ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდებიან და ქრებიან უცნაური წარმომავლობის ადამიანები. 

ერთი შეხედვით მათგან არაფერი რჩება, თუმცა თითოეული მათგანი უნებლიედ "მაიძულებს" შევიცვალო.

თითოეული მათგანის გავლენას გამოჩენიდან საკმაოდ გვიან ვგრძნობ, მაგრამ იმდენად ძლიერად, რომ მოსალოდნელ ცვლილელებს თითქმის ვეღარ ვუძალიანდები.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს ძალიან რთულად ვეგუები, არც ერთი მათგანის გამოჩენა და არსებობა არ მწყენია, პირიქითაც კი.

ყოველთვის ისე გამოდის, რომ ეს ცვლილებები და ბიძგი უაზროდ მეჭედება თავში,განუწყვეტლივ ვიმეორებ და შესაძლო შედეგს ვაანალიზებ....შემდეგ კი ისე გამოდის რომ ამას ვაკეთებ.
 
რთულია განსაზღვრო რა აქვთ ან ჰქონდათ იმ ადამიანებს საერთო, თუმცა ალბათ თითოეული მათგანი ჩემს ქვეცნობიერში დალექილ ინფორმაციას ახმოვანებდა მხოლოდ და ამით ახდენდა ჩემს "პროვოცირებას".
 

ადამიანის ყველაზე დიდი მიგნება ცხოვრებაში - ადამიანია.

Thursday, May 03, 2012

საზოგადოებრივი წნეხი

რა უცნაურია ადამიანი როგორ იცვლის ცხოვრების წესაა და დამოკიდებულებას.

მე ვიცი ორი მაგალითი, რომელიც ერთმანეთისაგან ბევრი რამით განსხვავდება ,თუმცა ორივეს საერთო ნიშანი ისაა, რომ მათზე გარემოებები ძალიან ძლიერად მოქმედებს

წარმოიდგინეთ პატარა გოგო, რომელიც გარდატეხის ასაკში ცდილობდა ეგრძნო თავი რომელიმე სუბკულტურის ნაწილად. იცვამდა განსხვავებულად, აკეთებდა უამრავ სისულელეს და ამით იმყარებდა პოზიციებს გარშემომყოფების წინაშე. შემდეგ ეს გოგო გაიზარდა , გადააფასა ყველაფერი და Punk_Girl___Ink_by_JakobWestmanმისი ჩაცმისა თუ ქცევის მანერა ფაქტიურად გაუთანაბრდა სხვებისას. მართალია მასში დარჩა ის რაღაც, რაც მას აიძულებდა გამოეცხადებინა ამბოხი არსებული გარემოსათვის , მაგრამ ეს რაღაც ძიერად დაითრგუნა.

მეორეს მხრივ კი არსებობს გოგო, რომელიც მთელი გარდატეხის ასაკი და ბავშვობა იძულებული იყო  ყოფილიყო სამაგალითო, წესიერი დ ზრდილობიანი, ხოლო იმ მომენტში როდესაც მან იგრძნო სრულწლოვანების გემო - ”აიშვა”. დაიწყო იმის კეთება რაც მანამდე ეკრძალებოდა ან მიიჩნევდა რომ დაუშველებელია. მან დაიწყო საზოგადოებისგან განმასხვავებელი ნიშნების ძებნა და ამის მორგება ”ყველას ჯინაზე” . მასში დარჩა ის რაღაც რას მას წესრიგისა და ნორმების სიყვარულს აიძულებდა, მაგრამ ის ამას ებრძვის დღემდე.

ეს ორივე შემთხვევა ჩემი აზრით აღზრდისა და გარემოებების ბრალია და არც ერთი მათგანი არაა ”დამნაშავე” რომ ასე იქცეოდა და იქცევა. გარშემომყოფები იმდენად ძლიერად ახდენენ თითოეულ ჩვენგანზე ზეწოლას რომ რთულია ამისაგან არ ”აურიო”.

ალბათ ეს ორი გოგოც საბოლოოდ დაიწყებს ზუსტად ასეთივე ზეწოლის განხორციელებას სხვა ორ გოგოზე, რომლებიც აბსოლუტურად იდენტურად მოიქცევიან , ჩაკეტილი წრეა.

მანამდე სანამ ადამიანები ვერ ისწავლიან დამოუკიდებლად ფიქრს, არ დაიჯერებენ (დროულად) რომ თითოეული ინდივიდი პიროვნებაა დაბადებიდან, ეს წრე არ შეიცვლება და ყველას აიძულებს დროდადრო შეცვალოს ცხოვრების სტილი, მიუხედავდ იმისა საჭიროა ეს თუ არა.