Thursday, September 27, 2012

წითელი, ყვითელი, მწვანე - გამარჯობა მაკა

სამსახურიდან უზომოდ დაღლილი, სახლის გზას როდესაც ადგახარ თავში თითქმის სიცარიელე გაქვს.
მეც ზუსტად ასევე არაფერზე არ ვფიქრობდი, მშვიდად მოვყვებოდი სანაპიროს და ვცდილობდი ყველა ორმოსა და ლუქისთვის ამეცილებინა საბურავები.

ყოფილ დინამოს კორტთან (სადაც ახლა უკვე უცნაური იუსტიციის სახლი იწონებს თავს)
შუქნიშანზე მკვეთრად გავაჩერე და ღრმა ნაპასიც დავარტყი, ამ დროს კი გვერდითა მანქანიდან განწირული ხვეწნა მომესმა:

- აუ ძალიან გთხოვ, ერთი ღერი სიგარეტი მოგვეცი რა.
მანქანისკენ თავი შევატრიალე და სიცილი ვერ შევიკავე, ასე 10 მამრობით სქესის წარმოადგენელი, ოპელის ტაქსში, კარგად დაკონსერვებული კილკასავით იყვნენ ჩაწიკწიკებულები.

- კარგი, ოღონდ მოდი - გავძახე სიცილით , თუმცა ბედად ამ დროს შუქნიშანზე მწვანე აინთო და ბოლო რაც გავიგე შემდეგი ფრაზა იყო:

- აუ არ წახვიდე რა და აქვე გადააყენე მანქანაო
მეც დიდი ხანი ხვეწნა არ დამჭირვებია, რადგან უკვე დავთანხმდი ამ კეთილ საქმეს, აღარც გადამიფიქრებია.


ტროტუართან მოხერხებულად დავაპარკინგე და უცებ სიგარეტის კოლოფიც მოვიძიე, რომ ნიკოტინის შიმშილობა გამოვლილი საზოგადოებისათვის დახმარების ღერი გამეწოდებინა.

მანქანასთან ფრიად ზრდილობიანი და სანდომიანი მამრი მოვიდა, იქნებოდა ასე 25-28 წლის.

გავუღიმე და მაშინ, როდესაც კოლოფის მიწოდებას ვგეგმავდი, ხმა ამოიღო:

- იცი რა, მართლა სიგარეტი კი არ მინდოდა, მაქვს და შემიძლია მეც დაგპატიჟო....- ამ დროს კი ჩემს ფრიად გაკვირვებულ სახეს გადააწყდა ვგონებ.

- უბრალოდ შუქნიშანზე რომ გააჩერე მომეწონე და მეტი არაფერი არ მომივიდა თავში.

ამ დროს ჩემს დაბნეულობას წერტილი დაესვა და ავხარხარდი. ამ სიცილ ხარხარში ხელი გავუწოდე და გავეცანი:

-გამარჯობა, ლევანი.
- როგორ ლევანი? - ეხლა იმის გაოცების ჯერი დადგა
მერე უცებ გონს მოეგო, ხელი ჩამომართვა და მიპასუხა
-სალამი, მე მაკა
ამის მერე ასე 5 წუთი გაუჩერებლად ვიცინოდით.


სანამ ისტორიას გავაგრძელებ გეტყვით, რომ მთელი დღე, სამსახურში იმაზე ვწუწუნებდი საცეკვაოდ მინდა წასვლა და არავინ არც მეპატიჟება და არც არსად მომყვება მეთქი.

ჰოდა ამ სიცილ ხორხოცის მერე ჩემი ახალი ნაცნობი - მაკა მეკითხება:

-ხომ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? კლუბში მივდივართ. ვიცეკვებთ, ცოტას დავლევთ...
მინდა გითხრათ ჩემი აზრით მას უკვე საკმარისად ჰქონდა  "ცოტა" დალეული, თუმცა რავიცი.

ძალიან დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი ალბათ უარს არ ვიტყოდი ამ შემოთავაზებაზე, თუმცა თითქმის უკვე შუა ღამე იყო და....

- ძალიან დიდი მადლობა, სამწუხაროდ უარი უნდა ვთქვა ამ შემოთავაზებაზე - მორიდებულად დავუბრუნე პასუხი მაკას.

- დარწმუნებული ხარ?  - მაინც ჩამეძია, თუმცა ზედმეტი არ მოსვლია

-დიახ, დიდი მადლობა დაპატიჟებისათვის


-იცი რა მაშინ იქნებ ნომერი მომცე? - ისე ხმადაბლა მითხრა ეს რომ ძლივს გავიგონე

- არა ნომერს არ მოგცემ, თუმცა მოდი მე ჩავიწერ შენსას - ვუპასუხე და მობილურიც უცებ ვიპოვნე მანქანაში

ნომრის კარნახის შემდეგ, რატომღაც ენა დაება და ბორძიკით გამოსცრა:

- იცი მე მართლა მაკა არ მქვია, ისე ვოვა მქვია, სასიამოვნოა კიდევ ერთხელ
- სასიამოვნოა ვოვა, სახელად მაკა - ვუპასუხე და ჩემი ნამდვილი სახელი არც მითქვამს ისე დავემშვიდობე.

მანქანის დაქოქვისას ბოლო ორი ფრაზა რომლის გაცვლაც მოვასწარით ასეთი იყო:

-დამირეკავ? 
-ვიფიქრებ, არ ვიცი, სასიამოვნო ღამეს გისურვებ მაკა.

სახლამდე ყურებამდე გაღიმებულმა ვიარე და ვფიქრობდი ასეთ გულისასაფანცქალებელ მომენტებზე ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება არსაითაც არ განვითარდეს, მანამდე სანამ არ ავკრეფ ნომერს 551 41 XX XX....


2 comments:

  1. აუ, აკრიფე რა, აკრიფე.

    ReplyDelete
  2. ჰაჰ, ეს ნახე რა :D :D :D :D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!