Saturday, June 18, 2011

არტ გენი 2011 დაიწყო – ფანდური დაქოქეთ!

”გახსოვდეს ვისი გორისა ხაარო…”- ასე უბარებდნენ ჩვენი წინაპრები შთამომავლებს და ჩემი აზრით ჩვენ ყველას გვმართებს ამის გახსენება, იმ მომენტებში მაინც როდესაც საქართველოში

ფოლკლორის ფესტივალი – არტ გენი – იწყება ხოლმე!

18 ივნისიდან არტ გენის ფესტივალმა სტარტი კახეთში, მირზაანში -ფიროსმანის მუზეუმის ეზოში აიღო.

1 (1)ბანკმა კონსტანტამ (როგორც არტ გენის მთავარმა მხარდამჭერმა და პარტნიორმა) ფეისბუქზე გამოაცხადა კონკურსი , რომლის გამარჯვებულები ამ დღის გახსნაზე დაპატიჟა.

მოდით მოგიყვებით როგორ ჩაიარა დღემ:

დილით 9:00-ზე რედისონთან იყო შეკრება, უამრავი ადამიანი ირეოდა, თუმცა კონსტანტას წარმომადგენელი ნანა უცებ მოვიძიე და გავეცანი, იქვე იყო  კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც თვითონ გამეცნო. მალევე მეორე ბლოგერი – ნასტასიაც გამოჩნდა, ჩავსხედით უზარმაზარ ავტობუსში, კონკურსის ბევრ გამარჯვებულთან ერთად და დავიძარით კახეთისკენ.

პირველი და ყველაზე საინტერესო იყო ავტობუსში არსებული ლოტბარები , რომლების მეშვეობითაც ჩვენი ავტობუსის ”გუნდი” უნდა ამღერებულიყო.

მირზაანს 12:30 საათისათვის დავესხით და მომენტალურად დავიფანტეთ უზარმაზარ მინდორზე , სადაც იმდენი საინტერესო რამე ხდებოდა, თუმცა რა – ისევე როგორც ყველა არტ გენზე – აქაც იყო : ხალხური რეწვის ნიმუშები, ბევრი მუსიკოსი რომელიც ყველა კუთხე კუნჭულში რაღაცას ამღერებდა, დიდი ქვაბები რომელშიც იქვე მომზადებული ხინკალი თუხთუხებდა, დიდი კარავი სადაც ცხვებოდა ხაჭაპურები, ნაკვერჩხლის უზარმაზარი ზოლი რომელზეც მწვადი შიშხინებდა და კიდევ 1000 1 (3)გემრიელობა.

სხვადასხვა ასაკის, სქესის , კუთხისა და რჯულის ადამიანები ერთ გუნდათ ზუზუნებდნენ, კახური ღვინო და ტრადიციული ატმოსფერო მაინც საასწაულებს ახდენს და მინდორი მეგობრებით სავსე გეგონებოდა, ვერ იფიქრებდი რომ ერთმანეთისათვის ამდენი უცხო ადამიანი ასე მშვიდობიანად ახერხებდა გვერდიგვერდ გართობასა და ფოლკით ტკბობას.

შუადღისათვის ნანამ (კონსტანტას წარმომადგენელმა) იზრუნა იმაზე რომ ჩვენც ჩაგვეტკბარუნებინა პირი იქვე მმზადებული ხორაგით,  რა თქმა უნდა დიდი ხანი არ ვალაპარაკეთ, ამოვიყორეთ მუცლები და მინდა გითხრათ ძალიან სარფიანადაც, ყველაფერი ძალიან გემრიელი მეჩვენა, თუმცა შიმშილის ბრალი იყო თუ ჭეშმარიტად ასეთი იყო საკვები - ვერ გეტყვით.

კონცერტი მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა, წარმოდგენილი იყო უამრავი ანსამბლი ახმეტიდან, თელავიდან, დედოფლისწყაროდან, გურჯაანიდან და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი 1 (2)რაიონიდან, თუმცა გეტყვით რომ ჩემი ფავორიტები იყვნენ თბილისელი სტუმრები ”თსუ გორდელა” და საგარეჯოს ფოლკლორული ანსამბლი ”გარეჯი”.

შეიძლება ითქვას რომ ფესტივალის პირველი დღე მართლაც ძალიან სასიამოვნო და კარგი იყო, თუმცა აქვე უნდა დავსძინო რომ ნაგვისყუთების ნაკლებობისა და ნაგვის ველად გაფანტვის პრობლემა ჯერ კიდევ საკმაოდ მასშტაბურია ასეთ ივენთებზე , ხოლო (ნორმალური) საპირფარეშო საერთოდ ფანტასტიკის სფეროა,  რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს.

ყველაზე საინტერესო დღევანდელ დღეს ის იყო რომ ჩვენი ავტობუსის მგზავრებისაგან საუკეთესო ანსამბლის ჩამოყალიბება შეძლო ორმა ადამიანმა რომლებმაც სცადეს და აამღერეს გოგო - ბიჭები. საუკეთესო პოპური გამოუვიდათ, ბოლოს ნიაზმაც კი შეაფასა და  დასძინა ეს რა მარტივი რამეები 1დაგისწავლიათო, თუმცა ნახევარი დღის კვალობაზე მაინც ძალიან კარგი შეფასება იყო.

უკანა გზაზე ყველანი კაი გვარიანად დაღლილ დაქანცულ დასიცხულები გახლდით, თუმცა ავტობუსში მაინც ღრიანცელი და დიდი ორომტრიალი იდგა, ვინ ცეკვავდა, ვინ მღეროდა, ვინ უბრალოდ დახტოდა ვერ გაიგებდი.   

მაინც რა უცნაურია როგორ შეუძლია ტრადიციას და დღესასწაულს ამდენი ერთანეთისათვის უცხო ადამიანი გააერთიანოს და დროც საუკეთესოდ გაატარებინოს…

ამ დღის აღწერის განსხვავებული ვარიანტი იხილეთ - ნასტასიასთან

3 comments:

  1. შარშან პირველად ვიყავი "არტ გენზე" და ქე იცი, რაფერც მემეწონა. წელს როდისაა ეთნოგრაფიულში? ბევრი ჩურჩხელა უნდა ვიყიდო :პ

    ReplyDelete
  2. რა გემრიელად აღწერე :)თბილისში როდის იქნება? რაღაც მომინდა წასვლა :)

    ReplyDelete
  3. Mol 16 ivliss daicyebaa : ) 25mde : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!