Tuesday, August 31, 2010

მესტიის მოლოდინში – დღე II (21-25 აგვისტო)

მაშ ასე მეგობრებო თქვენ უკვე იცით რა მოხდა პირველ დღეს.

ახლა კი მოგიყვებით იმ გაგრძელებას რომელიც ესოდენ სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყო.

მეორე დილას - სანამ მე , ქეთის და ბაკოს გვეძინა – გელა და მაო წავიდნენ თეთნულდის ტერიტორიაზე და საკარვე ადგილი მოინახულეს, კარავიც დასცეს და თეთნულდის მეპატრონესაც შეხვდნენ. სადღაც 12 საათისათვის ჩვენც გავიღვიძეთ და მე პირადად ეგრევე ფანჯრებს ვეცი.

  000007  000016

ჩემს წინ ულამაზესი ხედები გადაიშალა Guest House –ის ყველა ფანჯრიდან. არც კბილების გამოხეხვა გამხსენებია და არც ტანსაცმლის გამოცვლა – ვეცი ეგრევე ფოტო აპარატს და ავტეხე ჩხაკუნი (ასე გგონია გამექცეოდა ის ხედები , ამდენი წელია იქ არიან და მაინც და მაინც მე დამემალებოდნენ, მაგრამ რავიც მაინც) ასე 15-20 წუთში გოგოები დახურულ ჩაცმულ გამზადებულები ვიყავით და საჭმელიც მივირთვით. ჰო იმ დღეს გავსინჯე პირველად სვანური ელარჯი (მეგრულს არ ვინდობ და არ მომწონს) რომელსაც არა უშავდა რა - გემრიელი იყო და კარტოფილით გახლდათ გაკეთებული.

საუზმის მერე გელა ადგილობრივ ავტოსერვისსში წავიდა, მანქანა უნდა ეჩვენებინა – ჩვენ კი მოვიკიდეთ ზურგჩანთები და მესტიის ცენტრში დავიწყეთ ბოდიალი, თანაც თეთნულდი შორს არ იყო და ბარემ მივიდოდით ჩვენთვითონ.

გზაში ბაკომ იპოვნა ”სვანეთის ტურიზმის ცენტრი” სადაც ფოტოს გადაღებისას ვიღაც ტიპი გამოენთო და ”ჰოლანდ , ჰოლანდო” ეძახდა ბაკოს, ამანაც იხტიბარი კი არ გაიტეხა ”no”-ო უთხრა . იქ ქართველები რომლებიც ასე ზურგჩანთა მოკიდებულები დადიან იშვიათია, ასე რომ ჩვენც ყველას უცხოელები ვეგონეთ და ჩვენც რას ვკარგავდით შევიფერეთ უცხო ეროვნება (კითხვებს მაინც ავიცილებდით თავიდან, რაც შემდეგ ზუგდიდში ვეღარ შევძელი მაგრამ ეგ მერე).

DSC_0375 DSC_0380

ცენტრში გავიარეთ მაღაზიებში, ვიყიდეთ საჭირო წვრილმანები და ავუყევით აღმართს სასტუმრო თეთნულდისაკენ . ჩვენი სანატრელი კარვის და camping Zone –ის ნახვის მოლოდინში ერთ ამოსუნთქვაზე იქ აღმოვჩნდით.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენს გარდა იქ მხოლოდ და მხოლოდ 4 კარავი იდგა.

DSC_0384 DSC_0390

საკარვე ადგილთან ახლოს ძალიან ძველი ”ნაუტილუსი” მანქანა იდგა, ალბათ თავის დროზე კარტოფილის და სხვა მსგავსი რამეების გადასატანად იყო მაგრამ 22 აგვისტოს მის ქვემოდან ბედად თავი მენდესამ გამოყო. აი გაოცება მაგას ერქვა თუ ერქვა : ) სასწაული შეხვედრა გვქონდა და როგორც მერე აღმოჩნდა ორი კარავი მისი და მისი მეგობრების ყოფილა. (მაშ ახლა დარჩა 2 მეზობელი კარავი რომელშიც ჯერ არ ვიცოდით ვინ ცხოვრობდა)

ამის შემდეგ სულ მალე გელამ მოგვაკითხა და წავედით ტბებზე (რომელიც უშბის ძირასაა) და ”ვაფშე” მოვიბოდიალოთ ცოტაო. ჩვენც მეტი რა საქმე გვქონდა ავიშალენით და შურიანი (სასტავს ჰქონდა ასეთი თვალები როცა ჩვენ საბოდიალოდ წავედით) თვალების მზერა გამოყოლებულები ჩავსხედით ნივაში. მესტია გადავკვეთეთ, გზაში ფოტოსესიაც მოვაწყეთ, რომელიც ძალიან სასაცილო ფოტოებით დავაგვირგვინეთ და სადღაც აეროპორტის მოპირდაპირედ ხეობაში შევედით.

chvena

სიმაღლის აკრეფა სწრაფად დავიწყეთ, თუმცა სადღაც შუაში მანქანამ წყალი აგვიდუღდა. გელას და ბაკოს გარდა დანარჩენებმა გზა ცოტა ფეხით გავაგრძელეთ სანამ დაგვეწეოდნენ. ულამაზესი ხედები იშლებოდა ჩვენს წინ ზემოდან. ნამდვილად სასწაული ადგილია სვანეთი. აქ არის შერეული ზონები – ტყე, მდინარე, ალპური სტეპები და ულამაზესი მწვერვალები. ყველაფერი რაც სიამოვნებას გვგვრიდა და სუნთქვას გვიკრავდა.მოვდიოდით და ხან ერთს ამოგვხდებოდა ყმუილის მაგვარი ხმები ხან მეორეს და ასე მორიგეობით. ალბათ 100 თვალი რომ მქონოდა მაინც მეგონებოდა , რომ ყველაფერი კარგად ვერ ვნახე და ვერ დავათვალიერე, იმდენად თვალუწვდენელი იყო ხედები და იმდენად შტამბეჭდავი იყო ბუნება გარშემო.

000045 000074 00001644

ასე ვიბოდიალეთ დიდ ხანს. სიმაღლების აღებისთანავე მაოს წნევაც სწრაფად შეიცვალა და საკმაოდ ცუდად გახდა, ამის გამო გელამ, ქეთიმ და ბაკომ ტბების მონახულება ფეხით გადაწყვიტეს იმ იმედით რომ ახლოსააო, თუმცა გელა შეცდა და ტბებს თვალიც კი ვერ აწვდინეს - ამიტომ ისევ მანქანაში ჩავსხედით და მიუხედავად ბენზინის ფაქტიური უქონლობისა მაინც გავაგრძელეთ ზემოთ ასვლა.

 

ჩვენი უშბის ძირას მოხვედრის იმედები ბენზინთან ერთად ელვის უსწრაფესად ქრებოდა და ამიტომ უკან გამობრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებად მოგვეჩვენა.იმ მომენტისათვის უკვე იმდენად მაღლა ვიყავით რომ ყველას ააჟრიალა და მოსაცმელის თუ რაიმე სახის დამატებითი ტანსაცმლის უქონლობაზე წუწუნიც დაიწყეს – მე კი უბედნიერესი ვიყავი რომ აგვისტოში ასე ძალიან მციოდა ♥.  გზადაგზა რა თქმა უნდა ისევ ფოტოებს ვიღებდით, ისევ ვმაიმუნობდით და მომავალი დღეების გეგმებს ვიგონებდით.

pano 2

მინდა გითხრათ რომ სვანეთში უამრავი, ენით აუწერელი ოდენობაა უცხოელებისა , რომლებიც ზურგჩანთა მოკიდებულები დაბოდიალობენ და ათვალიერებენ საქართველოს.თუმცა მიუხედავად მათი სიმრავლისა - პირობები სვანეთში მაინც არაა კარგი ტურიზმისა და მისი განვითარებისათვის.

DSC_0418 DSC_0436

საღამოს 7 საათი იქნებოდა როცა გელამ და ქეთიმ ცენტრში დაგვტოვეს. მაომ და ბაკომ იყიდეს ბადრიჯანი , პამიდორი და ნიორი (შამფურზე შემწვარი უნდა გვეჭამა) და ავიდნენ ”სახლში” მე კი  სვანური მარილის ყიდვა და მათი დაწევა მხვდა წილად. როგორც იქნა აბორიგენებმა მიმასწვალეს ადგილი სადაც შევძელი მარილის ყიდვა და დავადექი სასტუმროს გზას. ამ დროს ჩემს წინ ერთ ერთი მოსახვევიდან ძალიან ”თბილისელი პიჟონის ვიდზე” ტიპი გაიჩითა ცელოფნის პარკით ხელში და ძალიან ამაყი სახით გაუდგა ზუსტად იმ გზას რომელზეც მე მივდიოდი. თავში ერთადერთმა აზრმა გამიელვა – ” ნეტა ეს აქ როგორ მოხვდა ან საით მიდის”-მეთქი.

ავედევნე, სხვა რა საქმე მქონდა, ზუსტად იმ ტემპში მივდიოდი როგორსაც ის ავითარებდა, რომ თვალთახედვიდან არ დამკარგვოდა. როდესაც თეთნულდისაკენ გადაუხვია მაშინ კი ვიფიქრე ”ნაღდად” თბილისელი ”ძერსკობაა” და სასტუმროში ცხოვრობს მეთქი , თუმცა არ დამცალდა ამ აზრის ბოლომდე მიყვანა რომ ჩემმა მიზანმა Camping Zone-ისკენ გადაუხვია და აი მაშინ კი მართლა გავოგნდი. ვიფიქრე ახლა ეს ”ძერსკობა” ტიპები აიტანე მთელი 5 დღე მეთქი.

თუმცა ყველა ეს აზრი მალევე დამავიწყდა, ფესტივალის მონაწილეებმა რეპეტიცია დაიწყეს, ამიტომ მე hotel tetnuldiბაკო და მაო გამოვეწყვეთ და წავედით თეთნულდის ეზოში სადაც სცენა იყო აღმართული. ცოტა ხანი ეზოში დგომის მერე გელამ და ქეთიმ დაგვიძახეს და სასტუმროს ბარში ავედით მეორე სართულზე. კონცერტი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე და ზუმბალენდი საინტერესო პროგრამით წარსდგნენ მსმენელების წინაშე და ჩვენც დიდი ხანი მშვიდად ჯდომა არ მოგვიწია, წამოვიშალეთ და ვიტინგიცეთ ბევრი.

მინდა ვთქვა რომ კონცერტზე ხმა განათება და ზოგადად ხარისხი ძალიან კარგი იყო, რასაც ორგანიზებულობაზე და დაროულად დაწყებაზე ვერ ვიტყოდით, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ დიდი პრობლემა ეგეც არ იყო, გვიანობამდე კონცერტზე ვიყავით მერე კი უკვე ისე ციოდა რომ ერთი ჭიქა ჩაი და საძილე ტომარა მისწრება იყო.

ხოდა ჩვენთვის პირველი საკონცერტო დღის შემდეგ დავბრუნდით კარავთან, ავადუღეთ ჩაი . ჩვენთვის ნაცნობი მეზობლები გატრეტილები უკვე კარვებში ეყარნენ , ხოლო ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მეზობლების ნაწილი საკუთარ ”სახლებთან” აბუზულები იდნენ.

DSC_0572 DSC_0559

მე და მაოს გული მოგვიკვდა, ამიტომ მივედი და ცხელი ცაი შევთავაზე… თქვენ ვერ წარმოიდგენთ მათ ორ კარავში რა ამბავი ატყდა. ნახევრადჩაცმულები, გაყინულები მოვარდნენ ჩაის დასალევად. ამ მეზობლებში ერია ზუსტად ის ”ძერსკობა” ტიპი რომელსაც ცენტრიდან კარვამდე ვსდიე, თუმცა მისი იერი ნამდვილად შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა და რეალურად ძალიან სასიამოვნო და კაი ვიღაც შეგვრჩა ხელთ. : ) (ისევე როგორც მისი სამი მეგობარი , ნუ თითქმის სამივე მეგობარი)

ასე გავიცანით და ბოლომდე მეზობლებად შემოვრჩით 4 ახალგაზრდასთან – რომელთაგანაც სამთან ”აბშენია” ნორმალურად მიდიოდა, აი მეოთხე კი რაღაც არაამქვეყნიური და ძალიან უცნაური ვინმე იყო.

ამ ჩაის სმისას ჩვენ კარავთან (მაყალი იდგა სასტუმროსი ახლოს და სულ ვიღაც აბორიგენები აბირჟავებდნენ , სვავდენ და მერე ერთმანეთს ჟეჟავდნენ) აყალმაყალი იწყებოდა, ან უკვე დაწყებულიც კი იყო, ამიტომ სასწრაფოდ შევძვერით კარავში რომ ღრმა ძილს მივცემოდით და არ შევსწრებოდით ადგილობრივი ხასიათის ცხვირპირისლეწვას.

ასე დასრულდა რიგით მეორე დღე მესტიაში.

პ.ს მოკლე მოკლედ წერა არ გამომდის და ამიტომ ორ დღეს ერთ პოსტში ვერ ვათავსებ. მაპატიეთ :)

პ.პ.ს სვანები ნახალოვკელებზე უკეთესები არ არიან აზროვნების ამბავში.

ახალგაზრდა ბესპრეზორნიკ-ბეზპრეძელნიკები ოხრად იყვნენ, მაგრამ ეტყობა ჩვენც არანაკლებ სვანური სახეებით ვმოძრაობდით და ძირითადად გვერდს გვივლიდნენ. მათთან ჯერ კიდევ ბნელა, ქალები ასე გეგონება არ ჰყავთ, იმიტომ რომ დორბლმორეული და ამღვრეული თვალებით იმზირებიან. საკმაოდ აგრესიულები არიან და ამიტომ ჯობია საერთოდ ”იგნორში” გყავდეს.

Saturday, August 28, 2010

მესტიის მოლოდინში – დღე I (21-25 აგვისტო)

როდესაც მიზანს დაისახავ აღარ აქვს აზრი როგორ განახორციელებ მას, გადაწყვეტილება და მოქმედებები თავისით ჩნდებიან გზადაგზა…

ზუსტად ასე მოხდა მაშინ როდესაც მე მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე – მესტიაში წასვლა გადავწყვიტე – ვთქვი და ქვა ავაგდე…

თითქმის ბოლო დღემდე არ ვიცოდი როგორ და რანაირად ,ან ვისთან ერთად წავიდოდი.

19 აგვისტოს სამნი აღმოვჩნდით ბედს მინდობილები (და ჩემს ახირებას აყოლილებიც) – მე , მაო და  ბაია.

მოვლენები ელვისებურად განვითარდა და 20 აგვისტოს ღამე, მაოსთან სახლში უკვე წინასამგზავრო ციებ-ცხელება გვქონდა. ჩანთებში ვდებდით და იქიდან ვიღებდით აურაცხელ ნივთებს, ვბჭობდით და განვიხილავდით მომავალ მოგზაურობას.

გეგმა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

21 აგვისტო

-რეისი: თბილისი –ნიკორწმინდა (რაჭა)

- გადაადგილების საშუალება: რაჭამდე სამარშუტო ტაქსი, ნიკორწმინდიდან ”ნივა” + 2 ადამიანი –გელა და ქეთი (ნივის უკვე არსებული მგზავრები)

-საბოლოო დანიშნულების ადგილი : მესტია, სასტუმრო თეთნულდის ტერიტორია.

-მგზავრობის დრო: 10 საათი

რეალურად როგორ განვითარდა მოვლენები:

21-ში მე მაო და ბაკო დილის 7 საათზე უკვე მეტროს ვაგონში ვისხედით და ვიგერიებდით რა გაოგნებულ მზერებს, ვცდილობდით დიდუბის ავტოსადგურ ”ოკრიბაში” დროულად მივსულიყავით, რათა პირველივე სამარშუტო ტაქსს გავყოლოდით და ძალიან არ დაგვეგვიანებინა რაჭაში ჩასვლა.

DSC_0259 DSC_0255 DSC_0256

როგორც იქნა მივაღწიეთ და გაგვიმართლა, ეგრევე ვიპოვნეთ სამი ადგილის მქონდე ”მარშუტკა” , ვეცით და შევლაგდით შიგნით, ამ დროს მე გავვარდი და ის დარჩენილი წვრილმანები შევიძინე რაც წინა დღით დაგვაკლდა . (ასეთი კი იყო – სიგარეტი, ფოტოფირები, წამლები და წყალი)

მგზავრობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა , სულ ბოლო სკამები საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა და იატაკს ფეხს ვერ ვაწვდენდით , ამის გამო ფეხები სასწაულად გვიბუჟდებოდა, მოკლედ ძალიან დავიტანჯეთ. გზადაგზა გვეძინა , ვჭამდით, თავზე ბოთლები გვეყრებოდა (სამარშუტო ტაქსს სკამების ზემოთ ბარგის განყოფილება ჰქონდა, სადაც წყალი და რაღაცეები გვეწყო).

DSC_0260 DSC_0263   

ნიკორწმინდაში მივაღწიეთ დღის 1 საათზე. ჩვენს შემდეგ ტრანსპორტს მაოს მეგობარი გელა მართავდა .გადავბარდით იქით , თუმცა ძალიან უცნაურად – მე ფეხებში ჩემი ზურგჩანთა მედო და ზედ ვიყავი ამხედრებული, ბაკო და ქეთი კი კარავზე და პარალონზე ისხდნენ ჩემს გვერდით, წინ მაო იჯდა და ფეხებში მისივე ზურგჩანთა ჰქონდა ჩაკვეხილი. მგზავრობა ძალიან მხიარულად დავიწყეთ და სვანეთის შესასვლელში პირველივე კილომეტრზე ”გააჩერე გააჩერეს” ძახილით გადმოვცვივდით რომ ხეობაში მდინარისათვის და ხედისათვის ფოტოები გადაგვეღო.

DSC_0290 DSC_0298

 

 

ნელა ნელა იცვლებოდა რაჭის ბუნება და სვანურდებოდა. ქვემო სვანეთიც ძალიან ლამაზი აღმოჩნდა, ხალხი საკმაოდ მოღუშული, მაგრამ მაინც მჭერმეტყველი გახლდათ.

DSC_0270ამბროლაურთან ახლოს ბენზინის ავზი გავავსეთ ბოლომდე. ამ სადგურზე უმაგრესი ბებო მოგვემსახურა, გულმოდგინეთ აგვივსო ავზი და დაგვემშვიდობა. (ჩვენ კი ამ დროს მანქანიდან ვეპაპარაცებოდით და რამოდენიმე სურათიც გადაუღო ბაკომ)

სვანეთ-რაჭის საზღვრიდან გადავედით თუ არა ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე - ჰაერი და ტემპერატურა მკვეთრად შეიცვალა, სიო უფრო გრილი გახდა , ჰაერი უფრო მსუბუქი და კამკამა. ჩვენც თვალების ცეცებას არ ვეშვებოდით, ყველა მხარეს გაფაციცებით ვათვალიერებდით.

მიმართულება ცაგერისკენ გვქონდა, თუმცა შიგნით არ შევსულვართ , გვერდი ავუარეთ და ლენტეხისაკენ ავიღეთ გეზი, აი აქ კი სადღაც გზის შუაში ჩამოჰკრა უბედურების ზარმაა….

ჩვენს ნივას ”რულევოი წიაგის” ბოლტი მოსძვრა და დაგვეკარგა. გავჩერდით სადღაც მიტოვებულ სოფელში, გზაზე სადაც წელიწადში ორი სამიოდე მანქანა თუ დადის სულ, თუმცა ბედად კეთილი ხალხი მაინც გამოჩნდა და დახმარება აღგვითქვეს. მანამდე სანამ გელა და ორი ადგილობრივი მანქანას უკირკიტებდნენ - მე , ბაკო და ქეთი გავუყევით გზას აღმა – იმ იმედით რომ თუ ბოლტი სადმე ახლოს გაგვძვრა ვიპოვნიდით.

DSC_0318 DSC_0324

ძალიან ბევრი ვიარეთ და მიუხედავად იმის რომ ვიპოვნეთ ალბათ ასე უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში დაკარგული ყველა ბოლტ-გაიკა, ”სცეპლენიის დისკი” და რავიც კიდევ რამდენი უსარგებლო რამე , ყველაფერი ავხიკეთ და უკან მოვიტანეთ , მაინც  არაფერი გამოგვადგა.

ამ დროს მაოს ყველაზე რთული მისია ჰქონდა, სუპს ხარშავდა შუაგულ ტრასაზე , რათა ცოტა დავნაყრებულიყავით – დილიდან არავის არაფერი არ გვქონდა ნაჭამი.

სადღაც 2 საათიანი ლოდინისა და ფოტონადირობის მერე გელა დაბრუნდა საჭირო ნაწილით, მანქანა შეკეთდა და ჩვენც დავიძარით. ამ მომენტისათვის საათის ისრები 5 საათზე ცოტა მეტს გვიჩვენებდნენ და ჩვენც დავფიქრდით ღირდა თუ არა იმ დღეს ზემო სვანეთში ასვლა , თუ ისევ იქვე დავბანაკებულიყავით და მეორე დღეს ადრიანად გაგვეგრძელებინა გზა.

000029 000030

საბოლოოდ მძღოლმა და მოგზაურობათუხუცესმა გელამ გადაწყვიტა რაც იქნება იქნება მოდით ავიდეთ მესტიამდე დღესვეო. იმ მივარდნილ სოფელში კი გვითხრეს დაახლოებით 100 კილომეტრი გაქვთ მესტიამე და თან საკმაოდ დანჯღრეული გზაო, მაგრამ ჩვენ მაინც არ დავიხიეთ უკან და შევუდექით მსველობას. 000021

გზადაგზა უკვე ხედები მიმქრალი და გაუფერულებული ხდებოდა, მზე ეფარებოდა მთებს და ტემპერატურაც სწრაფად ვარდებოდა.

თავიდან საკმაოდ მხიარულად ვიყავით და მიუხედავად იმისა რომ უკიდეგანოდ გვეძინებოდა თვალების დახუჭვა ყველას გვენანებოდა (ნუ გელას გარდა მას უბრალოდ არ შეეძლო თავისათვის ამის უფლება მიეცა) ხედები ხომ ასე სწრაფად იცვლებოდა და ყველაფერი ულამაზესი იყო, ასე რომ ჩვენც დაჭყეტილები ისევ აქეთ იქით ვიყურებოდით გაფაციცებულები.

xzfg

სოფლებში მოსახლეობასთან მისალმებას თურმე სვანეთში აზრი არ აქვს, ყველა მაინც პირქუშად გიყურებს და უმეტესად უკან სალამითვე არ გპასუხობენ. საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით ეს ცოტა უცნაურიც კი მომეჩვენა.

მზე ჩავიდა ჩვენ კი გზის ნახევარიც არ გქვონდა გავლილი მესტიამდე, მანქანის სწრაფად მართვა აღარ შეიძლებოდა – დაკარგული ნაწილი სხვა რაღაცით გვქონდა ჩანაცვლებული და შეიძლებოდა ისევ დაგვკარგვოდა, ეს კი ვერ იქნებოდა კაი ამბავი ისეთ მიყრუებულ გზას ვიყავით დამგდრები. ამ გზაზე ალბათ ჩვენს გარდა სულ 10-იოდე ვიზიტორ / სტუმარი თუ იქნებოდა ნამყოფი ამ ზაფხულის განმავლობაში.

ღამე აცივდა, ჩვენც უზომოდ დავიღალეთ, გვენანებოდა კიდეც რომ გარშემო ულამაზესი ხედები იყო და ჩვენ კი მხოლოდ ფარების შუქზე განათებულ ჯუნგლებისმაგვარ მცენარეებს ვხედავდით მხოლოდ, თუმცა ამაშიც იყო რაღაც ექსტრემალური და სასიამოვნო. ვიცინოდით იმაზე, რომ ჩვენს გარდა ალბათ არც ერთ გიჟ ეკიპაჟს ღამე აქ არ ჰქონდა გავლილი და თან ასე არ ახარებდა ის , რომ ამ გზას ღამე ნახულობდა. გზაში ჯუნგლების თავზე მთვარე ამოცურდა და რაღაც მწვერვალი (რომელიც აზრზე არ ვარ რა იყო, ფოტოს დავდებ და თქვენ იცანით თუ შეძლებთ) ულამაზესად განათდა, ჩვენც არც დავფიქრებულვართ გადმოვხტით მანქანიდან და ფოტოპარატების ჩხაკაჩხუკი ავტეხეთ.

DSC_0350 DSC_0357

ამავე გზაზე ისეთ უდაბურ და მივარდნილ ადგილებში მიტოვებული და ნახევრადაშენებული შენობები გვხდებოდა გაოცებული დავრჩი. ვივარაუდეთ რა რომ ეს შენობები კომუნისტების პერიოდისა იყო , ამის გამო კიდევ უფრო შევფიქრიანდი მე პირადად. ნეტა რა უნდა ყოფილიყო მანდ, ან რისთვის აგებდნენ ამხელა კონსტრუქციებს ესოდენ პირწავარდნილ და მიუვალ ადგილას. ყველაფერი ამის შემდეგ კი გადავწყვიტე ეს შენობები მე შევიძინო – რისთვის ჯერ არ ვიცი მაგრამ ძალიან მინდა.

მალევე გავცდით ზესხოს ალპინისტური ბანაკის ასახვევსაც, სადაც კიდევ ერთხელ გაიჟღერა დარჩენის და გათენების იდეამ , მაგრამ ისიც მალევე უგულებელვყავით და გზა განვაგრძეთ. (ისე ეგეც სანახავი დამრჩა)

ამ ამბიდან სულ მალე გამოჩნდა განათებული ადგილი უზარმაზარი მთის ძირში, ეს უშგული გახლდათ. ულამაზესად შეფენილი დასახლება ხეობას ისე ლამაზად იყო მორგებული რომ სუნთქვა შეგეკვრებოდა ადამიანს. კოშკები და სახლები ერთმანეთთან ისე იდგა ფერხულს ცეკვავდნენ თითქოს. ყველა შენობა რელიეფის ბუნებრივ გაგრძელებას ჰგავდა. ეს ყველაფერი ღამე ჩადა ასე და წარმომიდგენია დღისით რა სილამაზის ნახვა შეიძლება უშგულში, თუმცა ამჯერად ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ.

svanetia

განვარგძეთ გზა მესტიისაკენ , სადღაც შუაში დავიკარგეთ და მულახში ჩავედით, მაშინ როცა გვერდი უნდა აგვევლო. ვიღაც მოხუც ბაბუს დავაცხერით თავზე , რომელმაც იხალისა ძალიან ჩვენზე და ბოლოს დარჩენაც შემოგვთავაზა, თუმცა ჩვენ ზრდილობიანი უარი განვაცხადეთ და ისევ გამოვბრუდნით ახლა უკვე ძალიან დარწმუნებული იმაში რომ გზა აღარ აგვერეოდა და ნამდვილად მესტიაში ჩავიდოდით.(ისე ამ ბაბუასთან სახლის წინ ისეთი მაგარი მარხილი იდო , კინაღამ მანქანიდან გადმოვხტი და ფოტოს გადაღება დავიწყე)

როგორც იქნა მულახიდან სადღაც 40 წუთის შემდეგ მესტიაში შევადგით ბორბლები.

ბაკო გათიშული იდო მანქანის უკანა სავარძელზე, მაოს წნევა ჰქონდა და ასევე გათიშული იდო მანქანის წინა სავარძელზე, ქეთიც გვარიანად დაღლილიყო მაგრამ არ იმჩნევდა, გელა დაძაბული და ძალიან დაღლილი იყო ამდენი ბოდიალით და რთული გზით – მე კი, მე აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი და მიუხედავად იმისა რომ დაღლილი და ნახევრად მძინარე ვიყავი , მაინც მზად ვიყავი კიდევ ამდენი მევლო რათა სასურველ ადგილას მივსულიყავი.

DSC_0368მესტიაში ქეთის და გელას Guest House –ში ოთახი ჰქონდათ ნაქირავები და იმ ღამეს თეთნულდში ასვლის მაგივრად მათ ოთახში გავშალეთ საძილე ტომრები, მასპინძლები ძალიან კეთილი ხალხი იყო, დაგვაპურეს და ისე გაგვიშვეს დასაძინებლად. აქვე გეტყვით რომ მე და ქეთიმ გზაში რატომღაც აჯაფსანდალი ვინატრეთ და ასე აგსრულებოდეთ ყველას ყველაფერი, როგორც ჩვენ მაშინ როდესაც მასპინძელმა უზარმაზარი თასი აჯაფსანდალი ცხვირწინ დაგვიდო მაგიდაზე.

ღამე მოცელილები დავეყარეთ - ვინ საწოლზე ვინ პარალონზე და მეტი არ მახსოვს.

საბოლოოდ გზაში ვიყავით 15 საათი, ან ცოტა მეტი.

ასე დასრულდა დღე პირველი , სახელად – მესტიის მოლიდინში.

პ.ს – პირველი დღე ფესტივალისა დაუნანებლად გამოვტოვეთ, მაგრამ შემდეგ დღეებში ისეთი სიამოვნება მივიღეთ ეს დიდი დანაკლისი არ ყოფილა.

პ.პ.ს ფოტოებს მთლიანი მოგზაურობიდან შემდეგ ნაწილში შემოგთ\ავაზებთ ფლიკრის ალბომის სახით.

Friday, August 20, 2010

ზაფხულის მთიელი დასასრული

რას გრძნობთ მაშინ როდესაც ის რაც ამდენი ხანია გინდათ სულ ახლოს არის, ერთი ხელის გაწოდებაზე?

ხტიხართ? ყვირით? ცახცხებთ? ნერვიულობთ? შტერდებით? ვეღარ ინძრევით?

მე ეს ყველაფერი უკვე 5 დღეა მჭირს :)

post-19-1159734930  

ყოველთვის როცა მეკითხებოდნენ სად ვარ ნამყოფი (საქართველოს მასშტაბით და ტერიტორიაზე) ყოველთვის უკვირდათ რომ სვანეთი და თუშეთი ნანახი არ მქონდა…

მეც მიკვირდა , მაგრამ ადრე საშიში იყო, ახლა კი დროის ნაკლებობას განვიცდი (და მგონი არა მხოლოდ მე) …

მაგრამ ეს ყველაფერი ამ ზაფხულამდე. მართალია თუშეთი ჯერ კიდევ სანახავი მრჩება, მაგრამ მესტიას მაინც ვნახავ….

1zx9pxi

დანარჩენ სვანეთს კი ჩაქროლებით შევათვალიერებ და დავდებ პირობას რომ კიდევ ავალ იქ და საფუძვლიანად დავათვალიერებ.

რა მაგარია , მკაცრი ბუნება, მკაცრი ხალხი და მუსიკის (ფოლკლორის) ფესტივალი

კარავი და უამრავი ხალხი…

ღმერთმანი მიუხედავად ცხელი და ქალაქში გატარებული ზაფხულისა , მისი დასასრული მაინც გენიალური იქნება…

საუკეთესო….

სვანეთში მივდივარ და სასწაული ემოციებით დატვირთული დავბრუნდები ….

მესტიაში შევხვდებით…

11378133_95d99ffa1214149068_m

ხვალ უნდა მოვამზადო ყველა საჭირო რამ, უფრო ზუსტად კი ფოტო აპარატი, საძილე ტომარა, რამოდენიმე ჩასაცმელი და მგონი მორჩა, მეტი არცაა საჭირო…

21ში უთენია გავდივართ ♥♥♥♥

Tuesday, August 17, 2010

Garage Sale – საქართველო : )

გინახავთ როდესმე ფილმებში ისეთი მომენტი როდესაც პერსონაჟს სახლის წინ აქვს გამოტანილი აუარებელი ნივთები და უმოწყალოდ ასხვისებს მათ მიზერულ თანხაში?

ჰო და ზუსტად მაგას ქვია მეგობრებო Garage Sale.

Marf(949)ამ ზაფხულს განვიზრახე , რომ მეც მეცადა მსგავსი რამ. ფეისბუქზე გავაკეთე ივენთი , გავაგზავნე მოსაწვევები და უბრალოდ გავაგებინე ყველას რომ მორიგი ერთმანეთის სანახავი მაიმუნობა იგეგმებოდა , სადაც ზაფხულის ერთ არც თუ ისე გრილ საღამოს (დიდი მადლობა მზეს) შეგვეძლო შევხვედროდით ერთმანეთს და ამასთანავე მე როგორც ცნობილ ”ბარახოლშიცას” მექნებოდა ბევრი უცნაური ნივთი გამოტანილი. 

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ივენთზე მოსვლის სურვილი 26-მა ადამიანმა გამოთქვა ონლაინ რეჟიმში. ნუ ვიფიქრე ცოტა ბევრია, მაგრამ არაუშავს ახლა ყველა ალბათ ვერც მოვა მეთქი(იმიტომ რომ იქიდან რამოდენიმეს სამსახურის საქმეები ჰქონდა ვიცოდი და ა.შ)

მოკლედ შაბათს ავდექი ეს ყველაფერი ჩავიტანე ჩემს სახლთან ქუჩაზე, გამოვფინე ”პლაკატი” (რომელიც წინა ღამით დავხატე) და დავჯექი იქვე.

3 საათის განმავლობაში დაახლოებით 10 ადამიანი იყო მოსული. აქედან მხოლოდ 3 იყო იმათგან ვინც ფეისბუქზე attanding-ს დააჭირა. :)))

ძალიან სასაცილოა, მგონი ადამიანებს ჰგონიათ რომ ყველაფერს უნდა თანხმობა მისცენ, აინტერესებთ ეს მათ თუ არა- ის კი არ ესმით ,რომ ივენთზე ეგ იმიტომ კეთდება რომ სტუმრების მიახლოებითი რაოდენობა მაინც გათვალონ.

Marf(955)

თუმცა ამას თავი დავანებოთ და ძალიან სასცილო იყო ქუჩაზე უბრალოდ მოყიალე ადამიანების რექაციები, ერთ ერთი სამარშუტო ტაქსის მძღოლი კინაღამ მოძრავი მარშუტკიდან გადმოვიდა ისე დაინტერესდა რა ხდებოდა :) ფანჯრიდან დაგვიძახა – რა იყიდება მანდო ? :)))

მაშ ასე მინდა გაცნობოთ რომ საქართველოში Garage Sale-ს ჯერ განვითარება არ უწერია :)) თუმცა ჩემთვის საინტერესო და ახალი გამოცდილება იყო და ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჩემი წამოწყებით.

Sunday, August 15, 2010

იყავი გმირი – ფესტივალზე მაინც…

ყველას ოდესმე (ერთხელ მაინც) უოცნებია და უფიქრია რომ ყოფილიყო კინო გმირი, ყოფილიყო საკუთარი ცხოვრების ამსახველი ფილმის ნაწილი…

ყველას გვქონია ის მომენტი რომ გვცოდნია კინოა , მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ ვიცით რომ კინო არის რეალობა, რომელიც  უბრალოდ ერთადაა თავმოყრილი პატარა კინოფირის ნაჭერზე იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენოს რაღაც…

მაშ ასე კინომცოდნეებო, მოყვარულებო და უბრალოდ მხატვრულად მეოცნებენო – საქართველოს ერთ ერთ ულამაზეს ქალაქში – ბათუმში იმართება ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი.

fest ეს არის საუკეთესო შანსი დაისვენოთ და განიტვირთოთ საყვარელ საქმიანობასთან ერთად. დატკბეთ სხვადასხვა ავტორების შედევრებით და მათი გაკრიტიკების შანსიც კი მოგეცეთ.

მართალია მე პირადად კინოს ყოველთვის მოდუნებისა და განტვირთვის საშუალებად ვთვლიდი , თუმცა დღესდღეობით ჩემს მეხსიერებაში არესებობს ფილმები რომლებმაც წარუშლელი და ძალიან მძაფრი შეგრძნებები დამიტოვეს…

არსებობს კინო და არსებობს ძლიერი კინო. მართალია არ ვარ კინომცოდნე და არც არასოდეს დავინტერესებულვარ ამ სფეროთი განსაკუთრებულად ,მაგრამ როგორც მაყურებელს და თანაც კრიტიკულ მაყურებელს, ყოველთვის მაქვს ყველა ფილმზე ჩემი მოსაზრება, მაქვს საყვარელი ჟანრიც , თუმცა მაინც ვუყურებ ყველაფერს და ვიქმნი აზრს.

ფილმებს ძირითადად ვუყურებ როგორც ლამაზ კადრებს (ეს ჩემი ფოტოგრაფიის სიყვარულის და გამოა) და შემდეგ უკვე კარგად (და არაბანალურ/მოსაწყენად) გადმოცემულ ისტორიას. ჩემთვის იშვიათად აქვს მნიშვნელობა როგორი მსახიობები არიან ფილმში, ცნობილი თუ დამწყები, რა აცვიათ ან როგორია მათი მაკიაჟი….

ყველაზე მთავარია რომ მე როდესაც ფილმს ვუყურებ – უნდა ვიგრძნო, უნდა ჩამითრიოს და უნდა გავხდე ფილმის ნაწილი….

ხოდა რატომ ვილაპარაკე ამდენი – გირჩევთ ყველას 12-19 სექტემბერს აუცილებლად მოხვდეთ ბათუმში რათა გახდეთ რიგით მეხუთე საერთაშორისო კინო ფესტივალის ნაწილი!!

[დაწვრილებით და უფრო ზუსტად ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ - ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი ]

იმედია შევხვდებით!

Friday, August 13, 2010

გამორთეთ ზაფხული, ჩამოხსენით მზე!!

ქალაქში ცხელა ,

იღლება ყველა…..

ზაფხულია და დაუნდობლად აცხუნებს მზე, არავის ერიდება. ხრუკავს და აშრობს ყველას და ყველაფერს….

ქალაქი დაცარიელდა, შედარებით სიმშვიდეა (აი ისეთი აღდგომის დღეს რომ არის ხოლმე).

ყველა ნელა მოძრაობს, ჰაერი ისეთი მძიმე და ცხელია რომ მოძრავი სხეულები ბლანტ და ერთგავროვან მასად მოჩანს ქალაქში….

 12e3b3b18a569c9b863d74e07b8a07a3 

რაღაცეები ხდება, ვიღაცა ვიღაცას ხვდება და მაინც , ყველა მონოტონურად და მიძინებულად მოძრაობს, საუბრობს და არსებობს კიდეც….

გქონიათ როდესმე შეგრძნება რომ ის რაც არის, ან იყო, აღარ არის ან აღარ გინდათ?? ხომ ძალიან მკვეთრი და უსიამოვნოა თითქოს, არადა ძალიან, ძალიან საჭირო შეგრძნებაა….

ამ ზაფხულს ყველა გეგმა , რომელიც მქონდა თავდაყირა დადგა და თავზე დამემხო :) გადავწყვიტე არაფერი დავგეგმო და სპონტანურად ვიმოქმედო.

ზაფხული ფაქტიურად მიილია სიძლიერეს კი არაფრით ჰკარგავს… როდის მოვა ჩემი ზამთარი?? ცივი, უხეში და უგულო… როდის გათოშავს არემარეს …

Winter_by_marquis73

ზაფხულში ფიქრიც ძნელია, ტვინი გილღვება და სუნთქვა გიჭირს. ზაფხულში ბევრი და აქტიური მოძრაობაც ძნელია – ბევრ წყალს აორთქლებს ორგანიზმი და მალე იღლები , უცებ იფიტები.

ზაფხულში დათრობაც ძნელია, არ გსიამოვნებს სასმელისგან მონიჭებული სიმხურვალე, ზაფხულში ჩახუტებაც მზარავს – ჩემი ოფლი არ მყოფნის ახლა სხვას რომ არ ჩავეზიარო?

ზამთარი მინდა – თეთრი და ცივი… სუსხიანი …

Winter_surprise_II_by_joffo1

მიუხედავად იმისა რომ ზაფხული ლაშქრობების დროა 3-4 თვე ასეთი სიცხის გაძლებად მაინც არ ღირს…

აღარ შემიძლია – გამორთეთ მზე!!! მოხსენით თანამდებობიდან ზაფხული!!!

Thursday, August 05, 2010

გიყვარდეს მტერი შენი?

ნუ მე მგონი ყველა ქართველმა იცის და ახსოვს 2008 წლის აგვისტოს არც თუ ისე მშვიდობიანი მოვლენები , რომელშიც ბევრი ქართველი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა/ტრავმა მიიღო, ბევრმა ახლობელი დაკარგა, ბევრიც უსახლკაროდ დარჩა და საბოლოოდ დიდი უბედურება დაგვატყდა თავს.

მე მესმის რომ ამაში ბრალი მიუძღვის რუს სამხედროებსა და მათ მეთაურებს, მეთაურებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს…. თუმცა აქვე მახსენდება ისიც რომ არც ჩვენი ხელისუფლებაა ”სუფთა” და ღვთის საჩუქარი.

მე მესმის რომ რუსეთმა ძალიან , ძალიან დიდი ტკივილი და ზიანი მოგვაყენა და ეს პირველად არ ხდება, მაგრამ ამის გამო მე რუსი ხალხი არ მძულს. მშვიდობიანი მოქალაქეები - ისევე როგორც ჩემი ქვეყნის, ასევე რუსეთისაც (და საერთოდ მსოფლიოსი) მხოლოდ იმაშია დამნაშავე რომ უღირს ხელისუფალს ირჩევს. (ისე რამდენი საუკუნე თურქ-სელჩუკები და სხვა ერები გვესეოდნენ, გვაპარტახებდნენ, სისხლს გვირევდნენ მაგრამ რატომღაც არ გვძულს , რატომ ნეტა? )

 676px-Georgia,_Ossetia,_Russia_and_Abkhazia_(en).svg

ომი არ ხდება იმის გამო რომ ერებს სძულთ ერთმანეთი.

არა, ომი ორი,  თუნდაც სამი ადამიანის პიროვნული პრიორიტეტებისა და მსოფლმხედველობის გამო იწყება.ომის დაწყება და სხვა ქვეყნის ოკუპაცია არ წყდება მოსახლეობის დონეზე , თორემ მე დარწმუნებული ვარ ამდენი ომები არ იქნებოდა და არც ამდენი ადამიანი დაიღუპებოდა. ვინ დაუჭერდა მხარს ომს როდესაც იქ მათი შვილები უნდა დახოცილიყვნენ? თუნდაც უკეთესი მომავლის იმედით?

ხომ ნათქვამია დღევანდელი კვერცხი გერჩივნოს ხვალინდელ ქათამსო (ან პირიქით)?

მე არ მესმის არც იმათი ვინც რუსეთის პოლიტიკას (და ხელისუფლების ქმედებებს) მხარს უჭერს და მოსწონს , მაგრამ არც იმათი ვინც ”დუმა”ში მჯდომი 150 კაცის გამო მთელს ნაციას იძულებს.

ეს რომ ვთქვი ასეთი რამე მიპასუხეს:

”ეგ "მშვიდობიანი" მოსახლეობა იყო 2008 წელს პუტინს ტაშს რომ უკრავდა!”

ამას ვინც ეთანხმებით ეხლა მე გკითხავთ – ჩვენი მოსახლეობა არ იყო შევარდნაძეს რომ უჩოქებდა დაბრუნდიო და აფხაზეთი გაასხვისა? ჩვენი მოსახლეობა არ იყო სააკაშვილს ვარდებით რომ ამკობდა და ვაშა ვაშას ეძახდა? (გამსახურდიას პერიოდი საერთოდ რომ არ გავიხსენოთ ჯობია)

ანუ რა გამოდის? ყველა ერი იმსახურებს მის მეთაურს არა??

და ეს ყველაფერიც რომ დავივიწყოთ – მართმადიდებლები და ღვისმოსავები რომ ვართ, შემახსენეთ ერთი მტრობის თემაზე რას გვასწავლის ეს რელიგია ???

flag-georgia

ასეა ეს ჩემო მეგობრებო … სიძულვილი კლავს, თუნდაც ყველაზე მოსისხლე მტერი გძულდეს… (არაა აუცილებელი გიყვარდეს მაგრამ მაინც…)

’მტერი კი არ უნდა გძულდეს, სამშობლო უნდა გიყვარდეს და იცავდე’

Tuesday, August 03, 2010

წინ ლაშქრობა გველის - დროა ზურგჩანთა ჩავალაგოთ

როგორც იცით ლაშქრობებზე და ზოგადად ბოდიალზე ბევრს ვწერ ხოდა ერთ ერთი ასეთი  (სტუმრის )პოსტი  დავწერე ამას წინათ დვორსკის დღიურისათვის , მინდა ის აქაც გაგიზიაროთ.

მოკლედ, მეგობრებო, ვინაიდან და რადგანაც საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი მისვლა/მონახულება - არდადეგების საუკეთესო ვარიანტია ლაშქრობა.

იმისათვის რომ ლაშქრობა დაგეგმოთ (თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ) უნდა ნახოთ ეს ტუტორიალი.

ამის შემდეგ კი გააგრძელოთ ამ პოსტის კითხვა, რადგან ყველაზე მთავარი ატრიბუტი, ზურგჩანთა - თქვენი ყველაზე ახლო და საყვარელი მეგობარი იქნება მთელი ლაშქრობის მანძილზე და თუ ყურადღებით არ მოეკიდებით მისი ჩალაგების საკითხს, მერწმუნეთ, თქვენი ლაშქრობა შეიძლება ჯოჯოხეთს დაემსგავსოს.

მაშ ასე, ვიწყებთ :

უნდა ავიღოთ ზურგჩანთა, საუკეთესო ვარიანტია 40 ლიტრიანი (დიახ, დიახ ზურგჩანთის ზომა ლიტრებში იზომება). ეს საშუალო ზომის ჩანთა გახლავთ.

შემდეგ დავალაგოთ თან წასაღები ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე საძილე ტომარა, კარავი და "პარალონი".

ახლა დავაკვირდეთ ჩვენს მიერ დალაგებულ ნივთებს და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ - აქედან ყველა ნივთი  გვჭირდება თუ არა.


დავიწყოთ ჩალაგება.

ავიღოთ დიდი სანაგვე პარკი (შავები და ცისფრები რომ იყიდება ყველა მაღაზიაში, ისეთი) და მოვათავსოთ შიგნით ჰორიზონტალურად საძილე ტომარა და კარავი (თუ კარვის ჩანთა ძალიან გრძელი არაა, ანუ არ აჭარბებს ჩანთის სიგანეს). თუ კარვის სიგანე აჭარბებს ჩანთის სიგანეს, მაშინ ცოტა ხანი მოიცადეთ და განაგრძეთ კითხვა.

შემდეგ იგივე სანაგვე პარკს ვაფენთ მთლიან ჩანთაში (აი ისევე როგორც სანაგვე ყუთში ვაკრავთ ხოლმე).

ახლა კი დავიწყოთ ნივთების გადანაწილება ჩანთაში, მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.

  1. ჩანთის სულ ქვედა ნაწილში აუცილებლად უნდა იდოს მყარი რამ, ისეთი, რაც არ იყანყალებს - ანუ კარავი (თავის ჩანთაში შეფუთული) და/ან საძილე ტომარა. თუ კარავი ჩანთაზე განიერია, მაშინ ის ვერტიკალურ მდგომარეობაში იდება ჩანთის ძირითად ნაწილში, ტანსაცმლის რომელიმე გვერდზე, ჩანთის მთელი სიგრძის გაყოლებაზე.
  2. ჩვენს მიერ ჩანთაში ჩაფენილ ცელოფნის პარკში ვიწყებთ (დაკეცილი და მაქსიმალურად დაპატარავებული) ტანსაცმლის ჩალაგებას. სულ ქვემოთ უნდა ჩადოთ ყველაზე თბილი თანსაცმელი, შემდეგ უნდა ჩადოთ შარვალი-ბრიჯი-შორტები და მაისურები, ზემოდან კი უნდა დაადოთ რამე თბილი, საშუალო სისქის მოსაცმელი და "ბასანოჟკები", "ჩუსტები" ან რაიმე მსუბუქი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
  3. გაინტერესებთ რას ვუშვებით ტრუსებს, წინდებსა და პირადი ჰიგიენის ნივთებს? გეტყვით ეხლავე. ეს ყველაფერი უნდა მოთავსდეს ჩანთის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებში (ან სულაც წინა ჯიბეში - გააჩნია, როგორი ჩანთა გაქვთ).
  4. ჩანთის ზედა დასახურ ნაწილს, შიგნიდან ან გარედან პატარა ჯიბეა მოთავსებული. მინდა გითხრათ, რომ ეს ჯიბე ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ უნდა ჩადოთ ის ნივთები, რომლებიც გზაში ხშირად დაგჭირდებათ. ასეთებია - მზის კრემი, კანფეტები ენერგიისათვის, აიპოდი ან სხვა მუსიკალურ-გასართობი რამ, ბენდენა ან ქუდი, ტუალეტის ქაღალდი  და სველი ხელსახოცები.
  5. "პარალონი" არის საძილე ტომრის ქვეშ დასაგები, სითბოს შემნარჩუნებელი, ოდნავ რბილი, თხელი ლეიბი. პარალონი მაგრდება ზურგჩანთის გარეთა მხარეს სპეციალურად დატოვებული/გამოყოფილი სარტყლებით.
  6. მაშ ასე, შეიძლება ითქვას, რომ ზურგჩანთა ჩავალაგეთ. ახლა ჩალაგების სიზუსტის შემოწმების დროა. აიღეთ თქვენი ჩალაგებულ - შეკრული ჩანთა და მოიკიდეთ ზურგზე. მოიჭირეთ სახელურები და დააყენეთ სასურველ ზომასა და სიმჭიდროვეზე, შეიკარით წელზე შემოსარტყამი სპეციალური ქამარიც (რომელიც უზრუნველყოფს ჩანთის წონის სხეულზე ზუსტ და თანაბარ განაწილებას) და გაიარ-გამოიარეთ რამდენიმე ნაბიჯი.
    თუ თქვენი ზურგჩანთა არ გექაჩებათ უკან, ან არ გძლევთ რომელიმე მხარეს, გილოცავთ - თქვენ ამ საქმეს თავი საუკეთესოდ გაართვით!
  7. გისურვებთ საინტერესო და სასიამოვნო ლაშქრობას!