დრონი მეფობენ ….

თითქოს 4 წელიწადი არც ისე დიდი დროა, თუმცა გააჩნია ალბათ რისთვის.

gallery_9484_6_1179786416განვითარებისთვის, ცვილებისთვის, ჩამოყალიბებისა და გაზრდისთვის მგონი ბევრიც კია…

 

დღეს ვათვალიერებდი ჩემს პირველ პოსტებს, რა უცნაურად ვიწყებდი(2006 –ში) …

 

ძირითადად ვცდილობდი ჩანახატებით გადმომეცა ის რაზეც ვფიქრობდი, ვერ ვწერდი ღიად და გახსნილად, თუმცა თავიდანვე ვიცოდი რა მინდოდა.

აი სულ სულ პირველი პოსტიც:

”Friday, October 06, 2006

ასე იწყება ისტორია ჩემი.....

არაფერი განსაკუთრებული ....
ვწერ....
ვწერ იმიტომ რომ დავწერო , იმიტომ რომ გადავიტანო, იმიტომ რომ მომეშვას გულზე, იმიტომ......
რასაც ვწერ შეიძლება ყველაფერი არც უნდა დაიწეროს, მაგრამ მაინც, მე ეს ძალიან მჭირდება -როგორც წყალი და ჰაერი......
დღეიდან დავწერ..... არც ისე ხშირად უბრალოდ დავწერ......... ”

მაშინვე ვიცოდი რომ ყველაფრის წერა არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება , მაგრამ ეს გულით მინდოდა…

ყოველთვის მიყვარდა წერა, ამბობდნენ (ახლაც ამბობენ ხოლმე) რომ კარგად ვწერ…

არ ვიცი ეს ალბათ იმან უნდა შეაფასოს ვინც კითხულობს, მე ხომ სუბიექტური ვიქნები…

ამ პოსტის შემდეგ დავიწყე ნელა ნელა შემოპარება ჩემი ”ქმნილებების”

ჩემი ერთ ერთი მაშინდელი ჩანაწერი, (დათარიღებული October 08, 2006-ით) რომელიც ძალიან მიყვარს (ეხლაც) და რომლის დაწერაც მეგობრის მონაყოლმა შთამაგონა - ასე იწყება:

”ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე.........
ვზივარ... სუნთქვა მიჭირს...

როგორც არ უნდა იყოს 4100 მეტრი არც ისე ცოტაა..... მაგრამ მაინც რა სასიამოვნოა....
ყველაფერი უკან დარჩა... ყველაფერმა ჩაიარა...”

image_350shisha1sud

მართლია ახლა ალბათ ბევრისთვის გაუგებარია რას ვგულისხმობდი ამ ჩანახატში , მაგრამ მე ძალიან ძალიან კარგად მახსოვს ისტორიაც, განცდაც რომლითაც წერა დავიწყე და იმ მეგობრის რეაქციაც , ეს რომ წაიკითხა….

მას მერე შეიცვალა ჩემი წერის მანერა/სტილი, ჩანაწერების სიხშირე და რაოდენობა, თუმცა ნამდვილად დიდად არ შეცვლილა თემატიკა და ჩემი დამოკიდებულება რიგი თემების და მოვლენების მიმართ… უბრალოდ ცოტა უფრო მეტად ჩავუღრმავდი, ცოტა უფრო მეტი გავიგე და ცოტა უფრო კრიტიკულიც გავხდი ალბათ…

ასე მაგალითად მაშინაც ვწერდი თავისუფლებაზე (ჩანაწერი დათარიღებულია (December 23, 2006 –ით) :

”ვარ თავისუფალი შეზღუდვებისაგან...
...თავისუფალი სტერეოტიპებისა და დოგმებისაგან...
თავისუფალი ვარ სხვისი შთაგონებული აზრებისაგან...
თავისუფალი ვარ გარშემომყოფებისაგან....”

და ეს ჩანაწერი ასე მთავრდება:Because_She_Is_My_Rose_by_gorjuss

”p.s. ყველა გიჟი თავისუფალია....”

არ ვიცი რატომ მეგონა თავი გიჟი… უბრალოდ ეტყობა მაშინ ეს ჩემი ახსნა იყო :)

ვწერდი სიკვდილზეც (პოსტის დაწერის თარიღია December 19, 2006) :

”თეთრი სხივი, სიბნელე...
მომენტალური წრფივი გაელვება, ახელ თვალს, ხვდები....
მარტო ხარ!
თურმე რა მოუხერხებელია საოპერაციო მაგიდა.
გახსენდება, უფრო სწორად იხსენებ.... თავს ძალას ატან.”

თუმცა მას შემდეგ სიკვდილზე უფრო პირდაპირ და კონკრეტული არგუმენტების და მოსაზრებების მოშველიებით დავიწყე წერა (პოსტის თარიღია February 08, 2010):

” …..

მაინტერესებს როგორია ბედნიერი სიკვდილი?

…..”

ან კიდევ ასე -

”…..

ნუ მოკლედ პოსტი ისევ სიკვდილს და რიგ შიშებს უკავშირდება. არა არაფერი არ იფიქროთ კაცო, ძალიან კარგად და ბედნიერად ვგრძნობ თავს,

….”

ასე იცვლებოდა მოვლენები, სამყაროს ხედვა და აღქმა…

ვწერდი იმაზეც რაც ჩემს (ძალიან, ძალიან უცნაურ) ოჯახში ხდებოდა და ხდება… (თუმცა ამ თემაზე კიდევ ხშირად წაიკითხავთ  აღიარებების სერიაში რომელიც ჩემს 22 განვლილი წელიწადის  სასაცილო მომენტებს აღწერს)

ეს ყველაფერი ალბათ ძალიან კარგია, რომ არა კითხვა – რატომ ვწერ?

ეს კითხვა აქამდეც დაუსვამთ რამდენჯერმე და ალბათ კიდევ ბევრჯერgse_multipart43990 დამისვამენ….

რატომ ვწერ?

სიმართლე თუ გინდათ არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ მინდა წერა და ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს.

იმიტომ ვწერ რომ გავუზიარო დაინტერესებულ ადამიანს (თუნდაც ერთს მაინც) რას ფიქრობს სხვა , როგორ ხედავს მოვლენებს და აღიქვავს ფაქტებს…

არ ვიცი რატომ ვწერ, უბრალოდ ამას ჩემს ჰობის დავარქმევ…

ისე როგორც ვიღაცა ფეხბურთის თამაშს , კარტს, სეირნობას, ფოტოების გადაღებას (თუმცა ამასაც ვაკეთებ) ეძახის ჰობის და გართობას.

ჰოდა ასე და ამგვარად, იცვლება დრო, ვიცვლები მეც – აღქმა , აზრები, დამოკიდებულება მაგრამ მიუხედავად დროის სვლისა მაინც ვწერ…

არ ვიცი მომბეზრდება თუ არა ეს როდისმე (ისე 22 წელია არ მომბეზრებია , ნუ მანამდეც ვწერდი რაღაცეებს, მაგრამ ფურცლებზე) ჰოდა რა აუცილებელია როდესმე მაინც რომ მომბეზრდეს…

უბრალოდ ამ ბოლო დროს წერის მანიაკალური სურვილით ვარ შეპყრობილი…

შეამჩნიეთ ალბათ, რომ ყოველ მეორე ან მესამე დღეს ახალი პოსტი ჩნდება ჩემს ბლოგზე და თან სულ სხვადასხვა თემაზე…

არ ვიცი ეს რისი ბრალია, მაგრამ ასეა და ჯერ ჯერობით არაფერის შეცვლა არ იგეგმება :)

პ.ს ჩათვალეთ ესეც ჩემი ერთ ერთი ღიარებაა…

Post a Comment

3 Comments

  1. სასიამოვნოა როცა იზრდები ^^

    ReplyDelete
  2. და სამყაროსეული აღქმაც გეცვლება... :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!